10 მუსიკოსი ინდიგოში
ინდიგო #1 სალომე ასათიანი – ცუმპა-რუმპა სიკვდილზე: ინტერვიუ ჯგუფთან The Tiger Lillies
„როცა მუსიკოსობა გადავწყვიტე, ჩემთვის ყველაფერზე მთავარი ეს იყო – მეპოვა უჩვეულო, ორიგინალური ჟღერადობა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელოვნებაში მთავარი ორიგინალობაა, მაგრამ ვცდებოდი. მუსიკაში ორიგინალობას დიდად არ აფასებენ. ორიგინალობა რამეს რომ მართლა ნიშნავდეს, ახლა ძალიან ცნობილები ვიქნებოდით“.
ინდიგო #1 ნინო ჩიმაკაძე – Placebo / ბრაიანი
„ნებისმიერი ხელოვნება პოლიტიკური განაცხადია. ეს განასხვავებს მას გართობის ინდუსტრიისგან, რომელიც რეალობისგან გაქცევისთვის იქმნება. ცხადია, ხელოვნებას აქვს პოტენციალი ცვლილებებისთვის ბიძგი გახდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა პოლიტიკურ არტს აკეთებს. ყველაზე მაგარი რამე ხელოვნებაში, აბსოლუტური თავისუფლებაა“.
ინდიგო #2 ერეკლე დეისაძე – ინტერვიუ მამასთან
„ერეკლე: ... ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა შენმა არქივმა მოახდინა, მახსოვს, პირველად მაშინ მოვისმინე Pet Shop Boys-ი და Pink Floyd-ი.
მამა: მუსიკა იმდენად მიყვარდა, რომ „ბაბინებში“ 320 მანეთი მივეცი, მაშინ ეს დიდი ფული იყო.
ერეკლე: ანუ შენ არ ხარ 37-მანეთიანი.
მამა: არ მგონია, იმათ მანქანის ნაწილები ჩამოჰქონდათ რუსეთიდან, მე – ახალი ალბომები“.
ინდიგო #6 ნიკო ნერგაძე – პიანისტი. ინტერვიუ ხატია ბუნიათიშვილთან
„ადამიანის სხეულის ენა მისი შინაგანი სამყაროს გამომხატველია. მე არასდროს არ აღმიქვამს ჩემი გარეგნობა ატრიბუტად და არ ვუყურებ მას, როგორც რამისთვის ხელშემწყობ ან ხელისშემშლელ ფაქტორს. მე ამისთვის მნიშვნელობა არასდროს მიმინიჭებია და არ ვიცი... ვიცი, რომ როდესაც დაკვრას ვიწყებ, მაშინ მატერია არ არსებობს, ჩემი სხეულიც ჟღერადობის და ემოციის ნაწილი ხდება. მე თვითონ ამ დროს სხეულს ვეღარ აღვიქვამ და ველი, რომ ჩემი მსმენელიც ვეღარ აღიქვამს მატერიას და მხოლოდ ჟღერადობის და ემოციის საფუძველზე იქმნის დამოკიდებულებას“.
ინდიგო #13 ნინო ჯაფიაშვილი, მარს დილა – ჩვენი სახელია ჯენეზისი...
„ჰოდა, რა არის მუსიკა? ვთქვათ, რაღაც, რაც ხმებისგან შედგება... კარგი, მაშ, ხმა მუსიკის ნაწილი ყოფილა, და რიტმი, რიტმი რაღაა? ნებისმიერი რამ, რაც მეორდება... ანუ, თუკი დღეს დაარტყამ დოლს და მეორედ ამავე დოლს დაარტყამ 6 წლის შემდეგ, ეს იქნება შენი რიტმის სიგრძე და თუ რიტმს სწორედ ასე შეხედავ, წარმოიდგინე, რამდენი თავისუფლება დაგრჩება ყველაფრისთვის. უცბად ყველა კარი გაიხსნება შენ წინაშე და თვითონვე მოგინდება, რაც შეიძლება შორს მოისროლო ის წინასწარი მოცემულობები, რაც შენს ქმედებებს, აზრებს განაპირობებდა“.
ინდიგო #15 ნიკო ნერგაძე – Tulipa Katie Melua
„მუსიკალურ ინდუსტრიაში გავიზარდე, სადაც უმეტესობა კაცები არიან, მაგრამ რაიმე ბრძოლის განცდა არ ყოფილა. ისე კი, ერთი რამე შევნიშნე, რომ კულტურამ უამრავი რამის გამო შეიძლება დაგჩაგროს – დავუშვათ, თუ ხარ გეი, ლესბოსელი, ქალი, შავკანიანი, მსუქანი, დაბალი, წითელი თმა გაქვს... ყველას აქვს რაღაც მახასიათებელი, რის გამოც კულტურა ან საზოგადოება გეტყვის, რომ შენ რაღაცას ვერ მიაღწევ. მაგრამ, ამას თუ აყევი, მართლა ვერ მიაღწევ იმას, რაც გინდოდა“.
ინდიგო #19 ელენე ფასური – ახლა როგორ ხარ, ჯეიმი?
„...სამწუხაროდ, ასე გამოვიდა – დაბადებიდან ნეგატივისკენ მიდრეკილი არსება ვარ, ძალიან არ მინდა ასე იყოს. ბედნიერება ჩემთვის დედაჩემის მონახულებაა, ჩემი დისა და ძმისშვილების მონახულება, კიდევ ენჯელასთან, ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად მუშაობა. ა, კიდევ მცენარეების დიდი კოლექცია მაქვს, ვუყურებ, როგორ იზრდებიან და სულ ამას ვფიქრობ: თუ უბედურების წუთები ცხოვრების ყველაზე თვალსაჩინო და გარდაუვალი მოვლენაა, ე.ი. ბედნიერი წუთებიც გარდაუვალი ყოფილა-მეთქი – ასე არ არის?“
ინდიგო #21 ნინო კვირიკაშვილი – ის, ვინც...
„ჩემი აზრით, ძალიან რთულია, იყო გახსნილი. ჩვენ თავისუფლებას ვეძახით რეაქციულობას. გახსნილობა კი, პირველ რიგში, საკუთარ თავში გარკვევას ნიშნავს და სწორედ აქედან გამომდინარე – ბუნებრიობას. სწორედ მუსიკა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც იმ ფარისევლობის ალტერნატივა, რაც საზოგადოებაში არსებობს. მაშინ, როცა ყველაზე მარტო მეგონა თავი, მუსიკა აღმოჩნდა ის მედიუმი, სადაც საკუთარი თავის დაბრუნება შევძელი. დღეს მუსიკა ჩემთვის უფრო ინტიმური და უფრო იდუმალია, ვიდრე ოდესმე“.
ინდიგო #23 ელენე ფასური – ეკრანული მოგონებები
„არ მეგონა, მაგრამ ბენდთან ერთად დაკვრამ აშკარად შემიმსუბუქა შფოთვა, რასაც მარტო განვიცდიდი სცენაზე. თუმცა, მეორე მხრივ, ვღელავდი იმაზე, რომ ბენდის იქ დგომა „მარტოდმარტო“ გასვლის პროვოკაციულ, შიშველ სიმართლეს წამართმევდა.
საბოლოოდ კი, ბენდთან ერთად ბევრად მეტი მუსიკალური შესაძლებლობაა. თანაც, ცოტა გამორჩენის თვალსაზრისითაც თუ ვიფიქრებთ – თავს ბევრად დაცულად ვგრძნობ. იცით, რომ მადრიდში ერთხელ თავში ლუდის ბოთლებს მესროდნენ, როდესაც მარტო ვუკრავდი? ყვიროდნენ: „ეს რა ჩემი ყ**ა? ეს რა პერფორმანსია, ესაა ხელოვნება? ეს მუსიკა არ არის!“ ბენდთან ერთად, ეს მაინც მინდა ავიცილო თავიდან“.
ინდიგო #27 მარიამ ნატროშვილი – განთიადის მრავალი ფრაგმენტი
„მარიამი: ბევრი დრო გავიდა. ბევრ სხვადასხვა რაღაცას აკეთებ: ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება, ტექნოლოგიები. არის ერთი სიტყვა ან ერთი იდეა, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს?
დილა: შეუთავსებლის შეთავსება, „chaos is being yourself“, აზრი, რომ ადამიანის პოტენციალი არ გამოიხატება ჟანრებში და ხელოვნების თუ მეცნიერების კონკრეტულ დარგებში. თუ ფიქრობ, რომ ამ ექსტაზს ცეკვით გამოხატავ, უნდა იცეკვო, თუ ფიქრობ, რომ ამ მოწყენილობას კოდის წერით გამოხატავ, უნდა დაწერო. ჩემთვის ცოტა უხერხულია, როცა მწერალს ან მუსიკოსს მეძახიან, ერთი და იმავე თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმაა, ხვალ შეიძლება მშენებლობაზე დავიწყო მუშაობა, ან მონასტერში წავიდე მორჩილად, იგივე პროცესი იქნება“.