გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზურა ჯიშკარიანი თანაფა რომანი რეცენზია კიბორგის დატირება ქეთი ჩართოლანი

ზურა ჯიშკარიანის კიბორგის დატირება (ყოვლისა აღდგომისა მოლოდინში)

მე პოეტებში მეამბოხე და ურბანელი,ჩემს უნებურათ ვინახავ მთვარეს,
მთვარეს ავადმყოფს, ნაცრის ფიფქიანს“
.

- სიმონ ჩიქოვანი


არის ტექსტები, რომელთაც სამოსივით ირგებ, განცდილს არეკვლინებ, ნააზრევს ადასტურებინებ. და არის წიგნები — ცოტა წიგნია — გადამდები, შიდა ნაკადების ამმღვრევი, ფიქრთა რიტმების შემცვლელი, ქაოსის შემტანი, კოსმოსის გამტანი. მათ შორისაა ზურა ჯიშკარიანის „თანაფა“, შელოცვა ყოველთა აღსადგომად.

მზე როცა ქრება, ცეცხლი ინთება.  

მკითხველო, აირჩიე შენი ქარაქთერი. დარვინი, ფუკო ან ჰარავეი.

მოთამაშე I: შენ ხარ ევოლუციური წრფე ციკლურობის საწინააღმდეგოდ. შენ ხარ ნახტომი უთავბოლო.

მოთამაშე II:  შენ ხარ სხეული ძალის საწინააღმდეგოდ. შენ ხარ ძალა საწინააღმდეგო.

მოთამაშე III: შენ ხარ მდგომარეობა ყოფნის საწინააღმდეგოდ. შენ ხარ ხორცგანსხმულობა უსაზღვრო.

ბოლო ტურის ურჩხულად კი დაამარცხე ალგორითმი.

ალგორითმი ძლიერია. ის საზღვრებს აწესებს და ამ საზღვრებს შიგნით მათი გარღვევის ილუზიათა უსასრულო სცენარებს ყოველწამიერად აგენერირებს.

ასეთია „დასავლური აზრის“ ალგორითმიც, რომელსაც „თანაფაში“ ძლევს ჯიშკარიანი. ის ამხელს საზღვრების დაძლევის თავმოგიჟიანებულ ილუზიებს, რომელთა შირმის მიღმა რაციონალური, სკრუპულოზურად სტრუქტურირებული ლოგიკა მოჩანს. ის ამ უკვე თავისთავად ახირებულად ნაშენ სტრუქტურას იყენებს ბაზისად და ზედ თბილისურ  ქაოსს, საიათნოვასეულ თავხედ რომანტიზმს აშენებს.

რომანტიზმის სიმბოლო, მთვარე, ჯიშკარიანისთვის ღრუბელია, როგორც ამბივალენტურად ბუნებრივ-რომანტიკული, ტექნიკურ-აპოკალიფსური და ციფრულ-პოსტჰუმანური.

„თანაფაში“ მზის კუბოს მზიდავი ქალები ქალაქებს ტოვებენ. ბავშვებს არ აჩენენ. კაცებთან არ რჩებიან. ქალები მიდიან და დაბოღმილი მამები მარცხდებიან.

და როცა დედები შვილებს უარყოფენ, მხოლოდ ქალბატონ პერსონადიზაინერსღა დარჩენია ცნობიერების დაბადება მისთვის სიკვდილის ნიჭის მიცემით.

და რადგან არ არსებობს სიკვდილი უსიცოცხლოდ, რადგან მზე კვდება აღსადგომად, ზურა ჯიშკარიანის დატირება-შელოცვა ასეთია: ნეტავ, არასდროს გადაგვქართულდეს ხმით გლოვის საკრალური აქტი, რომლის შინაარსს ვერ ხვდები, მაგრამ გრძნობ.

ავტორი: ქეთი ჩართოლანი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა