ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წარსული ომშია: ვლადიმერ პუტინი და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია

 

2007 წელს, მაშინაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მორიგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ რას ნიშნავს ცუდ გუნებაზე ყოფნა და არ დაუმალავს, რომ ასეთ მომენტებში ძაღლ კონისთან ურთიერთობა და ომარ ხაიამის ლექსების კითხვა შველის. სხვათა შორის, ხაიამს პუტინი საუდის არაბეთში ვიზიტისასაც ახსენებდა და ალჯაზირასთან ინტერვიუს დროსაც.[i]

ამ სპარსელ პოეტს აქვს ერთი რუბაი, რომელიც ქართულად აღმოსავლეთმცოდნე მაგალი თოდუამ თარგმნა.

„მთვრალმა ბულბულმა გვინახულა ბაღჩაში ჩვენა,

იხილა ჩვენი სიცილი და კბილების ჩენა.

მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა ყურებში ჩუმად:

წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ, გაიგე შენა!“

რთულია თქმა, რამდენად გაიაზრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს რუბაი, რომელშიც ხაიამი წარსულის აღდგენაზე საუბრობს, მაგრამ ცხადია, რომ პუტინი წარსულის მეხსიერების ფორმირებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. 

რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ხელისუფლება მეხსიერების პოლიტიკაში ცდილობდა საბჭოთა კავშირის წარსულისგან რადიკალურ დისტანცირებას. ამ დროს გაიხსნა საბჭოთა დროს გასაიდუმლოებულ დოკუმენტთა ნაწილი, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცათ საშუალება, აქტიურად ემუშავათ ტერორზე, სხვადასხვა ტიპის დეპორტაციასა და სახელმწიფოს მხრიდან მასობრივ ძალადობაზე. დაიწყო რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალიზაცია საჯარო სივრცეში, უცხოელი მკვლევრები მუშაობდნენ რუსეთის არქივებში და მათი მიგნებები საერთაშორისო დისკუსიის საგანი ხდებოდა.

ელცინის ხელისუფლებამ 1990-იან წლებში დიდი ექსპერიმენტი დაიწყო ‒ ქვეყნის გადაყვანა სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე. ამ რთულ პროცესში საბჭოთა სისტემის კრიტიკა და განსხვავებული ინტერპრეტაცია საჭირო და აუცილებელიც იყო. საბჭოთა წარსულისგან დისტანცირების პარალელურად, ელცინის ხელისუფლება მეტ ყურადღებას უთმობდა XVIII-XIX საუკუნეების რუსეთს, მის კულტურასა და, ზოგადად, იმპერიულ წარსულს, რათა ქვეყანა საზოგადოებისთვის სრულიად ახლებურ ევროპულ იმპერიად წარმოეჩინათ.

1999 წლის დეკემბერში ელცინმა თანამდებობა დატოვა, მისმა მემკვიდრემ, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა ოფიცერმა, ვლადიმერ პუტინმა კი სრულიად შეცვალა მეხსიერების პოლიტიკა და საბჭოთა პერიოდის რეაბილიტაცია დაიწყო. მეხსიერება დაეფუძნა არა მთლიანად საბჭოთა ეპოქას, არამედ, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. პუტინი სულ უფრო ავიწროებდა ორგანიზაციებს, რომლებიც ალტერნატიულ ნარატივს ქმნიდნენ. გახსნილი არქივებიც თანდათან დაიხურა და მათზე წვდომა ჯერ ადგილობრივ მკვლევრებს შეეზღუდათ, მოგვიანებით კი უცხოელებსაც.

2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში ნავთობზე ფასები გაიზარდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა და გაძლიერდა. წიაღისეული რესურსებით მდიდარი ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ განვითარების კონსერვატორული მეთოდი აირჩია. ვლადიმერ პუტინი, ახალი რუსეთის არქიტექტორი, საერთაშორისო ფორუმებზე ამაყად წარადგენდა სამომავლო ხედვებს. რიტორიკული პრეზენტაციების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა, მეხსიერების მსგავსად, წარსულზე იყო დამოკიდებული და მეხსიერების პოლიტიკაც საბჭოთა კავშირზე გახლდათ მიბმული. ელცინისგან განსხვავებით, პუტინმა საბჭოთა მემკვიდრეობა ეროვნული თანხმობის, კეთილდღეობისა და ძალაუფლების სიმბოლოდ აქცია.

2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთში შედარებითმა კეთილდღეობამ და თვითკმაყოფილებამ დაისადგურა. პოლიტიკური ელიტა და საშუალო კლასი თავს უკვე სახელმწიფოსთან აიგივებდნენ, რასაც ობიექტური გარემოებები განაპირობებდა: ორივე მათგანისთვის სახელმწიფო და სახელმწიფოს ეკონომიკა შემოსავლის უმთავრეს წყაროდ იქცა. სახელმწიფოს იდეა მნიშვნელოვანი გახდა იმ ბიუროკრატიული კლასისთვისაც, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას დაეპატრონა ქვეყანაში. მათ შორის დღესაც უხვად არიან ყოფილი უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის საკადრო პოლიტიკის ძირითად დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ. ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ეკონომისტთა და ოლიგარქთა უმრავლესობა ელცინის გუნდიდან პუტინის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა, ნაწილი კი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ხელისუფლების მიერ შექმნილ ახალ რეალობას, ან პატიმრობაში აღმოჩნდა, ან ქვეყნიდან გაიქცა. ძლიერი სახელმწიფოს კონცეფციამ შეძლო აჯანყებებისა და ინტერესთა ჯგუფების წინააღმდეგობის განეიტრალება რუსეთში.

1990-იან წლების რუსეთი ეკონომიკური კრიზისის, მზარდი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო ინსტიტუტთა სისუსტისა და ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი მედიის პერიოდია, ასეთ პირობებში კი რთული იყო ისტორიულ სიმბოლოთა რეპრეზენტაცია. პუტინის მმართველობის პირველ ხანებში უმთავრესი მიზანი გახლდათ ქვეყნის „ღირსების“ აღდგენა საერთაშორისო ასპარეზზე და რუსეთის წარმოჩენა „პარტნიორთა თანასწორად“.

პუტინი მმართველობის პირველ პერიოდში ისტორიულ სიმბოლოებს ეძებდა და ჟურნალისტებთან ინტერვიუებში მუდმივად ახსენებდა განსხვავებულ ლიდერებს რუსეთის წარსულიდან, თუმცა მათ საბოლოო ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდა. ამ თვალსაზრისით, 2007 წელი გარდამტეხი იყო: ამ პერიოდში, ვლადისლავ სურკოვის ავტორობით, შეიქმნა „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფცია, რასაც რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი დისკუსია მოჰყვა.

არანაკლებ მოულოდნელი იყო ფილიპოვის ავტორობით გამოცემული სკოლის სახელმძღვანელო, სადაც, 1956 წლის შემდეგ პირველად, დადებითად შეფასდა სტალინის როლი სსრკ-ის ისტორიაში, თუმცა, ამავე დროს, სწორედ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა რეპრესიებზე. ეს გახლდათ ერთგვარი კომბინირებული ისტორია, რომელმაც ხელი შეუწყო სტალინის, როგორც „ეფექტიანი მენეჯერის“ ხატის შექმნას.

ელცინი და მისი გარემოცვა არასდროს ყოფილან იმდენად ძლიერნი, რომ აგრესიული ისტორიული პოლიტიკა ეწარმოებინათ, პუტინმა კი, ძალაუფლების კონცენტრაციითა და მედიის კონტროლით, საკუთარი ისტორიული პოლიტიკის აქტიური განხორციელება დაიწყო. ისტორიის ტრადიციული წერილობითი თხრობა ჩანაცვლდა სატელევიზიო ფორმატით, რომელსაც მეტი მომხმარებელი ჰყავდა. დოკუმენტური ფილმები საზოგადოებას უამბობდა რუსეთის სიდიადეზე, განსაკუთრებით, გმირულ ბრძოლებზე მეორე მსოფლიო ომში, და სამხედროებისა თუ საიდუმლო სამსახურების ჰეროიზაციას ცდილობდა. ისინი წარმოჩენილნი იყვნენ სამშობლოს ყველაზე ერთგულ მსახურებად, რომლებიც „ბოროტ“ ბიუროკრატიას უპირისპირდებოდნენ, რეპრესიებსა და ტერორზე დისკუსიები კი საჯარო სივრციდან გაქრა.

მეორე მსოფლიო ომს, როგორც მეხსიერების პროექტს, პუტინი შეგნებულად ირჩევს: ეს არის, ერთი მხრივ, ისტორიული მოვლენა, რომელიც დიდ გამარჯვებას უკავშირდება მეორე მხრივ კი ‒ ცოცხალი მეხსიერება, რადგან ოჯახებში მასზე მოგონებები ჯერ კიდევ შემონახულია. გარდა ამისა, გამარჯვება ის მომენტია, სადაც სტალინის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ურთიერთთანხმობა აქვთ. ბრეჟნევის ხანის მითი, თითქოს ომში გამარჯვება სოციალიზმის უპირატესობამ და კომუნისტური პარტიის წამყვანმა როლმა განსაზღვრა, პუტინმა თავისებურად შეცვალა: გამარჯვების უმთავრეს ძალად გამოცხადდა არა საბჭოთა, არამედ რუსი ხალხის პატრიოტიზმი და პარტიის დომინირება სახელმწიფო მენეჯმენტით ჩანაცვლდა. რუსი ისტორიკოსი, ფურსოვი, საკუთარ გამოსვლაში ღიად აკრიტიკებდა ქვეყნის მთავრობას და ამბობდა, რომ არ არსებობდა დიდი გამარჯვება დიდი მთავარსარდლის, ამ შემთხვევაში, სტალინის გარეშე და რომ ეს უნდა გაცხადებულიყო.

მმართველობის პირველ წლებში პუტინმა ბევრჯერ ახსენა სტალინი დადებით კონტექსტში, თუმცა არცერთხელ არ გაუკეთებია ეს 9 მაისის დემონსტრაციაზე, მისი მეხსიერების პოლიტიკის კარნავალიზაციის ქვაკუთხედზე. სტალინის რეაბილიტაციას თავისი ჩარჩოები აქვს, პუტინი კი დემოკრატიული იმიჯის მორგებას ცდილობს, ამიტომაც ვერ დაუშვებს დიქტატორის საჯარო, სრულ რეაბილიტაციას.

რუსეთი ზრუნავს საკუთარი მეხსიერების პოლიტიკის არამარტო შიდასახელმწიფოებრივ მოხმარებაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთ გატანაზეც. მეორე მსოფლიო ომში მთელი საბჭოთა კავშირი მონაწილეობდა, თუმცა ყველაზე დიდი მსხვერპლი, რუსეთის სსფრ-სა და ბელორუსის სსრ-თან ერთად, უკრაინის სსრ-მაც გაიღო და საბრძოლო მოქმედებებიც ყველაზე აქტიურად ამ ტერიტორიებზე წარიმართა. რუსეთსა და უკრაინას შორის მეხსიერების საკითხზე შეუთანხმებლობა 2005 წლის შემდეგ აშკარად თვალშისაცემი და რადიკალური გახდა.

ერთიანი წარსულისა და მითოლოგიის მქონე ნაციის მშენებლობა უკრაინაში პრობლემური იყო მოსახლეობის ორენოვნების გამო. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ თანამედროვე უკრაინის ტერიტორია წარსულში გადანაწილებული გახლდათ პოლონეთის, რუმინეთის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, ხოლო მისი დასავლეთი ნაწილი საბჭოთა კავშირს 1945 წლის შემდეგ შემოუერთდა.

უკრაინა საბჭოთა პოლიტიკურ სისტემაში სრულყოფილად ინტეგრირებული რესპუბლიკა იყო, დიდი პოლიტიკური წონით, საბჭოთა ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილითა და მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი მეხსიერებით. ამიტომ, ამ ქვეყნის პარტიზანთა მუდმივი დემონიზაცია, დიდი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვს არასდროს გამოსდიოდა. უკრაინული ნაციონალიზმი საბჭოთა დროიდანვე მძლავრად იკიდებდა ფეხს.

1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, ნარატივების წარმოებისას, უკრაინის სახელმწიფო ბალანსის დაცვას ცდილობდა, ქვეყანაში საზოგადოების რადიკალიზაციისა და დაპირისპირების ასაცილებლად. 2004 წლის 28 ოქტომბერს უკრაინის ნაცისტებისგან გათავისუფლებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ვლადიმერ პუტინიც დაესწრო, თუმცა შედარებითი მშვიდობა მალე რადიკალურ ნარატივთა ომში გადაიზარდა.

ვიქტორ იუშჩენკო ხელისუფლებაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მოვიდა. მისი მთავარი ოპონენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, პრორუსულ პარტია „რეგიონებს“ ედგა სათავეში და მას რუსულენოვანი მოსახლეობა უჭერდა მხარს. ამ პარტიას უკიდურესად გაუფუჭდა ურთიერთობა უკრაინელ ნაციონალისტებსა და ნაციონალ დემოკრატებთან. სწორედ მაშინ გააქტიურდა რუსეთში საუბარი ორ უკრაინაზე ‒ ორ უკრაინულ იდენტობაზე.

იუშჩენკომ ჯერ ბალანსის პოლიტიკა მოსინჯა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა, უკრაინელთა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ნარატივს აჰყოლოდა. 2009 წელს მან პირდაპირ ეთერში თქვა: „ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი ისტორია. უკრაინის ისტორია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაა. ჩვენ გვაქვს რევიზიის უფლება, ჩვენ გვაქვს უფლება შეფასებაზე“.

იუშჩენკოსთვის მეხსიერების პოლიტიკის ცენტრალური იდეა იყო 1932-1933 წლების შიმშილობა, ჰოლოდომორი, რომელსაც რამდენიმე მილიონი (ზუსტი რიცხვი უცნობია) ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის რადაში დაიწყო საკანონმდებლო მუშაობა და 2007 წელს წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ჰოლოდომორი გენოციდს გაუტოლდა.

იუშჩენკო ხელს უწყობდა უკრაინული ნაციონალური ორგანიზაციის (უნო) ლიდერის, სტეფან ბანდერასა და უკრაინის აჯანყებული არმიის ხელმძღვანელის, რომან შუხევიჩის ჰეროიზაციასაც: 2007 წელს შუხევიჩს, ხოლო 2010 წლის 22 იანვარს ბანდერას მან სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო ‒უკრაინის გმირის ორდენი მიანიჭა. 2016 წლიდან პოლონეთში იხსენებენ ვოლჰინიასა (Volhyna) და დასავლეთ გალიციაში მოკლულ 100 000-მდე უდანაშაულო თანამემამულეს. ეს მოვლენები 1943 წელს მოხდა, როდესაც ასობით პოლონურ სოფელში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, ისტორიკოსები კი აქტიურად წერენ ამ აქციაში სტეფან ბანდერასა და უკრაინული ნაციონალურ არმიის მონაწილეობაზე.

იუშჩენკო ფიქრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით, ჰოლოდომორის იდენტობას ყველა მხარე თანაბრად გაიზიარებდა. ეს ნარატივი, რომელიც მოსკოველ კომუნისტებს ჯალათებად, კაცის მკვლელებად აცხადებდა, აღმოსავლეთ უკრაინელებმა გაიზიარეს, თუმცა დასავლეთ უკრაინა ამ მოვლენათა თანაზიარი ვერ იქნებოდა, რადგან მაშინ ქვეყნის ეს ნაწილი უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში არ შედიოდა.

ბოლო წლების უკრაინაში მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების უმთავრესი გამოწვევა გახლდათ ქვეყნის საერთო წარსულის განსაზღვრა და რუსეთისგან დისტანცირება. უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორი სწორედ რუსეთის მეხსიერების პოლიტიკა იყო, რომელიც მხოლოდ შიდა საზოგადოებრივი კონსესუსით არ კმაყოფილდებოდა და სურდა, უშუალო სამეზობლოზეც გავრცელებულიყო.

2022 წლის 22 თებერვალს, რუსეთ-უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარების დაძაბვის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას მიმართა და ამ ორი ქვეყნის საერთო წარსულზე ისაუბრა. მან მოხაზა ჩარჩო, რომელშიც უკრაინელებს ხედავდა ‒ ეს იყო სლავი მართლმადიდებელი ხალხის ერთობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და ნაციონალურ ერთეულებად მხოლოდ ლენინმა დაყო. ყველა ისტორიული მანიპულაციის მსგავსად, აქაც ისტორია ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი. ეს გამოსვლა საბჭოთა კავშირითა და მეორე მსოფლიო ომით არ შემოიფარგლებოდა და უკრაინელებს „ახსენებდა“, რომ რუსეთის იმპერიამდელ ხანაში ისინი საერთო ისტორიას იზიარებდნენ.

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა წარსულით ცდილობს მომავლის შექმნას. „მომავალი წარსული” (ტერმინი ეკუთვნის გივი ალხაზიშვილს) ყველაზე უკეთ შეეფერება მის ხედვას. ხაიამის შეგონება, „წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ, გაიგე შენა“, მას დიდად არ ესმის და ჯიუტად აგრძელებს სვლას, ამ შემთხვევაში ‒ უკრაინაზე.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. ეს სტატია სწორედ აქტიური საომარი მოქმედებების დროს იწერება. ინფორმაციული ნაკადი ელვისებურად ვრცელდება. დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის ნაკადი შთამბეჭდავია და ასეთ სიტუაციაში მომავალი ძალიან ბუნდოვნად მოჩანს. ამ სიტყვების ავტორს კი, ამ წუთის მონაცემებით (20/05/2022), დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ეს ომი შექმნის არა მხოლოდ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, არამედ ახალ მეხსიერების პოლიტიკასაც.

მანამდე კი… თვალი მივადევნოთ პროცესებს, რადგან წარსული ომშია გაწვეული.

შენიშვნები

 

[i] Какие книги читает и рекомендует Владимир Путин. 20.08.2016 https://www.knigikratko.ru/articles/kakie-knigi-chitaet-i-rekomenduet-vladimir-putin ; Что читает Владимир Путин. 20.01.2014. https://www.kommersant.ru/doc/2386556; Почему президент России читает Омара Хайяма? 18.07.2007. https://www.nnov.kp.ru/daily/23903.4/232582/https://www.nnov.kp.ru/daily/23903.4/232582/

ილუსტრაცია: თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის კურსის სტუდენტი თინი შონია

logos
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა