ხედვა, ნდობა და კულტურის პოლიტიკა საქართველოში | საუბარი ირინე სურმანიძესთან
2023 წლის 10 აგვისტოს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი, ქეთევან დუმბაძე დანიშნა მწერალთა სახლის დირექტორად – ამბავმა განაახლა და გაამძაფრა საუბრები ქვეყანაში კულტურის პოლიტიკის ირგვლივ; პარალელურად მწვავე პროტესტია კინოცენტრში დაანონსებული რეორგანიზაციის წინააღმდეგ; იქამდე იმავე პროცესების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა აგორდა მუზეუმებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან. თვალსაჩინოა მოვლენათა ერთიანობა, საერთო სურათი და პროცესი, რომელიც ადვილად ამხელს წინასწარ ჩანაფიქრს, პოლიტიკურ მოტივებს. ბევრი კითხვა დაისმის, ძირითადად – ვინ?: ვინ გაათავისუფლა? ვინ გაათავისუფლეს? ვინ დანიშნა? ვინ დანიშნეს?; მოქმედი ფიგურანტები, სუბიექტები, ინდივიდები და უფრო ნაკლებად – რა?.
რა კონკრეტული ისტორია თუ გამოცდილება არსებობს წარსულში და რა კონკრეტული სტრატეგია თუ გეგმა შეიძლება არსებობდეს მომავალში, მარტივად, როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა საქართველოში – ვეკითხებით კულტურის მენეჯერს, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორის რეზიდენტს, ირინე სურმანიძეს, რომელიც 2011-2015 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და შემდგომ წლებშიც ბევრი პროექტის მენეჯმენტსა და სტრატეგიის დაგეგმვაში მიუღია მონაწილეობა.
...
საქართველოში კულტურის პოლიტიკის ტრადიცია საბჭოთა კავშირიდან მოდის. საბთოთა ხელისუფალი კულტურას საკუთარი ვიწრო თუ ფართო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ყველაფერი გამართულად მუშაობდა მაშინ, აწყობილი სისტემა წინასწარ გაწერილ შედეგებს დებდა,თუმცა თავად ინდუსტრიაზე დამანგრეველი შედეგები ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოლიტიკა ერთ სამინისტროში იწერებოდა, პარტიული მიზნების აბსოლუტური გათვალისწინებით. მას შემდეგ, საქართველოში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.
დღესაც მინისტრი კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელად ნიშნავს პარტიის წევრს და ნებისმიერი მსჯელობა აქ კარგავს აზრს. საუბრობენ ქეთი დუმბაძის პიროვნებაზე, მის შეცდომებზე, ვის დაუჭირა მხარი, ვის - არა; არავის უხსენებია, რომ ეს ქალი პარტიის წევრია, რაც სრულიად საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ კრიტიკული კითხვები დაისვას.
კულტურის წარმომადგენელთა ნაწილიც ვერ ხედავს რეალურ პრობლემას - ჩვენ დღეს პიროვნებებზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ - რეფორმებზე, ცვლილებებზე, კულტურის პოლიტიკის დაცვაზე.
01. დაფინანსება
მახსოვს სამინისტროში რომ დავიწყე მუშაობა, დამხვდა ღონისძიებათა გეგმა. არ არსებობდა სტრატეგია, პროგრამები - არაფერი, მხოლოდ ღონისძიებათა გეგმა და კონკრეტული ბიუჯეტი, რომლის გადანაწილებაც მინისტრის პირდაპირი მოვალეობა იყო – არავითარი კრიტერიუმები და შეფასება.
დღეს აუცილებელია კერძო სექტორიდან დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობაც. შესაბამისი მოდელების პოვნაა საჭირო. არაა აუცილებელი ერთი და კონკრეტული სქემის გადმოღება უცხო ქვეყნიდან. ჩვენ ჩვენი უნიკალური გამოწვევები გვაქვს და სტრატეგიაც სწორედ ამ რეალობას უნდა მოერგოს. თანამედროვე აზროვნებაში არსებობს დიზაინის ცნება (design thinking), რაც სწორედ უნიკალურ და რეალობაზე მორგებულ სისტემას გულისხმობს. მაგალითად, კარგი ინიციატივა იყო „აწარმოე საქართველოში“ – თუკი ამ მცდელობას პოლიტიკურ გავლენებს მოვაშორებთ, ფაქტობრივად, იდეალურ მოდელს მივიღებთ, მხოლოდ პოლიტიკური ნება და ინტელექტუალური მზაობაა საჭირო.
დღეს კი, ორი დაპირისპირებული მხარე ცხარედ მსჯელობს იმაზე, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სიპები. მე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა ფინანსდებოდეს, თუმცა არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. მინისტრი არ უნდა წყვეტდეს ვინ დააფინანსონ და ვინ არა. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებელი მართვის ფორმებზე ფიქრი. დღეს დირექტორები წუწუნებენ მინისტრის კართან, რომ ერთი-ორი შტატი დაუმატონ, რომ ბიუჯეტში ახალი პუნქტები ჩაუსვან, არა რაიმე სტრატეგიისა თუ პროგრამის ფარგლებში, არამედ ისე.
ხედვისა და გრძელვადიანი გეგმების გარეშე მსჯელობა მუდამ სპონტანური, გაუთვლელი და უკონტექსტო გამოდის. არ არსებობს პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის განცდაც, მიდის მხოლოდ მუდმივი ვაჭრობა წვრილმანებზე.
ამ სავაჭრო პროცესში, საბჭოთა გამოცდილების სრული დაცვით, გადამწყვეტია კონტაქტი/კონტაქტები – მინისტრთან ყავის დალევა, ვინ უკეთ ახერხებს ამას, ვის მეტი გავლენა აქვს, ვის უნდა დაარეკინო; ქცევა არ იცვლება.
02. სტრატეგია
საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი კულტურის პოლიტიკის შესახებ გახლავთ სტრატეგია 2025. ამ დოკუმენტზე დიდხანს ვიმუშავეთ, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა იყო. დოკუმენტში პირველად დაზუსტდა ტერმინოლოგია, მასში პირველადაა ნახსენები შემოქმედებითი მეწარმეობაა. ნამდვილად პრეცედენტული დოკუმენტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე იყო ბევრი პრობლემა, რომელიც ვერ გადავჭერით. ასეთი იყო სტრატეგია და მისი განხორციელება, თუნდაც მოკვლევის მეთოდოლოგია, რაც სრული დარღვევით ჩატარდა. მაგალითად, წავიდოდნენ რეგიონებში, ჩაატარებდნენ კრებებს, იტყოდნენ სადღეგრძელოები, ერთი იტყოდა, რომ ეს უნდა, მეორე სხვას დაამატებდა, სამინისტროს წარმომადგენლები ჩაინიშნავდნენ რაღაცებს და ეს იყო მოკვლევა. მოგვიანებით დაიწყეს ფიქრი, იქამდე რა ფესტივალები თუ ღონისძიებები ტარდებოდა, რომ ახალ გეგმაში ისინიც ჩაესვათ და ასე დგებოდა სტრატეგია. საბოლოოდ, ყველაფერი ყალბი და ზედაპირული გამოვიდა.
ერთადერთი ნათელი წერტილი კულტურულ ინსტიტუციებს შორის იყო კინოცენტრი, რომელიც მართვისა და სტრატეგიის თვალსაზრისით შეიძლებოდა, პრეცედენტული ყოფილიყო. თუმცა ხარვეზი იქაც არსებობდა: დირექტორს მინისტრი ნიშნავდა.
კულტურა ყოველთვის გავლენის იარაღი იყო. ამიტომაც მთავრობა არასდროს იმსჯელებს კულტურის დამოუკიდებლობაზე, გავლენასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. არც ერთი მთავრობა არ დათმობს კონტროლის ბერკეტებს. საბჭოთა მექანიზმი ყოველთვის იყო კონტროლზე და არა ღიაობაზე, ხისტი ვერტიკალური სისტემა არსებობდა და არსებობს დღემდე. შეხვალ ნებისმიერი სამინისტროს ვებგვერდზე და ნახავ განყოფილებას, რომელშიც თანამდებობათა იერარქიული ხეა, მინისტრი, მოადგილეები, ქვედა რგოლები – სამარცხვინო და სასაცილო; ინდუსტრიალიზაციის პერიოდის კიბე, ქარხნების მართვისთვის შექმნილი სისტემა.
კულტურა და კონტროლი | მარიამ ნატროშვილი
სამინისტროებში ცინიკურად არიან განწყობილები კვლევების მიმართ, დაახლოებით, ამგვარი დამოკიდებულებაა: თუკი გაქვს ბიუჯეტი და მხარდაჭერა, მიდი და გააკეთე, რად უნდა კვლევა. კვლევა მხოლოდ დროის ფლანგვაა და საქმის ზედმეტად გართულებაა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ დაფინანსებული თუ განხორციელებული პროექტების თვითმიზანიც და შედეგებიც გაუგებარი და ბუნდოვანია ხოლმე, რადგან არაფერი ეფუძნება რეალურ მოცემულობას, ღირებულ გამოცდილებასა და მეცნიერულ ცოდნას.
03. ნდობა
ფინანსური დამოუკიდებლობისა და რეალური სტრატეგიის არქონის გარდა, ქართულ კულტურის პოლიტიკაში მწვავედ დგას ნდობის პრობლემა. ურთიერთობები, ადამიანების ურთიერთმიმართება მხოლოდ კონტროლზე, იერარქიაზე დგას. არ არსებობს სისტემური და ადამიანური ნდობის ფაქტორი.
მახსოვს, სამინისტროში ყოფნისას კინო-ხელოვნების ხელშეწყობისთვის დავიწყეთ პროექტი კინოცენტრთან ერთად, რომელიც აჭარის რეგიონში დიდი კინოწარმოების პროექტების მოზიდვას, მათთვის კომფორტული და ნაკლებად ბიუროკრატიული გარემოს შექმნას მოიცავდა. დაიწყო თუ არა პროექტი, ისე გამოვიდა, რომ პირველივე წელი იყო ძალიან წარმატებული, მაღალი ფინანსური სარგებელი და შესაბამისი შედეგები მივიღეთ.
დამიძახეს კაბინეტში, შევედი, დამხვდნენ მინისტრი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ძალიან შეშფოთებული სახით მეუბნებიან, რომ შენმა პროექტმა 400-პროცენტიანი მოგება აჩვენა: რა მაგარია, მიხარია, მაგრამ რა ხდება? არა, გამორიცხულია, ეს სიმართლე იყოს, ტყუილი იქნებაო.
ისეთი სევდიანი იყო, რომ ადამიანები მზად იყვნენ საკუთარი წარმატება წარუმატებლობად მიეღოთ, ვიდრე დაეჯერებინათ, რომ რაღაც ფასეული შექმნეს.
უნდობლობა ადამიანებს ყოველგვარ ძალას და ენერგიას აცლის, დისფუნქციურ ინდივიდებად აქცევს. ისეთი ღრმაა ეს უნდობლობა, არც ადამიანების გჯერა, არც სისტემას ენდობი, საბოლოოდ საკუთარი თავის რწმენასაც კარგავ.