გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სინდისის პატიმრები გურამ მირცხულავა

ჩვენი ჯავრი არ გქონდეთ, იყავით უშიშრად, ლაღად და ღიმილიანად | გურამ მირცხულავას საქმე

34 წლის გურამ მირცხულავას 5 დეკემბერს სახლთან ახლოს აჩერებს პოლიცია. სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში ჩასულს 4 მანქანით ხვდებიან. სახლშიც ადიან გასაჩხრეკად, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებებისთვის არაფერი მიაქვთ.

გურამ მირცხულავას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და პოლიციელებისთვის მძიმე საგნის სროლას ედავება. 7 დეკემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეესაბამება. თუმცა, ადვოკატი ომარ ფურცელაძე გვეუბნება, რომ არა თუ 7 დეკემბერს, პროკურატურას დღესაც არ დაუდგენია, რა საგანი ესროლა გურამ მირცხულავამ პოლიციელებს, რითაც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე მიაყენა.

გურამ მირცხულავა განათლებით ისტორიკოსია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას განსაკუთრებით აინტერესებდა შუა საუკუნეების ისტორია, ფილოსოფია და სამართალი. 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებში მეგობრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა.

ადვოკატის თქმით, გურამის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულებაა – 14-წამიანი ვიდეო, რომელიც უწყვეტი კადრიც არაა – სამი სხვადასხვა, გადაბმული ეპიზოდისგან შედგება.

„პირველი სამი წამი ჩანს ქვაფენილზე დაგდებული დიდი ზომის ქვა. სხვა არაფერი. მერე კადრი წყდება და ახალი კადრი იწყება, სადაც გური ჩანს და ხელში უჭირავს დროშა. საქართველოს დიდი დროშა. მის უკან ვიღაც დგას, შავებში ჩაცმული, სახედაფარული, დაახლოებით ისე ჩაცმული, როგორც გური, ისვრის ქვას, რაღაც საგანს. სავარაუდოდ, აქ უნდა შეიქმნას წარმოდგენა, რომ თითქოს გური ისვრის ქვას, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ გურიც ჩანს ამავე ვიდეოში”, – აღგვიწერს ვიდეოს ადვოკატი და განაგრძობს:

„აქ მეორე კადრი წყდება და მიკერებულია მესამე კადრი, სადაც გური დროშას უშვებს ხელს, იხრება და ქვემოდან იღებს რაღაცას და კი არ ისვრის, აგდებს. ხელის მოძრაობაზე ეს ცხადია. ამ კადრში მის წინ პოლიციელები ჩანან, და რომც ისროდეს, ფაქტია, რომ სხვა მიმართულებით ისვრის და არა პოლიციის მიმართულებით. კამერა იღებს პოლიციელების უკანა მხრიდან და საგანი, რომელსაც ხელს კიდებს გური, მიდის პერპენდიკულარულად. რასაც ხელში იღებს კვამლს უშვებს. საქმეში არ წერია, რომ ქვას ისვრის, მაგრამ ვიდეოს პირველ კადრში ქვას ვხედავთ”.

ომარ ფურცელაძე ეჭვობს, რომ ის, რაც კვამლს უშვებს, გაზის კაფსულაა, რომელიც პოლიციამ გურის ესროლა და მას ფეხებში დაუვარდა. ადვოკატისთვის ვიდეოში კიდევ ერთი დეტალია უცნაური. პირველ სამწამიან კადრში ფონად ჩანს მანქანის საბურავი. ხოლო თუ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაა, იქ მანქანა არ უნდა იყოს. საბურავი ვიდეოს დარჩენილ ნაწილში აღარც ჩანს. უცნობია, ვინ გადაიღო ვიდეო, ასევე – გადაღების თარიღი. სხვა მტკიცებულება გურამ მირცხულავას წინააღმდეგ არ აქვთ.

ადვოკატი გურამ მირცხულავას შემთხვევაზეც იმავეს ფიქრობს, რასაც ჯანო არჩაიას დაკავებაზე. საქმეში, რომელსაც 11 ბრალდებული ჰყავს, ჯანო არჩაია და გური მირცხულავა რაოდენობის შესავსებად დასჭირდათ.

„მასიური სცენებისთვის სჭირდებათ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. ადვოკატიც და ჩვეულებრივი მოქალაქეც, ვინც ადვოკატი სულაც არაა, შეძლებს საქმის მასალების ასე წაკითხვას”, – ამბობს ომარ ფურცელაძე.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატს აინტერესებდა, თუ რა რისკი ან საფრთხე იქმნებოდა, გურამი 2025 წლის 11 იანვარს პატიმრობაში რომ არ დაეტოვებინათ; ხოლო ნაცვლად პატიმრობისა, აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდებინათ.

„მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და რისკი არსებობსო. ვინ არიან მოწმეები-მეთქი და 158 სპეცრაზმელიო. პირდაპირ ასე წერია: 158 სპეცრაზმელს აიძულებს, რომ ჩვენება შეცვალონო,” – გვიხსნის ომარ ფურცელაძე.

გურამ მირცხულავა ნასამართლევი არასდროს ყოფილა. და-ძმა არ ჰყავს და პირველი ჯგუფის ინვალიდი მამის მოვლაში ეხმარებოდა დედას. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი მიმალვის რისკიც ნაკლები იყო, – გვეუბნება ადვოკატი, თუმცა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ცრუ მოწმე გამოვიდეს და თქვას, რომ გურამის ნასროლი ქვა მას მოხვდა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ „გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე, მორალურად ღირს ძალიან, ძალიან ძვირი. ყველაზე შუბლზე ძარღვგაწყვეტილი მოსამართლისთვისაც კი რთულად ხელმოსაწერი გადაწყვეტილება იქნება”.

ციხეში ბოლო მონახულებისას გურამი ადვოკატს მშვიდი და გაწონასწორებული ეჩვენა. საბრძოლო განწყობაზეო, – აზუსტებს ომარ ფურცელაძე. თბილისის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ის საკანში ზის პროევროპულ აქციებზე დაკავებულ კიდევ ერთ ბრალდებულთან, 19 წლის ზვიად ცეცხლაძესთან ერთად. ზვიადმა ციხეში გაზეთი „საკანი 101” გამოუშვა, რომელშიც გურამ მირცხულავას მცირე მიმართვაც დაიბეჭდა: „...აქ, ამ კედლებში ასმაგად გვეძვირფასება თქვენი თითოეული სიტყვა და ნაბიჯი… ვერც ერთი რეჟიმი და ციხის კედლები ვერ ჩაგვიხშობს იდეას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო ეწოდება… სიამაყითა და ღიმილით მივიღებთ პატიმრობის უვადო განაჩენსაც… თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამებრძოლებო, ჩვენი ჯავრი არ გქონდეთ…”

გურამ მირცხულავას სახლში მხოლოდ დედა ელოდება. მისი პატიმრობის პერიოდში მამა გარდაიცვალა. დედამ იცის, რომ 5 მარტამდე, ალბათ, შვილისგან ერთ წერილსაც მიიღებს:

„არა მგონია, მომწეროს, დედა, მე ვიბრძოლებ ბოლომდეო. ეგ ისედაც ვიცი. იბრძოლებს, რა თქმა უნდა. მანაც იცის, რომ ვიცი”, – ამბობს გურამის დედა, ინგა ესვანჯია.

შვილის საბრძოლო სულისკვეთების გამოცნობა ინგა ესვანჯიას არ უჭირს, რადგან გვიამბობს, რომ მათ ოჯახში წინააღმდეგობის და უსამართლობის გაპროტესტების ისტორია თაობებს გადაეცემა. თავად გურამის დედის დიდი ბაბუა, პროფესიით ქიმიკოსი მეთოდე ჭანტურია ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორი ყოფილა და სოციალ-დემოკრატებთან – ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან მეგობრობდა. შესაბამისად, გურამ მირცხულავას ოჯახის ისტორია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებისა და ძალმომრეობით შეწყვეტის ამბებსაც ინახავს. ქვეყნის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გურამის დიდ ბაბუას ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი უთქვამს. ამის შემდეგ მისი კვალი დაკარგულია – სავარაუდოდ, სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა. მეთოდე ჭანტურიას ფოტოს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი ინახავს.

„ჩვენს ოჯახში სულ ანტისაბჭოთა განწყობა იყო. მამაჩემი გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა, კონსტანტინე გამსახურდიას მეზობლად და ზვიადის ბავშვობის მეგობარი იყო. როცა საქართველომ ხელმეორედ მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ბოლომდე მეგობრის გვერდით იდგა. სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, გურამი უკვე დაბადებული იყო. მძიმე რეპრესიები გამოვიარეთ. მამაჩემი იმის მერე დაავადდა”, – გვიყვება გურამის დედა, რომელიც 9 აპრილის აქციების მონაწილეა. გურამის მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა.

დამოუკიდებელ საქართველოზე, დიდ ბაბუაზე, სამშობლოს სხვა გმირებზე გურამს ინგას მამა ბავშვობიდან უყვებოდა. სახელმწიფოებრივი აზროვნება მამასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და გურისაც მან ჩაუნერგაო, – ამბობს ინგა და ციხიდან წერილს ელის. 

“მე შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა... აქ ვდგავარ ამაყად...  პროკურორს შეუძლია გაიმეოროს იგივე? მე, პროკურორი ვაჟა თოდუა, ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ დღეს“,

- გურამ მირცხულავა, 5 მარტი, 2025 წელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა