
დაპატიმრების მსუსხავი ეფექტი | გია ტერიშვილის საქმე
ერთ დიდ და გრძელ კორიდორს, რომელიც 5 პატარა ნაწილად არის გადატიხრული, ყვითელი შუქი ანათებს. შესასვლელები დანომრილია. თითოეულ ნომერში რომ შედიხარ, ორი პატარა ფანჯარა გხვდება, გვერდები ამოშენებული აქვს. ისინიც დანომრილია. ყოველ მე-10 დღეს მარიამს ეუბნებიან, რომელ კორიდორში შევიდეს, რომელ მაგიდასთან დაჯდეს და დაელოდოს პაემანზე გამოყვანილ პატიმარ მამას. უკვე სამი თვეა, მარიამი შუშის მეორე მხარეს, ტელეფონით ელაპარაკება მას.
ბოლოს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში, 28 თებერვალს მოინახულა. საათზე მეტხანს გაჩერდა. თვითონაც უკვირს, რომ ძალიან აქტიური მამა, ერთ პატარა საკანში გამომწყვდეულიც კი, მშვიდი და მხნე ჩანდა. ჩემზე არ ინერვიულოთო, – შეუთვალა თავის პენსიონერ დედას, ცოლს და შვილებს.
30 ნოემბერსაც, როგორც სხვა დღეებში, გია ტერიშვილი რუსთაველის გამზირზე მარტოა გასული და ხელისუფლების მიერ ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებს. 53 წლის გია აქციებზე, ძირითადად, მეგობრების გარეშე დადის. ასე იყო იმ ღამესაც, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როდესაც დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
6 დეკემბერს სახლში მისულს, ეზოში პოლიციის შვიდამდე ეკიპაჟი ხვდება და აკავებენ. სახლში მყოფ ცოლს და შვილს ეუბნებიან, რომ დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ და გზაში ყველაფერს აუხსნიან. გია წინააღმდეგობას არ უწევს, მორჩილად მიჰყვებათ. სახლსაც ჩხრეკენ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებებისთვის არაფერი მიაქვთ.
გია ტერიშვილს, მსგავსად 11 ბრალდებულისა, გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული საქმე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გია ტაქსის მძღოლია. ოჯახის წევრები სთხოვდნენ ხოლმე ფრთხილად ყოფილიყო, მაგრამ მას რუსთაველის გამზირზე დაწყებული პროტესტი არ ეთმობოდა. ამ სიჯიუტეს და პრინციპულობას მნიშვნელოვანი პირადი მიზეზი აქვს: მისი ძმა, მამუკა ტერიშვილი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებს შორის, რომელიც 1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილ მიტინგს ემსხვერპლა. თამარ მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალ დემონსტრანტთა პროცესიას 17 წლის მამუკა ტერიშვილი საქართველოს სამფეროვანი დროშით მიუძღოდა. ამ დროს მოხვდა ნიღბიანი სნაიპერის ტყვია. გიას, მის შვილებს და დედას სჯერათ, რომ დღეს მამუკას ნაცვლადაც უნდა იდგნენ რუსთაველზე. მარინა ტერიშვილი ყველა სატელევიზიო გამოსვლაში ამბობს, რომ ამაყი დედაა.
გია ტერიშვილის საქმეში მხოლოდ ვიდეომტკიცებულებაა. მისი ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ვიდეოს აღგვიწერს და ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაძაბულობა და ჩოჩქოლია, POSTV-ის გადაღებულ კადრში ჩანს, როგორ იღებს გია ძირს დაგდებულ მაშხალას – დაახლოებით 50-სანტიმეტრიან სველ კარდონს და ისვრის, ოღონდ, პოლიციელებამდე ვერ აღწევს. ამ ვიდეოს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად გია ტერიშვილი ჩანს. ამას სადავოდ არც ბრალდებულის ადვოკატი ხდის. თუმცა საქმისთვის გამოკითხული პოლიციის თანამშრომლებიდან არც ერთი არ ამბობს, რომ კარდონის მაშხალა მოხვდა და ამით დაზიანდა. სწორედ ამიტომ ვარაუდობს ირაკლი ჩომახაშვილი, რომ გიას ნასროლ მაშხალას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებამდე არ მიუღწევია. ამის ვიდეო მტკიცებულება ადვოკატისთვის არც არავის წარუდგენია.
გია ბრალს არ აღიარებს. აქციაზე ყოფნას ადასტურებს, მაგრამ დანაშაულის ჩადენას – არა. ამიტომ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს.
მისი ადვოკატი კი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ,,ორგანიზებული ჯგუფის” განმარტებას. ამბობს, რომ სწორედ ამ განმარტების გამო ბრალიც და სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია:
„ჯერ კიდევ 2021 წელს განმარტა სასამართლომ, რომ არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ და არ მოქმედებენ ორგანიზებულად. 225-ე მუხლი არ მოიცავს თვითორგანიზებას, აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული ორგანიზატორი, რომელიც მართავს ჯგუფის წევრებს, ხოლო თავის მხრივ, ჯგუფის წევრები ემორჩილებიან მას. საქართველოს პროკურატურამ საქმეში არ წარმოადგინა არც ერთი მტკიცებულება, რომ ბრალდებულები იცნობდნენ ერთმანეთს. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან გიორგი ტერიშვილიცა და სხვა ბრალდებულებიც აქციაზე თავისით მივიდნენ და არა – მითითების, სხვებთან შეთანხმების შედეგად”, – განმარტავს ირაკლი ჩომახაშვილი. ბრალდებულებს შორის კავშირს არ ადასტურებს არც საქმისთვის გამოთხოვილი ტელეფონისა და კომპიუტერის ამონაწერები.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ მიზეზით ევროსასამართლოც აუცილებლად დაადგენს დარღვევას და დაასკვნის, რომ ბრალი მტიცებულებების გარეშეა წარდგენილი:
„არა თუ კვალიფიკაციაა არასწორი, არამედ საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ ჩანს”, – დასძენს ადვოკატი.
11 ბრალდებულის საქმე, რომელიც თავდაპირველად ორად იყო გაყოფილი, გამოძიების ეტაპზე გააერთიანეს. პროკურატურას ამ გადაწყვეტილების დასაბუთება არ მოეთხოვება. ხოლო თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია 11-ივე საქმის ცალ-ცალკე განხილვაც:
„მაგრამ ამ შემთხვევაში 11 პროცესი უნდა ჩანიშნოს სხვადასხვა დროს, საქალაქო სასამართლოში უნდა იპოვოს 11 თავისუფალი მოსამართლე, გამომძიებლებმა და პოლიციელებმა თერთმეტივე სხდომაზე ჩვენება უნდა მისცენ. ერთი მოწმის მიერ 11-ჯერ ჩვენების გამეორება კი არაეფექტიანია. და ყველაზე მთავარი: როცა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებს 11 მოსამართლეზე ანაწილებ, თერთმეტივესთან ცალ-ცალკე გიწევს კომუნიკაცია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. 11-დან 11-ივეს დარწმუნება არაკონსტიტუციური გზებით კი ბევრად რთულია, ვიდრე – ერთი მოსამართლის”, – გვიხსნის ირაკლი ჩომახაშვილი და ხაზს უსვამს ერთ გარემოებასაც: თბილისის საქალაქო სასამართლოს რესურსიც არ აქვს, 11 ბრალდებულის ადვოკატს შესაბამისი სამუშაო გარემო შეუქმნას დარბაზში; ისინი სკამით და მაგიდით უზრუნველყოს.
მისთვის კიდევ ერთი ფაქტია უტყუარი იმის სათქმელად, რომ ეს საქმე პოლიტიკურია: აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის მუხლით დაკავებული 53 ბრალდებულიდან მაშინ ერთის შემთხვევაში მაინც დაკმაყოფილდებოდა ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე. ასეთი რამ კი არ მოხდა. ირაკლი ჩომახაშვილი მაგალითისთვის 19 წლის სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს იხსენებს.
„როცა იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტს პატიმრობაში ტოვებ, როცა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიც არ არის, შენ მას სწავლის და განათლების უფლებას უზღუდავ. ერთ წელს ართმევ და ამას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებ მაშინ, როდესაც შეტაკებები აღარ განმეორებულა.სასამართლოს უნდა გამოეყენებინა გირაო. ეს არ გააკეთა და ცალსახად გასცდა სამართლებრივ დასაბუთებას. როცა ყველას პატიმრობა აქვს შეფარდებული, მიჩნდება კითხვა: რატომ, როგორ?!” – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
გია ტერიშვილზეც ასეა, ფიქრობს ადვოკატი. ის 53 წლის არის, ტაქსის მძღოლი, რომელიც ოჯახს არჩენდა. დედა პენსიონერი ჰყავს. როცა წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, როცა მისი ქმედებით არავინ დაზიანებულა, სასამართლოს თავისუფლად შეეძლო პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ფორმად არ გამოეყენებინა.
„ამ ადამიანების ციხეში ყოფნას სხვა მიზნები აქვს: სხვა ადამიანების მიმართ შექმნას მსუსხავი ეფექტი, რომ მათ პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუქრეთ”, – ასე ხსნის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
განაჩენის გამოტანამდე, გიას ასაკიანი დედა კვირაში სამჯერ მაინც უერთდება აქციას რუსთაველის გამზირზე, გიას ცოლი და შვილი ყოველ საღამოს იქ არიან. სინდისის პატიმრების საპროტესტო მარშისთვის გიას ფოტო რომ უთხოვიათ აქტივისტებს, ოჯახის წევრებს ძლივს აურჩევიათ.
„მამა მორიდებულია ძალიან, ფოტოებსაც არ იღებდა. გულჩვილიც არის, ჩემი ფოტო რომ გიჭირავთ, ვინც მომიკითხავს, ყველას მადლობა გადაუხადეთო. ამხელა ყურადღებას რომ გრძნობს, ეტირება და მაშინვე საოჯახო, ყოფით ამბებზე გადადის. ვინც ენატრება და უყვარს, ყველას ნომერს გვართმევს და ტელეფონით ელაპარაკება ხოლმე”, – გვიყვება მარიამი საპატიმროს პაემნების ოთახში მამასთან შეხვედრის ნიუანსებს.
გია ტერიშვილი საკანში ზის ანატოლი გიგაურთან ერთად, რომელიც 2024 წლის 24 ნოემბერს, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავეს. მისი საქმის დეტალებს შემდეგ გამოცემაში აღვწერთ.
„მარინე 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან გავიცანი. იმ დღეს, იმ ადგილზე, ოღონდ 33 წლის წინ მშვიდობიანი მომიტინგეები ხუნტამ ჩაცხრილა. გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლიდან რუსთაველისკენ მიდიოდნენ. წინ მიუძღოდათ 17 წლის მამუკა ტერიშვილი დროშით. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. დედას დარჩა სისხლიანი პერანგი, ორი შვილი და თვეში 7 ლარი კომპენსაციად. დანაშაული დღემდე გამოუძიებელია...
გავიდა წლები... მისი მეორე შვილი – გიორგი ტერიშვილიც... დაიჭირეს და 6 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან... დედას დარჩა ერთი თავისუფალი შვილი და არაფერი, გარდა უსამართლობისა”, – დათო სიმონია, ილუსტრაციის ავტორი.
გირჩევთ
