
სამი პერსპექტივა თურქეთის მასობრივ პროტესტზე | მიხეილ გვაძაბია
ისევ ქუჩაში 12 წლის შემდეგ
19 მარტის შუა დღეს, სპონტანურად აფეთქებული პროტესტისას, სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კამპუსიდან გარეთ გაიჭრნენ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მწვავე ეპიზოდი თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან, რომელიც მალევე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები 2013 წლის გეზი პარკის გადასარჩენად დაწყებული დემონსტრაციების შემდეგ.
პროტესტი აფეთქებიდან ბოლო წერტილამდე
პროტესტმა, წლების შემდეგ, თურქეთში იხუვლა იმავე 19 მარტის დილას – მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ თავის რეზიდენციაში ჩატარებული ოპერაციისას დააკავა. ის თურქეთის ოპოზიციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტია. რამდენიმე დღეში იმამოღლუ თავის პარტიას (სახალხო რესპუბლიკურ პარტიას – CHP-ს) მომდევნო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა.
2019 წლიდან დღემდე, ექრემ იმამოღლუმ სამჯერ დაამარცხა მმართველი პარტიის კანდიდატები სტამბოლში. ოპოზიციურად განწყობილი მრავალი მოქალაქე სწორედ ამ ქარიზმატულ და სოლიდური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსში ხედავს იმედს, რომ 22-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორონ რეჯეფ თაიფ ერდოღანი (2003-2014 - თურქეთის პრემიერ-მინისტრი. 2014-დღემდე – თურქეთის პრეზიდენტი).
იმამოღლუს იმედით უყურებენ განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისე გაატარეს მოზარდობის წლები, ერდოღანის გარდა სხვა პრეზიდენტს არ მოსწრებიან.
„თურქეთში დავიძინეთ, რუსეთში გავიღვიძეთ”, - დაწერა თურქულმა ონლაინ მედიამ Fayn Studio 19 მარტის დილას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ აკადემიური წრეების დევნა ახალი არ არის.
თუმცა, საკვანძო პოლიტიკური კონკურენტის მოულოდნელად დაკავებას, თანაც იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეში პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ, აშკარად ახალ დონეზე აჰყავს ერდოღანის შეუწყნარებლობა ძალაუფლების დაკარგვის ნებისმიერი საფრთხის ასალაგმად.
„ჯერ ქურთებთან მივიდნენ, მერე ქვიარებთან. ახლა ყველასთან“
ფოტო: Instagram/velvelenet/seyma.que
იმამოღლუს დაკავებით გამოწვეული სახალხო ბრაზი პირველივე დღიდან გასცდა სტამბოლს, დემონსტრაციების წინა ხაზზე კი მყისიერად დადგნენ სტუდენტები – ისინი, რომელთაგან ბევრს მანამდე არც კი ენახა ქუჩის მძლავრი პროტესტი.
ამიტომ, ამ დღეებში არაერთგზის აღნიშნავენ სტუდენტური ამბოხის ორმაგ მნიშვნელობას: ერთი მხრივ, სახეზეა ბრაზისა და უკმაყოფილების მკაფიო გამოვლინება ხელისუფლებისადმი, რომელსაც ქუჩის პროტესტის მარგინალიზება-კრიმინალიზებისთვის დიდი ძალისხმევა აქვს გაწეული; მეორე მხრივ, დადგა მოცემულობა, როცა იმამოღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), რომელმაც გასულ წლებში, ფაქტობრივად, დათმო ქუჩა, ახალგაზრდების დაჟინების ფონზე იძულებული გახდა, ჩართულიყო დემონსტრაციების ორგანიზებაში.
მიმდინარე მოძრაობის პოლიტიკური თუ სოციალური დემოგრაფია ჯერაც ჩამოუყალიბებელია, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მოძრაობა შორს არის ჰომოგენურობისგან: მემარცხენეებიდან ნაციონალისტებამდე, ქუჩაში გამოდიან იდეოლოგიურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯგუფები, რომლებმაც, მიუხედავად მრავალი უთანხმოებისა, შეძლეს, ერთად დამდგარიყვნენ.
წინა კვირას ვესაუბრეთ თურქეთის საპროტესტო გამოსვლების სამ მონაწილეს. ორი სტუდენტია, ერთი - ახალი კურსდამთავრებული. მათი განსხვავებული პერსპექტივებით თურქული პროტესტის მრავალშრიანობას მოვიხელთებთ.
არმანი
არმანი სტამბოლის მერის დაკავებიდან მეორე დღეს მიხვდა, რომ იმაზე გაცილებით დიდი პროცესის მონაწილე იყო, ვიდრე წარმოდგენა შეეძლო. თავისი უნივერსიტეტის კამპუსში აქციები ადრეც ენახა, მათ შორის, რექტორის მიერ სტუდენტური ფესტივალის ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, თუმცა – არა ამ მასშტაბის და არა ასე პირდაპირ პოლიტიკურ ყოველდღიურობასთან მიბმული.
„მივხვდი, რომ ეს ხალხი – სტუდენტებიც და სხვებიც – ერთ დღეში არ დაიშლებოდა. მხოლოდ იმ ერთი დღის თუ იმ ერთი ღამისთვის ბრაზის გამოსახატად არ გამოსულან”, - ამბობს ის.
სტუდენტები ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტში (ODTÜ) იმამოღლუს დაკავების დღესვე შეიკრიბნენ. 22 წლის არმანი ამ უნივერსიტეტის უცხო ენების სწავლების მიმართულების სტუდენტია. სტამბოლიდანაა, თუმცა 3 წლის წინ ანკარაში გადავიდა იმისთვის, რომ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა.
მარტის დემონსტრაციებში ჩართული ბევრი სხვა თანატოლისგან განსხვავებით, არმანს იქამდეც ჰქონდა გარკვეული გამოცდილება აქტივიზმში.
„ODTÜ-ს პრაიდის მარშებზე გამოვიწვრთენი. ყოველ მარშზე პოლიცია მოდიოდა, ყოველთვის თავს გვესხმოდნენ”, - იხსენებს ის.
ლგბტ პრაიდის (სიამაყის) მარშები წლების განმავლობაში უპრობლემოდ იმართებოდა თურქეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის, სტამბოლსა და ანკარაში. თუმცა, 2013 წლის გეზი პარკის დემონსტრაციების შემდეგ გაძლიერებული სახელმწიფო რეპრესია ლგბტ თემსაც მისწვდა, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც მსგავსი ღონისძიებების ფაქტობრივი აკრძალვა და პოლიციის ძალადობაა.
მიუხედავად აკრძალვისა, ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები თავისუფლებისა და ჯანმრთელობის რისკების ფასად აგრძელებენ პრაიდების ორგანიზებას როგორც ქუჩებში, ისე კამპუსებში - მათ შორის, ODTÜ-ში. თუმცა, მიმდინარე დღეებში, განსაკუთრებით კი 20-21 მარტის ღამით, უნივერსიტეტმა სულ სხვა მასშტაბის ამბოხი იხილა: ძალოვნები დემონსტრანტებს კამპუსის ერთ-ერთ გასასვლელთან დახვდნენ და არ მისცეს საშუალება, გარეთ გასულიყვნენ. თუმცა, სტუდენტები იქვე გამაგრდნენ, ნაგვის ურნებით ბარიკადები ააგეს და რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას წყლის ჭავლის მანქანების თანხლებით კამპუსის ტერიტორიაზე შესულ პოლიციას.
ODTÜ-ს კამპუსი 4500 ჰექტარზეა გადაჭიმული და რამდენიმე შესასვლელი აქვს. პოლიცია ერთ-ერთ შესასვლელთანცოცხალი ძალითა და რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანით უხერგავდა გზას შიგნით შეკრებილ სტუდენტებს. პოლიციის გასაშარჟებლად სტუდენტებმა სათამაშო წყლის ჭავლის მანქანა ააწყვეს და გამოიყვანეს.
ფოტო: Bianet
„პლასტმასის ტყვიებს იყენებდნენ, წიწაკის გაზსაც, გაზის ყუმბარებსაც ისროდნენ. ვნახე ადამიანები, რომელთაც რეზინის ტყვია მოხვდათ. ჩემს ერთ მეგობარს სისხლი მოსდიოდა თავიდან ამ ტყვიის მოხვედრის შემდეგ”, - იხსენებს არმანი.
ODTÜ ანკარის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წერტილია, თუმცა, არა – ერთადერთი: აქციები დაიწყო სხვა უნივერსიტეტებშიც ისევე, როგორც, ქალაქის ქუჩებში, მათ შორის, ცენტრალურ ქიზილაის უბანში.
„იმამოღლუს დაკავება იყო გარდამტეხი მომენტი და, ვფიქრობ, ხალხი ელოდა ამ მომენტს. ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენს თავს ყველა მიმართულებით – ეკონომიკის თუ ადამიანის უფლებების მხრივ. და ვერც ერთხელ გავაპროტესტეთ მასშტაბურად. ამ გამოსვლებმა კი დაგვანახეს პოტენციალი. ამიტომაც, შეკრებები ხალხმრავალია და თავსაც უფრო დაცულად გრძნობ, როცა აპროტესტებ. თითქოს, ერთმანეთი გავაძლიერეთ – ბევრმა ამოვიღეთ ხმა ჩვენი უფლებებისთვის”.
დაკავებული იმამოღლუ და მისი რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ამავე სახელწოდების პარტიის გამგრძელებლად აცხადებს თავს. ერდოღანის კონსერვატიული, ისლამისტური ფესვების მქონე პარტიისგან განსხვავებით, CHP სეკულარულ, ქემალისტურ ძალად წარმოჩინდება. ამჟამად პარტიას გაცხადებული აქვს მემარცხენე-ცენტრისტული, სოციალ-დემოკრატიული ორიენტაცია, თუმცა ის აქამდეც გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა შიდა ფრაქციული მრავალფეროვნებით: თავის რიგებში აერთიანებს განსხვავებულ იდეოლოგიურ ჯგუფებს, კლასიკური სოციალ-დემოკრატებიდან მემარჯვენე ნაციონალისტებამდე.
არმანი მემარცხენეა და აღელვებს, ზოგადად, ადამიანის და განსაკუთრებით, ლგბტ თემისა და მიგრანტების უფლებები. მისი პოლიტიკური ხედვები CHP-სგან განსხვავდება: როგორც ამბობს, „უფრო მეტად მემარცხენეა”, ვიდრე პარტია და არ მოსწონს მასში ნაციონალისტური ფრაქციების არსებობა. ამასთან, მისი აზრით, CHP-ს განცხადებები ყოველთვის არ ემთხვევა მის ქმედებებს. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ქუჩაში გასვლის მიზეზი პარტია ან მხოლოდ სტამბოლის მერის დაკავების ამბავი არ ყოფილა:
„ეს ჩემთვის სამართლიანობის საკითხია. წლების განმავლობაში ხდებოდა [იგივე უსამართლობა] ქურთების, ალევიტების, ქალების, ქვიარების მიმართ… იმამოღლუს დაკავება იყო თავის გასამართლებელი მიზეზი, რომ გამოვსულიყავი და პროტესტი გამომეხატა ყველაფერზე, რაც ახლა ჩამოვთვალე”.
არმანი ტრანსგენდერი კაცია სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც ქვიარ თემს ყველა შესაძლო პლატფორმიდან ებრძვის: როგორც სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით, ისე პოლიციის ძალითა და, როგორც უფლებადამცველები იტყობინებიან, ახალი ანტი-ლგბტ კანონმდებლობით, რომლის მიღებაც ქვეყნის მთავრობას სურს. კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ზღუდავს გენდერულ ტრანზიციას და ზოგიერთ შემთხვევაში, პატიმრობითაც სჯის ტრანზიციის მოსურნე ადამიანს.
„თუ თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანი ხარ, ძალიან გაგიჭირდება სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით, ქალს. რთულია სახლის ქირაობაც: პრაქტიკულად არასდროს მინახავს ანკარაში ტრანსი ადამიანი, რომელმაც კონტრაქტით იქირავა ბინა”, - ამბობს არმანი.
მისი ოჯახი მიეკუთვნება ალევიტურ რელიგიურ უმცირესობას, რომელიც დღემდე ხდება დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი უნიტარულ თურქეთში, სადაც “სუნიტური ისლამი, მოდერნიზებული და ნაციონალისტური სახით” ათათურქმა თურქული იდენტობის მთავარ განზომილებად დასახა. შესაბამისად, რელიგიური, კულტურული და ყველა სხვა სახის პლურალიზმი იქცა პრობლემად, - ხსნის პოლიტიკის მკვლევარი ელის მაზიკარდი Le Monde-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუში.
ამ ფუნდამენტურ შევიწროებებს ეკონომიკური მიზეზებიც ემატება: არმანი და მისი მეგობრები ცხოვრობენ რეალობაში, სადაც, ჟურნალისტ მურათ სევინჩის სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტისთვის სახლიდან უნივერსიტეტამდე მგზავრობა და ჩაითა და ტოსტით წახემსებაც კი ძვირი უჯდებათ.
ანკარაში 1956 წელს დაარსებული ცნობილი უნივერსიტეტი ODTÜ სტუდენტური, განსაკუთრებით, მემარცხენე აქტივიზმის ხანგრძლივი ტრადიციით გამოირჩევა. უნივერსიტეტის 68-წლიანი ისტორია მრავლად მოიცავს სტუდენტური დემონსტრაციების, პოლიციასთან შეტაკებებისა თუ გაფიცვების ეპიზოდებს. მათ შორის იყო 9-თვიანი გაფიცვა 1977 წელს, რითაც სტუდენტებმა და პროფესურამ იმდროინდელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, ნაციონალისტურ წრეებთან დაახლოებული ჰასან თანის რექტორად არჩევა გააპროტესტეს. საბოლოოდ, ის გადადგა, თუმცა, სხვადასხვა ცნობით, ორი სტუდენტი დაიღუპა ჟანდარმერიისა და ჰასან თანთან ასოცირეული რადიკალური ჯგუფების ხელით.
ODTÜ დღემდე რჩება თურქეთის საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურად აქტიურ ცენტრად. კამპუსში მოქმედი სტუდენტური საზოგადოებები და კლუბები განაგრძობენ სტუდენტური ფესტივალების, პრაიდის მარშებისა თუ მკვეთრი პოლიტიკური გზავნილების მქონე გამოსაშვები ცერემონიების ორგანიზებას.
ყველაფერი ეს ხდება ერდოღანის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეებსა და აქტივობებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რის გამოც ბევრი იხდის ფასს: 2018 წელს გამოსაშვებ ღონისძიებაზე პრეზიდენტის გაშარჟების გამო ოთხი სტუდენტი 1 თვით ამყოფეს ციხეში, ბოლოს კი ერდოღანისთვის პირადად მოახდევინეს ბოდიში; 2019 წელს სასამართლოს გადასცეს 18 სტუდენტი და 1 პროფესორი კამპუსის პრაიდში მონაწილეობისთვის.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ODTÜ-ს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე კონტროლის დამყარება. ახლაც, აქციების დაწყებისთანავე, სტუდენტურმა ჯგუფებმა მყისიერად გადაინაწილეს ფუნქციები.
„ლიდერი არ გვყავს… პასუხისმგებლობები ბუნებრივად ნაწილდება: მაგალითად, გვაქვს მედია საზოგადოება, რომელიც პროფესიონალურად იღებს და ავრცელებს ფოტო-ვიდეო შინაარსს.
ცალკეა კომიტეტი, რომელშიც ODTÜ-ს სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლები ერთიანდებიან. მე ლგბტ კლუბის სახელით ვარ. იქ ვგეგმავთ, როდის და რა უნდა გავაკეთოთ, რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ ლოკაციაზე გამაგრება… [ანკარაში] სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩვენთან შეთანხმებით მოქმედებენ”, - გვიყვება არმანი.
როგორც სტუდენტური კომიტეტი, ისე მედია საზოგადოება, ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობენ ODTÜ-ს წინააღმდეგობაში. სწორედ ისინი ავრცელებდნენ 21 მარტის ღამით პოლიციის მიერ სტუდენტების დარბევის კადრებს, რომლებიც ვირუსულად მოედო სოციალურ მედიას. იმავე ღამეს, კამპუსს ახლომდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებიც მიაწყდნენ, რათა თანატოლებს დახმარებოდნენ.
„ვცდილობ, ვიყო ხიდი ადამიანებს შორის. ძალიან ბევრი WhatsApp ჯგუფია, უამრავი ინფორმაცია, სულ განახლებები… ამ ყველაფრის მართვა წიწაკის გაზის ზემოქმედებაზე ადვილი არ გეგონოთ”, - ხუმრობს არმანი.
სტუდენტები შეეცადნენ, მომზადებულიყვნენ წიწაკის გაზისთვისაც და და პოლიციის აღჭურვილობაში არსებული სხვა საშუალებებისთვისაც. აქციების დასაწყისში ჩაატარეს ვოქრშოფი, სადაც ყველა იმას ხსნიდა, რაც იცოდა, იქნებოდა ეს დაკავებულის უფლებები თუ ერთობის შენარჩუნების სტრატეგიები აქციის დროს.
აქციის დაშლა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით სტამბოლში.
ფოტო: EPA
„ფიზიოლოგიური სითხეები გავამზადეთ და დავარიგეთ. ნიღბები და სათვალეები შეგროვდა. სოლიდარობა იგრძნობა. დამიკავშირდა ერთი ფარმაცევტი, იმ ატრიბუტებს მოგაწოდებთ, რაც აქციაზე შეიძლება დაგჭირდეთო”, - იხსენებს არმანი.
ერდოღანის ხელისუფლება უნივერსიტეტის რექტორებს თვითონ ნიშნავს. ეს აკადემიის კრიტიკული კერების კონტროლის ხელსაწყოა. ODTÜ-ს რექტორიც პრეზიდენტის დანიშნულია. თუმცა, მისგან წამოსულ ყოველ შეზღუდვაზე მაინც ცოცხლდება ხოლმე სტუდენტური წინააღმდეგობის ენერგია ისევე, როგორც, ODTÜ -ს უფროსი თაობების მეხსიერება: მიუხედავად იმისა, რომ სწავლა წლების წინ დაასრულეს, ისინი ინარჩუნებენ კავშირებს უნივერსიტეტთან და სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან ახლანდელ სტუდენტებს.
„შარშან, როცა სტუდენტური ფესტივალის შეზღუდვას ვაპროტესტებდით, დიდხანს ვიყავით დაბანაკებული რექტორატთან. უფროსი თაობის წარმომადგენლები გვეკონტაქტებოდნენ, გვეხმარებოდნენ ფინანსურად, ფიზიკურად… ზოგიერთმა საჯარო ლექციაც ჩაატარა”, - იხსენებს არმანი.
დღეს ამბოხებულთა მოტივაციაზე მოქმედებს 2013 წლის საპროტესტო გამოცდილებაც, როცა სტამბოლის ცენტრში მდებარე გეზი პარკის გადასარჩენად გამოსულებზე პოლიციის ძალადობას მთელ ქვეყანაში საყოველთაო დემონსტრაციები მოჰყვა. ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ მაშინდელი პროტესტის ჩახშობა და ზოგიერთი მონაწილის სამაგალითოდ დასჯა შეძლო, დიდი ძალისხმევა გასწია ქუჩის პროტესტის, როგორც უკმაყოფილების გამოხატვის ფორმის კრიმინალიზებისთვისაც.
თუმცა ფაქტია, რომ გეზის მემკვიდრეობა ახლა მაგალითს წარმოადგენს არმანისა და მისი მრავალი თანატოლისთვის; მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ახლოსაც არ იყვნენ ზრდასრულობის ასაკთან.
„გეფიცებით, გუშინ სიტყვა „გეზი” 500-ჯერ მაინც ვახსენეთ. ყოველთვის ვუბრუნდებით გეზის, ვიაზრებთ, რა გააკეთეს მისმა მონაწილეებმა, არქივებს ვნახულობთ... თავიდან ვსწავლობთ, ვაანალიზებთ, რა მოხდა მაშინ’’, - ამბობს ის.
არმანს ახარებს მასობრივი პროტესტის ქუჩებში დაბრუნება. თუმცა, ამბობს, რომ აფიქრებს მოძრაობის სიჭრელე ისევე, როგორც თურქეთის პოლიტიკის.
„მაგალითად, ბევრი ნაციონალისტი გვყავს, რომელთაც შეუძლიათ თქვან, ჩვენ უნდა წარვუძღვეთ პროტესტსო. ანდა ზოგიერთი ამბობს, არ ესროლოთ ქვა პოლიციას… ძალიან გამაბრაზა ამან: წიწაკის სპრეით გვიტევენ, წყლის ჭავლს გვიშვერენ და ჩვენ ქვა არ უნდა ვესროლოთ?”.
მაგრამ, საბოლოოდ, პროტესტის საერთო მიზნიდან გამომდინარე ამ აზრთა სხვადასხვაობას იტანს.
„ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ არაფერს წარმოვადგენთ, თუ არ გავერთიანდით. მინდა, ყველამ დაინახოს, რომ დიდი სისტემები, მთავრობა, კაპიტალიზმი, გვყოფს. მინდა, დავანახო ადამიანებს, რომ ქურთებისადმი სიძულვილია თუ ლგბტ ადამიანების მიმართ შიში, უბრალოდ თავსმოხვეული პროპაგანდისტული მესიჯებია – მათ ასე დააჯერეს, რომ უნდა ეშინოდეთ. ამის ჩვენება მინდა”.
არმანს არ აქვს მოლოდინი, რომ ცვლილებები სწრაფად მოხდება, განსაკუთრებით იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც თავად წარმოადგენს.
მომავლის წარმოდგენა მიჭირსო, ამბობს, მაგრამ არ ჩერდება.
„რა თქმა უნდა, მეშინია. მაგრამ ან ახლა, ან არასოდეს. როცა ამხელა მოძრაობა დავიწყეთ, უნდა გავაგრძელოთ და გავაფართოოთ. მე ხალხმრავლობაში ყოფნაზეც შფოთვა მეწყება. ზოგჯერ, მაგალითად, სახლის წვეულებებზე, ნაბიჯსაც ვერ ვდგამ ხოლმე. მაგრამ მიუხედავად შფოთისა თუ შიშისა, ვფიქრობ სახალხო სიკეთეზე; ჩემი თემის, ქვიარების, ჩემი მეგობრების, თურქეთის ხალხის კეთილდღეობაზე. ჩემს თავს ვახსენებ, რატომ ვდგავარ აქ და ვცდილობ მაინც, რომ შიში და შფოთი სიმხდალედ არ მექცეს”.
სერა
უფრო მშვიდი ცხოვრება რომ ჰქონოდა, სერა პოლიტიკით არასდროს დაინტერესდებოდა, “მაგრამ ახლა ეს არჩევანი აღარ გვაქვს”, - გვეუბნება ის.
ამიტომაც გავიდა აქციაზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დედაქალაქიდან 500 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ადანაში, სადაც ახლა ცხოვრობს. ცხოვრებაში პირველ პროტესტს თანმდევი დისკომფორტი ახლდა.
„პირველ დღეს მრცხვენოდა, ხმადაბლა ვიმეორებდი სლოგანებს, მაგრამ მეორე დღეს, ღმერთო ჩემო, არც ვიცოდი, ამდენ ხანს თუ შემეძლო ყვირილი!” - გვიყვება საკუთარი თავით გაკვირვებული სერა. თუმცა, ამ დღეებში მხოლოდ თავისი ხმის ტემბრს არ გაუკვირვებია:
“ცხოვრებაში პირველად ვნახე, როგორ იბრძვის რაღაცისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი ადამიანი ერთად: ლგბტ ადამიანები, მემარჯვენეები, მემარცხენეები, ქურთები, რელიგიური ხალხი, ახალგაზრდები, ბავშვები, სხვადასხვა კულტურული კუთვნილების მქონე ადამიანები…”
იმასაც გვიზიარებს, რომ ამ ამბავს ერთბაშად არ გაუბედნიერებია. მაგალითად, არაკომფორტულად გრძნობდა თავს, როცა მის გვერდით მიმავალი ზოგიერთი დემონსტრანტი ნაციონალისტურ სიმბოლიკას აჩვენებდა.
1) „თუ ჩვენ დავიწვებით, თქვენც - ჩვენთან ერთად“ 2) „გოგოები ვითხოვთ სამართალს“
ფოტო: Instagram/Fayn Studio
„იმასაც კი ვცდილობდი, ცოტათი მოშორებით მევლო, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ სწორედ ეს არის ის – პოლარიზაცია და გაუცხოება – რასაც მთავრობა ცდილობს. და დისკომფორტს ვაჯობე”.
23 წლის სერა ადანის ჩუქუროვას უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე სწავლობს და ბაკალავრიატს მიმდინარე წელს ასრულებს. ინგლისურის მასწავლებლობა სურს, თუმცა მომავალზე ლაპარაკი მასაც უჭირს:
„როგორც ახალგაზრდა და როგორც ახალგაზრდა ქალი, როგორც სტუდენტი, დაკარგულად ვგრძნობ თავს”.
ეს ნათქვამი სერას მრავალი თანატოლის სატკივარს გამოხატავს. სოციოლოგიური კვლევების კომპანია Konda-ს გასული წლის კვლევით, თურქეთის 15-დან 24 წლამდე მოქალაქეების 56% ამბობს, რომ საზღვარგარეთ იცხოვრებდა, შანსი რომ ჰქონდეს. 71% განათლებით კმაყოფილი არ არის. 39%-ს - უფრო მეტ ქალს, ვიდრე კაცს, არ აქვს მომავლის იმედი.
„მმართველი პარტია ყოველთვის იმაზე ლაპარაკობს, რა კარგად მივდივართ, როგორ ვვითარდებით, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და სულელები არ ვართ, რომ დავიჯეროთ”, - ამბობს სერა.
ლირის კრიზისმა, ინფლაციამ და ფასების ზრდამ ყველაზე მეტად თურქეთის დიდ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ საშუალო კლასს დაარტყა. ეს პირდაპირ აისახა სტუდენტების ისედაც ხარჯიან ყოველდღიურობაზე: “ფუფუნებაა ჩვენთვის, ყველასთვის კაფეში ყავაზე დაჯდომა, დასასვენებლად წასვლა, კინო და კონცერტი”.
სერას უნივერსიტეტს პოლიტიკური აქტივიზმის დიდი ტრადიცია არ აქვს. პირველად აქციაზე მარტოს მოუწია წასვლა, თუმცა მოგვიანებით, მეგობრებიც შეუერთდნენ:
„იქამდეც მქონდა მიზეზები, თუმცა მეშინოდა. ექრემ იმამოღლუს დაპატიმრება კი ბოლო წვეთი იყო”.
სერა ამბობს: „23 წლის ვარ და არასდროს მინახავს სხვა პრეზიდენტი. მხოლოდ ის… ვერ გააკრიტიკებ, ვერ შესთავაზებ ალტერნატიულ გზას. და მხოლოდ ჩვენ კი არ ვართ ასე, თავად მის პარტიაშიც ეს ხდება”.
მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა სერას პერსონალურად ეხება: 2021 წელს თურქეთი გამოვიდა სტამბოლის საერთაშორისო კონვენციიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ერდოღანის პარტიის წევრთა მხრიდან კრიტიკა, ამ დოკუმენტის ისლამურ ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ.
„ერდოღანი სულ ამბობს, ჩვენი კანონები საკმარისია ქალების დასაცავადო, მაგრამ ასე არ არის და ჩვენ ამას ვხედავთ. ფემიციდის რიცხვები და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ფორმით, განსაკუთრებით კი, ონლაინ სულ იზრდება.
განსაკუთრებით, კაცები გააბედნიერა ამ ცვლილებამ. აშკარად ძალადობრივი და მუქარის ტონით სვამდნენ კითხვას: აბა, ახლა ვინღა დაგიცავთო”, - ამბობს სერა და აგრძელებს:
„მათ [ხელისუფლებას] „ტრადიციული” ქალი უნდათ ამ ქვეყანაში: არ უნდათ არავინ, ვინც ფიქრობს, საუბრობს, მოქმედებს, კრიტიკულ აზრს გამოთქვამს… ვინც პიროვნებაა, ადამიანია.
ესაა მთავარი მიზეზები, რატომაც მინდა ცვლილება. ასევე, არალეგიტიმური კანონები, რომლებიც [ერდოღანს] შემოაქვს. და აქ ისმის კითხვა: სად ვცხოვრობთ? რესპუბლიკას აშკარად აღარ ჰგავს აქაურობა, ეს უფრო მონარქიაა, ერდოღანი კი მეფის მსგავსი ვიღაც, თანაც, მატყუარა”.
სერა რელიგიური ოჯახიდანაა. კარგა ხნის განმავლობაში, თავისი და მშობლების პოლიტიკური მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდებოდა. თუმცა, როგორც ამბობს, ვითარება ნელ-ნელა იცვლება:
„რეალურად, მამაჩემმა ერდოღანის მხარდაჭერა ხუთიოდე წლის წინ შეწყვიტა… მითხრა, ბრმა უნდა ვიყო, მისი შეცდომები რომ ვერ დავინახოო. ბრმა უნდა ვიყო, ვერ დავინახო, როგორ მანიპულირებს, როგორ იტყუება, როგორ ცდილობს, რელიგიის კარტით მოიგოს ხალხის გულიო”.
მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ერდოღანზე, მის მშობლებს მაინც მოეთხოვებათ, პრეზიდენტის მხარდაჭერა, რადგან ორივე საჯარო მოხელეა.
„მაგალითად, მაინც მოუწიათ, მისი ფოტოები გაეზიარებინათ სოციალურ მედიაში. აძალებენ. მამაჩემმა მითხრა, ყოველ კვირას სათითაოდ გვამოწმებენ და თუ აღმოაჩინეს, რომ რაიმე არ გაგიზიარებია, ან სხვებზე ნაკლები გააზიარე, ამას მოჰყვება საუბარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან “ჯარიმით”, ან უფრო ცუდ ადგილას სამუშაოდ გაგზავნით მთავრდება”.
სერა CHP-ს ამომრჩეველია, რადგან ეს არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და მომავალშიც მას მისცემს ხმას, რათა ხელისუფლება შეიცვალოს. თუმცა დაპატიმრებული მერის პარტიისგან მეტს ითხოვს.
„პირველ დღეს… ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაცას ვზეიმობდით. სიმღერებს მღეროდნენ. იმ გამარჯვების აღნიშვნას ჰგავდა, რომლისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. და თუ არ იმოქმედებენ და მხოლოდ იყვირებენ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, ეს ამბავი არც დასრულდება გამარჯვებით”, - გვეუბნება ის.
აქვს სხვა შიშებიც: მაგალითად, რა მოხდება, შემდეგ არჩევნებში იმამოღლუმ რომ გაიმარჯვოს, მაგრამ მისი ამჟამინდელი, “ინკლუზიური და მიმღებლური” რიტორიკა ისეთივე ყალბი აღმოჩნდეს, როგორც ეს ერდოღანის შემთხვევაში იყო?
აქციის მონაწილეები აჩვენებენ ნაციონალისტურ ჟესტს სტამბოლის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე.
წყარო: Mehmet Kacmaz for Getty Images.
მაგრამ პროტესტის გარდა სხვა გზა არ წარმოუდგენია და სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც ახსენებს:
„ღრმად არ გავცნობივარ, თუმცა ინსტაგრამიდან და ახალი ამბებიდან შთაგონებული ვიყავი თქვენით, ქართველებით და სერბებით არამარტო მე, არამედ, ვფიქრობ, ბევრი სხვაც ამ აქციებზე. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, რის გამოც ხმა ამოვიღეთ, რადგან ვხედავთ, როგორ ხმამაღლა საუბრობს ხალხი სხვა ქვეყნებში და ზოგჯერ ახერხებენ კიდეც სიტუაციის შეცვლას”.
როგორც მომავალი მასწავლებელი, ოცნებობს ხარისხიან, ინკლუზიურ და „მეცნიერებაზე ორიენტირებულ” განათლების სისტემაზე ისევე, როგორც, სახელმწიფოზე, „სადაც კანონზე მხოლოდ კი არ ვსაუბრობთ, არამედ რეალურ ცხოვრებაში ვხედავთ”.
ეგე
სტამბოლში, სულთანაჰმეთის ისტორიულ უბანში მცხოვრები ეგე იმ მომავლიდანაა, რომელზეც არმანი და სერა ღელავენ. 27 წლის არის, აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობით, თურქეთის გარდა, კიდევ ორ ქვეყანაში ისწავლა, სამ ენაზე საუბრობს, თუმცა კვლავაც უშედეგოდ ეძებს სამსახურს.
„განგრევს ადამიანს ასეთი იმედგაცრუება. ამიტომ ვცდილობ უკონტრაქტო სამუშაოების პოვნას: ტურიზმში, პროექტების მენეჯმენტში… ვცდილობ, [ფინანსურად] უფრო დამოუკიდებელი ვიყო, რადგან არსებულ ფასებს სხვანაირად ვერ გავუმკლავდები”, - ამბობს ის.
ეგეს აზრით, თურქეთში არც არჩევნების და არც სხვა დროს ახალგაზრდების საჭიროებები არავის ადარდებს:
„აღქმულნი ვართ, როგორ სტატისტიკა, ციფრები. ამიტომაც იყო, რომ აქციების დროს ადამიანებმა შეძახილები შეაგებეს ოპოზიციის ლიდერს [ოზგურ ოზელს] და თავიანთი ადგილი მოითხოვეს. მოითხოვეს, მისცემოდათ საუბრის, ხმის ამაღლების საშუალება”.
იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ სტამბოლის მერიის წინ გამართულ აქციებზე CHP-ს თავმჯდომარეს ხალხი მართლაც უყვიროდა:
„ოზგურ, ჩამოდი, შეისუნთქე წიწაკის სპრეი!”
„ჩვენ პროტესტზე მოვედით და არა შეკრებაზე!”
ხმაური ძირითადად იმ ახალგაზრდების მხრიდან ისმოდა, ვინც პოლიციასთან შეტაკებებში იყო ჩართული ოზელის სიტყვით გამოსვლების პარალელურად.
სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა ამავე სტატისტიკის თანახმად, 2.48 მილიონ ადამიანს დაკარგული აქვს სამსახურის შოვნის იმედი.
პროტესტებამდე ეგე საჯარო მოხელეობას უმიზნებდა ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, რომლის დასახელებისგან თავს იკავებს. ფიქრობს, რომ აქციაზე გასვლამ ამ პერსპექტივას, შესაძლოა, დააშოროს.
„მრავლად არის სათვალთვალო ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, მოედნებზე. ამიტომ გადავწყვიტე, ნიღბით დამეფარა სახე, რათა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას არ ამოვეცანი. ვიცი, რომ ასეთ ტექნოლოგიას იყენებენ”.
თუმცა, შფოთვას თან იმედიც ახლავს:
„ეს მაშინ ვიგრძენი, როცა სეკულარულ სლოგანებს ვსკანდირებდი სტამბოლის მერიასთან, ფათიჰის – ამ კონსერვატიული დასახლების ცენტრში. ძალიან კარგი გზა იყო იქ გასვლა და სკანდირება იმის გასაცხადებლად, რომ დიახ, ჩვენ აქ ვართ”.
ეგე დასძენს, რომ მოქმედი ხელისუფლება არ გამოხატავს მისი და სხვა „განათლებული, სეკულარული ადამიანების ინტერესებს, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ". მის ამ ნათქვამს, იდეოლოგიურის გარდა, ეკონომიკური განზომილებაც აქვს:
„ეკონომიკური კრიზისის შედეგებს გაცილებით მწვავედ განვიცდით, ვიდრე სოფლად. სოფლად თუ ცხოვრობ, ესე იგი, ფლობ სახლს, გაქვს პატარა ბაღი, თავად მოგყავს საბაზისო საკვები… მაგრამ თუ დიდ ქალაქში ცხოვრობ, ავტომატურად დამოკიდებული ხარ სერვისებზე, ფასებზე მაღაზიებში…”
ეგეს მიერ ნახსენებ დიდ ქალაქებში CHP-მ თვითმმართველობის შარშანდელ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც თან დაერთო მისი მოულოდნელი წარმატება მოქმედი ხელისუფლების მუდმივი მხარდაჭერით ცნობილ არაერთ პროვინციაში. შედეგად, ერდოღანის 22-წლიანი მმართველობის ისტორიაში პირველად, მისი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” (AKP) არჩევნებში დამარცხდა. ის მეორე ადგილზე გავიდა CHP-ს შემდეგ.
თუმცა ახლა, როცა ერდოღანის მთავარი კონკურენტი იმამოღლუ ციხეშია, ეგემ იგრძნო საფრთხე, რომ მომავალში შესაძლოა ვეღარ მიაღწიონ ცვლილებს არჩევნებით.
სჯერა, რომ სტამბოლსა და სხვა ქალაქებში ერთმანეთისგან განსხვავებული მოქალაქეები სწორედ არჩევანის უფლების დაკარგვის შიშმა გააერთიანა.
„ვფიქრობ, ერდოღანის ოცნებაა, შექმნას რუსეთის მსგავსი სისტემა… არ მგონია, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის გაუქმებისკენ იყოს მოწოდებული, თუმცა სურს, უფუნქციო გახადოს ისინი ისე, რომ ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ [არჩევნებში] მონაწილეობის სურვილი”.
ეგესთვის პროტესტი უცხო არ არის. ის სტამბოლის ბოღაზიჩის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია: თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ლიბერალური ღირებულებებით ცნობილი უნივერსიტეტისა, რომლის ისტორიული კამპუსიც ბოსფორს გადაჰყურებს. 2021 წელს ერდოღანმა იქაც თავად დანიშნა რექტორი, რასაც ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა სტუდენტებისა და ლექტორების მონაწილეობით. დემონსტრაციები და პერფორმანსები, ძირითადად, კამპუსის ტერიტორიაზე იმართებოდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, იყო ქუჩის პროტესტიც.
ბოღაზიჩის პროტესტისადმი სახელმწიფოს ხისტი პასუხი მაგალითია იმისა, როგორ მწვავედ აღიქვამს ერდოღანის ხელისუფლება ნებისმიერ სოციალურ პროტესტს, თუნდაც მას ნაკლებად ჰქონდეს გაფართოების პერსპექტივა. 2021 წლის განმავლობაში პოლიციამ სტუდენტები არაერთხელ დაარბია და ასობით მათგანი დააკავა, რომელთაგან ზოგიერთს თვეობით მოუწია ციხეში ყოფნა.
ეგე იმ დროს ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე სწავლოდა.
„ერდოღანის რექტორის მოსვლამ პირდაპირ მოახდინა გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე, საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა. სხვებმაც შეიტანეს განცხადებები სამაგისტრო პროგრამებზე განსაკუთრებით ევროპის უნივერსიტეტებში”, - იხსენებს ეგე.
იმაზე საუბრისას, თუ როგორ მივიდა თურქეთი იმამოღლუს დაკავებამდე, ეგე ახსენებს ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკას ქურთებისადმი.
ის საუბრობს ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში პირდაპირი წესით არჩეული ქურთი მერების აწ უკვე რუტინულ დაკავებებზე ერდოღანის მმართველობის მეორე ნახევარში. ხელისუფლება ყველა მათგანს ტერორიზმთან (ქურთისტანის მუშათა პარტიასთან - PKK) კავშირებს ედავება და დაკავების შემდეგ ცენტრიდან გაგზავნილი პირებით ანაცვლებს.
CHP, როგორც წესი, ნაკლებად გამოირჩეოდა ქმედითი ნაბიჯებით ერდოღანის ამ პრაქტიკის წინააღმდეგ. ამას ნაწილობრივ განაპირობებდა ქემალისტური ნაციონალიზმის ფაქტორი და CHP-ს ისტორიულად ხისტი დამოკიდებულება ქურთული საკითხის მიმართ. აღნიშნულს თან ერთვოდა ერდოღანის ხელისუფლების მიერ ქურთული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მუდმივად გაიგივება ტერორიზმთან, რის გამოც მერების დაკავების ხმამაღლა დაგმობისგან ბევრი იკავებდა თავს.
ფოტო: EPA
ეგე მიიჩნევს, რომ ქურთების საკითხისადმი დანარჩენი ოპოზიცია უფრო სოლიდარულიც რომ ყოფილიყო, დიდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი კომპრომისზე მაინც არ წავიდოდა. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ საერთო გულგრილობამ ხელისუფლებას უფრო ფართო გასაქანი მისცა.
„მგონია, რომ სეკულარი მოქალაქეები და მათ შორის, მეც, რაღაც მხრივ ინდიფერენტულები ვიყავით ქურთების თავს დამტყდარი ამბებით. ეს კი მთავრობამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა… პროცესი დაიწყეს ყველაზე სუსტი რგოლებით [ქურთებით], მათი მარგინალიზების გზით, შემდეგ კი თავის მიზანს მიაღწიეს [იმამოღლუს დაკავებით]”, - ამბობს ეგე.
ეგე არ ერიდება იმის თქმას, რომ ნაციონალიზმთან გრძნობს ბმას იმ გაგებით, რომ ნაცია-სახელმწიფოების გაჩენამ დემოკრატიული რეფორმები მოიტანა. “ამ კუთხით ვამბობ, თორემ ისე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გვჭირდება ქურთების ხმები და სხვებისაც”.
მისივე თქმით, ქურთების საკითხზე დისკუსია ბოღაზიჩის აქციების დროსაც იყო. კერძოდ, ისმოდა კითხვა, პროტესტის დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო თუ არა არასაუნივერსიტეტო საკითხები, მათ შორის, ქურთების თემა. იხსენებს, რომ უმრავლესობამ არჩია, პროტესტი აკადემიურ თავისუფლებაზე ფოკუსირებულიყო, რათა საზოგადოებაში სტუდენტებისადმი მხარდაჭერა არ განელებულიყო.
ეგე CHP-ს ამომრჩეველია, თუმცა არ ფიქრობს, რომ პარტიის სტრატეგია ყველა მიმართულებით ეფექტურია. მისი აზრით, იმამოღლუს დაკავების შემდგომი წინააღმდეგობისკენ პარტიას, დიდწილად, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა, კონკრეტულად კი, ახალგაზრდებმა უბიძგეს.
„როგორც ვხვდები, ოპოზიციის თავდაპირველი გეგმა იყო ერთჯერადი დემონსტრაციის დაანონსება კვირას, CHP-ს პრაიმერის დღეს. თუმცა, სტუდენტებმა აიძულეს ოპოზიციის ლიდერები, შვიდი დღით გაეგრძელებინათ პროტესტი… ამიტომაც ვაყენებ სტუდენტებს ამ მოძრაობის ცენტრში”, - დასძენს ეგე.
ის ერთ-ერთია CHP-ს იმ კრიტიკოსთა შორის, რომლებიც არ ეთანხმებიან პარტიის ხანგრძლივ პოლიტიკას, აერიდებინა თავი ქუჩის აქციებისთვის და მთელი რესურსის საარჩევნო პროცესისკენ მიემართა:
„მათი გზავნილი იყო, რომ თუ კარგი კანდიდატი ეყოლებოდათ, ერდოღანს მოუგებდნენ. თუმცა ახლა ხალხი ხვდება, რომ ასე არ იყო საქმე, რადგან ერდოღანი აკონტროლებს სასამართლო სისტემას, მის ხელშია აღმასრულებელი ხელისუფლებაც და პარლამენტშიც მას აქვს უმრავლესობა. უძლური ხარ”.
ეგე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერის ტონი ახლა უფრო “მტკიცეა”, თუმცა სვამს კითხვას, არის ეს საკმარისი ოპოზიციასა და ახალგაზრდებს შორის უფსკრულის ამოსავსებად?
ვერც საკუთარ მომავალზე საუბრობს დარწმუნებით. სურს, რომ თურქეთში იცხოვროს, თუმცა სტაბილური სამსახურის გარეშე გაუჭირდება. არც შეფასების იმ სისტემას ენდობა, რომელიც საჯარო სექტორში მოსახვედრადაა საჭირო.
„ისინი ერთგულ ტიპებს ეძებენ და ამიტომ ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი მუშაობს სამთავრობო უწყებებში”, - ამბობს ეგე და თავში ათასი კითხვა უტრიალებს:
იქნებ ბოლოს მაინც მოახერხოს და დასაქმდეს იქ, სადაც სურს? ან იქნებ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წასვლა სჯობს? რა მოხდება, მისი პოლიტიკური პოზიციების შესახებ სახელმწიფომ რომ იცოდეს? იქნებ არც ეს ინტერვიუა უსაფრთხო?
ვთანხმდებით სრულ ანონიმურობაზე ისევე, როგორც სერასთან და არმანთან. ბოლოს, ვთხოვ, გაგვიზიაროს ოცნებები მისთვის სასურველ თურქეთზე:
„ესაა დემოკრატიული თურქეთი. თურქეთი ნეპოტიზმის გარეშე”.
...
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს 2 000-მდე მეტი ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტს კი - მათ შორის, სტუდენტებს - წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სტუდენტები პროტესტს სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი სასწავლო პროცესის ბოიკოტია. ამასთან, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლებასთან ასოცირებულ კომპანიებს და უარს აცხადებენ მათი პროდუქციის მოხმარებაზე. კამპანიის სამიზნე ობიექტების სია პერიოდულად ახლდება.
გირჩევთ

დღეს პარასკევია - აგენტები არიან...
12.06.2024