გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დიანა ანფიმიადი

დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო | დიანა ანფიმიადი


პრეისტორიული კბილი

ვინ ჩავისახლეთ?
უკონტექსტო, უცნაური ცხოველი,
არსახეობის არჯიშის არწარმომადგენელი,
ბალახისმჭამელი მტაცებელი,
არმცველი, არმონადირე,
სისხლისარმხვრეპიცრემლისმსმელი,
მეზობლები გვეჩხუბებიან-
წაიყვანეთ ეგ თქვენი რაღაცნაირი ჟირაფი
ჩეხური ცხრასართულიანიდან,
სულ ამოსძოვა ყვავილები ნამიან სარეცხს,
სულ ამოსჭამა მარწყვები ჩვილის წინსაფრებს.
ვინ ჩავისახლეთ, მაინც რა შუაში იყო?
მეზობლები გვეჩხუბებიან
- რატომ დააბით ხმალკბილა ვეფხვი სადარბაზოსთან
ძაღლებს ვერ ვაკავებთ,
ბავშვებს ეშინიათ.
არადა, უყურე, როგორია
როცა ტირის, თვალები უმწვანდება,
როცა ვუნდივარ, ულურჯდება,
როცა ვუყვარვარ- უცისფრდება,
ზოგჯერ ისე უწყალდება,
ბავშვები შადრევნებიდან სვამენ.
ამ ქალაქში როგორ შემოგვეპარა?
ციდან ბაყაყების წვიმაა:
პანდემია, პანდემია
პუტინის აგრესია
ბოროტი მეზობელი
ოკუპაცია
გლობალური დათბობა
ატომური იარაღი
სიღარიბე
შიმშილი
ომი
ჩვენ კიდევ ვინ ჩავისახლეთ,
სად ვიპოვეთ ეს ლექსი სიყვარულზე -
დააბიჯებს მტვრიან ქალაქში
ვარდისფერი დინოზავრივით,
ვინ წაიკითხოს,
ვინ შეიყვაროს,
ვინ მოუსინჯოს პრეისტორიული კბილი.

 
ხსოვნა

ვინც კი მომიკვდა, ჩემს ხმაში სახლობს,
კუ, იადონი, ბავშვობის ძაღლი
მამაც, რომელიც ვერ გავიხსენე,
ჩემს ხმაში ისმის და ვერ ვისვენებ,
ბავშვობის სატრფოს ხმაც ისმინება,
ათი წლის ბიჭი, ტვინში სიმსივნით,
გახუნებულს და ამოჩემებულს,
ზღაპრებს მიკითხავს ბებიაჩემი,
ბარავს და ხმაში ბელტებს აბრუნებს
წელში მოხრილი ჩემი ბაბუა,
ვჩურჩულებ, ვამბობ და მის ხმას ვისმენ,
ვინც კი მომიკვდა, ვიხსენებ ვის ვერ.


უფლება

„ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ბაღი“
არარსებული კონვენციის მეოთხე მუხლი
აფხაზი პოეტი ბიჭი
სევანის ტბის პირას
აგროვებს სეკულენტებს
თავისი  სოხუმის ბაღისთვის,
რომლის ხსენებისას თვალები უნათდება.
ექვსასზე მეტი იშვიათი  მცენარე ჰყავს,
ვარდები საერთოდ უთვალავი
და ერთი ამდენი უკვე მოთხარა, გააჩუქა-
ადგილი არ იყო საკმარისი.
- სეკულენტები ხომ არ გინდა შენი ბაღისთვის? - მეკითხება
„ეს ვულკანური ქვებიც წაიღე, კომპოზიციას მოუხდება“ - დაუფიქრებლად ვპასუხობ.
აგროვებს, აგროვებს - პატარებს, დიდებს,
სხვადასხვაგვარად უნაკლოებს,
თავისი ბაღისთვის, რომელიც სანაპიროს
და ბულვარს გადაჰყურებს
და სუბტროპიკული ჰავის წყალობით
წარმოდგენაც კი მიჭირს, ამ სეზონზე როგორია.
სიმწრისგან ვღეჭავ   ტიტების ბოლქვებს,
რამე შხამიანი  რომ არ წამომცდეს.
და ვფიქრობ თეა თოფურიას ყვავილებზე,
რომელიც  ჰაერში გააბნია, ნისლში ჩათესა,
ცაში გააღვივა და საწვიმარ ღრუბლებში ჩარგო,
იმ ნაცრისფერი კორპუსის თავზე,
რომელშიც უკვე ოცდაათზე მეტი წელია,
ცხოვრობს და წერს
სოხუმის ნაცვლად.

 

მისალოცი ბარათი

დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
ვიცი როგორ გიყვარს, ცაზე ვარსკვლავები გინათდება,
მთელი საუკუნე წამებს ითვლიდი,
როგორ მოუთმენლად ელოდი,
დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
ცოტა, სულ ცოტაც და
საჭეს ხელს გაუშვებ,
ხელებგაშლილი დაეშვები
ბავშვობის ველოთი.
დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
გარეთ გავიტანე ოთახი,
გადმოვბერტყე, გავანიავე,
თოვს მტვრის ბუმბული
ცვივა ათასგვარი ხარახურა
ბავშვები კრეფენ სიზმრის იებს,
სიზმრის იასამნებს.
დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
აი, როგორია - შენი ბავშვობის ქალაქიდან წამოგიყოლე,
უშიშარს, თავკერძას ქვეყნად  არაფრის ეშინია,
მხოლოდ ხანდახან პულსს მიმოწმებს,
მამოწმებს,
ნუ გეშინია,
მზე შენია, მზე შინაა, მე შენი ვარ.
დამდეგ სიკვდილს გილოცავ საყვარელო,
რამე ჩაიფიქრე,
ახდენა ნუ გაფიქრებს,
დროც აღარ დაგვრჩა ახდენის,
მაგიდას ადნება თეთრი ტილო,
თეფშებზე თოვლის ფთილა დნება,
ვიცინით -
რა წესია, გალაკტიონის ლექსში არ უთოვია ამდენი.
ბოლო ცეკვა?
ბოლო კოცნაში გადასახლება?
იქნებ შემატოვო ვარსკვლავები
და ლეთეს გადაღმა გავაჩინო
ვინმე ლამაზი და ლურჯთვალა,
დამდეგ სიკვდილს გილოცავ საყვარელო,
დამდეგ სიკვდილს გილოცავ საყვარელო,
ბევრს დაესწრები ისედაც,
ბევრს კი არა, უთვალავს.
ანგელოზების ბაღში
ანგელოზების ცეკვის წრეზე
ივლის ეს ჩვენი
ვინმე, მზესუმზირის მარცვალი,
ანგელოზები თვალგახელილ ძილს ასწავლიან,
რომელიც ოდესღაც მათაც ჩიტებმა ასწავლეს...
დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
არ დაგავიწყდეს ჩემი  წერილების  შენახვა
- ცეცხლში შეყრა.
და როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია,
როგორც იმ სულელურ სიმღერაშია,
ყველაფერი, რაც სიკვდილისთვის მჭირდება-
შენ ხარ.


ფოტო: ნინო ბაიდაური

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა