
მინდა, საკუთარი თვალით ვნახო, რამდენად უსამართლოა ეს ქვეყანა | ანრი კვარაცხელიას საქმე
ანრის დაკავება
ანრი კვარაცხელია 6 დეკემბერს გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. ოჯახმა უჩვეულო ხმაური ქუჩიდან დილის 7:15 წუთზე გაიგო. სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე, რომელიც სამზარეულოს ფანჯრიდან ჩანს, შავებში ჩაცმული უცხო ადამიანები შენიშნეს.
მერე უკვე უცნობები თან აკაკუნებდნენ, თან საკეტის გახსნას ცდილობდნენ, ფეხებს ურტყამდნენ ფანჯარას. ისინი ჯერ მეზობლებად ასაღებდნენ თავს ანრისთან და მის ოჯახთან, მერე ჭიქა წყალი სთხოვეს და მანქანის გადაყენება. არადა, ანრის და მის მეუღლეს, ნუცა ერემიანს მანქანა არ ჰყავთ. გაირკვა, რომ მათ ფანჯრებთან მდგარი სხვისი მანქანა დაუზიანებიათ დასაკავებლად მოსულ პირებს, ბინის მეპატრონისთვის კი უთქვამთ, რომ დამნაშავის ასაყვანად არიან.
შავებში ჩაცმულ პირებს არც ჩხრეკის ოქმი წარუდგენიათ, არც განჩინება, არ დაუსახელებიათ, ვინ არიან თვითონ. ანრის მეუღლე ნუცა ჰყვება, რომ კარის სახელური ქვის დარტყმით დააზიანეს და 20-მდე შავებში ჩაცმული ადამიანი ასე შეცვივდა შიგნით.
„შემოვარდნის დროს, ყველაზე დიდი რომელიც იყო, ყელში მწვდა, ორივე ხელით ყელში წამიჭირა და ამწია – ჰაერში მქონდა ფეხები, ნელ-ნელა ვბუჟდებოდი, ვეღარ ვსუნთქავდი, მიჭირდა ნერწყვის გადაყლაპვა, შემდეგ მომისროლა დივანზე”, – იხსენებს ნუცა. მან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სტრესის ფონზე მუცელი მოეშალა.
ძირს დააგდეს ანრის დაც. ხოლო თვითონ ანრის მარჯვენა მხარი დაუზიანდა. ოცამდე ადამიანმა გაიყვანა სახლიდან წინდებითა და საცვლით.
„არასდროს დამავიწყდება ანრის ბოლო სიტყვები გაყვანის დროს: „პატარავ, არ შეგეშინდეს”, – იხსენებს ნუცა.
ის ამბობს, რომ ანრის მიმართ იზოლატორში ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. თავიდან ეუბნებოდნენ, რომ მოწმის სტატუსი ჰქონდა და რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერას სთხოვდნენ.
ანრი კვარაცხელიას საქმე
26 წლის ანრი (ანზორ) კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ანრი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ანრი კვარაცხელიას მიერ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების წინ აფეთქდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა პროკურორმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ „თავდასხმა თავისთავად უკვე დანაშაულია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საქმეში დაზარალებული”.
24 იანვრის სასამართლო პროცესზე პოლიციის დეტექტივებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ კვარაცხელიას დანაშაულის შესახებ „ფეისბუქზე” გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიგეს. ერთ-ერთი მოწმის, დეტექტივ გია გელაშვილის განმარტებით, მან დანაშაულის შესახებ თავის ხელმძღვანელს შეატყობინა და ვიდეოების ბმულებიც მიაწოდა.
ახლა ანრი კვარაცხელიას საქმეში მტკიცებულებად ეს ორი ვიდეოჩანაწერია. ერთ-ერთ ვიდეოში მართლაც ჩანს მუქ ტანსაცმელში ჩაცმული პირი რობოკოპების მისამართით რომ იგინება და სახეზე ნიღაბს იხსნის. მეორე ვიდეოში კი გდდ-ის თანამშრომლების მიმართულებით ის მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, მაგრამ სახე არ უჩანს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ორივე ვიდეოში ანრი კვარაცხელიაა. თუმცა ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება.
ადვოკატი განმარტავს, რომ ერთ ვიდეოზე, ნამდვილად ანრი კვარაცხელიაა, ხოლო მეორე რვაწამიან ვიდეოში, რომელშიც ნიღბიანი მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, შეუძლებელია პირის ვინაობის დადგენა და ერთადერთი, რითაც გამოძიება ხელმძღვანელობს, ტანსაცმელია, რომელიც შესაძლოა ჰგავს, მაგრამ მაინც რთულია გარჩევა. მისი თქმით, საქმეში სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არის, მათ შორის, არც პოლიციელების ჩვენებებია.
„პოლიციელები ამბობენ, რომ მათ წინ დავარდა მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ საიდან და როგორ, არ ლაპარაკობენ. არც ამოცნობაა ჩატარებული, რომ ხელი დაედოთ ანრიზე”, – დასძენს ცუცქირიძე.
ანრის მეუღლე, ნუცა ერემიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ ვიდეოში ნამდვილად მისი მეუღლეა, მეორეში კი, რომელშიც მოლოტოვის კოქტეილის სროლა ჩანს, ანრი არაა.
ნუცა იხსენებს, რომ იმ ღამით, მომიტინგეთა დარბევისას, თვითონ სამშენებლო ქუდი ეხურა და ერთ მომენტში თავში მოხვდა გაზის კაფსულა. მყისიერად დიდ კვამლში გაეხვია. ეს რომ დაინახა ანრიმ, ალბათ, გაახსენდა, რომ „მე ისედაც სუნთქვითი პრობლემები მაქვს და გაიაზრა, რომ შეიძლება კვამლში დამკარგა.. ალბათ, აფექტის მდგომარეობაშია და ერთადერთი ეს კადრია, როცა ნიღაბს იხსნის, იგინება მათი (რობოკოპების) მიმართულებით… და მეორე ვიდეოში დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არის ანრი. ჩანს ჩემი მეუღლის მარჯვენა ხელი, რომელსაც არც სანთებელა უჭირავს, რომ მოეკიდებინა ბოთლისთვის, არც ისვრის. მაგრამ მაინც ეს მომენტი აქვს ამოჭრილი პოსტივის”, – ამბობს ნუცა.
დაკავებამდე
ანრი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაიბადა 1999 წლის 20 იანვარს. მისი დედა ემიგრანტია. ანრის გათავისუფლებას მეუღლესთან და დედასთან ერთად, მამა, ბებია-ბაბუა და და ელოდებიან.
ანრის მეუღლე ნუცა ერემიანი იხსენებს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, ერთად ზრდიდნენ ნუცას მცირეწლოვან შვილს, რომელსაც ანრი უწევდა მამობას, მუშაობდნენ და სწავლობდნენ. ანრი ერთ-ერთ კომპანიაში ლოჯისტიკის განხრით საქმიანობდა. აქციების შესახებ ინფორმაციას მაშინ ეცნობოდნენ, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ. აქციაზე გასვლა კი იმ სისასტიკემ გადააწყვეტინათ, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ იჩენდნენ ე.წ. რობოკოპები 28 ნოემბრიდან.
„გაოგნებულები ვიყავით ამ ცხოველური დამოკიდებულებით, რომელიც გარეთ ტრიალებდა ჩვენი თანატოლების, ჩვენი ბებია-ბაბუების და მშობლების ასაკის ადამიანების მიმართ. ანრიმ თქვა, დავიჯერო, ეს ყველაფერი მართლა ასე ხდება და მედია არ აჭარბებსო? ეს იყო 1 დეკემბერს, ზუსტი საათიც კი მახსოვს – 11 გახდა. ანრიმ თქვა, მინდა, საკუთარი თვალით ვნახო ეს ყველაფერი, რომ დავიჯერო, რამდენად უსამართლო და ფსკერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს არ აქვთ უფლება, დააფიქსირონ თავიანთი აზრი და იცხოვრონ ადამიანურ პირობებშიო”, – იხსენებს ნუცა.
შეიძინეს პირბადეები, საკვები, წყალბადის ზეჟანგის ხსნარი, იმდენი რძე, სხვებისთვისაც რომ გაენაწილებინათ და ქუჩაში მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.
„ჩვენი ყოფნა პროტესტზე არ იყო აუცილებელი, შეიძლება ასეც ითქვას. ძალიან ბევრი თავს არიდებდა, მაგრამ ჩვენ მათნაირები არ ვართ. საკუთარი ერის მიმართ სიყვარული არ გაგვიშვებდა, რომ ყველაფრისთვის თბილი სახლიდან გვეყურებინა”, – გვიყვება ანრის მეუღლე.
ანრი კვარაცხელიას საქმეზე შემდეგი განხილვა 17 მარტს მარტს ჩაინიშნა.
გირჩევთ

„ჩემი გიტარა მენატრება” | მათე დევიძის საქმე
24.03.2025