გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
უკრაინა ომი რუსეთი პოეზია პოეტი

ომი მე მიცნობს, როგორც მოხარშულს | მაქსიმ კრივცოვი

7 იანვარს რუსეთ-უკრაინის ომში 33 წლის ასაკში დაიღუპა პოეტი მაქსიმ კრივცოვი. ის აქტიური მონაწილე იყო ევრომაიდნის პროტესტების და 2014 წელს, როგორც მოხალისე, წავიდა საბრძოლველად დონბასში. შემდეგ გახდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მეტყვიამფრქვევე. 2019 წელს დაასრულა სამხედრო სამსახური, მაგრამ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დაბრუნდა ფრონტზე. 2023 წელს გამოუშვა ლექსების კრებული „ლექსები სათოფურიდან“, რომელიც უკრაინის პენ-ცენტრმა წლის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ კრებულად აღიარა და უკრაინაში ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.

აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე თარგმანს სწორედ ამ კრებულიდან, და შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტრაგიკული გაგრძელება პუბლიკაციათა იმ სერიის, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ „ინდიგოსთვის“ ვამზადებდი: „თანამედროვე უკრაინელი პოეტები ომზე“, „უკრაინული პოეზია ომის კვალდაკვალ“ და „უკრაინული პოეზია ომის კვალდაკვალ - მეორე ნაწილი“.

მე ვთარგმნიდი სხვადასხვა უკრაინელი პოეტის მიერ ფრონტის ხაზზე დაწერილ ლექსებს, მაგრამ მაინც ვერ ვფიქრობდი, რომ ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი პოეტის ლექსების თარგმნაც მომიწევდა.

ეს ყველაფერი ძალზედ მტკივნეულია, მაგრამ ამავე დროს გამაფრთხილებელი სიგნალის მატარებელიც, რადგან სამყარო თანდათანობით მიეჩვია ამ ომს - ნიუსებსა თუ ადამიანთა ცნობიერებაში ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლა. თითქოს სულ გვახსოვს, რომ ეს ომი გრძელდება, მაგრამ წესიერად აღარც გვახსოვს, ის რუტინაში ჩაეწერა და ისე აღარ გვაღელვებს, როგორც დასაწყისში გვაღელვებდა. და ვინ იცის, იქნებ სწორედ იმიტომ კვდებიან პოეტები თავიანთი ლექსებით ხელში ბრძოლებში, რომ შეგვაჯანჯღარონ, რომ შეგვახსენონ: არაფერიც არ დამთავრებულა და პირიქით, რაც უფრო იწელება და ბექგრაუნდში გადადის ეს ომი, მით უფრო საშინელი და უმოწყალო ხდება იგი და აგრესორის წისქვილზე ასხამს წყალს.

მთარგმნელისაგან


* * *
ტარასმა
ტყვიებით დაცხრილულმა
ისე თითქოსდა დაჩხვლეტილმა სიკვდილის ნემსით
მანამდე სანამ
უჩინარი ბიჭები გაცრეცილ კამუფლაჟებში
მოვიდოდნენ მის წასაყვანად
და სხვა მინდორში
ყაყაჩოებით ღიღილოებით მოფენილში
გადასაყვანად
ვაშლის ბალის და ალუბლის
ნარგავებიდან
ხმადაბლა და მშვიდად წარმოთქვა:
"ასე დასრულდა ჩემი ამბავი."
 
ადამიანი მთავრდება ხოლმე
ისე როგორც მთავრდება პური
შორეული გარეუბნის მაღაზიაში
როგორც მთავრდება წყალი ონკანში
მაგისტრალურ მილსადენზე ავარიის დროს
როგორც მთავრდება გაზაფხული
როგორც მთავრდება მარათონელი მორბენლის ძალა
როგორც მთავრდება დღე ყოველი
როგორც მთავრდება სინათლე დენის გამოთიშვისას
როგორც მთავრდება ვაზნები ომში
როგორც მთავრდება ცოლ-ქმარს შორის შეხლა-შემოხლა
როგორც მთავრდება საუბარი
როგორც მთავრდება პაემანი
როგორც მთავრდება მოგზაურობა
როგორც მთავრდება ევქარისტიის დროს ღვინო თასში

ასე რომ
დღეს მე
საბოლოოს არ დავსვამ წერტილს

02.01.2023


* * *
თუ ომი ფილმია
სულაც არაა აუცილებელი
საშინელებათა ფილმი რომ იყოს
ჩემ შემთხვევაში
უფრო მეტად როუდ-მუვია
(ისე თქვენი საყვარელი როუდ-მუვი რომელი არის?)
როცა მიქრიხარ უდაბურ სტეპში
გვერდს უქცევ მთის ქედებს და მიწაყრილებს
კანიონებს გამაგრებულ თავდაცვის ხაზებს
და მზეს მისდევ ქარქვეტასავით მოხეტიალეს
ჩერდები ხოლმე გავერანებულ სასტუმროებში
და შენზე მუდამ ნადირობენ
და შენც ნადირობ სულ ვიღაცაზე
მორჩა
დასრულდა თამაშები
ხანდახან
ხდება სურვილები
ჰოპ
და „მივინას“ ვერმიშელს სანგარში იმისთანა გემო აქვს თითქოს
ჰექტორ ხიმენეს-ბრავომ მოხარშა თავისი ხელით
იდუმალი სამყაროები იხსნება თვალწინ
მაგალითად როგორც ქალაქი
ლიანდაგების ტალღოვანი გრძელი ხაზებით გადაქსელილი
რომლის გასწვრივაც ტრამვაების მოყვითალო ხოჭოები მიდი-მოდიან
ქალაქი
რომელიც ჯოჯოხეთიდან სულ 25 კილომეტრშია
აქ სამყაროში ყველაზე ტკბილ ხალვას აწარმოებენ
ეს რაღაცით „ტრასა 60“-ს ჰგავს
თან „მოხუცების ადგილი აქ არაა“ - ამ ფილმს.
 
თუკი ომი სიმღერა არის
ეს სიმღერაა სიტყვების გარეშე
და სიმღერაა ნოტების გარეშე
მუსიკის გარეშე
ასეთს
უმღერდნენ ადამიანს
სამყაროს შექმნამდე
სიმღერას სიმღერის გარეშე და სიმღერათა დიად სიმღერას.
 
თუკი ომი წლის დროა მაშინ
მე გაგაოცებთ
და ზაფხულის ბოლო დღეს ვირჩევ
ისე ჩანს
ცოტაც
და დაინგრევა ყველაფერი
მაგრამ შენ ნულზე მჯდომიც სანგრიდან
ამოყვინთავ დელფინივით
და უყურებ
მზის გაჭყლეტილი გრეიპფრუტი
რანაირად იტყლაპება ჰორიზონტზე და
უსმენ
თუ როგორ მღერიან კვლავაც ჩიტები ცაში.
 
მე შემიძლია დიდხანს ვიფიქრო
იმაზე თუ როგორია ეს ომი და
რაა ვინაა
მაგრამ ვერასდროს მას ვერ გავუგებ
და პირიქით
ომი მე მიცნობს
როგორც მოხარშულს
მიცნობს
შვილივით
და
რატომღაც
მეპყრობა ფრთხილად.
 
19.06.2023


* * *
მარჯვენა მხარზე მე შავი ტყე ამომეზარდა
თხელი ფიჭვების
შავი ტოტები
ქარისადმი კაცისადმი თუ ძილისადმი
ნათქვამ ლოცვაში
გაშეშდნენ ანდა
თივის ზვინში მეხსიერების ნემსს დაეძებენ.
 
მარცხენა მხარზე
შავი პურივით
გამეზარდა შავი ქალაქი
მასში მოკვდავნი
თვალებაკრულნი გვერდს უვლიან
შენობების ცარიელ ყუთებს
და სულ ცოტაც და
კუნაპეტის ანაკონდა გადაყლაპავს ქალაქს მთლიანად.
 
ხოლო ზურგზე ვგრძნობ
მანქანების
მატარებლების
ქარხნების და
ყავახანების სასაფლაოებს
ერთადერთი საკონდიტროც კი არაა შემორჩენილი
და ეკლერები პისტოს კრემით
სამუდამოდ დაივიწყო იმისი დროა.
 
ჩემი ფეხები
კი ფესვებია
ჩავეზარდე მიწას ღრმად და
ვფართოვდები იმასთან ერთად
რაც ჩემზეა განთავსებული
ღმერთი მიცქერს მთვარის ჭოგრიტით
ვარსკვლავები მიმოიფანტნენ
ჭორფლივით ცაზე
მე აქ ვიქნები
აქ დავრჩები
ფესვებია ჩემი ფეხები
ჩემს სხეულზე ქალაქები და ტყეებია
ყავახანების და პარკების სასაფლაონი
მეხსიერებას კი ხავსივით მოვეჭიდები
და ვილოცებ მამაო ჩვენოს ქარისა და ბალახისათვის.

ამინ.

09/03/2023

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა