თანაფა | ალექს ჩიღვინაძის რეცენზია
საუკუნე არა, მაგრამ თითქმის უკვე 20 წელია, რაც მის ტექსტებს ვადევნებ თვალს. თავიდან იყო მისი ლექსები (საკონტროლოს რვეულივით თხელი, მწვანე წიგნი, ნაივური ნახატით ყდაზე, ბიჭი ნაჯახით და ყვავილით ხელში. ეს წიგნაკი დღემდე ჩემს საყვარელ ქართულ პოეტურ კრებულად რჩება), სიმღერების ლირიკა, ბლოგები, სტატიები, თარგმანები. შემდეგ მისი ტექსტები გაიშალა რომანებად.
ტექსტები, რასაც ზურა წერდა და ჭერში აწყობდა, ჩეხდა და აერთებდა ხმებს, უკუნ ხმებს, როგორც ლორკა ეძახდა, რომელთა მიღმაც ჩვენ ვაგნებთ „მჭიდრო კავშირში მყოფ ვულკანებს, ჭიანჭველებს, ნაზ სიოებს და ირმის ნახტომს, რომელსაც ფერდებზე მიჰკვრია დიდებული ღამე”.
იმ ზღვა მასალიდან, რომლებიც ზურას „ვინჩესტერებშია” დავანებული, წიგნად მხოლოდ ორი რომანია გამოცემული. “თანაფა” იქნება მესამე, თუმცა ტექსტი მხოლოდ ხიდია, დაჩეხილი ხიდი, საიდანაც მოჩანს მდინარე სავსე გვამებით, ფეხიანი თევზებით, ბაგებიანი კოდებით, აქტივაციით, საკრალური აქტებით, გალაქტიკით და ინტერაქტივით. ეს უფრო თემების მონიშვნაა, რაც ახლა აღელვებს და რის გაშლაზეც უფიქრია ან აპირებს.
ზურას მაგნუს-ოპუსი ჯერ არ დაუწერია და მგონია, რომ მალე იქნება, გული მიგრძნობს. რადგან ის იმ ავტორთაგანია, ვისთვისაც წერა აუცილებლობაა. მის ტექსტებში იკითხება არა ის თუ რა სწამს, არამედ როგორ სწამს. ჩვენ ერთად გვიმუშავია სცენარზე, ქოფირაიეთერებად და აი, რეკლამის ტექსტსაც კი იმდენად ზედმიწევნით გულმოდგინედ წერდა, რომ გეგონებოდა კატეგორიულად არ ეთანხმება, ღორებისთვის მარგალიტების არ დაყრის ქედმაღლურ, მაგრამ საკმაოდ გონივრულ რჩევასო.
მისი ტექსტების კითხვისას, არ გტოვებს განცდა, რომ მას ეს სჭირდება გადარჩენისთვის და ფაქტია ამ ლიტერატურულმა თერაპიამ იმუშავა. იმიტომ რომ მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ისეთი განსაცდელი, თვითდესტრუქციოლობის პერიოდი მახსენდება, საიდან გამოძრომასაც ბევრი ვერ შეძლებდა. გარდა ამ ლიტერატურული თერაპიისა, თუ დააკვირდები მას სხვადასხვა სიტუაციაში, იქნება ეს ჩაბნელებულ ოთახში, როგორც პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულის კედელზე ხატვისას, ველურივით მოცეკვავე, ლაივებზე, შამანივით ზუსტად რომ გრძნობდა აუდიტორიის გულისფეთქვას, თუ ჩახედავ თვალებში, დილაო, ჰოუ დილაო, მიხვდები, რომ ის ნაღდი მეომარია, უშიში, ვითარცა უხორცო. ეგეთების შესახებ კოცონებთან ჰყვებოდნენ ჭორებს, როცა ისმოდა მგლის ყმუილი და უდაბნოს სუნთქვა მოჰქონდათ ქარებს.
ზურა ჯიშკარიანი იმ იშვიათ გამონაკლისებიდან არის, ვისი კითხვაც წერის სურვილს მიჩენს, ენასთან ხელჩართული კონფლიქტის დროსაც კი.
მისი ახალი ტექსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად ვხსნი ახალ ფაილს და ვამბობ, რომ თუ სიტყვებისგან ასეთი ზეიმის მოწყობა შეიძლება, მაშინ მეც მინდა ამ ზეიმის ნაწილი ვიყო.