ფატალურ წრეში მობაჯბაჯე პინგვინი | შოთა იათაშვილი
შარშან “ინტელექტმა” უკრაინელი მწერლის, ანდრეი კურკოვის რომანი “პინგვინი” გამოსცა სერგო წურწუმიას თარგმანით. უფრო სწორად, ასეთი ნაწარმოები კურკოვს არა აქვს, მას აქვს რომანი სახელწოდებით “პიკნიკი ყინულზე”, რომელიც 1996 წელს დაიბეჭდა. “პინგვინი” მისი შეცვლილი სათაურია, არ ვიცი, ავტორთან შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, მაგრამ აშკარად მარკეტინგული თვალსაზრისით გაკეთებული. მე არ მიყვარს, როცა ასეთ ხრიკებს სჩადიან და ორიგინალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოდს ამახინჯებენ, მაშინაც კი, როცა ახლიდან მოფიქრებული სახელწოდება შინაარსთან მიმართებით სრულიად ადეკვატურად გამოიყურება ხოლმე. ამჯერადაც ასეა.
“პინგვინი” აშკარად არაა ცუდი სათაური ამ რომანისთვის და შეიძლება რაღაც გაგებით ჯობდეს კიდეც იმ ვარიანტს, რომელიც მწერალმა თავის დროზე ტექსტს დაარქვა. ამიტომ, ავად თუ კარგად, მივიღოთ ისე, რა სახითაც ქართველ მკითხველს ეს რომანი შემოგვთავაზეს და წინ წავიწიოთ.
სანამ უშუალოდ რომანზე გადავალთ, ორიოდე სიტყვა ავტორზე. ანდრეი კურკოვი ამჟამად უკრაინის პენ-ცენტრის თავმჯდომარეა და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა იმ ინფორმაციულ ომში, რომელსაც უკრაინელი მწერლები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან მთელ მსოფლიოში წარმატებით აწარმოებენ. იგი რუსულენოვანი პროზაიკოსია, 1961 წელს დაბადებული. ლიტერატურულ ასპარეზზე 90-იან წლებში გამოჩნდა თავისი დეტექტივის ტიპის ტექსტებით და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. “პიკნიკი ყინულზე” მხოლოდ უკრაინაში 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი წიგნები უკვე ორმოცამდე ენაზეა თარგმნილი და დღეს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ უკრაინელ მწერლად ითვლება.
რომანი, რომელიც ქართულად ითარგმნა, ასევე “წაუდეტექტივებს”, ოღონდ არანაირად არაა ჟანრული ლიტერატურა. ეს უბრალოდ დეტექტივის ელემენტებით აგებული ტექსტია, მაგრამ ისეთი, სადაც არაა გამოძიება, არ არიან დეტექტივები, რომლებიც დამნაშავეებს კვალში ჩასდგომიან და ყოველივე ამის მსგავსი.
აქ თავიდანვე იწყებს ტრიალს სიკვდილის სუნი და თანდათანობით ჰაერი სულ უფრო იხუთება, ატმოსფერო მძიმდება და გაურკვეველ დანაშაულებათა იდუმალი ხლართები რომანის პროტაგონისტის, მწერალ ვიქტორ ზოლოტარიოვის ირგვლივ იყრის თავს.
ეს ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ახალგაზრდა პროზაიკოს ვიქტორს დედაქალაქის ყოველდღიურ გაზეთში უცნაურ სამუშაოს სთავაზობენ - ცნობილი ადამიანების ნეკროლოგების წინასწარ შეთხზვას, რათა გაზეთს მათი გარდაცვალების შემთხვევაში სამძიმრის ტექსტი მზად ჰქონდეს. ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მსხვილ მედიასაშუალებებში. ამის გამო ისინი ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდნილან. მაგალითად Radio France Internatonale-მ 2020 წელს შემთხვევით გამოაქვეყნა ცოცხალი ელიზაბეტ II-ის, ბრიჯიტ ბარდოს, კლინტ ისტვუდის, პელეს და სხვათა ნეკროლოგები, ხოლო “გარდიანი” დღემდე აქვეყნებს 2007 წელს გარდაცვლილი ინგლისელი კრიტიკოსის, ალან ბლიტის მიერ წინასწარ შეთხზულ ნეკროლოგებს (ჯუზეპე დი სტეფანო - 2008, მონსერატ კაბალიე - 2018 და ა.შ.).
ცხადია, ასეთი საინტერესო ფენომენი შეუძლებელია მწერლების ყურადღების გარეშე დარჩენილიყო. მე, მაგალითად, მახსენდება იტალიელი ანტონიო ტაბუკის რომანი “მიაჩნია პერეირას”, სადაც ასევე აღწერილია ეს არცთუ ჰუმანური ჟურნალისტური ხერხი, თუმცა ანდრეი კურკოვისთვის მოცემული წიგნი ინსპირაცია ვერნაირად ვერ იქნებოდა, რადგან უფრო მოგვიანებითაა დაწერილი, მხოლოდ 2003 წელს. ისედაც, ტაბუკი სულ სხვა მიმართულებით შლის წინასწარი ნეკროლოგების თემას და კურკოვის რომანს ამ მხრივ არანაირად არ ჰგავს, თუკი არ ჩავთვლით იმ ფლეგმატურ, მდორე გარემოს, რომელშიც ეს ორივე ნაწარმოები მიედინება - კურკოვისა ზამთრის სიცივეში, ხოლო ტაბუკისა ზაფხულის ხვატში.
ანდრეი კურკოვი თავისი პროტაგონისტის ირგვლივ კამერულ სივრცეს ქმნის და გვაჩვენებს დღეთა რუტინას, რომელშიც პატარ-პატარა, თითქოსდა უმნიშვნელო ცვლილებები ხდება, მაგრამ საბოლოოდ ამ ცვლილებების ჯამი იქცევა იმ პირქუშ და ფატალურ ფინალად, საითკენაც მას ნეკროლოგების ფარული და ბოროტი მიზანი დაუკითხავად მიაქანებს. ეს კამერული სივრცეა ბინა, სადაც საბეჭდ მანქანაზე შეკვეთილი ნეკროლოგები იწერება და სადაც მწერალთან ერთად ცხოვრობს პინგვინი მიშა, რომელიც მან ზოოპარკიდან წამოიყვანა, რადგან ზოოპარკს ცხოველების გამოკვების პრობლემა დაუდგა წინ. ეს სიტუაცია ჩვენთვის ნაცნობია და საერთოდ, ნაცნობია მთელი ის გარემო, რომელშიც ვიქტორ ზოლოტარიოვს ცხოვრება უწევს -
ის საზღვრებმოშლილი 90-იანი წლები, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი იყო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და სადაც თითქმის ყველა წესების გარეშე გადარჩენისთვის იბრძოდა.
პინგვინისა და ნეკროლოგების მთხზველის ეს თანაცხოვრება რამდენადაც სევდიანია, იმდენად ირეალურისა და სიურრეალისტურის შემომტანია იმ ჩაკეტილ ველში, რომელიც თანდათან ივსება: სწრაფად დამეგობრებული უბნის ინსპექტორი სერგეით, უეცრად გაჩენილი ზრუნვის ობიექტით - პატარა სონიათი და მერე კი მისი ძიძა ნინათი. ესაა იმ ადამიანების გარემო, რომელმაც ვიქტორს სიმყუდროვის და უსაფრთხოების განცდა უნდა შეუქმნას, მაგრამ ის, თავადაც რომ ვერ აცნობიერებს, ისეთ სახიფათო საქმეს მოსჭიდებია და ამიტომ მის ამ სიმყუდროვეს წამდაუწუმ არღვევენ უცნაური დამკვეთები: გაზეთის მთავარი რედაქტორი იგორ ლვოვიჩი, ვინმე მიშა არაპინგვინი და კისერზე ბინოკლჩამოკიდებული ლიოშა.
რომანში დილის საათებში ბევრი ყავა ისმება და საღამოთი კი - ბევრი არაყი ან რამე სხვა ალკოჰოლი, ბევრჯერ იხედებიან ფანჯრიდან და გაზაფხულის მოლოდინში თოვლის ფანტელებს თუ სუსხიან ქარს გაჰყურებენ, ხანდახან უქმეებზე გაყინულ დნეპრზეც მიდიან პინგვინ მიშასთან ერთად გასახალისებლად (გავიხსენოთ წიგნის ნამდვილი სათაური), ხანდახან კიევის ქუჩებშიც დაბორიალობენ და კაფეებშიც სხდებიან და ეს აუჩქარებელი, თითქმის მომაბეზრებელი, განმეორებადი რიტმი, ნეკროლოგების კაკუნის ფონზე გაჩენილი, სასპენსის ეფექტს ქმნის წიგნში და სიტუაციას თანდათან ძაბავს. პინგვინი მიშაც, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ ავტორს მხოლოდ და მხოლოდ შინაური კატის ან ძაღლის ჩასანაცვლებლად არ სჭირდებოდა, ვიქტორის ბედისწერას სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ებმის.
ანდრეი კურკოვი დიდი ოსტატობით ითრევს მკითხველს თავის სქემაში და ფილიგრანულად აწყობილი კომპოზიციით, სიუჟეტის მოტრიალებებით და საბოლოო ჯამში ფატალური წრის შთამბეჭდავად შეკვრით ამ თითქოსდა ინდივიდუალურ დრამაში ულმობელი პოლიტიკური ბრძოლის ვერაგ სურათს გვიხატავს.
ადამიანის საცხოვრებელში მობაჯბაჯე საყვარელი და ნაღვლიანი პინგვინი კი, რომლისთვისაც ასეთ შეუსაბამო გარემოში ყოფნა საშინელი ტანჯვაა და მისი ერთადერთი შვება მხოლოდ და მხოლოდ მშობლიურ ანტარქტიკაში დაბრუნება შეიძლება იყოს, ვიქტორის წინასწარგანზრახულ ბედისწერაში საბოლოოდ ის ფიგურა აღმოჩნდება, რომელმაც უნდა მიანიშნოს, თუ როგორაა შესაძლებელი მის თავს ზემოთ ასე უიმედოდ შეკრული წრის გარღვევა. ამ ორიგინალურ რომანში პინგვინი ის სიმბოლური პერსონაჟი აღმოჩნდება, რომელსაც არა მხოლოდ გარეგნული სიცივე, ოჯახური სითბო, სევდა, კომიკურობა, ფანტასმაგორიულობა და კიდევ ბევრი სხვა რამ შემოაქვს ტექსტში და კონტრასტულს ხდის, არამედ რომელიც გზადაგზა პროტაგონისტის ალტერ ეგოდ ყალიბდება და კონცეპტუალურად კრავს მთელ ნაწარმოებს. ასე რომ, ვინ იცის, იქნებ დიდი დანაშაული არც იყოს, “პიკნიკი ყინულზე” “პინგვინის” სახელწოდებით რომ მოგვევლინა ქართულ ენაზე.
დაე, შეუძღვეს ეს სასაცილო არსება მკითხველს უკრაინული ლიტერატურის კიდევ ერთ საინტერესო და უცნაურ სამყაროში, ანდრეი კურკოვის პროზა რომ ჰქვია.