გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გაბრიელ გარსია მარკესი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ვინ გროვდება ცხედრის სურნელზე?

დასასრული პირველივე სიტყვებიდანვე ნათელია - მთავარ პერსონაჟს, სანტიაგო ნასარს სიკვდილი ელის. მას ძმები ვიკარიეობის ხელით უნდა მოეღოს ბოლო, მაგრამ სანამ დასასრულამდე მივალთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

ქალაქში ერთი უცნაური კაცი ჩნდება სახელად ბაიარდო სან რომანი. მისი გამოჩენა, როგორც სხვა პერსონაჟები აღწერენ, მოულოდნელია, არსაიდან მოვიდა. მდიდარი წარმომავლობისაა და კარგი აღნაგობითაც გამოირჩევა. ქალაქშიც მალევე სახელს მოიხვეჭს. ბაიარდო სან რომანს ერთი ნახვით უყვარდება იმავე ქალაქში მცხოვრები გოგონა, ანხელა ვიკარიო, რომლის ცოლად მოყვანასაც გადაწყვეტს, ეს მისი დაჟინებული სურვილია. ანხელა ვიკარიოს ის არ უყვარს, არ უყვარს, მაგრამ ძალდატანებითვე მოუწევს გათხოვება, ეს ოჯახში მისგან დაუკითხავად გადაწყდება. რომანში, როგორც მარკესის სხვა ტექსტებში, პერსონაჟების სიმრავლეა, მაგრამ ეს სიმრავლე არ ტვირთავს ტექსტს. პერსონაჟების სიმრავლის მიუხედავად, ისინი არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალურობას.

პრობლემა სწორედ იქიდან იწყება, როცა ბაიარდო სან რომანი გაიგებს, რომ ქალი, რომელიც ცოლად შეირთო, ქალწული არ არის, რომ ის ქორწილამდე უკვე სხვასთან წოლილა - ქალს საკუთარ ოჯახში აბრუნებს. ოჯახი გადაწყვეტს, უკან დაბრუნებული ქალიშვილი გამოტეხოს,  ვინ იყო ის, ვინც მასთან იწვა ქორწილამდე. გოგონა ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე პასუხობს სახელს. ეს სახელი სანტიაგო ნასარია. ვიცით, რომ სანტიაგო ნასარს ბოლო ძმები ვიკარიოებისგან უნდა მოეღოს და ეს აზრი ამ მომენტიდან ჩნდება.

ძმები თითქმის ყოველ შემხვედრს ეუბნებიან თავიანთ განზრახვას.

„ყველაფერი იღონეს შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რომ ვიღაცას ხელი შეეშალა მათთვის, მაგრამ ვერა და ვერ მიაღწიეს ამას.“

სიკვდილი გაცხადებულია იმისთვის, რომ პოტენციურ მკვლელებს ვინმემ ხელი შეუშალოს, თავად მკვლელებს არ სურთ ამის ჩადენა, მაგრამ აკეთებენ.

ამბავი ყველამ იცის, მაგრამ არც ერთი ცდილობს, მომავალი საზარელი საფრთხე შეაჩეროს, ან ცდილობს, მაგრამ ბედის (თუ ავტორის) ირონიულობის გამო ვერ ახერხებს. ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სანტიაგო ნასარი მოკლან, მაგრამ მისი მოკვლის სურვილი მკვლელებსაც არ აქვთ. თუ ასეა, რა ამოძრავებს ამ ყველაფერს? ეს ავტორის უბრალო დაცინვაა თუ სხვა მიზეზიც უნდა ვეძებოთ?

სინამდვილეში, ამბის მამოძრავებელი და საზოგადოების ქმედების ამხსენლი ის სოციალური თუ კულტურული სტრუქტურაა, რომელიც ხალხში ძირფესვიანად არის გამჯდარი. აქ საქმე ღირსებასთან გვაქვს. ძმები ყველაფერს სწორედ იმით ხსნიან, რომ ოჯახს შებღალული სახელი აღუდგინონ, თავად ერთ-ერთი მკვლელის, პაბლო ვიკარიოს საცოლე, პრუდენსია კოტესიც ამას ამბობს, პაბლოს ეს რომ არ გაეკეთებინა, მას მე ცოლად არ გავყვებოდიო. სოციალური სტრუქტურა და კოლექტიური „მორალი“ მასში მოქცეულ ხალხს ირიბ სუბიექტებად აქცევს, ადამიანებად, რომლებიც ძმებ ვიკარიოებთან ერთად თანამონაწილეობენ ამ ამბავში. მათი სუბიექტურობა არა ამ ამბის შემცვლელებად აქცევს მათ, არამედ - გამოცხადებული სიკვდილის ერთ-ერთ შემოქმედებად. თანამონაწილეობა დუმილი და უმოქმედობაა. რაც მთავარია, ეს დუმილიც და უმოქმედობაც უკვე მხარის არჩევა და პოზიციონირებაა. თითქოს ისინი არ ერევიან საქმეში, მაგრამ სწორედ მათი პოზიციაა ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმავითარებელი. უცნაურია ისიც, რომ ძმების მოტივი დაუდასტურებელ სიმართლესა და სავარაუდო ტყუილზე დგას, ანხელა ვიკარიოს სიტყვებს არანაირი დამადასტურებელი ნიშანი არ უჩანს.

ტექსტს ვკითხულობთ და თითქოს გამოგვეპარება კიდეც, რომ ამ ამბავს სხვა მსხვერპლიც ჰყავს და ეს თავად ანხელა ვიკარიოა - უცნობ მამაკაცს ძალით მითხოვებული ქალი, რომლის საქალწულე აპკზეც იგება მთელი შურისძიება. ანხელა ვიკარიო გასაგნებული პერსონაჟია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება; ეკითხებიან მხოლოდ მაშინ, თუკი ეს ოჯახის „ღირსების აღდგენას“ ეხება, ან თუნდაც მაშინ, როდესაც ამ ამბის გამოძიება სურთ.

ანხელა ვიკარიოს არც ერთი სიტყვა არაა მიმართული საკუთარი გადაწყვეტილებისკენ. მისი სექსუალური ცხოვრებაც სხვისი გასარჩევი და გადასაწყვეტია, ყოველი ნაბიჯი სხვის მიერ ნაკარნახევია. ის სოციალური და კულტურული სტურუქტურა, რომელიც, თავის მხრივ, სისტემის ზედნაშენია, მკაცრად პატრიარქალური და ჩაკეტილია. თავად მკვლელობის მიზეზიც ამ სტრუქტურისა და მორალური კოდისგან მოდის.

ამბავი თავიდან ბოლომდე სიკვდილის მოლოდინზეა. ავტორის ოსტატობაც აქ ჩანს. რომანი აგებულია არა სიუჟეტის მოულოდნელ აფეთქებებზე, არამედ ძალიან მოსალოდნელ დასარულზე.

მკითხველი არ ელოდება ახალ ამბავს, ისეთს, რაც ავტორს პირველივე წინადადებაში არ უთქვამს. ასეთი მოცემულობა უფრო მეტად გვახედებს პერსონაჟებსა და მოვლენების აღწერაში. მკითხველის ხედვა არ იჩრდილება სიუჟეტური თამაშით, ის ზუსტად მიმდინარე ამბავზეა კონცენტრირებული, თუ როგორ გადმოსცემს ამ ყველაფერს ავტორი. ინტერესი არც ერთი წამით არ ქრება. აქ ყოველი სცენა ზუსტადაა აღწერილი და მისი თანმიმდევრობაც ერთ დიდ „ჰარმონიას“ ქმნის.

ვინაა ავტორი? - ის, ერთი მხრივ, ამ ამბის თანამონაწილეა; მეორე მხრივ, მთხრობელი. ავტორიცაა და პერსონაჟიც. პერსონაჟი არცერთხელ არ ჩნდება ტექსტში, მეტსაც გეტყვით, ის თავიდან ირიდებს მკვლელობაში თანამონაწილეობასაც: ამბობს, რომ არც იცოდა მომავალი უბედურების შესახებ და საერთოდაც ამ ყველაფერზე მკვლელობის შემდეგ გაიგო.

ავტორი გამოძიების მონაწილედაც გვევლინება. მოცემულ ქრონიკასაც გამოძიების საფუძველზე წერს. ამბავი დეტექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დეტექტიური ნაკლებადაა. ავტორი ლიმიტირებულ ცოდნას იღებს მკვლელობის დღეზე მოწმეებისგან, მაგრამ რასაც აღწერს, ზოგჯერ მონაყოლს სცდება. მწერალი ლეონარდ მაიკლსი სვამს კითხვას (The New York Times-ში 1983 წელს რომანის შესახებ წერილში „მკვლელობა ყველაზე საზარელი და კომიკური“), თუ საიდან იცის გაბრიელ გარსია მარკესმა ის, რაც მოწმეებს არ უამბიათ. ლეონარდი ავტორს სადიზმსა და კომიკურობაშიც სდებს ბრალს. მისი აზრით, სანტიაგო ნასარის მკვლელობის და შემდეგ უკვე გაკვეთის სცენა, ერთი მხრივ, კომიკურია, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილით სავსე, მას ავტორისეული სადიზმის სუნი ასდის („it smacks of authorial sadism“).

„თითქოს ხელმეორედ ვკლავდი მკვდარს,“ - ამბობს მღვდელი, რომელსაც სანტიაგო ნასარის გაკვეთა მოუწია.

სანტიაგო ნასარის სიკვდილი ორი ნაწილისგან შედგება, ერთი მისი მოკვლაა, მეორე კი მისი გაკვეთა. ორივე პროცესს ავტორი ოსტატურად აღწერს. პირველი მისი მოკვლის სცენაა, რომელიც ერთ დიდ სანახაობას წააგავს, რომელსაც ყოველი ქალაქის მცხოვრები ესწრება, საკუთარი ფანჯრებიდან თვალს ადევნებს. მსხვერპლს შორიდანაც გაჰკივიან, სად გაიქცეს, სად წავიდეს. ხალხი სეირს უყურებს, ერთ დიდ დადგმას, როგორიც კორიდაა. სანტიაგო ნასარს ღორის საკლავი დანებით კლავენ. სიმბოლურია, ძმები ვიკარიოები მაინცდამაინც ღორების საკლავი დანას იყენებენ და როდესაც რამდენიმე ჭრილობამიყენებული სანტიაგოს მოკვლა უნდათ, რადგან თავადაც წვალობენ ამ სანახაობის ყურებით, დანას, მათი აზრით, გულში დაარტყამენ, არადა იღლიაში დაჭრიან, იქ, სადაც ღორებს აქვთ გული.

გაკვეთის სცენა მეორე ნაწილია სანახაობის. ავტორი ამ შემზარავ სცენას სრულად დაუფარავად აღწერს, ნაწლავების დაცლის და ცხედრის გაჭრის პროცესი კვლავ პირუტყვის გამოშიგვნისას ჰგავს. ოთახში საზარელი სუნი ტრიალებს, ცხედრის სუნი, რომელიც ყველას ასდის. ცხედრის სუნი მოედება ქალაქს; ქალაქს, რომელმაც არაფერი იღონა მოახლოებული უბედურების შესაჩერებლად, ცხედრის სუნი ხელებზე აყვება როგორც მკვლელებს, ასევე გამკვეთავებსაც, საპნით იბანენ, მაგრამ სუნს ვეღარ აქრობენ.

გაკვეთის სცენას მისი ყურების ინტერესით მოსული ხალხი აგვირგვინებს, რომლებიც ცხედართან მოდიან, რომ ნახონ როგორია გარდაცვლილი სანტიაგო ნასარის სხეული, მოდიან ისე, როგორც ძაღლები, რომლებსაც ცხედრის სურნელი მიიზიდავს.

 მართალია. ცხედრის სურნელზე ძაღლები გროვდებიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა