გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბესიკ ხარანაული ეჰ ბესარიონ

წერა მოგერიებაა | ბესიკ ხარანაულის „ეჰ, ბესარიონ“


ათას ლაბირინითს დააღწიე თავი და მაინც მოხვედი ჩემთან. მისგან მოცემულ გეგმას მინდობილი, ბოლოს და ბოლოს მაინც მოხვედი ამ თავშესაფარში. გაუბედავი ნაბიჯით ამოხვედი ორგანოს მოჭრიალე კიბეზე; და, აი, ჩემი ოთახიც. სუნთქვაშეკრულმა დააკაკუნე – რატომღაც არავინ გაგცა პასუხი.

- კობო აბე, „სხვისი სახე“

წონასწორობა, სამყარო და ადამიანი

მარსელ პრუსტის რომანში „სოდომი და გომორი“ მთავარი გმირი, შარლიუ, აღმოჩნდება სახლის იმ ნაწილში, სადაც მასზე ყველაფერს გულწრფელად ამბობენ, ირგვლივ არანაირი თვალთმაქცობა და სიყალბე არაა. შარლიუც ისეთია, როგორიც რეალურადაა. გამანადგურებელია სიმართლესთან შეჯახება – როგორც ხედავენ სხვები მას, არ ემთხვევა საკუთარ თავზე შექმნილ წარმოდგენას.

ბესიკ ხარანაულის კრებული „ეჰ, ბესარიონ“ ლექსებისა და პოემების იმ ჟანრს მიეკუთვნება, რომელსაც თავად ავტორი „პროზისა და პოეზიის პირშესაყარს“ უწოდებს. მათი დიდი ნაწილი პანდემიის პერიოდში დაიწერა – ყველაფერი მცდელობა, აღწეროს ის სიმძიმე, თავის ტკივილი, რომელიც პანდემიამ გააჩინა ადამიანების გარშემო. მწერლის იზოლაცია, ვირუსის გარშემო აღმოცენებული ფიქრები, რაღაცნაირად ფორმირდება სამყაროზე, წონასწორობის პოვნა და ადამიანის ადგილის განსაზღვრა იმარცვლება. ფაქტობრივად, ბესიკ ხარანაული ნაჩვევი სტილით ცდილობს, გვიჩვენოს გზა, რომელიც სამყაროში სიმძაფრისა და ქაოსის დაძლევაში დაგვეხმარება. დაუფიქრებელზე დაგვაფიქრებს. არ უნდა იყოს უინტერესო მარსელ პრუსტის გმირის შთაბეჭდილების გაზიარება, გულწრფელობასთან შეჯახება.

პირველივე გვერდებიდან ბესიკ ხარანაული სადღაც გვეპატიჟება, საკუთარ ლაბირინთებში. ასეთი ბესიკი უკვე გვინახავს წიგნში „დიდი სმა“:

„ა-ა-ა, დიდება ღმერთსა და მადლი ღმერთსა და შენდობა აემ შემცოდე კაცსა!“

უზარმაზარ კარნავალს მართავს, მკითხველიც პერსონაჟი ხდება, ბრმა ჰომეროსი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი და ქიტო პაპა, თითქოს, ჩვენს სიახლოვეს დაიარებიან. პირველი პოემა „ყრმაო“ ადამიანისთვის ჯოხის მიწოდებით იწყება. ჯოხის მოჭრას და სხვისთვის მიწოდებას უფლება უნდა,


I მისია

...უფლება კი წონასწორობაშია:

„არც სავსე ვარგა ადამიანი, არც ნაკლული.

სავსე დაგეღვრება, ფეხებს დაგისველებს,

ნაკლული კი ყანყალით გაგტანჯავს.“

პოეტს ადამიანის მისიად, გნებავთ, გამოწვევად, წონასწორობის პოვნა მიაჩნია, კარგად ესმის, რომ ყველაფერი სამყაროში ერთმანეთის შემვსებია, ვიღაცა პათეტიკურია, შენ უნდა იყო ირონიული. ვინთქმებით სამყაროში და გვასწორებს სინამდვილე:

„სინამდვილე ოთხომოცი წლის კაცსაც ისევე უფარავს წარსულს, როგორც რომ რვისას...“

კანონზომიერებაა. „კარგად რომ ხარ, მეორე წუთი ძნელია.“

„ეჰ, ბესარიონ“ ადგილ-ადგილ სხვა ავტორებს განმარტავს – მირონიც კი ვერ იჭერს შურსა და ჯიბრს. რუსთაველის ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებაში არსებობს გამარჯვებული? თუ მირონიც კი ვერ იჭერს შურსა და ბოღმას, მაშ, რატომაა რუსთაველი ასე დარწმუნებული, რომ ბოროტება მარცხდება? – ასე არ ფიქრობს, უბრალოდ ასე უნდა. ირეალურად ქცეული სურვილია ტკივილის მიზეზი.

ბესიკმა სიყვარულისა და ქალების საკითხს მიაშურა და გვირჩია, რომ ქალს თანაბარი ძალით უნდა შევებათ, ხოლო თუ ეს ძალა ჭარბი გვაქვს – მტერი ვიშოვოთ. თითქოს, ავტორი და მკითხველი შინაურდებიან, იცვლება სასაუბრო თემები. ბესიკის მთავარი ძალა პირდაპირობაა: „მოერიდე პირუტყვობის გამეორებას“, - ამბობს ავტორი და სხვა, იმწამიერ, ახლადმოსულ ფიქრს მიჰყვება. ღმერთი და ადამიანი ერთი რამის შვილები არიან, მათი სახლიც ერთია – სიტყვა.

პანდემია ადამიანსა და წარმოსახვას აახლოვებს, ამეგობრებს, მხოლოდ ფიქრია შენ გარშემო, იზოლაციაში დაბადებული ფიქრი, რომელსაც გამონგრევა უნდა ჩაკეტილობისა, ვერ ანგრევს და გირტყამს, ბოლოს შენში რჩება. პოეზიაც ხომ წარმოსახვისა და სიტყვის შეერთებაა და „კარგი, ცუდი არ იცის.

ადამიანს წონასწორობა უჭირს, პრობლემა „დიდში ვერ ჩატევა და პატარაში ფომფლედ ყოფნაა.“ წონასწორობის შენარჩუნებას შემთხვევითობის გარშემო რწმენა სჭირდება.

ბესიკი ამბობს, რომ არ უნდა ეძებო, თორემ ვერ იპოვი, უნდა თქვა ზეპირად და არა – წერით, თორემ ტყუილი გამოგივა და ასე. ფიქრები ერთი დიდი მატარებელია, ვაგონებად კი ფიქრთა ფრაგმენტებია. ერთ-ერთ ვაგონად ავტორი უვარგისობის გამძლეობას უსვამს ხაზს, სისულელეა ყველგან ნამყოფი, სისულელეა ყველაზე მკვირცხლი და ამ ყოველივეს რომ გაერიდო, ვირუსს რომ გაერიდო, თავშესაფრად პოეზიას უნდა მიაკვლიო, ფოლკნერისთვისაც ეგ იყო წერის დაწყება, თვითიზოლაციაში მოქცევა, მაგრამ ამერიკელმა რომანისტმა დიდხანს ვერ გაძლო და გამოანგრია. დაიწერა „ნიუორელანური ჩანახატები“.

ხარანაულის ძველებური სქემა „ბესიკ-ბესო-ბესარიონო“ ამ კრებულშიცა. რეალურად ხომ „ყრმა“ ჩვენც ვართ და თვითონაც. აქ არ შეიძლება, რომ მარტო იყოს, რადგან „სადაც ორი ადამიანია, ულხინს იქ შემთხვევას...“ მაღალფარდოვანიდან მატერიალური თემებისკენ სვლა და პირიქით, არის ადამიანი, ანუ გზა, რომელსაც ყოფით თემებზე ფიქრის დაწყებამდე გადის. ზუსტად ისე, როგორც მის სხვა ტექსტებს, თან სდევს სევდა და შეფარული სილაღე. ხერხდება ტკივილის მიღმა თავისებური ქროლვის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, აღარ სვამენ ყავას შაქრით ლირიკული გმირის სიკვდილის შემდეგ ქალები („მე რომ მოვკვდი ყველა ქალი დაქვრივდა“), დაბერებული დედაც სევდიან ლექსებს ირჩევს, გარშემო ქარი დარბის გავეშებული და შვილები არ ჩანან, ვერც გოგომ მოასწრო, ბიჭისთვის ეთქვა, რომ უყვარს – თავზარდამცემი სიმწარეა, პოეტის სისასტიკეც, მაგრამ დინამიკა, გამორჩეულად სწრაფი ქართულ პოეზიაში.

ყველა ადამიანში თავისებურება ცხოვრობს და კრებულის მთავარი ხაზიც ეგაა. პოეტი აზრით, კაცს ეშინია კარგად ყოფნისა, რადგან მერე აღარ იცის, რა ქნას, მერე, თითქოს, უფუნქციო ხდება. უფუნქციობაა ცხოვრების არსზე ფიქრის უფლების წამრთმევა ადამიანისათვის. შენ აღარ ფიქრობ ძილის წინ, ნეტავ, გათენდეს, დღისით კი – ნეტავ, დაღამდეს, ფუნქცია აღარ გაქვს და სიცოცხლეში კვდომაც ეგაა.



II მისია - ადგილის პოვნა სამყაროში

ბესიკ ხარანაული წონასწორობას, სამყაროსა და ადამიანს დამოუკიდებლად არ განიხილავს. ერთი მთლიანობაა, სიქსტის კაპელა, რომელიც მთლიანობად არსებობს. პოეტი მთელი კრებულის მდინარებისას უბრუნდება ამ ცნებებს. წონასწორობის პოვნის პროცესში ირონიაა ადამიანს გადევნებული რეფრენი, რაც ცოცხლებისა და მკვდრების შეჯიბრებაში ბრწყინვალედ ვლინდება:

„ცოცხალი მკვდარი ვერ იქნება, ვერც კი ითამაშებს.

ცოცხლები ერთმანეთს მეტობას ეჯიბრებიან,

- მეტი კი წინ უწევთ.“

მიუხედავად უზარმაზარი ირონიისა, ადამიანის, როგორც გამორჩეულის დანახვა შესაძლებელია. ადამიანის განვითარების მთავარი მიზეზი ბუნების მიერ მისი შეძულებაა. მაღალფარდოვანობა, რაც ადამიანს ეჯავრება აბსტრაქტიზმშია, არაკონკრეტულისადმია კაცი გულგრილი: „სახლი რომ დაინგრევა იკითხავს, მერე - ვისი სახლია?“ – სახლი რომ იწვის და არავინ დარდობს, ახლის აშენება შეუძლებელი სულაც არაა. ბესიკ ხარანაული ადამიანის ცხოვრებას სამ ნაწილად ჰყოფს. დაბადება, სიცოცხლე, როგორც პროცესი, და სიკვდილია მხოლოდ ცენტრალური სამი, არაერთ ლექსსა თუ პოემაში მკვეთრადაა ჩაშლილი – „წერა მოგერიებაა“.

ბესიკ ხარანაული ადამიანზე და სამყაროში მის ადგილზე მსჯელობისას მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და ჩვეული ფილოსოფიური, ჩამაფიქრებელი იუმორითა და სილაღით თვითგამორკვევის, სიკვდილისა და სიცოცხლის სახეების ფენომენით ინტერესდება.

„ყველა იმ სახით კვდება, რითიც იცოცხლა.“

ადამიანად ყოფნა სევდაა, სევდა, რომელსაც ირონია დაჰყვება თან. საუბრობს სიცოცხლეზე, ერთი შეხედვით, სხვის სიცოცხლეზე, უცბად აღმოაჩენ, რომ თვითონაც ხდება ის ვიღაც სხვა: „შენზე იმღერე, ყველასთვის გამოვა“. ირონიული ქარიზმაა ეს სილაღე.

კრებულის პირველ ნახევარში ბესიკი ზოგად მსჯელობებს გვთავაზობდა წონასწორობის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ, მეორე ნახევარში უკვე უშუალოდ პანდემიის ჭრილში ცდილობს რეალობის ასახვას – „პანდემიის დროის სიმღერები“ და „პანდემიის დროის ფრაგმენტები“, გაურბის ვირუსს, აკნინებს მას, მაგრამ ზოგჯერ მაინც იპყრობს შფოთვა ვირუსისგან მოსული:

„დაე, კოცნის ფასი იყოს სიკვდილი.

დაე, სახიფათო ჰქონდეთ პაემანი."

 

III მისია - ადგილის პოვნა იზოლაციაში

ხედავს, რომ პანდემიაში ფიქრები გაუმძლავრდათ ადამიანებს, აქამდე ათასში ერთხელ თუ შეესეოდათ ხოლმე. პანდემიას ლექსებს უძღვნის და მარტოა. „პანდემიის დროის სიმღერებში“ ერთ-ერთი ლექსი გვარისა და სახელის ქონა-არქონაზეა, კონკრეტულობისა და აბსტრაქტულობის შეპირისპირებაა – აბსტრაქტულობას კონკრეტულობა, ანუ გვარი და სახელი, ვერ ექნება;

გვარი და სახელი მხოლოდ იმისია, რაც ადამიანს არა სწყინდება, არაკონკრეტული კი ყველაფერი მოსაწყენია.

პანდემიისადმი მიძღვნილი სიმღერები, თითქოს, უკავშიროა, ვირუსის მძვინვარებისას დაბადებული ფიქრებიც უკავშიროა. ხარანაული ახერხებს და მაინც კრავს ამ მიგნებებს ერთ კონად. ფრაგმენტებში უკვე მკითხველი პანდემიის ახსნას ეჩეხება, პოეტურ განმარტებას საფრთხისა. იზოლაცია მხოლოდ ცალკე ყოფნა არაა, უღრმავდება ამ სიტყვას და ავითარებს აზრს – კი, გაიხსნება ადამიანი ვირუსის შემდეგ, გამოანგრევს ამ იზოლაციის ჩარჩოებს, მაგრამ შინაგან ჩაკეტილობას ვერას მოუხერხებს.

ვირუსმა შიშველი ადგილები გამოაჩინა, რომ მოდის დედამიწაზე ლექსის დრო, რომ პოეტის ფუნქცია არ მოკვდება. ბოლოს ხარანაული ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, წონასწორობასთან. ადამიანის ადგილის აღმოჩენასთან. თავისუფლებასთან. თავისუფლება ძნელია, მაგრამ როგორც „დიდ სმაში“ ამბობს: „მიჯობს, ვგავდე თავისუფალ ტყის ფრინველს, რომელიც ციდან არ ზვერავს მიწაზე მსხვერპლს, არამედ ტყის ქსელებში ნავარდობს, არავის ბაძავს და სილაღეშია.“

კრებულის ერთ-ერთი ბოლო ლექსია „ეჰ, ბესარიონ“. თითქოს ამით კრავს ყველაფერს, საკუთარი ნების ქაოსს ასამარებს და პოულობს იმას, რაც არ უძებნია. „ეჰ, ბესარიონ, უნდა გეწერა.“ – აქ ბევრი ტკივილია, მაგრამ ჩვეულად ყველაზე მართალი და ცხადია ეს სიტყვები. უკანასკნელ ლექსში „დასასრული სიმღერა ქვრივი ქალბატონისა“ სხვა პერსონაჟის პირით გვემშვიდობება და ისე მაგრად გვირტყამს დასამშვიდობებლად გამოწვდილ მუშტს, როგორც ეს კრებულის პირველ გვერდებზე გააკეთა. თხრობა პირდაპირ საქმით დაიწყო და პირდაპირ დაგვაყარა ფიქრები.

„სამყარო რომ შეიქმნა, იქ არავინ იყო,

ზვავი რომ გატეხეს შეყვარებულებმა თავისი ჩურჩულით,

იქ არავინ იყო.“


ავტორი: მათე წიკლაური

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა