გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სინდისის პატიმრები დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილი

ცემა და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაკავების შემდეგ | დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის საქმე

„ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც შეაწუხა ამ უსამართლობის ყურებამ. ვნახე, ჩემს შვილებზე ძალადობდნენ, ჩემს და-ძმებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. როგორც მამამ, როგორც ძმამ, როგორც პაპამ, რომლის შვილიშვილსაც მომავალს ართმევენ, ჩავთვალე, რომ სახლში ჯდომა ლაჩრობის ტოლფასი იყო”, – დავით ლომიძე, წერილი ციხიდან, 2025 წლის 17 იანვარი. 

52 წლის დავით ლომიძესა და 38 წლის თემურ ზასოხაშვილს თბილისის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ბრალდებულთა საქციელს უნდა ადასტურებდეს. კადრი 1 დეკემბრის ღამითაა გადაღებული და აქციის დაშლის თანმხლებ, ჩოჩქოლითა და დაძაბულობით სავსე, რამდენიმეწამიან მომენტს ასახავს – ჩაჩქანიანი და კაპიუშონიანი დემონსტრანტები ხან ზურგიდან ჩანან, ხან – პროფილში, ერთ მომენტში ეფარებიან პარლამენტის კუთხეს და ორი მათგანი „მოლოტოვის კოქტეილებს” პარლამენტის მიმდებარედ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით მართლაც ისვრის. გამოძიების მტკიცებით, მათი ნასროლი „მოლოტოვით” ცეცხლი უჩნდება დემონსტრანტთა დასაშლელად გამოყვანილ წყლის ჭავლის მანქანას და აზიანებს მას. თუმცა, ამ ბნელი და მხოლოდ წამიერად განათებული კადრებით, შეუძლებელია მსროლელთა სახეების გარჩევა მათი ნაცნობებისთვისაც კი.

„შეუძლებელია, რომ ღამით იმ არეულობაში და ალიაქოთში, ადამიანი გაერჩიათ, თან წვერს ატარებდა მაშინ ზასოხაშვილი და ჰუდი ჰქონდა წამოხურული”, – ამბობს თემურ ზასოხაშვილის ადვოკატი ირაკლი აბსანძე.

საქმეს თან ახლავს შსს-ს თანამშრომელთა ჩვენებები და ფოტოამოცნობის ოქმები. როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სახეები მათ წინ მოთავსებული ფოტოებიდან ამოიცნეს შსს თანამშრომლებმა.

თუმცა, ამ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების სიმყარეში ეჭვი ეპარება დავით ლომიძის ადვოკატს, დიმიტრი ვარდიაშვილს და ამბობს, რომ პოლიციელთა ჩვენებები ლამის იდენტურია.

„პოლიციელებს ზუსტად ერთი და იგივე სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი ერთი და იგივე აქვთ ჩაწერილი ოქმებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექსტი მათ არ დაუწერიათ. ისინი, უბრალოდ, მივიდნენ და ხელი მოაწერეს”, – ამბობს ვარდიაშვილი.

საქმეში არ დევს ჰაბიტოსკოპიური ანალიზი, რომელიც დაადასტურებდა, ან უარყოფდა, რომ ვიდეოში დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ჩანან.

დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, სამაგიეროდ, საქმეში არის ნივთმტკიცებები, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ბრალდებას, მაგალითად, 4 ცალი პრეზერვატივი და ქვა.

„კაცს ედავებიან, მოლოტოვის კოქტეილი ესროლე პოლიციასო და პრეზერვატივებს რომ მოიტანენ, არ მესმის რა შუაშია”, – ამბობს ის.

დავით ლომიძე, საქმის მასალების მიხედვით, 2024 წლის 1 დეკემბერს, ნაშუაღამევს, დაახლოებით 2 საათზე დააკავეს. დაკავების დროდ 1 დეკემბრის 2 საათია მითითებული თემურ ზასოხაშვილის შემთხვევაშიც. თუმცა, ორივე ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სინამდვილეში 30 ნოემბრის ღამეს აიყვანეს – ანუ რამდენიმე საათით ადრე.

„დაკავების დროდ 30 ნოემბერი რომ მიეთითებინათ, ის ვიდეომტკიცებულება, რაც ჩადებული აქვთ საქმეში, აზრს დაკარგავდა”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.

დავით ლომიძე გდდ-ის თანამშრომლებმა ყოფილი კინოცენტრის ტერიტორიაზე დააკავეს და იმ ღამით აყვანილ სხვა დემონსტრანტებთან ერთად მიკროავტობუსში ჩასვეს. მიკროავტობუსს ამოცლილი ჰქონდა სავარძლები და იქ შეყვანილ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ლომიძე ამბობს, რომ ცემის შემდეგ მიკროავტუბისში წიწაკის სპრეის ასხამდნენ და კარს უხურავდნენ.

საბოლოოდ, გდდ-ს თანამშრომლებმა ლომიძე და სხვა დაკავებულები გადასცეს პოლიციას და ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში ლომიძეს აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, ლომიძე სასტიკი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ვერც კი ხვდებოდა, რას აწერდა ხელს.

მამის დაკავების შესახებ, დავით ლომიძის შვილს, ლევან ლომიძეს 1 დეკემბერს გამთენიისას 5 საათისთვის სატელეფონო ზარით შეატყობინეს. უთხრეს, რომ მამა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 48 საათში გათავისუფლდებოდა. 2 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით პატიმრობის ვადა ამოიწურა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოუსვლელად დააკავეს ხელმეორედ, ამჯერად – სისხლის სამართლის საქმეზე.

დაკავების დროს ნაცემ დავით ლომიძეს დაუზიანდა ხერხემალი – თავი იჩინა ტრავმამ, რის გამოც რვა წლის წინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ზურგზე. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება არ მიაქციეს და კვლევები დროულად არ ჩაუტარეს. ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ დავით ლომიძე სიმულიანტობდა, ვითომ, არ შეეძლო სიარული. რეალურად კი, ბრალდებული საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებდა და ადვოკატსაც ვერ ნახულობდა. სამედიცინო კვლევები მხოლოდ მაშინ ჩაუტარდა, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატმა მედიას აცნობა.

დავითის შვილი ლევანი ამბობს, რომ „ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისე იტანჯებოდა, ტელეფონზეც კი ვერ ვსაუბრობდით, ნახვით ხომ ლაპარაკიც ზედმეტია”.

დავით ლომიძეს ხერხემალზე განმეორებითი ოპერაცია ციხეში ყოფნისას კლინიკა ვივამედში ჩაუტარდა თებერვლის პირველ ნახევარში. ახლა კი გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაშია და რეაბილიტაციის პერიოდს საპატიმროში გადის.

52 წლის დავით ლომიძეს გარეთ დიდი ოჯახი ელოდება, ასაკოვანი  დედა, მეუღლე, სამი შვილი და 2 შვილიშვილი. ის პროფესიით ინჟინერ-მშენებელია და ბოლო პერიოდში ავეჯის წარმოებაზე მუშაობდა. საპროტესტო აქციებში ჩაერთო, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, უსამართლობამ და ძალადობამ შეაწუხა და სხვებთან ერთად აპროტესტებდა საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას.

„ერთხელ ვიბადებით. ერთი ენა და ქვეყანა გვაქვს. არ გვემეტება ქვეყანა რუსეთის გუბერნიად იქცეს. ამაყი ვარ, თუ ჩემი თავი ამ ქვეყანას, თუნდაც ერთ აგურად გამოადგება. აუცილებლად გავხდებით იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ევროპა ჰქვია. მადლობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება ვიყოთ ამაყნი. კედლები თავისუფლებას ვერ ზღუდავს. თავისუფლება სულშია, რომელიც მარადიულად ჩვენ გვეკუთვნის. მეამაყებით! წინ ევროპისკენ!” – წერს დავით ლომიძე.

დაკავებისას სასტიკად სცემეს თემურ ზასოხაშვილიც. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, აქაც გდდ-ის თანამშრომლები ფიგურირებდნენ. ზაჰესის იზოლატორში მასაც, დავით ლომიძის მსგავსად, აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. თუმცა თემურის ადვოკატიც იმავეს ამტკიცებს, რასაც – ლომიძის დაცვა და ისიც ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებს.

ნაცემი თემურ ზასოხაშვილი პირველად დავით ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა ნახა ზაჰესის იზოლატორში, თუმცა ციხის თანამშრომლებმა მისი დაცვის უფლება არ მისცეს.

„მე თემურის ადვოკატიც უნდა ვყოფილიყავი. დავითის ადგილსამყოფელი რომ დავადგინე და მივედი იზოლატორში, საშვი გამომიწერეს. იქ, შენობაში შესვლამდე, ეზოს ტერიტორია უნდა გაიარო და სწორედ მაშინ მოიყვანა ორმა თანამშრომელმა ძალიან ნაცემი ადამიანი დასიებული თვალებით. აქეთ-იქიდან ბადრაგის თანამშრომლები იჭერდნენ, რომ არ წაქცეულიყო. „თემური!” – დაუძახეს და ვკითხე, ზასოხაშვილი ხომ არ ხარ-მეთქი. თავი დამიქნია. გავაფრთხილე ის თანამშრომლები, რომ ამ ადამიანის ადვოკატიც ვარ და ორდერიც თან მაქვს. მაგრამ ეს რომ გაიგეს, წაიყვანეს და არ მიმაკარეს”, – ამბობს ვარდიაშვილი. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოაწერინეს მოტყუებით ხელი აღიარებით ჩვენებაზე. ხოლო სხვა ადვოკატი მასთან მხოლოდ 12 საათის შემდეგ შეუშვეს.

38 წლის თემურ ზასოხაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. დედა და მისი ძმა ოჯახთან ერთად უკვე წლებია, ემიგრაციაში არიან. თემური წლების წინ სამთავრობო დაცვის სამსახურში მსახურობდა, თუმცა ბოლო პერიოდში – ერთ-ერთი სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში.

მისი მამა, გურამ ზასოხაშვილი 2024 წლის 30 ნოემბრის საღამოს ასე აღწერს: სამსახურის შემდეგ, დაახლოებით 6-7 საათზე, შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ დააგვიანდებოდა – მეზობელს უნდა მიხმარებოდა ავეჯის აწყობაში, თუ გადატანაში. თემურის მამამ 10 საათზე დაიძინა და გამთენიისას, დაახლოებით 5-ის წუთებზე პოლიციის სატელეფონო ზარმა გააღვიძა. უთხრეს, რომ მისი შვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

თემურ ზასოხაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ აქციაზე პროტესტის გამოსახატად მივიდა. გურამ ზასოხაშვილი ამბობს, რომ მეზობლის დახმარების შემდეგ მისი შვილი სახლში წამოსულა და სავარაუდოდ, ამ დროს გაიარა აქციაზე. ის შვილის მონათხრობს გვიყვება:

„(აქციაზე) ერთი საათის მისული ვიყავიო, არც კი. უკვე სახლში ვბრუნდებოდი, რომ დამაკავესო, მეტროსთვის მინდოდა მიმესწროო. დაახლოებით 11 საათის შემდეგ არის დაკავებული, არმისული მეტროსთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან”.

თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმის არსებითი განხილვა 19 მარტს გაიმართება.

“სწორედ მაშინ მოიყვანა ორმა თანამშრომელმა ძალიან ნაცემი ადამიანი დასიებული თვალებით. ბადრაგის თანამშრომლები იჭერდნენ, რომ არ წაქცეულიყო... ვკითხე, ზასოხაშვილი ხომ არ ხარ-მეთქი. თავი დამიქნია”.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა