
გამოცხადებული განაჩენის ქრონიკა | გიორგი ოკმელაშვილის საქმე
„საბჭოთა ცირკი”, – გიორგი ოკმელაშვილმა ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი საპროტესტო აქციების გაზაფხულის ტალღის ერთ-ერთი პირველი პატიმარია.
დააკავეს 2024 წლის 15 მაისს, გამამტყუნებელი განაჩენი კი 2025 წლის თებერვალში გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, წინასწარი პატიმრობიდან 8.5 თვეზე მეტის შემდეგ მიუსაჯა – ანუ თითქმის ბოლომდე გამოიყენა ამისთვის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა – 9 თვე. გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი, კოტე ბარამია ბრალდების მხარეს ბოლო სასამართლო პროცესამდე ედავებოდა პატიმრისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევას და არასამართლიან სამართალწარმოებას.
გიორგი ოკმელაშვილი დაკავებამდე თავისივე კომპანიაში, შპს „ლიმონში“ მუშაობდა და მეუღლესთან ერთად 4 წლის შვილს ზრდიდა.
დააკავეს ინციდენტიდან მესამე დღეს, როცა სამსახურისკენ მიდიოდა. პროკურატურა მას 13 მაისის დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავების ამბავი მყისიერად გავრცელდა. შუადღეს ერთდროულად რამდენიმე მეგობრის ტელეფონზე შევიდა ზარი, რომ „ოკმელა დაიჭირეს“. 2024 წლის მაისის დემონსტრაციების დროს ეს იყო ერთ-ერთი პირველი დაკავება სისხლის სამართლის მუხლით – ჯერ კიდევ უცხო და უჩვეულო გამოცდილება. დაბნეული ახლობლები ვერც კი ხვდებოდნენ, რა მოჰყვებოდა ოკმელას საპატიმროში გადაყვანას – ვერავის წარმოედგინა, რომ ის ჯერ განაჩენის მოლოდინში გაატარებდა 9 თვეს ციხეში, შემდეგ კი ხუთწლიანი პატიმრობით დაისჯებოდა.
გიორგი ოკმელაშვილის დაკავების დღესვე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი. გინახავთ სახლი ჩხრეკის შემდეგ? ის დაახლოებით ასე გამოიყურება: დაზაფრული ოჯახის წევრები რჩებიან გადატრიალებულ უჯრებთან, ამოყირავებულ თაროებთან, გადმოფერთხილ თეთრეულთან, მიმოფანტულ საბავშვო სათამაშოებთან პირისპირ.
ვიდრე სახლი იჩრიკებოდა, იჩხრიკებოდა ოკმელაშვილის სტუდიაც, სადაც იმ დროს რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. სტუდიაში იყვნენ ბავშვები, რადგან იღებდნენ მათ.
ოფისის ჩხრეკის ეპიზოდი მოგვიანებით „ლიმონის“ მემონტაჟემ ლაშა კალანდაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ასე აღწერა:
„მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ხოლო ნაწილი გარე პერიმეტრზე იყო“. ლაშამ ვიდეოლაივი ჩართო, მალევე გაათიშინეს, – უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღება არ შეიძლებოდა – „გვიან გავიგე, რომ შეიძლებოდა“.
გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა გასული ცხრა თვის განმავლობაში არაერთხელ გადაიდო – თან ბევრჯერ წინასწარ გაუფრთხილებლად. საგულშემატკივროდ მისული ადამიანები ამის შესახებ ადგილზე იგებდნენ: ხან პროკურორი გადიოდა შვებულებაში, ხან ავად იყო, ხან მისი შემცვლელი მოდიოდა, რომელიც საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებდა.
სხდომა გადაიდო 2024 წლის 12 დეკემბერსაც, ვინაიდან საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი არ გამოცხადდა, ის როინ ხინთიბიძემ შეცვალა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არ იყო დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად.
„საქმის მოცულობა არ არის დიდი – სულ სამი გამოკითხვის ოქმია, ამიტომ საქმის გაცნობას სჭირდება სულ ნახევარი საათი, რომ გამოცდილ იურისტს ჩამოუყალიბდეს პოზიცია და შეძლოს ხუთწუთიანი სიტყვის წარმოთქმა. პროკურორის გამოცვლა იყო საბაბი იმისათვის, რომ გადადებულიყო საქმის განხილვა“ – აცხადებდა ოკმელაშვილის ადვოკატი, კობა ბარამია.
ყველაფერი ნათელი იყო მათთვისაც კი, ვინც სამართალწარმოების ნიუანსებში ვერ ერკვევა: სახელმწიფო ცდილობდა, 2024 წლის დეკემბრამდე არ დამდგარიყო გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი, რომ მისი შეწყალება და გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თეორიულადაც არ შეძლებოდა. 2024 წლის დეკემბერში გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი ონლაინგამოცემა „პუბლიკასთან” ინტერვიუშიც ამავეს ამბობდა.
რა ჩანდა მტკიცებულებაში, რომელსაც სასამართლო თვეების განმავლობაში უტრიალებდა? ჩანდა ის, რომ წარმოდგენილ ვიდეოში იდაყვის დარტყმის მომენტში გიორგი ოკმელაშვილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მისი იდენტიფიცირება ინციდენტიდან მოშორებით მოხდა. იდაყვის დარტყმის მომენტში მოქმედი პირი (დამრტყმელი) დგას პროფილში და მისი სახის ნაკვთები არ გაირჩევა. ამ დროს ზურგითაა თითქმის ყველა პოლიციელი, ერთის გარდა, თუმცა ეს ერთიც დაზარალებულად ცნობილი არაა. მოქმედება მოხდა წამებში და მოქმედი პირის მიმართულებით არავინ იყურებოდა. თუმცა, სწორედ ეს მტკიცებულება გახდა გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. ადვოკატი განმარტავს:
”მოსამართლემ იცოდა, რომ იყო სუსტი საქმე, თუმცა უწევდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ის იყო მორალური დილემის წინაშე, ყალბი მტკიცებულებებით გაესამართლებინა პირი, რომელსაც შეწყალების უფლებაც წაართვა სხდომების გაჭიანურების გზით…“
გიორგი ოკმელაშვილის მრავალთვიანი სასამართლო პროცესი 2025 წლის 3 თებერვალს მისი გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა – თავისუფლების აღკვეთა 2029 წლის 15 მაისამდე მიესაჯა.
შემაჯამებელ სიტყვაში გიორგი ოკმელაშვილმა თქვა:
„პარლამენტის გვერდით ერთმანეთისგან აშკარად გამოკვეთილი ხალხის 3 ჯგუფი ვიყავით. ერთი – დემონსტრანტები, რომლებიც ვაპროტესტებდით „რუსულ კანონს”, მეორე – პოლიციელები, რომლებიც წესების მიხედვით იდგნენ და აკეთებდნენ საზღვარს დემონსტრანტებსა და საკუთარ რიგს შორის. მათ ზურგზე ეწერათ „პოლიცია”. და იყო კიდევ მესამე ჯგუფი, რომლებსაც ეცვათ შავები და ეკეთათ ნიღბები და უმრავლესობა მათგანს არ ეკეთა არც პოლიციის ნომერი, არც წარწერა. პერიოდულად, ეს შავნიღბიანი ბანდის წარმომადგენლები გამოეყოფოდნენ პოლიციის კორდონს და იწყებდნენ დემონსტრანტებზე ძალადობას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზოგიერთ დემონსტრანტს იჭერდნენ, მიათრევდნენ პოლიციის კორდონს უკან და იქ უწყებდნენ გაათმაგებულ ცემას. ნიღბიანების ასეთმა ქმედებამ პირველად მაფიქრებინა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიციელები. მოქმედებდნენ ქაოსურად და გვლანძღავდნენ, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელი იყო პოლიციელისგან.
პოლიციელი მგონია ადამიანი, რომელიც იცავს წესრიგს და სუსტებს, იმ ადამიანების მიმართ კი რატომღაც არ გამიჩნდა ეგ გრძნობა. პოლიციელების მიმართ ცხოვრებაში არასდროს გამომიჩენია უპატივცემულობა. მაგრამ ამ ადამიანების ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობების გაღვივებას, რომლებიც მაიძულებდა ჩემი გვერდზე მყოფები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, გადავსულიყავი მეც ჭიდაობასა და ჯაჯგურზე”.
მან ისაუბრა მართლმსაჯულების მრავალთვიან პროცესზეც:
”დამაკავა იმდენმა ადამიანმა, თავიდან მეგონა, ვიღაცაში ვეშლებოდი, სახლში მივიდნენ და ჩემი მეუღლის ლეპტოპი და ბავშვის ელექტროძიძის მოწყობილობა წაიღეს, მთელი ოფისი გამიჩხრიკეს. ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე ვმუშაობთ და ეს კომპიუტერები, დაახლოებით, იგივეა ჩვენთვის, რაც მოცურავისთვის – აუზი. პროკურატურამ კი წაიღო ეს ტექნიკა და დააყადაღა, უკვე 9 თვეა. რაც მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ქალბატონი პროკურორი ასრულებს ვიღაცის დავალებას და მიზანმიმართულად ჩემს მიმართ ხორციელდება, რაც შეიძლება აგრესიული და არასწორი ქმედება“.
თუმცა, საქმის მთელ ამ კონტექსტს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. გიორგი ოკმელაშვილი სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.
„...ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიციელები. მოქმედებდნენ ქაოსურად და გვლანძღავდნენ, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელი იყო პოლიციელისგან”.
გირჩევთ
