გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

დღეს ვცხოვრობ ხვალისთვის. დღეს კი ბრძოლაა. | ინტერვიუ აფგან სადიგოვთან

გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, ცოლთან და ორ მოზარდ ქალიშვილთან ერთად ჩამოსვლიდან რვა თვეში – 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამთვიან საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს. დაკავებამდე ათი დღით ადრე მან “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა და თბილისში, საფრანგეთის საელჩოსაც მიმართა – ოჯახთან ერთად მესამე ქვეყანაში გასვლის უფლება ითხოვა. მანამდე, თბილისის აეროპორტიდან გამოაბრუნეს – გამგზავრების უფლება არ მისცეს, მის ცოლ-შვილს პასპორტებში ბეჭდები ჩაურტყეს, აფგანს კი უთხრეს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც გაფრენა შეეძლო, ბაქო იყო.

დაკავებულმა ჟურნალისტმა თბილისის ციხეში შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო პროტესტის ნიშნად და 161 დღის შემდეგ შეწყვიტა. მისი პატიმრობის ვრცელ და რთულ პროცესს დამოუკიდებელ ქართულ მედიასთან ერთად, თანმიმდევრულად და საფუძვლიანად აშუქებდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იცავდა მის უფლებებს. სწორედ მათ აცნობეს საზოგადოებას, რომ სადიგოვი 2025 წლის 16 აპრილს გათავისუფლდა – საექსტრადაციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადაცია ეკრძალება. სადიგოვს ბაქოს ვერ გადასცემენ, სანამ სტრასბურგის სასამართლო მის საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

ინდიგოს ინტერვიუ გათავისუფლებულ ჟურნალისტთან ჩაწერილია 2025 წლის 6 მაისს.

...

თამარ ბაბუაძე: ამ მდგომარეობას, რაშიც ახლა აღმოჩნდით, რას არქმევთ? რადგან დარჩით შორს მთავარი საბრძოლო არენიდან – თქვენი ქვეყნიდან, თუმცა, დასრულდა საპატიმროში ყოფნის ხანა. როგორ ხართ?

აფგან სადიკოვი: მებრძოლ ადამიანებში ყოველთვის მძლავრობს შესაბამისი სულისკვეთება და განწყობებსაც ბრძოლის სურვილი განსაზღვრავს – კარგად ვარ. ამ მდგომარეობას ჰქვია დიდი პოლიტიკური რეპრესია, წნეხი, ტერორადაც შეგვიძლია მოვნათლოთ, რადგან დიქტატორულ რეჟიმებში რეპრესიები ყოველთვის ტერორში გადადის. მათ შეუძლიათ ადამიანები საკუთარ სახლებში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მოკლან, არ მოერიდონ სამეზობლოს, ბავშვებს.

აზერბაიჯანში უკვე ასეთი რეპრესიები ტარდება. საქართველომ კი გვიან წამოიწყო ყველაფერი და გვიან დაადგა ამ გზას, მაგრამ ალიევთან იქნება თუ პუტინთან, მათი გამოცდილების გაზიარებითა და დახმარებით, ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, სამწუხაროდ.

თ.ბ.: “მედიაჩეკერის” ვებსაიტზე 2 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობთ, რომ მსვლელობა დიქტატურისკენ აზერბაიჯანში დაიწყო ხალხის ჩაგვრით, ხოლო საქართველოში – სხვაგვარად. თუმცა, დიქტატურის დასაწყისის მონიშვნა უმეტესწილად რთულია ხოლმე: ხალხის გამოხატული ჩაგვრა და რბევა, ალბათ, უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ პროცესი შორს წასულია. როცა მასობრივ სისასტიკეს ამჩნევ, ესე იგი, დასაწყისი უკვე იყო და გამოგრჩა, ასე არ არის?

ა.ს.: იწყება მაშინ, როცა ხალხს, პირველ რიგში, მატერიალურად აღარიბებენ. შემოსავლების წყაროებს უზღუდავენ. შემდეგ, გადასახადებს უმძიმებენ. ჩვენთან ასე იყო და ეს ხალხმა მაშინვე ძალიან იგრძნო – შემოსავალმა იკლო, გასავალი და უმუშევრობა გაიზარდა. უცხოეთიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა ადვილად იშოვეს სამსახური, ადგილობრივებმა – ვეღარ. მაგალითად, თუ ოფიციალურად წერდნენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებული მუშახელი ყოველდღიურად იღებს 50 დოლარს, ეს თანხა რჩებოდა ქაღალდზე, ხელზე აძლევდნენ 5 დოლარს. ადამიანი გაღარიბებით ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში, როცა ის პოლიტიკაზე ვეღარ ფიქრობს, რადგან სადღეისო პრობლემების მოგვარებაზეა მომართული. მოქალაქეები დიდი ბიზნესისგან გარიყეს, ყველა ეკონომიკური სფერო მიითვისეს მმართველმა ოჯახმა და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა.

ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა საფუძველი ამ ყველაფერს. ის დაერია ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზოგს – მრავალწლიანი, ზოგს – სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – პოლიტიკური ოპონენტების რიგები მოსპო და გაწმინდა.

შემდეგ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებები დადო ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით და იქიდან აღებული თანხები მიითვისა. ილჰამ ალიევის პირველ საყრდენად იქცა მამამისის სისტემაში კარგად გამობრძმედილი, 20-25-წლიანი გამოცდილების მქონე კადრები.

ერთ ჩემს წერილში ვთქვი, ციდან დოლარები და ოქრო რომც ცვიოდეს, მაინც არაფერს აქვს აზრი: სანამ ალიევია, ხალხი სიღატაკეში რჩება. სასკოლო ფორმების კერვაც კი კლანის და მაფიის ლოგიკაზე დგას: მშობელი ვალდებულია შვილის სასკოლო ფორმა მხოლოდ მისგან შეიძინოს, ვისგანაც ეტყვიან. ჯანდაცვის უწყებათა თანამშრომლები ვალდებულები არიან, თავიანთი განყოფილებების უფროსებს საკუთარი ხელფასებიდან გაუყონ წილი – ასე ზემოთ გადასცემენ წილებს და ბოლოს მიდის პრეზიდენტთან. სახელმწიფო საავადმყოფოებისთვის გამოყოფილი მედიკამენტები კერძო აფთიაქებში იყიდება და იქიდან შესული თანხებიც ჩინოვნიკებს უბრუნდებათ. პარალელურად ადამიანებს იჭერენ, იტაცებენ, ითხოვენ გამოსასყიდს, ისინიც იძულებულნი არიან, აღიარონ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. ანდა საბანკო დავალიანება აიკიდონ და ეს დააწვეთ ტვირთად. ცალ-ცალკე ნუ წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი პარალელურად ხდება.

ახლა აზერბაიჯანის მოქალაქეები საარსებო მინიმუმის მისაღებად შრომობენ. ქუჩაში შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც წინა წლებიდან გახსოვს, როგორც წარმატებული, დაფასებული ადამიანი, ახლა კი უყურებ, როგორ გატეხილა.

რაც კი ცნობილი რესტორნები და სასტუმროებია აზერბაიჯანში, რომელიმე თანამდებობის პირისაა. ბიზნესი შერჩა მხოლოდ იმ რიგით მოქალაქეს, რომელმაც მაღალპროცენტიან წილში ჩინოვნიკი ჩაისვა.

პოლიტიკური პატიმრებიც აზერბაიჯანს სულ ჰყავდა, მაგრამ ბოლო დროს მასობრივად არიან  უფლებათა დაცვის, დამოუკიდებელი მედიის სფეროებიდან. მინახავს, როგორ წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ვეღარ ავუდივართ – აღარ ვიცით, რომელი საქმე წამოვწიოთ წინ, დაკავებულები იმდენნი არიან. ჟურნალისტების უმეტესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტის აღებისთვის დაიჭირეს და არა გრანტის განკარგვისას დაშვებული დარღვევის გამო. გრანტის მიღებასა და ნარკოდანაშაულს თანაბარი სიმკაცრის სასჯელი აქვს.

თ.ბ.: დამოუკიდებელი მედიისთვის გრანტების მიღების წესი FARA-ს მსგავსი კანონით რეგულირდება?

ა.ს.: უფრო რადიკალურია, ვიდრე – FARA. თავიდან მეც ვიმახსოვრებდი აზერბაიჯანულ კანონებს, რადგან ჩვენთანაც არქმევდნენ რაღაც სახელებს, ახლა აღარაა საინტერესო. საღამოს რომ ვიტყოდი, რომ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან არაკონსტიტუციურია, მეორე დილით კონსტიტუციის ის მუხლი მხვდებოდა შეცვლილი. ხალხის თვალის ასახვევად წინათ ატარებდნენ რეფერენდუმებს, ახლა ურეფენდუმოდ ცვლიან. რეფერენდუმი იყო დემოკრატიულობის შირმა ხალხისთვის, ახლა აღარ სჭირდებათ.

ასე რომ, აზერბაიჯანის დღევანდელი ვითარების აღწერა არის შეუძლებელი, ის თვალით უნდა ნახო. შექმნეს სახელმწიფო სააგენტო მედიისთვის, რომელშიც თუ რეგისტრირდები, მათიანი ხდები, თუ არ რეგისტრირდები, კანონგარეშე რჩები, ოპოზიციის იარლიყს გაკრავენ, რაც ავტომატურად ნიშნავს უცხოურ დაზვერვაზე მუშაობას.

პროკურატურაც და სასამართლოც ერთი კაცის სამსახურშია. სოციალურ ქსელებში ვინც კომენტარს წერს, იჭერენ. ან ოჯახიდან ვინმეს დასაქმებით აჩუმებენ. მოქალაქეს თუ კრიტიკული კითხვა უჩნდება, ესე იგი, ის უცხოური დაზვერვის მიერ მართული ოპოზიციაა და მის ნათესავებს სამსახურებიდან ყრიან. თუ ბანკში კრედიტი აქვს, ზეწოლის ინსტრუმენტად ეგ იქცევა; ან პირდაპირ გემუქრებიან: შენი ნათესავი სამხედრო სამსახურშია, არა? ფრთხილად იყოს, შეიძლება გავარდეს ტყვია. ან შენ თვითონ იყავი ფრთხილად: გზაზე გადასვლისას, შემთხვევით, ნასვამმა მძღოლმა არ გაგიტანოს მანქანით. მე ცოლით მემუქრებოდნენ: ახალგაზრდა მეუღლე გყავს, ქუჩები კიდევ სავსეა სექსუალური მანიაკებით. ანდა: ბავშვებს სკოლაში შეიძლება ვიღაცამ ხელი ჰკრას. იმ დღეს დავწერე აზერბაიჯანის ომბუდსმენზე, ეს ხალხს იცავს თუ ალიევს და მის ხელისუფლებას-მეთქი? აბა, წარმოგიდგენიათ, რომ სახალხო დამცველი უჩივის Amnesty International-ს და იცავს პრეზიდენტ ალიევს?

ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანის განვითარების შურს ევროპას; რომ ევროპას და ამერიკას სურს, ოპოზიციის ხელით ძირი გამოუთხაროს აზერბაიჯანს; რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოსყიდულია, როცა ითხოვს დაჭერილი ჟურნალისტების გათავისუფლებას;

ამიტომ ამიერიდან აღარ დავყვებით მათ მოთხოვნას. ერთი გერმანელი დეპუტატი იყო, რომელმაც ორ სხვადასხვა საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ აზერბაიჯანში დიქტატურაა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ და გამოეცხადებინათ პერსონა-ნონ-გრატად.

თ.ბ.: ამის მერე რა ხდება?

ა.ს.: ამის მერე აღარაფერი ხდება. ადამიანები უყურებენ ღმერთს და შველას მისგან ელიან. ზოგი იმ ჭკუაზეა, რომ ღმერთიც ვეღარ უშველის. ჩვენ კიდევ ვეუბნებით, თავის დროზე ხომ მოგიწოდებდით, გამოდით, გააპროტესტეთ, მაშინ დადუმდით.

თ.ბ.: თქვენ როგორ აფასებთ აზერბაიჯანში პროტესტის გამოცდილებას?

ა.ს.: იყო წინათ, რამდენიმე წლის წინათაც იყო, მაგრამ მერე ჯარიმებით და დაკავებებით შეაშინეს. ახლა ვეღარც აპროტესტებს ხალხი და გადასაღებადაც ვეღარავინ მიდის მაშინ, როცა ხუთი წლის წინ, როცა ოპოზიცია ატარებდა აქციას, 40 ადამიანი მარტო გადასაღებად იდგა. ახლა ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი დაკავებულია. იყო “მეიდან ტივი” და დიდი ნაწილი  ციხეში ჰყავთ. “აბზას მედია” იყო და დირექტორი, მთავარი რედაქტორი, რიგითი თანამშრომლები ციხეში არიან. “მეცამეტე არხის” ხელმძღვანელიც ციხეშია. თავისუფალი ჟურნალისტებიც, რომლებიც არც ერთ არხზე არ მუშაობენ, დაკავებულები არიან.

მაშინაც, როცა მოდიოდნენ გადასაღებად, პოლიციელები ართმევდნენ ტელეფონებს, უმტვრევდნენ და არავინ არაფერს ეუბნებოდა. ალიევმა თქვა, რომ არავინ ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, აზერბაიჯანი დემოკრატიულია და ასე გავაგრძელებთ მუდამ. არადა, აზერბაიჯანში უკვე ისეთი მდგომარეობაა, ჩრდილოეთ კორეასთან შეიძლება გათანაბრება. ერთი ეგაა, რომ ფორმალურად მაინც ატარებენ არჩევნებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ პატივს დებს თავის ხალხს, საერთაშორისო არენაზე ამ ფასადური იმიჯისთვის სჭირდება; თორემ ოპოზიციამ 90 პროცენტითაც რომ გაიმარჯვოს, ყუთიდან მაინც ილჰამის გამარჯვება ამოვა. თვითონ ვმდგარვარ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლად. მინახავს. 

თ.ბ.: ფიქრობთ, რომ გარეთაც არ არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც აზერბაიჯანული საზოგადოების ჩაგვრაზე არ იდგებოდა?

ა.ს.: საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია ეს პასიურობა. იძულებულნი არიან, დანებდნენ არსებულ ვითარებას, ერთი მხრივ, ნავთობის და გაზის, მეორე მხრივ, სიფრთხილის გამო, რომ ვაითუ ზედმეტად შევიწროვების შემთხვევაში, ალიევი მთელი თავისი რესურსით პუტინს ამოუდგეს მხარში. აზერბაიჯანელ ხალხში ამიტომ არის განცდა, რომ საშველი არსაიდანაა.

თ.ბ. რომელი წლიდან და რა თემებით დაიწყეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა?

ა.ს.: 2013 წლიდან და ერთ წელიწადში დამიჭირეს, რადგან ვიკვლევდი საჯარო პირების მიერ შეკვეთილ მკვლელობებს და შემოსავლებს. რომ გამოვედი, ისევ გავაგრძელე. ყოველდღიური ამბების რეპორტიორებს, დაშინების მიზნით, 2-3 წელიწადს უსჯიან, მაგრამ ყველაზე სასტიკები არიან გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ. შვიდ და მეტწლიან სასჯელზე უშვებენ, აბრალებენ კონტრაბანდას, სახელმწიფოს ღალატს. ჯერ ადამიანს იჭერენ და მუხლს მერე მოარგებენ. ვიძიებდით იმ სახელმწიფო ჩინოვნიკების საქმიანობას, რომლებიც ნარკოდანაშაულში არიან ჩართულნი. ნარკობარონები არიან და, თავის მხრივ, ემორჩილებიან ორ ბოსს: ერთი პრეზიდენტის დაცვის უფროსი ბაილარ აიბოვია, მეორე – აზერბაიჯანის შეიხ-უ-ისლამი.

თ.ბ.: საზოგადოების რეაგირება ამაზეც დაქვეითებულია? შეიხ-ულ-ისლამი ხომ უმაღლესი სასულიერო პირია?

ა.ს.: რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგმა ასე იცის თქმა – არ მინდა, არ მითხრა არაფერი, რომ გავიგო, შეიძლება ამის გამოც დამიჭირონ. ვიღაცა იტყვის, ნახე, აფგანმა კარგი ვიდეო დადო, როგორ გამოააშკარავაო და მერე ვიღაც უპასუხებს, მეშინია, რომ ვუყურო – გაიგებენ, რომ ვუყურეო.

შემდეგი გამოძიება იყო ამბავი ციხეებში პატიმრების მოპყრობის შესახებ. ყველაფერი და მათ შორის პენიტენციური სისტემაც აზერბაიჯანში ბაზრად აქციეს. პატიმრის ულუფას პატიმარს არ აძლევენ, ციხის სასადილოში იყიდება. ყველგან ასეა. მაგალითად, რაიონში ავადმყოფია და გადასაყვანია ბაქოში, სასწრაფო დახმარების მძღოლი ამბობს, რომ ბენზინი არ აქვს და ითხოვს ფულს მანქანის დასაქოქად.

ჩემი იმიტომ ეშინოდათ, რომ პირადად პრეზიდენტის, მისი თანაშემწეების, ძალოვნების ქონებებს ვიკვლევდი. მაგალითად, იყო გუბადლის რაიონის ხელმძღვანელი, ავაზ ჰასანგულიევი, რომელსაც პრეზიდენტის დაცვის უფროსმა უთხრა, რომ 2 მილიონ მანათად მისცემდა სასურველ თანამდებობას. გამოართვა ეს 2 მილიონი და მერე მოაკვლევინა. ეს დავადასტურეთ, საბანკო ცნობები გვქონდა, ნათესავების კომენტარებიც. ასე დაემართა სახალხო პოეტის ჯაბირ ნოვრუზის შვილსაც ფული გამოართვეს თანამდებობის სანაცვლოდ და მოკლეს.

მე როცა ვწერდი, რომ ამან თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, ეს კორუფციაშია ჩაფლული და ასე შემდეგ, ჩემი სტატიის გამოსვლის მერე, იმ ადამიანს ჯიბრზე მაღალ თანამდებობაზე ნიშნავდნენ. ამით ხალხს აჩვენებდნენ – რომც იჩივლოთ, აზრი არ აქვს. გამოძიების მიხედვით, 2012-13 წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში 3 ტონა ჰეროინი გადაიტანეს შეიხ-ულ- ისლამმა და “ემბავუდის” დირექტორმა. სამაგიეროდ, შეიხ-ულ-ისლამი გამოვიდა და თქვა, რომ აზერბაიჯანის ღმერთი ილჰამ ალიევია.

ვითომ პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე არაფერი იცის. მე კიდევ ოდნავ უხეშად მივმართავდი ალიევს: ყრუ ხარ, ბრმა ხარ, მარსზე ზიხარ თუ ზარდახშაში ჩაგკეტეს, როგორ არ იცი, შენს სახელმწიფოში რა ხდება?

ჩუმად რომ ელაპარაკები ადამიანებს, ზოგჯერ წყევლიან, ღმერთმა მალე მოუვლინოს სიკვდილი ალიევსო, - გეტყვიან, მაგრამ ღიად – ვერა. ორნიც რომ შეიკრიბონ ერთად, მეგობრები ან ნათესავები, უკვე ერიდებიან ალიევის და მისი კლანის ძაგებას.

თ.ბ.: პირველად როგორ დაუშვით, რომ შიმშილობა შეიძლება იყოს ბრძოლის იარაღი? რამ გაიძულათ?

ა.ს.: აზერბაიჯანულ ციხეში 242 დღეს ვიშიმშილე. საკანში მივხვდი, რომ სხვა იარაღი აღარაფერი მქონდა. არა ტელეფონი, არა კალამი და ფურცელი, რომ დამეწერა. ერთადერთი ეგ შემეძლო და ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო. ჩემთვის ყოველთვის მთავარია, ვიბრძოლო, ფორმაზე მეტად მნიშვნელოვანი ბრძოლაა.

იქ არ ფიქრობ, გადარჩები, თუ მოკვდები. ერთადერთი რამ მქონდა გადაწყვეტილი: ამ მტარვალების წინაშე ქედს არ მოვიხრი-მეთქი და კიდევ ის მინდოდა, რომ თუ მოვკვდებოდი, სიკვდილამდე გონება შემრჩენოდა. რეიდებს ატარებდნენ საკანში და თუ ნაწერი მქონდა სადმე, მართმევდნენ ფურცელსაც და კალამსაც.

აქ ასე არ ყოფილა. მაგრამ მოიცადეთ, ეტაპობრივად მიყვებიან. ბოლო ეტაპამდე ჯერ ნაბიჯებია.

ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა – ალიევი ითხოვდა ჩემს თავს, “ქართული ოცნება” აპირებდა ჩემს გადაცემას და მეც უკვე ვფიქრობდი, რომ ვერც სტრასბურგი მიშველიდა, რომ აუცილებლად გადამცემდნენ. ასე რომ, აქაც, შიმშილობის აქტი იყო ბრძოლის ფორმა.

თ.ბ.: როცა ქვეყანს ტოვებს აქტივისტი, მის ფიზიკურ გადარჩენაზეა ლაპარაკი, ახლა აფგანი ცოცხალია, გადარჩენილია. მაგრამ ქვეყნიდან წასული აქტივისტისგან რა რჩება, თუ მას უწევს, უარი თქვას საკუთარ პროფესიაზე, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?

ა.ს.: ასეთ მდგომარეობას არ ვცნობ, რადგან უარი არაფერზე მითქვამს. ახლა, უბრალოდ, გლობალური გავხადე ჩემი ბრძოლა და აი, ციხიდან გამოსვლის მერე, ალიევთან ერთად, კობახიძის მთავრობასაც ვაკრიტიკებ – ჩემთვის ეს საქმე გაერთიანდა. 

ახლა ჩემი გაზეთი აღარაა, კი, Azel.TV ხელში ჩაიგდეს, მაგრამ მისი იუტუბ არხი ფუნქციონირებს და ფეისბუკიც მაქვს. აი, ორი დღის წინანდელი პოსტი – ეს ჩვენი ჟურნალისტი გოგონები არიან, დაკავებულები, ეს მზია ამაღლობელია. აწერია – ალიევის ტყვეები, კობახიძის ტყვე.

1-ელ მაისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტზე დართული ფოტო

ბრძოლა გრძელდება. სიკვდილამდე იქნება. ასე ვაზროვნებ: სადმე თუ ადამიანი იჩაგრება, სადმე თუ არსებობს დიქტატორი, ესე იგი, მე უნდა ვიბრძოლო. როცა დამემუქრნენ, მივმართე პრეზიდენტს, ილჰამ, ვიცი რომ მკვლელი ხარ, აგერ, ამ მისამართზე ვცხოვრობ, მოდი და მომკალი.

თ.ბ.: ეგ როდის?

ა.ს.: ყოველთვის. როცა მემუქრებოდნენ. ციხიდან რომ გამოვედი, ვიდეო ჩავწერე – საფლავი გავთხარე, დავდექი ორმოსთან და მივმართე, აგერ, საფლავიც მზად მაქვს, მოდი, მომკალი.

თ.ბ.: ცვლილება ნელა მოდის, ეს ბრძოლა გრძელია, მაგრამ არ წარმომიდგენია, რომ არ ფიქრობდეთ მომავალზე. ცვლილების პოტენციალი ნუთუ საერთოდ არ არის?

ა.ს.: სად, აქ თუ იქ?

თ.ბ.: მე აზერბაიჯანზე გეკითხებოდით, თუმცა – ორივეგან.

ა.ს.: ყველა კონფერენციაზე, თუ სადაც გინდა გამოვდიოდე, ვამბობ, რომ ქართველი ხალხი უშიშარია და მებრძოლია. გამოიყენეთ ეს. აქ, თბილისშიც უთქვამთ ჩემთვის მათ, ვინც “ოცნების” სისტემის ნაწილია, რომ არ მოსწონთ რაც ხდება. ჩვენ თუ ავდექითო, ჩვენო გიჟი ხალხი ვართო... მათ იციან, რომ არ გავთქვამ, ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს ეს მკერდი. მაგრამ ვუპასუხე, რომ აზერბაიჯანელებიც ეგრე ამბობდნენ, დღეს თქვენც შეგიძლია ასე დაქადნება, მაგრამ ცოტა ხანში, არათუ ვეღარ ადგებით და აჯანყდებით, თქმაც აღარ შეგეძლებათ. დროის მსვლელობა ხალხს ასუსტებს, სისტემა კი რესურსს ზრდის, აგენტურას და დაფინანსებას. დამოუკიდებელ მედიებს იბარებს და ფულს სთავაზობს. ვინც იღებს, იღებს, ვინც – არა და ციხეში მიდის. არ აიღებ და იქნები, აგერ, აფგანივით, ციხეებში მთელი ცხოვრება.

ასე რომ, თუ მომინდება აჯანყება და როცა მომინდება, მაშინ ავჯანყდები, ეგ არ მუშაობს. როდისღა მოგინდება და რატომ – ახლა არა?

თ.ბ. მე ასე გავიგე: დღეს ცხოვრობთ და დღეს კი არის ბრძოლა. ფანტაზიები მომავლის შესახებ არ გაქვთ.

ა.ს.: ხო, მე დღეს ვიბრძვი ხვალისთვის. იმიტომ რომ ხვალინდელ დღეზე იმდენი გავლენა და ზემოქმედება ვერ მექნება, რამდენიც – ხელისუფლებას. ვთქვათ, ახლა დავმარცხდით, მე მაინც სიკვდილზე მივდივარ, ეს გადაწყვეტით ასეა. ვამბობ: მწოლიარე ავადმყოფიც რომ ვიყო, კალმის მოსაჭიდი ძალა მინდა შემრჩეს. ანდა მინდა, რომ მქონდეს ენა, რათა მოვყვე. მეტი არაფერი მინდა.

წარმოგიდგენიათ? 32 წელია, ალიევის ოჯახია ხელისუფლების სათავეში და ბავშვები ისე იბადებიან და იზრდებიან, სხვა არაფერი უნახავთ. შედარების საშუალება არ აქვთ.

ახლა უკვე შეუძლებელია აზერბაიჯანელმა ხალხმა გადაატრიალოს ალიევი. თუ ამერიკა არ შემოვა და სირიას და ერაყს არ დაამსგავსებს ქვეყანა მის გასაგდებად; თორემ შიგნიდან რამ უნდა აიძულოს ხალხი, ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც ვამბობ, აქ ჯერ ფეხაუდგმელი დიქტატორი გყავთ, კობახიძის სახით, მის უკან კი ივანიშვილი თავისი ბოროტი ზრახვებით, რომელიც, ამავდროულად, პუტინის ბნელი აჩრდილია საქართველოში; და თუ წამოდგება და წელში გაიმართება, ორ-სამ წელიწადში მოათავებენ თქვენთან იმას, რაც აზერბაიჯანმა 20-30 წელიწადში გამოიარა.

...

აფგან სადიგოვის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი მედია და ვებსაიტი Azel.tv დიდი ხანია, გათიშულია. თუმცა, კორუფციის თუ სხვა დანაშაულებების შესახებ აფგანი და მისი მეუღლე, სევინჯ სადიკოვა ვიდეოებს იუთუბზე აქვეყნებენ.

სახლის საყიდლებზე გასული აფგანი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა მეორედ 2020 წლის მაისში დაიჭირეს (მანამდე, 2016 წელს ჩასვეს). შემდეგ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა და მისი პირადი ნივთები და ჩანაწერები წაიღეს. მოგვიანებით მას ბრალად წაუყენეს ქრთამის მოთხოვნა ჩინოვნიკისთვის იმ საქმეზე, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიებისას იკვლევდა. სადიგოვის მაშინდელი ადვოკატის თქმით, ეს იყო ანგარიშსწორება მისი ერთ-ერთი ბოლო გამოძიებისთვის, როცა მან აზერბაიჯანული ქალაქის პოლიციელების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული გამოავლინა. 2020 წლის ნოემბერში სადიგოვს შვიდი წელი მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. შემდეგ ბრალი ოთხ წლამდე შეუმცირეს, 2022 წლის მაისში კი პრეზიდენტმა ალიევმა სხვა პატიმრებთან ერთად შეიწყალა. ჟურნალისტური საქმიანობა არც ბაქოში ყოფნისას და არც საქართველოში გადმოსახლებისას არ შეუჩერებია.

თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა