გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თამარ მღებრიშვილი თავისუფლებისა და რწმენის გზაჯვარედინზე რეცენზია ნიკოს კაზანძაკისის რომანზე „ძმათა მჭამელები“

თავისუფლებისა და რწმენის გზაჯვარედინზე | თამარ მღებრიშვილი

მძიმეა თავისუფლება, უფალო. როგორ გაუძლოს მას ადამიანმა?

ნიკოს კაზანძაკისი


ნიკოს კაზანძაკისი 1955 წელს, „ასკეზას“ შვედურ ენაზე მთარგმნელს, კნოსს წერდა: „ეს არის თესლი, რომელზედაც აღმოცენდა მთელი ჩემი შემოქმედება. რაც კი რამ დამიწერია ამის შემდეგ, არის სქოლიო და ილუსტრაცია „ასკეზისა“.

„ასკეზა“ იყო პირველი წიგნი (მანამდე იყო მოთხრობა „გველი და შროშანი“), რომელიც ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნა. ბოლო წლებში ქართველმა მკითხველმა ნიკოს კაზანძაკისის არაერთი ცნობილი რომანის გაცნობა შეძლო, რომელთა უმეტესობა ქართულ ენაზე მაია კაკაშვილმა თარგმნა. ამ წერილში სწორედ ბოლო თარგმანზე ვისაუბრებთ _ ნიკოს კაზანძაკისის „ძმათა მჭამელებზე“, რომელიც ინტელექტმა კლასიკის სერიაში გამოსცა.

წიგნის გადაშლისას, პირველივე გვერდზე ამგვარ ფრაზას ვხვდებით „თავისუფლება მინდაო, ბრძანებს. მოკალით!“

ისე აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს ერთი წინადადებაა მთელი რომანის ხერხემალიც.

„ძმათა მჭამელები“ თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და თამამი ტექსტია, სადაც მთავარ საკითხებად ადამიანის არსებობის მნიშვნელობა, ბოროტებისა და ეშმაკის ბუნება და ადამიანსა და ღმერთს შორის არსებული კონფლიქტი გვევლინება. ვისაც კაზანძაკისის სხვა რომანები წაუკითხავს და მის ენობრივ სტილსაც დაჰკვირვებია, არ გაუკვირდება, რომ ამ რომანშიც მწერალი თავისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ხერხების საშუალებით, ვნებით, წინააღმდეგობებითა და მძაფრი კონფლიქტებით სავსე სიუჟეტს გვთავაზობს.

რომანი საბერძნეთში 1940-იანი წლების ბოლოს გაჩაღებულ სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, საბერძნეთის სამოქალაქო ომი ცივი ომის პირველ დიდ დაპირისპირებად მიიჩნევა. სიუჟეტი სოფელ კასტელოში მიმდინარეობს, სადაც „მკვლელობამ _ ადამიანის ამ უძველესმა მოთხოვნილებამ _ ამაღლებული, იდუმალი აზრი შეიძინა და ძმებზე ნადირობა გაჩაღდა“. სოფელი ორ ნაწილად გაიყო, „წითელქუდიანებად“ და „შავქუდიანებად“. მთაში გახიზნული წითელქუდიანები პერიოდულად თავს ესხმოდნენ ბარში დარჩენილ ქრისტიანული მრწამსის ერთგულ სოფლის მოსახლეობას, ვინაიდან, წითელქუდიანებს ღმერთის კი არა, კომუნიზმის სწამდათ და მათი ნუგეშისმცემელიც ლენინი იყო.

მთავარი პერსონაჟი, რომელზეც მთელი სიუჟეტური ხაზი ვითარდება, ერთადერთი უიარაღო ადამიანი, სასოწარკვეთილი სოფლის მღვდელი მამა იანაროსია, რომელიც თავის შინაგან ბრძოლებსა და სოციალური სისტემის გარე ზეწოლას ეჯახება, რაც მის პიროვნულ თავისუფლებას თრგუნავს და ანადგურებს.

„ქრისტე რომ ჩამოსულიყო, ვის დაუჭერდა მხარს? შავებს? წითლებს? თუ ისიც შუაში ხელგაშლილი ჩადგებოდა და იყვირებდა: „ძმებო, შერიგდით! ძმებო, შერიგდით!“ ამგვარადვე იდგა კასტელოსში ღვთის წარმომადგენელი, მღვდელი იანაროსი“.

რომანის ყველა პერსონაჟს თავიანთი ვნებები და შიშები აქვთ, ამ პერსონაჟთა შორის გამოირჩევა ლეონიდასი, ახალგაზრდა შავქუდიანი ჯარისკაცი, რომელიც ემოციურ ამბივალენტურობას ავლენს. სწორედ ლეონიდასის დღიურია ერთ-ერთი მთავარი ხელჩასაჭიდი მკითხველისთვის, რათა გაიგოს, რას გრძნობენ და განიცდიან ადამიანები, რომ ომში დიდი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებსაც ეჭვები უჩნდებათ ამ იდეის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მამაც ჯარისკაცსაც კი ეშინია.

„მხოლოდ ერთი რამ: რისთვის ვიბრძვი? ვისთვის ვიბრძვი? მინდა ვიცოდე, რომ ჩვენ, ეროვნული არმია _ ე. წ. „შავქუდიანები“, საბერძნეთის გადასარჩენად ვიბრძვით. ჩვენი მტრები „წითელქუდიანები“ _ მაღლა, მთაში, საბერძნეთის დასანაწევრებლად და გასაყიდად იბრძვიან. ეჰ, ეს რომ მცოდნოდა, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი! მაშინ, შესაძლოა, გამართლება მოგვეძებნა ყველაფრისთვის“.

წიგნში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი „ძმათა მკვლელობის“ კონცეფციაზე გადის, რომელიც მხოლოდ ფიზიკური ძალადობითა და პირდაპირი მკვლელობით არ შემოიფარგლება, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ წნეხსაც გულისხმობს. ურთიერთდამოკიდებულებისა და განადგურების მუდმივ ციკლში ადამიანები მოძალადეებადაც იქცევიან და მსხვერპლადაც გვევლინებიან.

გარდა ამისა, მწერალი ხაზს უსვამს ადამიანის ბუნების წინააღმდეგობრივ ხასიათს, რადგან რომანის პერსონაჟები იძულებულნი არიან აირჩიონ გზა, რომელიც გადარჩენასა და ადამიანობას შორის გადის. კაზანძაკისი მარტივ გადაწყვეტილებასა და არჩევანს ნამდვილად არ გვთავაზობს, მაგრამ რომანში ყველა დასმული კითხვა მკითხველს ერთ ფაქტზე გვაფიქრებს _ რა ადგილი და რა დანიშნულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში.

„ძმათა მჭამელები“ თავისი ორგანული დროის საზღვრებს სცილდება და რეზონანსულად გრძელდება დღევანდელ, წინააღმდეგობებით სავსე ყოველდღიურობაშიც. მთელი სიუჟეტი მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს და სიყვარული, მაშინაც კი, თუ ეს შეუძლებელია, ერთადერთი პასუხია ომსა და ძალადობაზე.

აქვე უნდა აღვნიშნოთ რომანის პოლიტიკური განზომილებაც. კაზანძაკისი გვიჩვენებს სოფელ კასტელოსში გამეფებულ სოციალურ უსამართლობასა და ძალაუფლების დამახინჯებულ სახეს. ღმერთი და რწმენა, როგორც შემოსავლიანობის ერთ-ერთი ბერკეტი კვლავაც განხილვის საგნად რჩება, მაძღარი სამღვდელო პირები მშიერი საზოგადოების კიდევ უფრო დაბეჩავებასა და გაქურდვას ცდილობენ: „დავიღალე, ძმაო კირიაკოს, მძიმე საქმე მანდო ღვთისმშობელმა, სამი თვეა სოფლებსა და ქალაქებში მის წმინდა სარტყელს დავაბრძანებ [...], შემომხედე, გავძვალტყავდი, ჩამოვდნი... უთხრა და თავის ღიპსა და ორკეც ღაბაბზე მიუთითა“.

სოციალური ნორმები და ტრადიციები ხშირად მჩაგვრელობითი ბუნების მატარებელია და ინდივიდის თავისუფლებას ზღუდავს, რაც შესაბამისად იწვევს როგორც შინაგან, ასევე განზოგადებულ კონფლიქტს.

პერსონაჟები მუდმივად იბრძვიან გადარჩენისა და ძალაუფლებისთვის, ღალატი და ეჭვი მათი ცხოვრების ყველა ასპექტშია, თუმცა ყველაზე უკიდურეს ზღვრამდე მისულ ინდივიდსაც კი, დედა და დედის ხატი ადამიანურ სახეს უნარჩუნებს _ თუ არა რწმენისთვის, თუ არა ღმერთისთვის, თუ არა სამშობლოსთვის, დედისთვის მაინც სურთ სიცოცხლე, დედისთვის მაინც იწყებენ ძაღლივით ყეფას, რათა გადარჩნენ.

ტრადიციული ფასეულობების დაქვეითება და ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენება რომანის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა, რადგან პერსონაჟები ცდილობენ მიჰყვნენ საკუთარ შინაგან ხმას და სოციალური კარნახისგან გათავისუფლდნენ. კაზანძაკისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლიანობის აუცილებლობას, მათ შორის, ღმერთის მხრიდანაც, თუმცა ხანდახან არა თუ ადამიანი, ღმერთიც უსამართლოა.

„ძალა მათთვის უნდა მიგეცა, ვინც სამართლიანია და არა მათთვის, ვინც უსამართლოა. ამას ნიშნავს ღმერთი!“

„ძმათა მჭამელებში“ ღმერთი და ადამიანი ერთმანეთთან იმდენადაა დაკავშირებული, რამდენადაც ეს უკანასკნელი თავისუფლებას მუდმივად ეძიებს. ადამიანი იკვლევს ე. წ. ადამიანური არსებობის წესს, ეგზისტენციას, ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივ წესრიგსა და ტრადიციულ ღირებულებებს. ღმერთი ჩნდება როგორც არა აბსოლუტური ძალა, არამედ როგორც კონცეფცია, რომელიც აჩენს კითხვებს უსამართლობის, ბოროტებისა და ადამიანის თავისუფლების შესახებ.

პერსონაჟები, განსაკუთრებით კი მღვდელი იანაროსი, ცდილობენ, გაიგონ თავიანთი დანიშნულება ამ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას ღმერთში, რომელიც ხშირად არმყოფი და გულგრილიც კი ჩანს. ღმერთის, როგორც აბსოლუტური ძალის მიმართ გაჩენილი კითხვები, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად აუცილებელია, ადამიანმა შეიცნოს საკუთარი თავი, გათავისუფლდეს საზოგადოების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან, რადგან სწორედ საკუთარი თავის შეცნობიდან იწყება ღმერთის შეცნობაცა და ყველაზე დიდი სიკეთეც, თავისუფლებაც.

ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგი მძაფრად კონფრონტაციული და ფილოსოფიურია. ღმერთის არსი ხშირად გაუგებარი და შორეულია, რასაც პერსონაჟები თვითშემეცნებისკენ მიჰყავს. რწმენა არა მოცემულობა, არამედ გამოცდა ხდება, რადგან გამოწვევები, რომლებსაც ისინი ხვდებიან, ცხადყოფს მათი არსებობის არასტაბილურობასა და გაურკვევლობას. იმის ნაცვლად, რომ დაემორჩილონ ღვთაებრივ ნებას, გმირები ხშირად უჯანყდებიან ღმერთს, ადამიანი ეძებს თავისი არსებობის მნიშვნელობას და ცდილობს თავად წარმართოს საკუთარი ბედი.

„მრავალჯერ შეებრძოლა მღვდელი იანაროსი ეშმაკს, უფრო მეტჯერ _ ღმერთს. ეშმაკის შემჩნევა შეგიძლია, გამოულოცავ, რომ მოგშორდეს. მაგრამ ღმერთი?“

ადამიანის თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობები და კონკრეტული შედეგები. პერსონაჟები იძულებულნი არიან, მიიღონ რთული გადაწყვეტილებები, რომლებზეც თავად აიღებენ პასუხისმგებლობას, ეს აუცილებელია თავისუფლების მოპოვებისთვის. თავისუფლების ამგვარი ძიება აძლიერებს განცდას, რომ ღმერთი არ არის თავისუფლების საზომი, არამედ ის შთაგონების წყაროა თვითგამორკვევისა და პიროვნული განვითარებისთვის.

რომანში ღვთაებრივი ავტორიტეტის დამხობა და თავისუფლების ძიება ერთგვარი რევოლუციური აქტია.

 „ჰოდა, თუ ასეა, მაშინ აღდგომაც აღარ იქნება, იწექი ეპიტაფიაზე და ელოდე. მხოლოდ საბერძნეთთან ერთად აღდგები, გესმის? სხვაგვარად აღდგომა არ არსებობს!“

„ძმათა მჭამელები“ არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები, ეს არის ეპიკური მოგზაურობა, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სამყაროს ნათელსა და ბნელ მხარეებს. რომანის კომპოზიციური აგება, პერსონაჟთა სახასიათო, მაკოორდინირებელი შტრიხები და თავისუფლებისა და ღმერთის ურთიერთკავშირის იდეა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად აქცევს.

ავტორი: თამარ მღებრიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა