პრივატიზებული კულტურა და ხელოვანი | საბა ქერქაძე
05.03.2024 | 10 წუთიანი საკითხავიროცა საუბარია კულტურაზე, აკადემიურ თუ საჯარო სივრცეში, მსჯელობა იწარმოება ყველაზე ბურჟუაზიულ ინტერპრეტაციაზე – სულიერ კულტურაზე, რაც გულისხმობს თავად ხელოვანის მოწყვეტას მატერიალური საფუძვლიდან. კულტურის ცნება ლათინურიდან მოდის და მიწის დამუშავებას უკავშირდება, ანუ შრომას. გვიანი პერიოდის ფეოდალური წარმოებიდან ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ ვხედავთ კულტურის ცნების დეფინიციის ცვლილებას, ორ მიმართულებას: მატერიალურ და სულიერ კულტურას; ბურჟუაზიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იმარჯვებს იდეალისტური ფილოსიფია და კლასობრივ აზრში რჩება მხოლოდ სულიერი კულტურა.
სულიერ კულტურაზე საუბარი, რომ თითქოს და ის თვითკმარია, ხასიათდება შინაგანი განვითარების აბსტრაქტული კანონებით, ეწინააღმდეგება სამყაროს განვითარების ობიექტურ და ისტორიულ პრინციპებს, რაც ეკონომიკურ საქმიანობასა და სხვადასხვა წარმოების წესს უკავშირდება, წარმოების ძალების განვითარებასა და წარმოებულ ურთიერთობებს. რადგანაც საზოგადოება ვერ იარსებებს მატერიალური წარმოების გარეშე, კულტურის შექმნა თუ ბუნების გარდაქნა შეუძლებელი გახდება. სულიერი კულტურა ყოველთვის დამოკიდებულია მატერიალური წარმოების წესთან და დამორჩილებულია იმ კლასის მიერ, რომელსაც წარმოების საშუალებები აქვს მისაკუთრებული.
ხელოვნების დამოუკიდებლობა, როგორც ფენომენი, აბსურდული და შეუძლებელია. არასდროს ყოფილა დამოუკიდებული და არც არასდროს იქნება.
კეთება, გადამუშვება, წარმოება – თითოეული ადამიანური ფენომენებია და მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ადამიანი წარმოებული არსებაა. ისტორიული კონიუნქტურისა და ურთიერთობების განსაზღვრული პროდუქტი, რომელიც ვერ გადის მატერიალური გარემოპირობების მიღმა. ის რამდენადაც ქმნის ისტორიას, კულტურას, სოციალურ ურთიერთობებს, იმდენადვე იყენებს მის წინაშე არსებულ რესურს; მუდმივად დამოკიდებულ მდგომარეობაშია. ყველაფერი დამოკიდებულებათა ერთობლიობაა, რაც ზოგადი დახასიათებით არის სამყარო. ამ სამყაროში კი მოქმედებს ობიექტური წარმოებითი კანონები და ეკონომიკური ბაზისი – მასზე დაშენებული ნებისმიერი ურთიერთობა (იურიდიული, სოციალური თუ კულტურული) საფუძველში არსებული პრინციპების მიღმა ვერ გადის. ვერ გადის საზოგადოდ, თუმცა ცალკეულად სრულებით შესაძლებელია, რაც მერე და მერე რევოლუციური თეორიის სახით ვითარდება. საფუძველს საწარმოო ძალების განვითარება ამზადებს.
მეინსტრიმულ საზოგადო აზრს სწორედ ეკონომიკური ურთიერთობა ამზადებს, რაც შემდგომში იდეოლოგიის სახით ვრცელდება კლასებში. ამ დროს სად არის კულტურა?
ის ინსტრუმენტია, რომ გაბატონებული კლასისთვის, ვის ხელშიცაა ეკონომიკური ძალაუფლება, აწარმოოს თანხმობა; შექმნას იდეოლოგიური ნიშნები, სიმბოლოები, აზრი, პერსპექტივა, რომელიც არ იქნება წინააღმდეგობაში ელიტასთან.
ხელოვნება მუდმივად დამოკიდებულია და განსაზღვრულია მოქმედების ვექტორი. ლიბერალური გონებისთვის ეს „თავისუფალი ხელოვანია“, მაგრამ როგორ შეიძლება ხელოვანი იყოს თავისუფალი, როცა მისი ცნობიერება უკვე განსაზღვრულია იმ გარემოპირობების მიერ, რომელშიც აღიზარდა, როცა გაბატონებული წარმოების წესი კარნახობს მიმართულებას. უფრო სწორი იქნებოდა – „გათავისუფლებული ხელოვანი“, მაგრამ ეს მიღწევადი მაშინ შეიძლება გახდეს, როცა გადაილახება კერძო ეკონომიკური ურთიერთობები და მოისპობა კლასობრივი წინააღმდეგობა, ვინაიდან ბურჟუაზიული წესრიგი სწორედ ბატონისა და მონის, ექსპლუატატორისა და ექსპლუატირებულის მიმართებაზე დგას. ეს წინააღმდეგობა კაპიტალისტური ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების საფუძველშია. აწარმოებს უთანასწორობას. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ხელოვანი, ამ რეალობის ნაწილია. ამიტომაც გინდოდეს დამოუკიდებლობა ისე, რომ არ განადგურდეს ეს დაპირისპირება, შეუძლებელია; სურვილი ან მოთხოვნა კი - ინფანტილური.
სახელმწიფოში არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მდგომარეობა პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პირდაპირი გამოძახილია, საიდანაც დაიწყო ლიბერალური კაპიტალიზმის აყვავება, იქამდე არსებული მატერიალური რესურსების საზოგადო საკუთრებიდან ჩამორთმევა და პრივატიზაცია. როცა იქმნება ეროვნული ფინანსური ელიტები, ძარცვის შედეგად გამდიდრებულ კლასს ვიღებთ, ღარიბდება მშრომელი ადამიანი, კარგავს ყველა სოციალურ თუ კულტურულ შესაძლებლობას – ჯანდაცვას, განათლებას, კინოს, ლიტერატურას, თეატრს, ზოგადად, კულტურას.
მერე ვხედავთ, როგორ ქმნიან ისინი კულტურულ სივრცეებს, მათ მიერ შექმნილ გალერეებში, კინოსტუდიებში, თეატრში, გასართობ დაწესებულებებში, სადაც ბურჟუაზიული ხედვები ბატონდება, ქრება სახალხო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.
დღევანდელი სახელოვნებო კლასი ნეოლიბერალური კულტურული პოლიტიკის მიერაა ჩამოყალიბებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პრივატიზებული კლასი, რომელიც ეროვნულმა ბურჟუაზიამ და დასავლურმა ფინანსურმა კაპიტალმა შეისყიდი. შეისყიდა იაფად, მარტივად და წინააღმდეგობის გარეშე. კაპიტალისტებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მარტო სახელოვნებო ინფრასტრუქტურა შეიძინეს და იქ მათი კლასობრივი ინტერესები გაატარეს, არამედ ამ სივრცეებში მომუშავე ხელოვანებიც, ვხედავთ ძარცვასთან, ექსპლუატაციასთან, სიღარიბესთან შეგუებულ კულტურის მუშაკებს. მათი ხელოვნება არ არის მეტყველი, არ საუბრობს, არ ასწავლის, არ აანალიზებს, არ იბრძვის, არ მოუწოდებს, მხოლოდ აღწერს სოციალური დრამებით რეალობას, ესეც იმიტომ, რომ ეს რეალობა კიდევ უფრო მეტად გაუაზრებელი, მელანქოლიური, ნიჰილისტური გახადოს.
კაპიტალისტურმა კლასმა სრულად მოათვინიერა ხელოვანი. განსაზღვრა და აწარმოა. აწარმოა ისეთი მორჩილი, რომლის შემოქმედებითი პროდუქტიც გაიტანა სოციალური ყოველდღიურობის მიღმა და ნაძარცვი ფულით შექმნილ კინოსტუდიებში, გალერეებში და ა.შ გამოკეტა. იქ ვერ აღწევს ყველა, მხოლოდ ბურჟუაზია, რომელიც ტკბება მისი მსახური კულტურის უძალობით, აღფრთოვანებულია ხელოვანის სულიერი ტკივილებით და კმაყოფილი მისი მეინსტრიმული პოლიტიკურობით.
ესაა დღეს კულტურის კლასი საქართველოში. ეკლექტიკური, მაგრამ არაფრისმთქმელი.
დღევანდელი ძვრები კულტურის სფეროში ოპერირებს საერთო ლოზუნგით, რაც ზუსტად გამოხატავს მათ პოლიტიკურ განუსწავლელობასა და სოციალური აზრის დეფიციტს: ხელოვნება დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკურია. ხელოვნების დამოუკიდებლობაზე უკვე ვისაუბრეთ, სიცოცხლეს რა შთაბერავს მას, ეს გაუგებარი და დაუდგენელია, მაგრამ ძალაუფლებისთვის მებრძოლ ახალ კლასს, რომლებიც საბოლოოდ მიიღებენ თავის კუთვნილ ადგილებს და წყნარად გააგრძელებენ ცხოვრებას კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობაში, უნდა დავეთანხმოთ, რომ ხელოვნება ნამდვილად არის პოლიტიკური, მაგრამ ეს მათ საერთოდ არ მატებს ღირსებას, პირიქით, ამას უნდა მალავდნენ. პოლიტიკურია, მაგრამ რამდენად ან როგორი პოლიტიკური?
ქართული კინო, ლიტერატურა, ზოგადად, ხელოვნება ბურჟუაზიულია, აწარმოებეს ნეოლიბერალური იდეოლოგიისთვის სასარგებლო აზრს. ეს არის აგრესიული ინდივიდუალიზმი, ატომიზირებული საზოგადოების ფეტიშიზმი. რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნების პოლიტიკურობა, მაგრამ ეს პოლიტიკა ბურჟუაზიულია და მუშათა კლასის მტერ მქონებელთა კლასის მეტს არავის აძლევს ხელს. ხელოვნება პოლიტიზირებულია. საჭიროა პოლიტიზირების ვექტორის დადგენა, ხელოვნების სახალხო, საზოგადო, ემანსიპატორული, განმანათლებლური მნიშვნელობის მინიჭება. ანტისისტემური და არამეინსტრიმული ხელოვნების წარმოება.
თუ ეს შესაძლებელია ამ კლასის პირობებში, მაშინ ამას უკვე უნდა ვხედავდეთ. კერძო წარმოების წესის გაბატონებულ რეალობაში ნებისმიერი ანტისისტემური აზრი განიდევნება, მაგრამ დღევანდელი ყალბი წინააღმდეგობა ამის გამოძახილი არაა. აქ არ იქმნება ის ხელოვნება, რომელსაც კაპიტალისტური წესრიგი დააცენზურებს პირდაპირ და აგრესიულად, რომელიც ბურჟუაზიას აღაშფოთებს.
უკვე მრავალი წლის ნაყიდი და ცნობიერებაჩამოყალიბებული კლასი, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟის ნიშნებსა და საშუალებებს ფლობს, რთულად დათმობს პრივილეგიებს.
ეს კლასი დამოუკიდებლად ვერ შექმნის ღირებულს, ამის მატერიალური რესურსი არ გვაქვს; რეალურად, მრავალწლიანმა კულტურულმა პოლიტიკამ, რომელიც გარკვეულ ეტაპამდე იყო გაუბედურებული, მიჩანჩალებდა თვითგვემით, ევროცენტრისტული ვულგარულობით, პროვინციულობის ტოტალობით, ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის შემდეგ მათ მიიღეს იდეოლოგიური დასაყრდენიც. ამ დროს შექმნილი ფილმები, სპექტაკლები და ა.შ ლიბერალური ღირებულებების ადამიანის პროექტს ქმნიდა. ვნახეთ მთელი რიგი სახელოვნებო სივრცეების მითვისება. დაიბადა ახალი კულტურის კლასი, რომელიც დღევანდელ დღემდე ინარჩუნებდა ძალაუფლებას და ქმნიდა კერძო საკუთრებისთვის შეთავსებად იდეოლოგიურ შინაარსს. ეს არ ეხება მხოლოდ კინოს ან ლიტერატურას, არამედ, ზოგადად, ხელოვნებას. დღეს კი ამ ძალაუფლების მფლობელ პირებს ექმნებად პრობლემები, ისინი ახალი კლასით უნდა შეიცვალოს. ოღონდ იდენტური შინაარსით. ნეოლიბერალური ღირებულებებით. კაპიტალისტური სისტემისთვის მისაღები რიტორიკით, ოღონდ ზედნაშენური ხასიათის კულტურული სახეცვლილებებით, კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის ყალბი წინააღმდეგობით.
დღეს კულტურის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს შორის ყალბი წინააღმდეგობაა. ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ესთეტიკაში მკაფიოდ უნდა გამოიხატოს კაპიტალისტური კლასის წარმოებული ყოფიერება. ხელოვნება ჩაგრულებს უნდა დაუბრუნდეს. მიენიჭოს ბრძოლის სურვილი, ვინაიდან მასების ეგზალტირება ემანსიპატორული მიზნით ხელოვნების მთავარ მიზნად შეგვიძლია დავსახოთ.
ხელოვნება იმდენად არის ხელოვნება, რამდენადაც რეალურია და არა აბსტრაქტული.
...
უნდა მოიხაზოს შემდეგი პრაქტიკული საქმიანობა, რაც, ძირითადად, არსებული ლიბერალური თუ კონსერვატორული კლასის პოლიტიკური მხილებისკენ იქნება მიმართული:
დღევანდელ კულტურულ პოლიტიკასა და მისი მწარმოებელი ხელოვანების შემოქმედებაში არ ისმის ჩაგვრისგან, ექპლუატაციისგან, უთანასწორობისგან დატანჯული მუშათა კლასის ხმა. შესაბამისად, ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, იმ მერყევი სუბიექტებისთვის, რომლებიც მეტნაკლებად ხვდებიან არსებული რეალობის მიუღებლობას, უნდა გაემიჯნონ წინა თუ ამ წამს შექმნის პროცესში არსებულ კულტურულ კლასს, ლიბერალური თუ კონსერვატული ცნობიერებით შეიარაღებულებს.
აუცილებელია, დაინახონ, რა მნიშვნელობს ახლა და რამ უნდა იმნიშვნელოს მომავალში.
აუცილებელია, გამოჩნდნენ ცალკეული სუბიექტები, ცოტა თუ ბევრად პოლიტიკურად პროგრესული ფენები, რომლებიც ამ წარმოების წესშიც იბრძოლებენ არამეინსტრიმული ხელოვნების შესაქმნელად. თავის როლს შეასრულებენ პოლიტიკურ ბრძოლაში. ხელოვნება იქნება განმათავისუფლებელი.
თუ ხელოვანმა ვერ დაინახა კლასობრივი ბრძოლა, მისი მოსპობის აუცილებლობა და საკუთარი თავი ვერ იპოვა ამ დაპირისპირებაში, შეუძლებელია, რომ მან შექმნას რაიმე სხვა, გარდა ვულგარული ბურჟუაზიული ხელოვნებისა.
ილუსტრაცია: ნუცა ღლონტი