მგოსნის სიმამაცე | ფრიდრიხ ჰᲲოლდერლინი
20 მარტი დიდი გერმანელი პოეტის, ფრიდრიხ ჰᲲოლდერლინის (1770-1843) დაბადების დღეა. მისი სახელი თავისუფლების, სინათლის, სილამაზის, იდეალიზმის, ადამიანის ყველაზე სანუკვარ ოცნებათა სიმბოლოა. სწორედ ჰᲲოლდერლინის სიტყვებია, კავკასიას მიველტვი, რადგან გამიგონია, იქ პოეტები მერცხლებივით თავისუფლები არიანო. „მგოსნის სიმამაცე“ პოეტის, როგორც არა ლექსების მწარმოებლის, არამედ თავისი დაუცველობით დედამიწაზე გონის უფლებათა დამცველის მიმართ აღვლენილი ისეთი ჰიმნია, როგორიც იშვიათად შეუქმნია ადამიანურ გენიას.
...
მგოსნის სიმამაცე
(ბოლო რედაქცია)
განა ნათესავად არ გერგება შენ ყველა სულდგმული,
განა მსახურებას შენ ვინც შთაგაგონებს, თვით პარკა არ არის?
ამიტომ, განაგრძე ოდენ დაუცველმა
ქვეყნად ყარიბობა, არც რამ შეგაშინოს!
შენთვის ყოველივე, რაც შეგემთხვეოდეს, დალოცვად შთებოდეს,
იყავ მიქცეული შენ სიხარულისკენ! ან განა რამ შეძლოს,
შეურაცხგყოს, გულო!, რასაც
გარდააწყდე, სადაც წარემართო?
რამეთუ მას მერე, მოკვდავთა ბაგეს როს სიმღერა
აღმოხდა მშვიდობაფშვინვიერი, ჭირშიც და ლხინშიც კეთილმარგი
ჰანგი ჩვენმიერი ძე-ხორციელთ
გულს გაუხარებდა, ასერიგ ვიყავით
ჩვენც, ხალხის მომღერალნი, მოხარულნი ბინადრობით ცოცხალთა შორისვე,
სადაც ერთდებოდა ბევრი რამ, ყველასთვის ლაღნი და სათნონი,
ყველასთვის განხვნილნი; აკი ამგვარია
ჩვენი წინაპარი, მზის ღმერთი,
ღარიბთ და მდიდართ რომ სიხარულით სავსე დღეს უბოძებს,
ამ მსწრაფლგანქარებად დროში ჩვენ, წარმავალთ,
რომელიც აღგვმართავს ოქროვანი
საბეჭურებით და, ვით ბალღნი, ვუპყრივართ.
მას მოელოდება, მასვე მიითვისებს, როს ჟამი მოაწევს,
მისი მეწამული ნაკადი; უმზირე! და კეთილშობილი სინათლე
დაუყვება, მცოდნელი ცვლილების,
თავქვე ბილიკს თანამოაზრედვე.
მაშ, გარდავიდოდეს აგრეთვე, ოდეს დრო დადგება
და გონის უფლება არსად შეილახვის, მაშ, მოკვდეს
ერთხელაც სიცოცხლის სიმკაცრეში
ჩვენი სიხარული, გარნა კი ლამაზი სიკვდილით!
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ.
თარგმანი ეძღვნება ამ თარგმანის ინიციატორს, ანი ცქიტიშვილს.