ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რუსეთის და უკრაინის ისტორია: ვლადიმირ პუტინისეული

ისტორიკოსი სერჰიი პლოხი განიხილავს რუსეთის პრეზიდენტის „უაღრესად იმპერიულ იდეას“ საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინის წინააღმდეგობის პოტენციალს
აიზეკ ჩოტინერი

2022 წლის 23 თებერვალი
პირველად გამოქვეყნდა „ნიუიორკერის“ ვებსაიტზე www.newyorker.com
ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ბერიძემ

აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებია რუსეთის სამხედრო აქტიურობის ესკალაცია გრძელდება, გაჩნდა ფართომასშტაბიანი თავდასხმის რეალური საფრთხე. ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ, მისი რწმენით, უკრაინას არ აქვს დამოუკიდებლობის პრეტენზიის არავითარი ისტორიული საფუძველი. მეტიც, ორშაბათს მან ისიც დასძინა, რომ უკრაინა „მთლიანად რუსეთის შექმნილია“. პუტინის განცხადებები გაჟღენთილია ღვარძლით ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მიმართ, რასაც საფუძვლად უდევს ის, რასაც თავად პუტინი არქმევს ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილ ორბიტას, რაშიც უკრაინაც მოექცა. თუმცა, რეალურად მისი განრისხების თავიდათავი არის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახით განსხეულებული პოლიტიკური პროექტის უარყოფა. წლების განმავლობაში პუტინი ეჭვქვეშ აყენებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლეგიტიმურობას და აცხადებდა, რომ  საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ წლებში მათთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭებით ლენინმა აამოქმედა „შენელებული მოქმედების ნაღმი“. თავის გამოსვლებში პუტინი თითქოს დროის უკან დაბრუნებას ცდილობს, თუმცა არა საბჭოთა კომუნიზმის პიკის, არამედ იმპერიული რუსეთის ეპოქაში.

ახლახან ტელეფონით ვესაუბრე სერჰიი პლოხის, უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორს და „ევროპის კარიბჭის“ ავტორს. ამ წიგნში აღწერილია უკრაინული იდენტობის ფორმირება. გარდა ამისა, გამოსაცემად მზადდება მისი შემდეგი წიგნი სახელწოდებით „ატომები და ნაცარი: ბირთვული კატასტროფების გლობალური ისტორია“. ჩვენი საუბრისას, რომელიც რედაქტირების დროს შემოკლდა გრძელი და ბუნდოვანი რომ არ ყოფილიყო, განვიხილეთ უკრაინული ენისა და იდენტობის მიმართ რუსეთში ღრმად გამჯდარი შიშის მიზეზები, უკრაინელთა შესაძლო პასუხი რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში, ასევე ის, თუ რას გვეუბნება პუტინის სიტყვით გამოსვლა ამ ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობების შესახებ.

სად უნდა ვეძებოთ თანამდეროვე უკრაინული იდენტობის ფესვები?

გააჩნია იდენტობის რომელ ელემენტს გულისხმობთ. თუკი გულისხმობთ ენას, მაშინ ფესვები შორეულ ისტორიულ წარსულშია. რაც შეეხება რელიგიური ელემენტის შემცველ იდენტობას, მისი ასაკი 1 000 წელზე მეტია. თუმცა, პირველი თანამედროვე უკრაინული პროექტი დაიწყო მე-19 საუკუნის შუა წლებში - ისევე, როგორც ბევრი სხვა ჯგუფის შემთხვევაში. უკრაინის წინაშე იდგა პრობლემა, რომელიც გულისხმობდა ორ ძალას: რუსეთის იმპერიასა და ავსტრო-უნგრეთს შორის ყოფნას. რუსეთის იმპერიამ იმთავითვე განჭვრიტა ის საფრთხე, რომელსაც მის ერთიანობას უქმნიდა დამოუკიდებელი და, განსაკუთრებით, სალიტერატურო უკრაინული ენა. ასე რომ 1860-იანი წლებიდან მოყოლებული 40 წელზე მეტი ხნით აიკრძალა უკრაინული გამოცემები, რითაც არსებითად შეჩერდა სალიტერატურო ენის განვითარება. ამან კი, ორ ძალას შორის ყოფნასთან ერთად, გამოიწვია ის, რომ მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის დროს სხვა ერები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და ზოგჯერ აღწევდნენ კიდეც მას, უკრაინა, მცდელობების მიუხედავად, დამარცხდა.

რუსები აკვირდებოდნენ იმ პერიოდში ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ საფრანგეთში, სადაც წარმოიქმნა სხვადასხვა დიალექტისგან ერთიანი ენის შექმნის იდეა, რაც განიხილებოდა პირდაპირ კავშირში სახელმწიფოებრივ ერთიანობასთან. ასე რომ, ეს საკითხი გლობალურია თავისი არსით. თავისებურება კი, რომელიც ეჭვგარეშე დღესაც აქტუალურია, მდგომარეობს ერთი დიდი რუსული თუ სლავური ერის იდეაში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტომს, მაგრამ არსით მაინც ერთიანია. ეს არის მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის მოდელი, რომელსაც პუტინი გულისხმობს, როცა ამბობს, რომ უკრაინას, როგორც ერს, არ აქვს ლეგიტიმურობა. ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია იმასთან, რაც დღეს ხდება.

თქვენ ახლახან წერდით, რომ „საბჭოთა კავშირი შეიქმნა 1922-1923 წლებში, როგორც ფსევდოფედერალური და არა უნიტარული სახელმწიფო, სწორედ რომ უკრაინისა და საქართველოს - დამოუკიდებლობის იდეის მომხრე ორი ყველაზე გულანთებული რესპუბლიკის დასაკმაყოფილებლად“. მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს.

ბოლშევიკებმა რუსეთის იმპერიის დიდ ნაწილზე კონტროლი მოიპოვეს სწორედ იმ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის, თუნდაც ფორმალურად, აღიარებით, რომელთა შემოერთებაც მათ სურდათ. ხოლო 1922 წლამდე უკრაინა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მართლაც იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, სახელმწიფო. 1922 წელს ბოლშევიკებსა და გერმანიას შორის რაპალოს ხელშეკრულების ხელმოწერამ უკრაინელებში გააჩინა კითხვა: რა უფლებით აწერდნენ ხელს ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მათ ნაცვლად? ასე რომ, მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც უნდა ეღონათ და შედეგად, განიხილეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა. სტალინის იდეა მდგომარეობდა სხვადასხვა რესპუბლიკის შემოერთებით ერთიანობის უზრუნველყოფაში. ლენინმა კი უკრაინელების და ქართველების მხარე დაიჭირა, რომლებიც ზემოთქმულ იდეას აპროტესტებდნენ, აცხადებდა რა, რომ მათ უნდა შეექმნათ „სამოკავშირეო სახელმწიფო“, რადგან ლენინის ხედვა მსოფლიო რევოლუციას გულისხმობდა.

გთხოვთ, უფრო დეტალურად განგვიმარტოთ ცნება „სამოკავშირეო სახელმწიფო“.

ფორმალურად, საბჭოთა კავშირი გულისხმობდა რესპუბლიკების თანასწორუფლებიანობას, დაწყებული დიდი რუსეთით და დამთავრებული პატარა ესტონეთით. დამოუკიდებლობის ამ „თამაშის“ ფარგლებში თანასწორი უფლებების შემოტანის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ რესპუბლიკებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ან იბრძოდნენ მისთვის, ხოლო ბოლშევიკებმა კონტროლი მოიპოვეს გარკვეული ეროვნული და კულტურული მისწრაფებების, მათ შორის ენობრივი უფლებების, დაკმაყოფილების გზით.

რამდენად შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ლენინის გარდაცვალების და ქვეყნის სათავეში სტალინის მოსვლის შემდეგ?

უშუალოდ ლენინის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში არაფერი შეცვლილა, რადგან სტალინი აგრძელებდა ლენინის პოლიტიკას. მან წამოიწყო კამპანია ენასა და კულტურასთან დაკავშრებით უკრაინელების და სხვათა მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად. ქართველები საუბრობდნენ ქართულად, ხოლო სომხები - სომხურად, მაგრამ იდეა მდგომარეობდა მათი მისწრაფებების დაკმაყოფილებაში იმ პირობით, რომ ისინი აიტაცებდნენ კომუნიზმის იდეას და კომუნისტურ პროექტს.

შემდეგ კი, 1930-იანი წლების დასაწყისში, სტალინმა დაიწყო ყველაფრის შეცვლა. თვალშისაცემია რუსული ენისა და კულტურის სიმბოლური მნიშვნელობის ეტაპობრივი აღორძინება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ისინი აღიქმებოდა, როგორც იმპერიული და რეტროგრადული. თუმცა, იმ პერიოდშიც კი არ მიმდინარეობდა სხვა ენების გარიყვა, როგორც ასეთი. 1932-1933 წლების შიმშილობა უკრაინაში ბევრი გაგებით გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, რადგან ახლა სამიზნეს წარმოადგენდა არა მხოლოდ ხორბალი, არამედ უკრაინული ენაც.

1932 წლის ბრძანებით სტალინმა მხარდაჭერა მოუხსნა უკრაინული ენის სწავლებას უკრაინის საზღვრებს გარეთ, სადაც ცხოვრობდნენ უკრაინელები - მაგალითად, რუსეთში და სხვა რესპუბლიკებშიც. არსებითად, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ შეწყდა ყოველგვარი საგანმანათლებლო თუ საგამომცემლო საქმიანობა უკრაინულ ენაზე. თავად უკრაინაშიც კი შემოიღეს უკრაინული კულტურული საქმიანობის უფრო მკაცრი კონტროლის პოლიტიკა. ამის მიზეზი იყო უკრაინული ნაციონალიზმის შესაძლო აღზევების აღკვეთა. გარდა ამისა, მიზანში ამოიღეს უკრაინის კომუნისტური პარტიის და კულტურული ელიტის წამყვანი ფიგურებიც, რომელთაგან, სულ მცირე, ორმა 1933 წელს თავი მოიკლა. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ შიმშილობას. აქ ლაპარაკია უფრო ფართო მოვლენაზე. გენოციდის კონცეფციის შემქმნელის, რაფაელ ლემკინის თქმით, გენოციდი უკრაინის შემთხვევაში გულისხმობდა არა მხოლოდ შიმშილობას, არამედ წარმოადგენდა ფართომასშტაბიან შეტევას ინსტიტუტებზე, ენასა და კულტურაზე.

ოდით, გადავინაცვლოთ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდზე ამ მოვლენებიდან 60 წლის შემდეგ, როცა უკვე ვხედავთ დამოუკიდებელ უკრაინას. როგორ აფასებთ 1991 წლის მოვლენებს და უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ წლებს?

ამ პერიოდს და 1917-1918 წლებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. 1917-1918 წლებში უკრაინელი ერის და უკრაინული რევოლუციის იდეა, არსებითად, ეყრდნობოდა ეთნიკურ ნიშანს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ბევრი უმცირესობა ცხოვრობდა, მათ შორის რუსები და პოლონელები, რომელთაგან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა უკრაინის დამოუკიდებლობის იდეას. 1991 წლისთვის, მეორე მხრივ, ერის და ენასა და კულტურასთან მისი კავშირის იდეა  შეიცვალა. უკრაინელებს უკვე განიხილავდნენ, როგორც უფრო ჩამოყალიბების გზაზე მდგარ სამოქალაქო ერს. იმ დროისთვის დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში რუსულად ლაპარაკობდნენ, ხოლო 1991 წლის დეკემბრისთვის დამოუკიდებლობის იდეას მხარს უჭერდა 90%-ზე მეტი. მართალია, ეთნიკურ წარმომავლობას და ენას მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ეს საკითხები მაინც მეორეხარისხოვანი იყო. უმრავლესობა ყველა რეგიონში დამოუკიდებლობას ემხრობოდა.

გარდა დასავლეთი-აღმოსავლეთის დაპირისპირებისა, რა სახით ვლინდება ენობრივი განსხვავებები მოსახლეობაში?

ისტორიულად, უკრაინული იყო რეგიონების, სოფლის მოსახლეობის ენა. მე-20 საუკუნემ მოიტანა მოდერნიზაცია და ურბანიზაცია, ასევე ყოფილი გლეხების ინტეგრაცია ურბანულ კულტურაში რუსული ენის მეშვეობით. შესაბამისად, არსებობდა ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც უკრაინულს თვლიდა მშობლიურ ენად და თავს უკრაინელად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულად ლაპარაკობდა.

მგონი, დღეს ყველაფერი პირიქით დატრიალდა, ანუ დიდ ქალაქებში სამეტყველო ენის თვალსაზრისით.

ეს ტენდენცია ბოლო რვა წლის განმავლობაში მომძლავრდა. სავარაუდოდ, მანამდეც იყო გარკვეული ძვრები, მაგრამ რეალურად ეს გახლავთ რეაქცია ომზე. ხოლო ომი დაიწყო 2014 წელს. რუსული მხარის არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ აი, ჩვენ მოვედით, რათა გიხსნათ კულტურული და სხვა სახის ჩაგვრისგან - შენ ხომ რუსულად ლაპარაკობ! ამიტომაც ითვლება, რომ შენ რუსეთის ერთგული უნდა იყო. შესაბამისად, ძირითადად დიდ ქალაქებში, ახალგაზრდებს შორის, განსაკუთრებით სტუდენტებში, გაჩნდა შეგნებული არჩევანი უკრაინულზე გადასვლასთან დაკავშირებით. მათთვის, ვინც ორენოვან გარემოში გაიზარდა, ერთიდან მეორეზე გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, გაჩნდა ერთი ენიდან მეორეზე გადასვლის, უკრაინულთან თავის გაიგივების და უკრაინულენოვან სკოლაში ბავშვების მიყვანის ტენდენცია.

როგორ ჯდება ჩვენი საუბრის კონტექსტში პუტინის მიერ ამ კვირაში გაკეთებული განცხადება?

ძალიან კარგად, იმ გაგებით, რომ მის გამოსვლაში იკითხება საბჭოთა ეპოქის პოლიტიკის უარყოფა. მან ყველაფერში საბჭოთა კავშირი დაადანაშაულა, უკრაინის შექმნაშიც კი. ასე რომ, ახლა ჩვენ ვხედავთ რუსების რევოლუციამდელ აღქმას. ეს არის მეტად იმპერიული იდეა რუსი ერის შესახებ, რომელიც შედგება რუსებისგან, უკრაინელებისა და ბელორუსებისგან. ამ უკანასკნელ ორს არ აქვს ცალკე ერის, ქვეყნის სახით არსებობის უფლება. ჩვენ თითქმის მე-19 საუკუნის შუა წლებში გვაბრუნებენ, როცა იმპერიის მოხელეები ცდილობდნენ უკრაინული კულტურისა და იდეების განვითარებისთვის დაბრკოლებების შექმნას.

რამდენად მისაღებია უკრაინელთა დიდი ჯგუფებისთვის რუსეთის იმპერიული პოზირების და უკრაინული იდენტობის მხოლოდ მის ფარგლებში არსებობის იდეა (მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფებს უმრავლესობამდე ძალიან ბევრი უკლიათ)?

ცხადია, რომ ამ იდეამ მხარდაჭერა ჰპოვა ყირიმში, 2014 წელს. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას იქ რუსები შეადგენდნენ. ამ იდეას ასევე ჰყავდა მხარდამჭერები დონბასის მოსახლეობაში ზოგადი საბჭოთა იდენტობით. ისინი გადაჭრით უარყოფდნენ ექსკლუზიური იდენტობის ცნებას, რამაც გარკვეული ნიადაგი შეუმზადა იდეას, რომ აი, ჩვენ შეიძლება უკრაინელები ვიყოთ, მაგრამ უფრო ფართო, რუსული როლის შესრულებაც შეგვიძლია.

თვლით თუ არა, რომ თავად რუსეთში, მათ შორისაც კი, ვისაც პუტინი არ მოსწონს, არსებობს გარკვეული ჯინგოიზმი უკრაინის საკითხთან მიმართებით? თუ უფრო უთანხმოებასთან გვაქვს საქმე რუსეთის შემთხვევაში?

მოსაზრებას, რომ ყირიმი რუსეთია, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, რამაც შედეგად მოიტანა პუტინის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი. რაც შეეხება დანარჩენ უკრაინას, აქ, ჩემი აზრით, სიტუაცია ამ მხრივ უფრო ბუნდოვანია. ომის დაწყების შემდეგ მანძილი რუსეთსა და უკრაინას შორის, ერთმანეთზე [ამ ქვეყნების] მოსახლეობის შეხედულებების თვალსაზრისით, გაიზარდა. მე არ ვარ სოციოლოგი, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ისტორიის რუსული ნარატივი დაკნინების გზაზეა. რუსეთის ისტორია კიევში იწყება. ამას სკოლაშიც ასწავლიან. ეს ასეა, თუმცა რეალობა პრობლემას უქმნის ამ ისტორიულ მითოლოგიას.

ასე გამოდის, თითქოს უკრაინასთან ომის დაწყებით პუტინმა საკუთარ მოსახლეობას დააკარგვინა ინტერესი, განიხილოს ეს ორი მხარე, როგორც ერთი ქვეყანა...

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ასევე არსებობს წინააღმდეგობის მოძრაობა თავად რუსეთში, რომელსაც ყოველივე ამაში თავისი წვლილი შეაქვს. პუტინს შეუძლია გააგრძელოს ლაპარაკი ფაშისტებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ერთიანობის განცდას ვერ შექმნის. რუსულმა პროპაგანდამ მაიდანის საპროტესტო აქციების მონაწილეები რადიკალურ ნაციონალისტებად შერაცხა. სხვა ქვეყნის მოქალაქეების ასე წარმოჩენა არ უწყობს ხელს ძმობისა და ერთობის დისკურსს.

თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინის დიდ ნაწილში, თქვენი აზრით, რამდენად ძლიერი იქნება წინააღმდეგობა? რამდენად რთული იქნება მისი გატეხვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის არმია ფორმალურად დამარცხდება?

ჩემი აზრით, რთული იქნება, რაც ნაწილობრივ დამოკიდებულია კონკრეტულ რეგიონებზე. პუტინმა დასავლეთ უკრაინამდე შეიძლება ვერც კი მიაღწიოს. ვვარაუდობ, რომ წინააღმდეგობა ცენტრალურ უკრაინაში ძალიან ძლიერი იქნება. გარდა იმისა, რომ ამ ომის შედეგად მოხდა უკრაინული იდენტობის და საკუთარ კულტურასთან უკრაინელთა კავშირების განმტკიცება, სულ უფრო მეტი ადამიანი აღარ თვლის იარაღით ხელში სამშობლოს დაცვას რადიკალიზმად. ათასობით ადამიანმა გაიარა სამხედრო წვრთნა. ისინი ბრძოლაში ჩაერთვებიან. არ ვიცი, როდის და როგორც, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ წინააღმდეგობა იქნება.

როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციაში პრეზიდენტ ზელენსკის მოქმედებას? მართლაც მოულოდნელი იყო პანიკის დამშვიდების მცდელობებიდან მისი გადასვლა გერმანიაში ვიზიტზე და დამშვიდების შესახებ ლაპარაკზე.

ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა უარყოფის, „თვალის დახუჭვის“ პერიოდი. ზუსტად არ ვიცი, რა დაედო ამას საფუძვლად, მაგრამ ზელენსკის და უკრაინული საზოგადოების პოზიციები ემთხვეოდა, რადგან ხალხს არ უნდოდა ომი, ხალხი არ იყო მზად ომისთვის, ხალხს ომზე ფიქრიც კი არ უნდოდა. ასე რომ, იყო იმედი, რომ პუტინისკენ მიმართული საყოველთაო ყურადღების პირობებში, იგი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას. ბოლო ორიოდე კვირის მოვლენებმა რეალობის აღქმა შემოიტანა. სწორედ ამიტომაც ვხედავთ ცვლილებას [დამოკიდებულებაში] მაღალ ეშელონებში.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა