გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზურა ჯიშკარიანი

ვინ არის მწერალი | ზურა ჯიშკარიანი


"უდიდესი მწერალი ყოველთვის უცხოელია ენაში – რომლითაც მეტყველებს, თუნდაც ეს მისი პირადი ენა იყოს. უკიდურეს შემთხვევაში ის იღებს ენერგიებს მუნჯი უცნობი უმცირესობისაგან, რომელიც მას ეკუთვნის.

უცხოელს საკუთარივე ენაში უცხო ენა შემოაქვს, ისეთი უცხო, აქამდე რომ არ არსებულა.

აიძულო ენა, იყვიროს, ბოდავდეს, ჩლიფინებდეს – მასშივეა.

რა შეიძლება სჯობდეს კომპლიმენტს, რომელიც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა "სიბრძნის შვიდ სვეტზე" თქვა:
"ეს არ არის ინგლისურად"

- ჟილ დელიოზი 

ვინ არის მწერალი

მწერალი სიტყვების მწარმოებელი ქარხანააო, უთხრა შამანმა უნებლიე მოვლენების კორესპონდენტს და არამარტო. ის ხედავს ღამით მავანის მიერ გადაგდებულ ბიჩოკს, როგორც მოწყვეტილ ვარსკვლავს აგვისტოს ცაში; ის მითაჟამებში კოცონის გარშემო შეკრებილ ტომს უყვებოდა ისტორიას ალიგატორსა და მთვარეზე. ახსოვს; ბანკომატთან მდგარს ჰონორარის გამოსატანად, მაღაზიის გრძელ რიგში მან იცის, ვინ არის წამსვლელი მკვლელობაზე და ვინ - არა; კალკულატორივით აკვირდება დაწყვილება-განშორების დრამებს "იმ ერთადერთის" ძიებაში, ის ერთადერთი კი შესაძლოა ევოლუციამ სხვა დროში გააჩინა, ანდაც ძაან კარგი სამარკეტინგო კამპანიაა.

მას ჰქონია ლომკის ოფლი, ცეკვის ოფლი, სირცხვილის ოფლი, სექსის ოფლი, შთაგონების ოფლი. მან ძაან კარგად იცის, რა ფერია მისი სისხლი და ჰემოგლობინი.

მას უყვარს კონტროლი, როგორც ცნება და ცდილობს შემოქმედების ალგორითმიზაციას, რომ მუზები დაწერილი პროგრამებით ცხადდებოდნენ.

მას უყვარს ქაოსი და არავინ ცეკვავს მასსავით თავდავიწყებით განთიადის ერთოთახიანებში.

მას სურს, გამოასწოროს შეცდომა. ისიც იცის, რომ სამყარო შეცდომებს არ უშვებს, შეცდომებს უშვებენ ადამიანები. სამყაროს უყვარს მწერალი, სხვაგვარად ის ამოძირკვავდა ამ საკრალურ მეომარს, ამბის მთხრობელს, სიკვდილისა და ვარსკვლავიანი ცის მაუწყებელს, შანსს არ მისცემდა «ისტორიის ტერორში».

მწერალმა იცის უძილო ღამეების ფასი, ამიტომაც ლოცულობს მათზე, ვინც მარტოსულნი არიან ღამეში.

ის ლოცულობს პატარა ბავშვებზე, რათა მათ იხილონ და არ გამოტოვონ თავიანთი «შეხვედრა სასწაულთან». სინამდვილეში ნამდვილი მწერალი უკვე აღარაა ადამიანი – გადაიქცა აპლიკაციად, რომელმაც უფლება მისცა ყველას, უფასოდ დაექაჩათ იგი.


სამყარო ტექსტია

"ჩაიცვით სამასკარადო ტანსაცმელი. დაირქვით ცრუ სახელები. იყავით ლეგენდარულები."

- ჰაკიმ ბეი

მწერლისთვის სამყაროს ის ვერსია, რომელშიც ცხოვრობს, მხოლოდ ტექსტია, აღწერაა, მონაყოლია, რომელსაც მას ბავშობიდან უყვებოდნენ, ამიტომ მან იცის, რომ არსებობს სამყაროს ალტერნატიული ახსნებიც – არსებობს სრულიად სხვა სამყარო, განსხვავებული იმისგან, რაც მას ასწავლეს. შთაგონების მომენტებში ის ცდილობს, მოახდინოს ნასწავლი, დაპროგრამებული რეალობის დეკონსტრუქცია – ისწავლოს, აღიქვას სამყაროს ის ასპექტები, რომლებიც სცდებიან ჩარჩოებს, რომლებიც ჩვენ გვასწავლეს, როგორც ერთადერთი რეალობა.

ის არ მოქმედებს ქაოტურად, ის მოქმედებს სტრატეგიულად. ურყევი ნებისყოფით ნადირობს სასწაულზე სამყაროში, სადაც ყველასზე ნადირობს სიკვდილი – რაც უნდა სირთულეებს წააწყდეს, მის გულში არ არის არც ეჭვი, არც სინანული, არც საკუთარი თავის შეცოდება და არც საკუთარი თავის ზედმეტად სერიოზულად აღქმა.

ნამდვილი მწერალი უყურებს უფსკრულს და რაც მთავარია, უფსკრული უყურებს მას, იშვიათად, მაგრამ მას შეუძლია ჩაყვინთოს არქეტიპებში და საკუთარი მეს დაკარგვის ფასად წამოიღოს მარგალიტები.

თუმცა არც საკუთარი მეს დაკარგვაა ტრაგედია, მთვარია მოქმედება და არა ის – თუ ვინ ასრულებს მას. საკუთარი თავის მუდმივ ძიებაში ის დაუნდობელია და მელანქოლიური ერთდროულად, სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ცდილობს, გაიხედოს მიღმა და შიგნით.

მწერალი რამდენადაც კონკრეტული და რეალურია, იმდენად არ ეკუთვნის საკუთარ თავს იმ გაგებით, რომ ნადირობს ძალაზე, რომელიც საკრალურია და ტოქსიკური ეგოს მიღმაა. Საუკეთესო შემთხვევაში მწერალი ცდილობს, წვდომა დაამყაროს საკუთარ შინაგან და საქალობრიო არქეტიპებთან; ეს ისეთი შრომატევადი პროცესია, აქ დრო არ რჩება პროკრასტინაციისა და ტუსოვკებისთვის. მწერალი ბრუტალურად დაუნდობელი უნდა იყოს ენერგიის უაზრო ფლანგვაზე, რადგან ეს უკანასკნელი ვამპირივით აცლის მას ძალას, ენერგიას, ყურადღებას, კონცენტრაციას.

Მწერლის მისწრაფება საკრალური ენერგიისკენ მთლიანად მოქმედებაზეა დამყარებული და შეიძლება მოხდეს ასეც, რომ “მნიშვნელობა მოქმედებას აქვს და არა იმას, ვინ არის ჩართული ამ მოქმედებაში”.  არის "საშიში" შრეებიც, სადაც "მე" ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მწერალი ცნობიერების უღრან საზღვრებს იკვლევს და იქ საოცარი, საშიში, სასაცილო არსებები და მოვლენები არიან. ის სწავლობს მათთან კომუნიკაციას, ენის საზღვრებზე სიარულსა თუ მათ გარეთ გასვლას, მიმართავს გლოსოლალიას, ნადირობს იუნგიანურ სინქრონულობებზე.


საკრალური რუტინის შესახებ

"სამყაროში, სადაც სიკვდილი ნადირობს ჩვენზე, ჩემო მეგობარო, ნამდვილად არ არის დრო სინანულებისა თუ დაეჭვებებისთვის.

არსებობს მხოლოდ დრო გადაწყვეტილებებისთვის"

- კასტანედა


როცა ვქმნით შემოქმედებას და ვმუშაობთ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ან მუზა როცა მოვა – ყველაფერი ეს უშედეგო ტრაკის თამაშია. შემოქმედი დუნდობელი უნდა იყოს საკუთარი პროკრასტინაციის მიმართ. მუშაობა უნდა მიდიოდეს ყ ო ვ ე ლ დ ღ ე, ჩაგდების გარეშე. ვიღაცა ამბობდა, დამწყებებს მუზა სჭირდებათო და პროფესიონლები მაგის გარეშე მუშაობენო.

როგორ უცნურადაც უნდა ჟღერდეს, შემოქმედს სჭირდება რუტინა. საკრალური რუტინა. არა სახლი-სამსახური-სახლი, არამედ ყოველდღიურობის ის მდინარება, რომელიც მას ყოველთვის flow მდგომარეობაში აყენებს. ბევრი პრაქტიკით, ძალიან კარგად მუშაობს დღის გეგმა. ახალგაღვიძებულზე წერ რამდენიმეპუნქტიან გეგმას, თუ რას გააკეთებ დღეს და შემდეგ, რაც უნდა მოხდეს(!) ასრულებ ამ გეგმას. ეს გეხმარება ღერძი იპოვო დღეთა ქაოსში.

შემოქმედს სჭირდება საკრალური რუტინა, დღის გეგმა და რაც აქამდე არ მიხსენებია, მან უნდა მოკლას  უნდობლობა, უმადურება, საკუთარი თავის შეცოდება ან საკუთარი თავის ძალიან სერიოზულად აღქმა და უკმაყოფილება სამყაროს მიმართ – რაც ჯოჯოხეთის ლეველია და არანაირად არ უკაშირდება ხელოვნებას. ჩაანაცვლოს მადლიერებით, ნდობითა და თვითდაფასებით. იმისთვის, რომ შემოქმედმა ღირსეული რამე შექმნას, საჭიროა აბსოლუტურად მიენდოს სამყაროს, ისეთს როგორიც არის.

ტუსოვკები, ტოქსიკური ურთიერთობები, "მოდი, ცოტა დავისვენებ" – მეასეხარისხოვანია იმ კაიფთან შედარებით, როცა რაღაცას ქმნი, როცა სამყაროსთან ხარ დიალოგში, როცა ბრუტალურად გულწრფელად იკვლევ საკუთარ თავს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტო, შემოქმედი ხარ თუ ტურისტი (მსგავსი არჩევანი ეხება ყველა სხვა სფეროსაც). და შეიძლება ჩემი აზრები ძველმოდურად ჟღერს, მაგრამ ყველას ვუსურვებ მისი "ჰო" იყოს ჰო და "არა" იყოს არა.

"თუ რამე გადაწყვიტე, მაშინ ბოლომდე უნდა მიიყვანო, მაგრამ ამავე დროს საჭიროა, აიღო ვალდებულება იმაზე, რასაც აკეთებ. Მნიშვნელობა არა აქვს რას აკეთებს ადამიანი, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რატომ აკეთებს ამას. და იმოქმედოს ეჭვისა და სინანულის გარეშე"; ბრუტალური ექსპედიცია შეუცნობელში.


დაუნდობლობა
 

"მაგებისთვის დაუნდობლობა არ არის სისასტიკე. დაუნდობლობა ეს საპირისპირო პოლიუსია საკუთარი თავის შეცოდებისა და საკუთარი თავის ზედმეტად სერიოზულად აღქმისა. დაუნდობლობა – ეს არის სიფხიზლე.


შემოქმედი უნდა იყოს დაუნდობელი. დაუნდობელი თავისი სისუსტეების მიმართ. დაუნდობელი თავისი პროკრასტინაციის მიმართ. ტოტალურად, დაუნდობლად გულწრფელი საკუთარ თავთან, იმდენად, რომ ტვინმა ვერ შეძლოს მოტყუება და მოდუნება. დაუნდობელი უნდა იყოს საკუთარი სამუშაოს მიმართ.

ალტშულერმა, რომელმაც ათასობით შემოქმედის ბიოგრაფია გააანალიზა, დაახარისხა და შეადარა ერთმანეთს, დაადგინა რომ საკუთარი "ღირსეული მიზნის" მისაღწევად შემოქმედმა დღეში 15 საათი უნდა იმუშავოს. ეს შეიძლება ბევრია, მით უმეტეს ჩვენს დროში, მაგრამ თუ გვაქვს დიდი და ლეგენდარული მიზანი – ყოველდღე უნდა მივისწრაფოდეთ, ჩაგდების გარეშე. ტუსოვკები, გამოფენებზე სიარული და ბლაბლა ძილია და გაშორებს მიზანს.

ყოველდღიური დაუნდობელი მუშაობა საკუთარ თავზე. თვითგანვითარება. კუს ნაბიჯებით გასხივოსნებისკენ. ამინდის, განწყობის, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად,  ყოველდღიურად წერა. ცხოვრების სტილის გადაწყობა ტუსოვკებიდან და პროკრასტინაციიდან  შემოქმედებაზე. რაციონალური დაგეგმარება შენი დღის, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დღე გაქვს - დღევანდელი.

ფიზიკური ვარჯიში, რომ სხეული ტონუსში იყოს და კვებოს ტვინი. ნოოტროპები – ტვინის მკვებავები. ჯოჯოხეთის კომპონენტების: უმაყოფილების, უმადურების, დადანაშაულების და უნდობლობის ამოღება ტოქსიკური რაციონიდან. ტოტალური აბსოლუტური მინდობა სამყაროს და რაც უნდა მოხდეს, შენი ნებისყოფით სვლა შენი "ღირსეული მიზნისკენ".

წერა, წერა და კიდევ ერთხელ წერა. ხატვა, ხატვა და კიდევ ერთხელ ხატვა. სამი დე სამი დე და კიდევ ერთხელ სამი დე. ერთი მკვლევარი წერს, რომ შემოქმედი მაშინ ხდება დიდი, როცა მისი შემოქმედება მისი ცხოვრების ეკვივალენტი ხდებაო. იგივე მკვლევარი ამატებს, რომ შემოქმედი ადამიანი თუ "შეპყრობილი" არ არის დიადი მიზნით, ყოველთვის საშუალო პერსონაჟად დარჩებაო.


მწერლის დონაცია

სად მთავრდება დღეთა უსასრულობა? ღამეთა სიჩუმე? სადღაც ამ ბრმა ევოლუციაში ცდებისა და შეცდომების შემდეგ გაჩნდა მწერალი – ამბის მთხრობელი და არავინ იცის მისი ევლუციური მისია. გვჭირდება ეს მუტანტი დღეთა სათვალავში თუ გამოუსადეგარი ნივთია? სიტყვების პედანტი. სამყაროს ქოლ ცენტრის მუშაკი. არქეტიპული გიდი მოსაზღვრე მდგომარეობებში.

მწერალი სიკვდილისა და ვარსკვლავიანი ცის მახარობელია. მან იცის საიდუმლო.

მან იცის მკვდარი ბავშვი, როგორც სიცისფრე საღამოს ცის. პოემა, როგორც პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. ის მშიშარაა და ეს შიში უხსნის კარებს ჩვენი ყოველდღიურობის გაგებისკენ. სამყარო ესაუბრება მას ყურმოკრული ფრაზებით, ობსესიებით, სარეკლამო აბრებით, სხვისი თუ პირადი დრამებით. ის დაუნდობელია და არ ჰყავს მეგობრები მათ გარდა, ვინც მზადაა სიკვდილისთვის. მის გამო არა, ისე. და როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, დარჩება ისტორიები, დაწერილები უძინარ ღამით. ესაა მწერლის დონაცია.


* * *

სამყარო ტაძარია ვარსკვლავებიანი გუმბათით,

გატეხილი ცხოვრებით მოსულმა

აქ მორჩილად უნდა ილოცო გადარჩენის სტრატეგიებზე ევოლუციაში.

რა არის შენი სტრატეგია დღეთა სათვალავში?

რა პრინციპით ირჩევ გზას ქარიან გზაჯვარედინებზე?

შიზომითი. კენტავრების გენოციდი. ორი კაპუჩინო. საუბარი მარადიულობაზე სადღაც კაფეში.

გენეტიკური მოგონებები, როგორც pop-up რეკლამები კრთება ტვინში: საკრალური ცეკვები კოცონის გარშემო, მეგობრის თავის ქალა, სისხლიანი გარჩევა ტომი ტომზე, ალიგატორის მოლოდინი.

აქამდე მოსულებმა, გვამებსა და მეგობრების სხეულებზე გადავიარეთ საცალფეხო ბილიკზე.

ესაა რეალური საფასური ჩენი არსებობისა.

სად იყავი დაბადებამდე?

ჰორიზონტის ძახილი, ექსელის ფაილად გაწერილი ცხოვრება, ფსკერის ანგელოზები.

ჩვენ ყველანი აქ ვართ ერთად სამყაროს ტაძარში და ვუსმენთ მწუხრის ლოცვას.


საუბარი გარდაცვლილებთან და პოპკორნი

თუ გსურს პირდაპირი გაგებით ესაუბრო გარდაცვლილებს – წაიკითხე ლიტერატურა, შეხედე ნახატებს, ინსტალაციებს. უძველეს დროთა რადიოსადგურების დიჯეები ევოლუციის ჯურღმულებიდან მაუწყებლობენ  ხარვეზებიანი ეთერით, მაგრამ სიტყვების გარჩევა მაინც შესაძლებელია. თუ ენა ვირუსია, მწერლები ვირუსის მთავარი მატარებლები და გადამტანები გამოდიან. პოსტბიოლოგიური კომუნიკაცია, ძველი დრამა, რომელიც დღემდე გრძელდება. “Რაც იყო, ისევ იქნება და რაც ხდებოდა, ისევ მოხდება”.

Არავინ იცის, რისთვის არის ლიტერატურა, მაგრამ ამბის თხრობის ტრადიცია ქალობრიობის გარიჟრაჟიდან მოდის და ფაქტია, რაღაც არის მასში ისეთი, რაც დღემდე გვჭირდება, სხვაგავარად ეს სფერო უკვე დიდი ხნის წინ მოკვდებოდა. და ისევ, ვინ არის მწერალი?

ყოველდღიურობის უნიკალობის ჟამთააღმწერელი, ამურის ისრებს გულის ნაცვლად ვენაში რომ ირჭობს, კაბალისტი – სიტყვების რეკომბინაციებით რომ ცდილობს გაიგოს ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმა გააქრობს სამყაროს, თავის ქალის უკან დამალული ვარდი და ვარდის უკან დამალული თავის ქალა.

Მწერალი შეპყრობილია, საკუთარი დემონებისა და ანგელოზების სახელები შეიცნო. ძალაუფლება აქვს მათზე.

Ნამდვილი მწერალი ბიოგენეტიკური რობოტია, სიტყვების მწარმოებელი მანქანა და მას არ სჭირდება მუზების ლოდინი – ავტომატზე აწარმოებს ტექსტებს, როგორც ლოცვებს.

ამბობენ, მწერალმა უბრალოდ ამბავი უნდა მოგვითხსროს და დრო მოგვაკვლევინოს, მე კი ძველმოდური ვიქნები ამ საკითხში. მწერლის ვალდებულებაა, ეგზისტენციალური საფრთხეები აღნუსხოს და სიკვდილისთვის მოგვამზადოს. მწერალი თავადაა სიკვდილი.

და მას უნდა ჰქონდეს ნანახი თავისი ფსკერი. სხვა მხრივ ყველაფერი Cola და პოპკორნია ფილმის დაწყებამდე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა