თანამედროვე უკრაინელი პოეტები ომზე
ოცზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებზე, მაგრამ ყველაზე მეტჯერ - უკრაინაში. მარტო კიევში ხუთჯერ, გარდა ამისა ლვოვში, ოდესაში, ყირიმში... და ბევრ უკრაინელ პოეტთან თუ უბრალოდ, მკითხველთან ვმეგობრობ. ამიტომ გასაგებიც იქნება ბოლო დღეების ჩემი ემოციური მდგომარეობა, რომელიც ყველას ძალიან კრიზისული გვაქვს, მაგრამ ზემოთქმულის გამო ჩემში სხვა გრძნობებსაც ამძაფრებს. ის განუწყვეტლივ მახსენებს ამ სიცოცხლით სავსე ქალაქებს, მათ ქუჩებსა თუ კაფე-ბარებს, ნათელ და გულგახსნილ ადამიანებს ჩემს გვერდით და პატარ-პატარა ამბებს, მომხდარს ფესტივალების დღეებში. ვიხსენებ ამ ყველაფერს და მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ამ წამს ეს ქალაქები იბომბებოდეს. და გაუჩერებლივ შევდივარ ჩემი მეგობრების ფეისბუკ-გვერდებზე, რათა ვამოწმო, როგორ და სად არიან ახლა ისინი, რას წერენ, რანაირ განწყობაზე იმყოფებიან, და როგორც შემიძლია, ვაგულიანებ მათ... თან სულ მახსენდება მათი არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ლექსები, ვკითხულობ თავიდან, ვპოულობ ახლებსაც... ყველაფერია ამ პოეზიაში, და ცხადია ომიცაა, რომელიც 2014 წლიდან მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რამდენიმე მათგანი ამ ლექსებისა უკვე მქონდა გადმოქართულებული თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისათვის, რომლის მონაწილეებიც ეს ავტორები სხვადასხვა წლებში ხდებოდნენ ხოლმე, რამდენიმე კი უცებ ამ დღეებში ვთარგმნე. ისე, რაც ომი დაიწყო საერთოდ ვერაფერს ვუდებდი გულს და მხოლოდ უკრაინელი მეგობრების ლექსებზე მუშაობა გამომივიდა. მეტიც, რაღაცნაირად შვებაც კი იყო თითქოს ეს ჩემთვის. ტექსტები არაა იმ ომზე, რომელიც ახლა მიდის, წინა ამბებზეა. ვერც იტყვი, რომ "პატრიოტული ლექსებია", ომის დრამატული სახის ჩვენებაა. ამ ომის პოეტური აღწერა კი ჯერ კიდევ წინაა, ეს სტრიქონები ჯერ მათ გულებში იხარშება და ალბათ ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. გამოცდილებას, რომელსაც ისინი ახლა გადიან, დარწმუნებული ვარ, მათი ნიჭი შემაძრწუნებელი შთამბეჭდაობით აირეკლავს. ახლა კი მშვიდობა მათ, ყველას და რაც შეიძლება მალე უკან დაბრუნება ნათელი დღეების. დიდება უკრაინას!
სერჰი ჟადანი
დაიბადა 1974 წელს, ლუგანსკში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი მწერალი და ამავე დროს საზოგადოებრივად აქტიური ფიგურაა. ჰყავს თავისი მუსიკალური ბენდიც “ჟადანი და ძაღლები”. ქართულად ნათარგმნია მისი პოეზია (ზვიად რატიანის მიერ) და სამი რომანი: “ვოროშილოვგრადი” (2010), “მესოპოტამია”(2014) და “ინტერნატი”(2017). 2015 წელს იყო თბილისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე.
***
ერთი ნაცნობი მოხალისედ წავიდა ომში.
ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდა უკან.
სად იყო - არის გაუგებარი.
რისი შიში აქვს - ამ თემაზე კრინტსაც არა ძრავს.
მაგრამ კი აქვს რაღაცის შიში.
შეიძლება მოგეჩვენოს, რომ
ყველაფერს უფრთხის.
ნორმალური იყო წასვლის წინ.
თუმცა ძალზედ ბევრს ლაპარაკობდა.
ირგვლივ რასაც კი დაინახავდა,
ქაქანებდა სუყველაფერზე.
მაგრამ აი, უკან დაბრუნდა
სულ სხვანაირი,
თითქოს ძველი ენა წაართვეს,
ახალი კი მის სანაცვლოდ არ დაუტოვეს.
და ზის ახლა საწოლზე დღეთა განმავლობაში
და ჭინკებს უსმენს, ჩაბუდებულებს საკუთარ თავში.
პირველი ჭინკა უთანხმოა,
ცეცხლდება და დასჯას ითხოვს
ყველა არსების.
მეორე ჭინკა დამთმობია,
პატიებაზე ლაპარაკობს,
ჩუმად მეტყველებს,
ხელებით, შავი მიწით მოთხვრილით,
მის გულს ეხება.
მაგრამ ყველაზე უარესი - მესამე არის.
ის ორივესთან ყაბულსაა,
არცერთს სიტყვას არ შეუბრუნებს.
სწორედ მისი ხმის გაგონების შემდეგაა, რომ
ეწყება ნაცნობს თავის ტკივილი.
* * *
აი, ასეთი ოჯახი აქვთ.
აი, ასეთი ოჯახური საუბრები აქვთ.
შეთანხმდნენ, რომ აღარ იჩხუბონ,
სროლების ქვეშ მოყოლილებმა
ეს აგვისტო რომ რამენაირად გადაიტანონ.
ამიტომაც
პოლიტიკაზე ხმას არ იღებენ,
რომ არ იჩხუბონ,
ეკლესიაზე ხმას არ იღებენ,
რომ არ იჩხუბონ,
და არც ღმერთზე ხმას არ იღებენ,
რომ არ იჩხუბონ.
ხმას არ იღებენ ნათესავებზე,
წასულებზე.
ხმას არ იღებენ მეგობრებზე,
დარჩენილებზე.
ხმას არ იღებენ მოპირდაპირე სახლიდან ბიჭზე,
რომელიც ომობს.
იხსენებენ თუმცა მეზობელს.
მეზობელი შეიძლება.
მეზობელი მოკვდა.
იგი ეცოდებათ.
თუმც ღმერთიც მოკვდა.
მაგრამ რატომღაც არ ეცოდებათ.
ოდნავადაც არ ეცოდებათ.
ლიუბა იაკიმჩუკი
პოეტი, კინოსცენარისტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა 1985 წელს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ პერვომაისკში. აჟამად ცხოვრობს კიევში. მისი „დონბასის გარგარები“ (2015) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინული პოეტური კრებულია და მოხვდა „Forbes“-ის რეიტინგში - „10 საუკეთესო უკრაინული წიგნი ომზე“. მისი ლექსები ნათარგმნია 18 ენაზე. 2021 წელს იყო თბილისის VI საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე.
დონბასის გარგარი
(პოემის ფრაგმენტები)
იქ, სადაც გარგარი აღარ იზრდება, იწყება რუსეთი
სახის ნახშირი
ზღვის ლურჯი თვალით
და სელის თმით
გახუნებულით
დგას მაღაროში
მუხლებამდე სწვდება წყალი და
დროშა კი არა
მამაა ჩემი.
პირისახე მიუგავს ნახშირს
მინდვრის შვიტას
წარღვნამდელი ანაბეჭდით
გაქელილით საუკუნეთა განმავლობაში
ზღვას ამყარებს მარილი
ხოლო ბალახს - ნახშირი
მამა კი ვაციწვერასავით
ჭაღარავდება
მამაკაცია
მამაკაცები კი არ ტირიან -
რეკლამაში ასე ამბობენ
თუმცა მაღარომ მის ლოყებზე
გააჩინა ბევრი თხრილი
და ნახშირი მოპოვებული
მისი სახიდან
დაიწვა დონბასის ღუმელებში
და კოცონებში
სადღაც მაღლა
მიწაყრილია
აბზეკილა მიწაყრილი
როგორც სფინქსი როგორც დრაკონი
რომ დაიცვას საკუთარი ტუტანჰამონი
და მხოლოდ მე ვარ რომელმაც ვიცი
რომ მიწაყრილი შუაგულ სტეპში
საცობებია იმ ბოთლების
მამა რომ სვამდა
და ფერფლია
მოწეული სიგარეტების
სიბერისაგან
მოკვდნენ ბებია და ბაბუა
ერთ დღეს მოკვდნენ
ერთ საათში
ლამის ერთ წუთში -
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან
ჩაბარდნენ პატრონს მათი ქათამი
თხა და ძაღლი
(კატა სახლში არც კი ყოფილა)
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან
ჩამოიშალა მათი სახლი
ნანგრევებად იქცა ფარდული
სარდაფს მიწა ზედ ეყრებოდა
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი
ჩამოიქცა სიბერისაგან
მოვიდნენ ბებიას და ბაბუას დასამარხად მათიანები
ორსული ოლია
მთვრალი სერგეი
სამი წლის სონია
და ისინიც დაიხოცნენ
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან
ყვითელი ფოთლები ცივმა ქარმა ააფრიალა
და მათ ქვეშ დაფლა ბებია, ბაბუა, ოლია, სერგეი და სონია,
რომლებიც მოკვდნენ სიბერისაგან
ბორის ხერსონსკი
დაიბადა 1950 წელს, ოდესაში, ექიმების ოჯახში. თავადაც ექიმია. ოდესის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა. 70-80-იან წლებში იყო ოდესაში დისიდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. პირველი მისი წიგნები იბეჭდებოდა თვითგამოცემის წესით. პირველი მისი ლექსების კრებული უკრაინაში ოფიციალურად გამოვიდა 1993 წელს, ხოლო რუსეთში მხოლოდ 2006-ში. წერდა რუსულად, მაგრამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჩაღების შემდეგ პროტესტის ნიშნად გადავიდა უკრაინულ ენაზე.
* * *
ჩვენს დასახიჩრებულ სახლში ძმამ მოიყვანა ომი,
ის - ბანტიანი გოგონაა, ძლივს დადის და თან ღნავის,
ძმა ამბობს - დაგიტოვებთ და გავივლით, დავიღალეთ პოსტზე დგომით,
ის ჯერ პატარა გვყავს, ცოდოა, წვიმით დავუსველოთ თავი!
ძმა წავიდა და ომი დარჩა, ის პატარაა მართლა,
ხელის შეშველება მოინდომა, სახლის გამოხვეტა ბანი,
თავისებურია, იყუჟება კუთხე-კუნჭულთან და კართან,
ბებოს ზანდუკიდან ამოქექა რატომღაც ათასგვარი ჯღანი.
ღამით ვერ იძინებს, ამიტომ ჩვენც ვეღარ მოგვიხუჭავს თვალი.
დღისით ხმას არ იღებს - და დააჩნდა დღეებს კაეშანის კვალი,
ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები და გაიყინა ოთახთა რიგიც,
ძმა კი არაფრით არ ბრუნდება, რომ უკან წაიყვანოს იგი...
ანასტასია აფანასიევა
დაიბადა 1982 წელს ხარკოვში. პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობს სასამართლო ექსპერტ-ფსიქიატრად. წერს რუსულ ენაზე. რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორის „რუსული პრემიის“ (2006), „ლიტერატურრენტგენის“ (2007) და „დებიუტის“ (2014).
* * *
ქალი ამბობს:
ჩვენს სახლს კარგი სარდაფი არა აქვს
და გამოვიქეცი, რადგან ვერ დაიმალები იქ
ერთი კვირა ვერ ვახერხებდი გამოსვლას
კაცები გზას მუჯლუგუნებით იკვლევენ
ჩვენ უფრო სუსტები ვართ და ასე არ გამოგვდის
ადრე ლამაზ ავეჯზე ვფიქრობდით
რემონტზე და ეგეთ რამეებზე
ახლა ვფიქრობთ იმაზე, რომ გამოუსადეგარია ჩვენი სარდაფი
ვერ დაგვიფარავს და თავზე დაგვემხობა ყველაფერი
ამას გარეთ ჯდომა ჯობია ყველანაირად
და ჩვენც მატრასები და ბალიშები ძირს დავაფინეთ
რათა როგორც კი რამე დაიწყება ზედ დავეცეთ და გავწვეთ
ასეც იყო: ვეცემოდით და ვწვებოდით
ქმარი ადგილზე დარჩა. ვიღაც ხომ უნდა იყოს სახლში
რომ უკან მისაბრუნებელი გვქონდეს
მართალია, ისედაც ყველაფერი გაუგებარია
მაგრამ იცავს, რათა არავინ ჩასახლდეს, რათა ნივთები არ დაიტაცონ
კვირაში ერთხელ რეკავს რომელიღაც მრავალსართულიანიდან
სადაც გაჭირვებით იჭერს მობილური
ორ სიტყვას მეუბნება და თიშავს
მე ცოცხალი ვარ
და შაბათს მის ზარს ველოდები
როცა ქუჩაში ჩაივლიდა
კვადროციკლი ზედ დამაგრებული ნაღმსატყორცნით
არ ვეკითხებოდით, ვინა ხართ
ვის მხარეზე ხართ
უბრალოდ ძირს ვეცემოდით ხოლმე
ბაზრისკენ გზაზე კი თავზემოთ ტყვიები სტვენდნენ
ჩვენ აქ ერთი ჭრელი ჩანთით ჩამოვედით
ხალხიც კი ვერ ეტეოდა, სად იყო ნივთების ადგილი
ქალი ამბობს, რომ აგვისტოს ჰაერი
ფანჯრიდან აღწევს
ეზოში ქლიავი გადამწიფდა
თანამშრომლები ათვალიერებენ, კრეფენ
ამბობენ, რომ შარშან განსაკუთრებით გემრიელი იყო,
წელს
დაგვიანებულია უკვე
მე ვუსმენ და ვერ ვხვდები
არის თუ არა ასე, რომ
თუ არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე,
მათ ერთმანეთს აშორებს გზა
პირთამდე გაჭედილი ავტობუსით,
და თუ არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე -
სადაც სიჩუმეში გადამწიფებას იწყებს ქლიავი,
სადაც ეცემიან ძირს ბალიშებზე,
მაშინ ჩვენ სიკვდილისშემდგომი არსებობის
პირველ წამებს ვითვლით
ჰალინა კრუკი
პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1974 წელს ლვოვში. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. იყო უკრაინული პენ-ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და ასწავლის უკრაინულ და უცხოურ ლიტერატურას ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში. ხშირად ჩადიოდა საომარ რეგიონებში ჯარისკაცებთან შესახვედრად. 2018 წელს იყო თბილისის IV საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე.
***
ხანდახან ჩემთან შემოდის ჩეჩენი შაჰიდი ქალი
უჯდება მაგიდას და ჩვენ დიდხანს ვსაუბრობთ ბავშვებზე.
აბა, სხვა რაზე შეიძლება საუბრობდნენ ქალები
ასეთი გასხივოსნებული სახეებით?
- გუშინ ჩემმა ბიჭუნამ პირველად მკითხა სიკვდილის შესახებ, - ვეუბნები მე, -
და მე აბნეულად ვცდილობდი, ამეხსნა მისთვის, თუ რატომ...
- ჩემი გაიგებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, - მპასუხობს იგი, -
იცი, ისინი ისე სწრაფად იზრდებიან
პირველ გასროლამდე...
- როგორც პირველ ზიარებამდე, - ვფიქრობ მე,
მაგრამ ეს უკვე მარადისობის ჩვენი soft-ვერსიიდანაა
ჩვენ ხომ ისე ხშირად ვცდილობთ ღირსეულად აღვზარდოთ ჩვენი ვაჟები
რომ ბოლო-ბოლო ისინი საკუთარი ღირსების დაკარგვის გამო იხოცებიან
- а la guerre comme а la guerre, -
ამბობს ის ფრანგული ფილოლოგიის და ჩეჩნეთის ისტორიის
გამოცდილებიდან გამომდინარე
და მე, უადგილო კნინობითი სუფიქსებითა და რბილი ნიშნებით გადატვირთული
ჩემი უკრაინული ენის გამოცდილებიდან გამომდინარე,
ამის წინააღმდეგ არაფერი მეთქმის
ჩვენ ხომ ისეთი მონდომებით ვასწავლით ჩვენს ბიჭებს პოლიტკორექტულობას
რომ მათ საბოლოოდ გაუბედაობა კლავთ
- სამყარო სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს -
მეუბნება ის დამშვიდობებისას
და მე მას ვუსწორებ აწეწილ თმას,
შავ საუცხოო თმას
მოქცეულს ჯარისკაცის გამძლე ჩექმების ქუსლების ქვეშ -
და ესაა დედის წამგებიანი როლი
პოპულარულ რუსულ მიუზიკლში
თარგმნა შოთა იათაშვილმა