გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვახო ხეთაგური The Fall მედეა იმერლიშვილი

The Fall | ვახო ხეთაგურის ფოტოწიგნი

ვახო ხეთაგურის ფოტოწიგნში, The Fall, ადამიანი უმთავრესია, ღერძია, მის ირგვლივ იკვრება სივრცე - მეტისმეტად კონკრეტული, ნაცნობი და თან ძალიან აბსტრაქტული, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ეს თბილისია - „თბილისი ჩვეულებრივი ქალაქია, აქ ადამიანების დიდი ნაწილი დილიდან საღამომდე მუშაობს, ცხოვრებისთვის დარჩენილ დროს კი ტრადიციულად კარებს, კედლებს მიღმა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. ამიტომ რთულია ნამდვილი ქალაქი გაიცნო, მაგრამ თბილისში არის სივრცე, რომლის მსგავსიც ალბათ ყველა თანამედროვე ქალაქში მოიძებნება, ადგილი, სადაც ცხოვრება გარეთ გამოდის, სადაც ქალაქის პულსი ყველაზე კარგად იგრძნობა“.

სადგურის მოედანი - ადგილი, სადაც ჩამოდიან და საიდანაც მიდიან, ანუ ადგილი, სადაც ადამიანები, პერსონაჟები ჩნდებიან, გამოდიან მოქმედების ველზე, და უჩინარდებიან. ადგილი, სადაც იხაზება სხვადასხვა დროსა და სივრცეში გასაკვალი გზები, მოძრაობის პოტენციური ტრაექტორია, ერთგვარი ტრიალი მინდორი.

მაგრამ ამ სივრცეში კონტურებიც ადამიანით ჩნდება და საგნებიც. სივრცეს ადგილად ადამიანი აქცევს, მისთვის კონკრეტული შინაარსის და ფუნქციის მიკუთვნებით. სივრცე იკრიბება, იძენს ფორმას და შინაარსს ადამიანის ყოფნით - თითქოს ის იყოს გამამჟღავნებელი.

„ადგილი, სადაც ცხოვრება გარეთ გამოდის“, ან „გადმოდის“, რაც დახურულ კარს მიღმა აღარ ეტევა. ან, შეიძლება ითქვას, სადაც ცხოვრება იწყება გამოსვლით და „ქალაქის პულსი ყველაზე კარგად იგრძნობა“. სადგურის მოედნისა და ცენტრალური ბაზრის მისადგომები. მივყვეთ ამ ადამიანებს, ქალაქის მაჯისცემას, რომელიც მათში გადმოსულა, ან მათი სუსტი, მიმქრალი პულსირება ქალაქს მოსდებია.

„ამ ფოტოსურათებს არ აქვს პრეტენზია სრულყოფილად და ამომწურავად გადმოგვცეს რეალობა, ეს უბრალოდ მცდელობაა, ფოტოქაღალდზე ამ სივრცის აურა გადმოიტანოს“, - წერს ავტორი. რა გზას მიმართავს ვახო ხეთაგური ამ სივრცის აურის გადმოსატანად, სივრცისა, სადაც დრო თითქოს გაჩერებულა? ამ წიგნის ფურცლებზე ამოიცნობ ადგილებს, მაგრამ შეუძლებელია დროის ამოცნობა, რადგან ის შეჩერდა, სადღაც გაიყინა. ერთ დიდ აწმყოდ გადაიქცა, სადაც არც არაფერი იცვლება, ყოველი დღე ქვეყანაზე ერთია. როგორ გვაგრძნობინებს სივრცის აურას?

აქ არის ფოტოები, პანორამული და მერე ეს სივრცე თითქოს ნატეხებად იშლება - ფოტოკამერა უახლოვდება მათ და ვხედავთ ადამიანებს, საგნებს, შენობებს, ჩრდილებს. ვხედავთ ტროტუარის კიდეზე ჩამომჯდარ კაცებს, რომლებსაც კამერისთვის ზურგი აქვთ ნაქცევი, ვხედავთ ბავშვებს მშობლებთან ერთად, დახლებთან გამყიდველ ქალებს, ქუჩაში მოვაჭრეებს... აქ ბევრი რამ ჩამქრალია, თუმცა კი ცოცხალი თავის სინაცრისფერეში, სიშავთეთრეში. ფოტოებს კანტად გასდევს ფრაზები ძველი გაზეთებიდან - „აციმციმდება და ხან მიწაზე... კავკასიონის მაღალ მწვერვალებზე...“ კავკასიონამდე შორია. აქ არაფერი ციმციმებს. მეორადი ტანსაცმელი კედელზე. ნაგვის კონტეინერები, სახელდახელოდ მოწყობილი დახლები. „ენდემური მცენარეები“, „ნაკრძალის მუშაკები“, „რამდენიმე ხანმოკლე შეჩერება“....

დაღლილი ადამიანების სერია. თითქოს უცებ, ზამთარში, სიცივეში, რაღაცისთვის ფეხი წამოუკრავთ, მოწყვეტით დაცემულან და ჩასძინებიათ. ან თითქოს მთელი ცხოვრება სიარულში გაუტარებიათ და ბოლოს ილაჯგაწყვეტილები მიწოლილან იქვე, სატვირთო ურიკებზე, ტროტუარზე, ცივ მიწაზე.

ერთ ფოტოზე ენების აცმას ვხედავთ. ჩვენ არ შეგვიძლია ლაპარაკი, ვერ გიამბობთ ამბებს, კეთილბოლოიან ზღაპრებს ჩვენს ქალაქზე და ჩვენს ცხოვრებაზე. ქავის კარზე მოქანავე მკლავებივით. ცოტა შემაძრწუნებელი, სიმბოლური კადრი, თითქოს „ამართლებს“, გვიხსნის ამ ადამიანების დუმილს, რომლების ნაცვლადაც ეს ფოტოები ლაპარაკობენ.


ავტორი: მედეა იმერლიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა