უკრაინული პოეზია ომის კვალდაკვალ | მეორე ნაწილი
ესაა ჩემი მეორე პუბლიკაცია, რომელიც უკრაინელი პოეტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაწერილ ლექსებს წარმოგიდგენთ. [პირველი ნაწილი]
იგორ მიტროვი
დაიბადა 1991 წელს ქერჩში. პოეტი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. არის ორი პოეტური კრებულის ავტორი. მუშაობდა ქერჩის არქეოლოგიურ მუზეუმში და მონაწილეობას იღებდა არქეოლოგიურ გათხრებში. ამჟამად მოხალისეთა ბატალიონის წევრია და იბრძვის.
* * *
და შენ ომამდე პოეტი იყავი? -
მეკითხება - კი, და ომშიც
და მის შემდეგაც ვიქნები პოეტი
თუ არ მომკლავენ - ვპასუხობ და ის კი იცინის -
და თუნდაც მომკლან, მაინც ვიქნები...
ქედმაღლურად ვარწმუნებ, ვიცი,
რომ არ დაიწყებს ჩემს შემოწმებას
ხოლო მე უკვე კაი ხანია
ამოვალაგე ჯიბეებიდან სუყველა ლექსი,
მეტი ვაზნა რომ ჩაეტიოს
თუმცა კი დღემდე
მექანიკურად გამირბის ხელი სტრიქონებისკენ
და ლითონის სიცივეს რომ ვგრძნობ
ვილანძღები ჩემს საძმოში
არც თუ ისე მყრალი სიტყვებით
ანდა რითმებით
შემთხვევითებით
ანტონ პოლუნინი
დაიბადა 1985 წელს პატარა ქალაქ პერეიასლავ-ხმელნიცკიში (კიევის ოლქი). გარდა ლექსებისა წერს სიმღერებს საკუთარი ტექსტებით და მცირე პროზას. ჩამოაყალიბა შემოქმედებითი გაერთიანება СТЯБ.
heaven on their minds
ომი ომად, პოეზია კი
ასევე ომია
სკოჩს ფანჯარაზე რომ ვაწებებდი
აფეთქებისას
ნამსხვრევებს რომ არ გავეკაწრეთ არცერთი სახლში
იგი მინაზე მარტას ტუჩების ნაკვალევზე გადავაკარი
მარტას უყვარს
ფანჯარასთან სახით მიკრობა
თუმცა ახლა
ფანჯარასთან მიახლოება არ შეიძლება
მას მხოლოდ სკოჩს თუ მიაწებებ
აფეთქებისას
ნამსხვრევებმა რომ არ დაკაწროს არავინ სახლში.
მარტას კოცნა ახლა მთელი
სამყაროსკენ მიმართულია
- მეგობრულისკენ
რომ იბრძვის სისხლის ბოლო წვეთამდე
სარდაფებში ზის
ბენზინს აგროვებს
საჭმელ-სასმელს
ჯავშანჟილეტებს და ყველაფერს
გარდაუვალთან შესახვედრად რაც საჭიროა
- მიმართულია მტრულისკენაც
სასიკვდილო რაღაც ნივთებით რომ გვავსებს ახლა
ჩვენს ტყეებში დაძრწის, ნიშნები რომ დაასვას რაღაც ადგილებს
და ჩემთვის მეტად უცნაური ხერხებით გვართმევს
სუყველაფერს ღირსების გარდა
- მიმართულია ნეიტრალური სამყაროსკენაც
რომ გვიგზავნის თავის წუნკალ ვითომსიყვარულს და თანადგომას
მარტას ამ კოცნას
აქვს მცირე შანსი რომ გადარჩეს შთამომავლისთვის
თუ გვეყოლება შთამომავლები
დასამტკიცებლად იმისა, რომ
სიყვარულის წვეთი არსებობს
ანდა თუნდაც იმისი კვალი
what if i die
კითხულობს იესო როკ-ოპერიდან
ჩემს შვილებს უყვართ როკ ოპერები
მოეშვი იესო
ყველაფერი კარგად იქნება
და მიდი, მოკვდი.
დმიტრო ლაზუტკინი
დაიბადა 1978 წელს კიევში. პოეტი, ტელეწამყვანი, სპორტსმენი და სპორტული კომენტატორი. ლექსებისათვის მინიჭებული აქვს ბ.ი. ანტონიჩის სახელობის პრემია (2000) და სხვა პრემიებიც. უკრაინის ჩემპიონია ლიტერატურულ სლემში. გარდა ამისა უკრაინის ჩემპიონია კარატეში და მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი კიკბოქსინგში.
მშივრები
უსხლტება ქათამი ხელიდან ქათმიჭერიას
ღობის იქით მეზობელ ეზოში გარბის
მეოთხე დღეს
უკვე ყველას უნდოდა ჭამა
დადიოდნენ სოფელში და ყველაფერი მიჰქონდათ
ბარბაროსები
ამბობს გალია ბებო
ნაჯახით მიმტვრევდნენ კარს
როცა არ გავუღე
მეშინოდა მათი
ფეხები არ მემორჩილებოდა
ისე ამბობს თითქოს თავს იმართლებს
ავტომატის ჯერით
აფრთხობდნენ მერე ამ დემონებს
დამალულებს ტყის ზოლის უკან
სამი ბურიატი
დაბლები მშივრები ავები
იმპერიის შვილები გახურებულ ომში შეყრილები
მდუმარე ბუდები
მეთაურების მიერ ბედის ანაბარად დატოვებულები
მე რას მეკითხებით
ამბობს გალია ბებო
კოლიასთან მიდით განაპირა ქოხში რომ ცხოვრობს
მას მათ შვილი დაუხვრიტეს
მოკიდება სთხოვეს მას კი ასანთი არ ჰქონდა
ასეც უთხრა: არა
ჰოდა არაა ახლა ის
წყლის გაზის და გათბობის გარეშეა გალია ბებო
ელოდება სითბოს და ბალიშზე ღვთისმშობელს ქარგავს
ნემსი უკანკალებს ხელში
თვალები ეცრემლება
გაბზარული ფანჯრიდან ჩანს
ალუბლის ხე
რომელიც აყვავებას ცდილობს
და სამყარო
რომლის შენარჩუნებაც შეუძლებელია
რაღაცის გაკეთებაა ახლა საჭირო
იმეორებს - აბა სხვანაირად როგორ?
აბა სხვანაირად როგორ...
ანატოლი დნისტროვი
დაიბადა 1974 წელს ტერნოპოლში. პოეტი, ესეისტი და რომანისტი. ლიტერატურული ჯგუფის „ელიოტის მეგობრები“ (1993-1996) ჩამომყალიბებელი. უკრაინის პენ-ცენტრის წევრი. მისი 2005 წელს შევიდა საუკეთესო რომანების ათეულში ბიბისის ინტერნეტგამოკ„ბაცნები“ ითხვით, ხოლო „დროზოფილა კანტის ტომის ზემოთ“ 2010 წელს საუკეთესო რომანების ხუთეულში ექსპერტების ვერსიით.
ბოცმანი
ო. ს.
პოლკოვნიკი თავშესაფარში
დიდი და რბილი ჯაგრისით ვარცხნის შავ კატას
ის ნასიამოვნები წელში იზნიქება
პოლკოვნიკი კი ერთდროულად აქებს და ტუქსავს მას:
ეს სად დაეხეტებოდი მთელი ორი კვირა
ბოცმანო
ალბათ ფელდშერებთან იყავი
კატაბალახას წვეთები გამოსტყუე
ანდა ბუღალტერიაში გოგონებს სტუმრობდი
თქვეს მათ რომ მოუსვარე ყველა კაბინეტი
როგორც ჩანს ჯარისკაცებთანაც დაყიალობდი
რას გაჭმევდნენ ნეტა ეგენი
რა ჰქონდათ მათ ჩემზე გემრიელი
ბოცმანო
აქ ყველა შენს გამო შფოთავს
საჰაერო განგაშის ხომ არ გეშინია
ან რა მოგივა თუ რაკეტების და დრონების შემოტევა იქნება
აფეთქებებისგან შეიძლება დაყრუვდე
გუშინ შემოიარეს სპეცნაზელებმა
კითხულობდნენ
სადაა ჩვენი ბოცმანი
ჩვენი მეომარი
მზარეულებიც შემოდიოდნენ ისინიც წუხდნენ
სად დაიკარგა ბოცმანი
ავტოპარკიდანაც კი შემოიხედეს
ამბობდნენ რომ შვილები გაგიჩნდა უკვე
შენ კი ისინი არ გვაჩვენე
ბოცმანი კრუტუნებს
პოლკოვნიკის ფეხს ეხახუნება
უცებ საჰაერო განგაშის ხმა ისმის
თავშესაფარში იკრიბებიან ოფიცრები და ჯარისკაცები
ბოცმანი ტაატით მიემართება კიბისაკენ
და
მედიდურად გადის გარეთ
სადაც მზე და ბეღურები ელოდებიან.
ოლეგ კოცარევი
დაიბადა 1981 წელს, ხარკოვში. პოეტი და პროზაიკოსი. 2000-იანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტატორი ავტორი. 1910-1930-იანი წლების უკრაინული ავანგარდული პოეზიის ანთოლოგიის ერთ-ერთი შემდგენელი. ამჟამად აწარმოებს „ომის დღიურს“, სადაც აღწერილია სიტუაცია ხარკოვში, ბუჩაში და სხვა ქალაქებში.
შევთანხმდით მეტი აღარ გვეწერა ლექსები საჰაერო განგაშზე
ვკითხულობდით ლექსებს
ვიღაც ავანგარდისტის პარკში
ოღონდ აღარ მახსოვს რომლის
ვსვამდით სიდრს მერე დაიწყო
საჰაერო განგაში
უნივერსიტეტებში არავინ შეუშვეს
მაღაზიები დაკეტეს
თუმცა ფასდაკლებები არ გაუუქმებიათ
საზოგადოებრივ ტუალეტში
ჩასვლამ მოგვიწია
ვკოცნაობდით სარკეებისა და კაფელების
ანარეკლების ქვეშ
შევთანხმდით მეტი აღარ გვეწერა
ლექსები საჰაერო განგაშზე
წყალს ვაჩხრიალებდით მუსიკასავით
ჯამი ხურდა ფულისათვის
მაგნიტური აღმოჩნდა
თავზე დავიწყეთ მისი ჩამოფხატება
მონეტები ჩვენს თმებზე მოსრიალებდა
როგორც სკვითი პრინცესების
სამკაულები.
ქავერ ილუსტრაცია: მარიამ დოლიძე