გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ერთი ფოტოს ამბავი მარიამ ჯანელიძე აქცია პროტესტი რუსთაველის გამზირი

ერთი ფოტოს ამბავი | მარიამ ჯანელიძე

რუსთაველის 14 ნომერში გავიზარდე, ერთხელ ეზოდან ბურთი გაგვიგორდა და გარეთ რომ გავცვივიდით, ვეღარსად მივაგენით, ხალხის ნაკადში ჩაიკარგა, იმ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, შეჩვეული დღის წესრიგი.

აქციები ბავშვობაში მიყვარდა, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაკვეთილები ცდებოდა. სიყვარული შიშმა მას მერე დათრგუნა, რაც ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვნახე, როგორ სცემდნენ რობოკოპები მშვიდობიან მოქალაქეებს. წვიმა და ფარებზე ხელკეტების სინქრონული დარტყმის ხმა მესიზმრებოდა. შიში გაქრა, როცა გავიაზრე, იქამდე უნდა გავიდე გარეთ, ვიდრე ჩემს შვილებს მოუწევთ იგივე.
...

ნათლად და ბუნდოვნად მახსოვს ის დღეები - მაგიურ რეალიზმს ჰგავდა. პატარა შვილი, თვეების ლიზა ბუნებრივ კვებაზე მყავდა, საღამოს ვაჭმევდი, დავაძინებდი და აქციაზე ჩავდიოდი, ვიღებდი კადრებს, ველაპარაკებოდი ადამიანებს. ჩემი მეუღლე, რომელიც რეპორტიორად მუშაობდა და პარლამენტის გარშემო უწევდა გადაადგილება, მირეკავდა: მარიამ, წადი სახლში, მალე ალბათ გაზს გაუშვებენ, არ მოიწამლო, ვეღარ აჭმევ.

გავრბოდი. გზად კედელზე დროშებს სამი ბიჭი ხატავდა. მაშინ მივუსწარი, როცა მხატვარს სიმაღლე აღარ ჰყოფნიდა და მეგობარი შეეხიდა; დამინახეს. შეხიდებულმა გამიღიმა - ასე გაჩნდა საქართველოს დროშა ევროკავშირის დროშის გვერდით; ერთ-ერთის ქურთუკზე სამკერდე ნიშნად უკრაინის გერბი ჰქონდა.

13 მაისი. 2024 წ. რუსთაველის გამზირი. მარიამ ჯანელიძის პირადი არქივიდან.

გზა სახლისკენ გავაგრძელე, სადაც ჩემს ორ შვილს ეძინა, გავრბოდი ხელში კამერით. მეხსიარების ბარათი სავსე იყო ფოტოებით - მათ შორის იყო ბოლო კადრი, რომელზეც რამდენიმე სიმბოლო თანადროულად ჰყვებოდა ამბავს მეგობრობის, მიზნის, ბრძოლის; კადრი, რომლითაც ორ პატარა გოგოს დიდობაში მოვუყვები, სად იყო დედა, როცა მათ ეძინათ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა