საზღვრის დინება | ნიკოლო ვინჩენცოს ფოტოამბავი
08.08.2023 | 5 წუთიანი საკითხავი
„თუ რამეს ცუდად ვიტყვი ან ზედმეტს, რუსები მოვლენ და მომკლავენ ან მომიტაცებენ და დამიჭერენ.“ – ამბობს ბუდიკო სოფელ ნიქოზიდან. როცა პირველად ჩავედი საზღვართან, პირველი ადამიანი იყო, რომელმაც შინ მიმასპინძლა, მაგრამ გადაღება არ მოისურვა; პირველია, ვინც მიმახვედრა, რამდენად სახიფათო რამეა საზღვართან ცხოვრება და ამაზე ლაპარაკიც კი.
...
თამარ ოქროპირიძე (22). თამარი 7 წლის იყო, როცა 2008 წლის ომი დაიწყო. დღემდე ახსოვს ყველა მოვლენა დეტალურად. მათი სახლი დგას ოკუპირებულ სოფელ დისევში; საკუთარი სახლ-კარი აღარც კი უნახავს. ხაზი სახლის სიახლოვეს გადის. რუსი ჯარისკაცები წვავდენ სახლებს, ანადგურებდნენ ირგვლივ ყველაფერს და იტაცებდნენ ხალხს, იხსენებს თამარი.
„ბოლოს როცა ვეცადეთ, სახლში შევსულიყავით, განადგურებული დაგვხვდა. რთულია, დავიწყება. ომის დროს ქალები და ბავშვები სოფელს ტოვებდნენ, კაცები დარჩნენ სახლ-კარისა და სოფლის დასაცავად. ბაბუა რუსებმა დაიჭირეს და აიძულეს, ეყურებინა, როგორ წვავდნენ მის სახლს. დისევში შეჭრისას ბაბუაჩემის ძმა რუსებმა გაიტაცეს სხვა თანასოფლელებთან ერთად. ნავთი გადაასხეს და მის დაწვას აპირებდნენ. გულის შეტევით გარდაიცვალა. რამდენიმე სოფლის მოსახლე კი გამოექცა მათ.“
„2008 წლის შემდეგ აქ პირველად ვარ. ჩვენი ჯუჯუ პაპა ცოცხალი აღარაა, მაგრამ სახლი ისევ მყარად დგას. რომც არ იდგეს, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს სოფელი ჩვენია, ეს სახლებიც ჩვენია.“
მარტის დასაწყისში თამართან ერთად კოშკას ვეწვიე, დისევის მოსაზღვრე სოფელს. ერთ-ერთ ადგილობრივთან ერთად სოფლის სასაფლაოზე ავედით – თამარის სახლიც მოჩანდა. სასაფლაოს ნახევარი რუსი სეპარატისტების ზედამხევდელობის ქვეშ იყო, რუსული საგუშაგოდანაც დაგვყურებდა ჯარისკაცი.
„აქ ზოგიერთი სასაფლაო ორადაა გაყოფილი; ერთს ქართული მხარე აკონტროლებს, მეორეს რუსული.” – ამბობს კოშკას მკვიდრი, ლია მიქელაძე. სასფლაოსთან ახლოს დიდი ჭიშკარი იყო, რომლის მიღმაც თამარის სახლი იდგა; ის სახლი, რომელიც ჯუჯუ პაპას თვალწინ დაწვეს.
ლია მიქელაძე (56). სოფელი კოშკას მკვიდრი. ომამდე ლია მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში, თამარი კი მისი მოსწავლე იყო პირველ კლასში. წლების შემდეგ სრულიად შემთხვევით თამარი და ლია ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
„რუსებმა პირველად ჩემი ქალიშვილის სახლი დაწვეს, ბომბავდნენ და ანადგურედბნენ ირგვლივ ყველაფერს, იტაცებდნენ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კაცებს. აგვისტოში ჩვენს ეზოში სამი ჭურვი ჩამოაგდეს. ღვთის წყალობით, არ აფეთქდა და გადავრჩით. სამაგიეროდ მეზობელი სოფლები იბომბებოდ. მე მაზლთან ერთად გავედი სოფლიდან, ჩემი მეუღლე კი მშობლებთან სახლში დარჩა.
გზაზე რუსული ტანკები დადიოდნენ და უმიზნოდ ისროდნენ.
ომის დასასრულს ადგილობრივებს დაატოვებინეს სოფელი; მოხუცებმა არ დატოვეს სახლები, დარჩენა ამჯობინეს – დაიჭირეს, ზოგი ცხინვალში დააპატიმრეს, ზოგიც დაწვეს.“
ვალია ვალიშვილი (88). მეუღლის, დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ მარტო უვლის სახლ-კარს. დათა პაპა ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. 2013 წელს მათი სახლის წინ მავთულ-ხლართები გააბეს და მშობლიურ ტერიტორიაზე გადასვლა აუკრძალეს. ვალია ვალიშვილი დღემდე ცხოვრობს და იცავს სახლ-კარს.
„სიკვდილის წინ დათამ დამიბარა:
არ დატოვო სახლი, არსად არ წახვიდე, ქართველები აქ არიან და ყოველთვის დაგეხმარებიან.
დღემდე ვასრულებ პირობას, ხანდახან შემოიპარებიან ხოლმე რუსები სახლში, ხან კარებს ჩაკეტავენ, ხან რას წაიღებენ, მაგრამ მინდა, იცოდნენ, რომ მათი არ მეშინია, ქართველებს რუსების არ ეშინიათ.“ – ვალია ბებო სოფელ ხურვალეთიდან.
ნორა ბატონისაშვილი (93). როცა ნორა ბატონისაშვილი ძაღლის ყეფას იგებს, მან უკვე იცის, რომ რუსები ახლოს არიან. 2008 წლის შემდეგ ნორა ბებოს არასდროს დაუდგამს ფეხი მისი სახლის უკანა ეზოში – მოსავალს იმ ეზოდან იღებდა, ახლა კი თითქმის აღარაფერი დარჩა. 93 წლისაა და სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს, წარმოშობით ოსია. შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მისი პენსია განახევრებული მოსავალია.
„არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ჩემი სახლი შევაკეთო, წვიმა ჩამომდის, ჩემი პენსიის ნახევარი კი წამლებში მიდის. სოფლის ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი დღითიდღე წინ იწევს, გვეშინია ირგვლივ მცხოვრებლებს.
...
სოფელი ნიქოზი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, მძიმედ დაიბომბა; თუ სოფელს ეწვევით, ნახავთ, რომ სახლების უმეტესობა გადამწვარია, სოფელშიც თითქმის აღარავინ ცხოვრობს.
ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ ომის შემდგომ 3 წლით ცხინვალში დარჩენა ამჯობინა, მერე კი სოფელ ნიქოზში დაბრუნდა. სულ რამოდენიმე ადამიანი დარჩა სოფელში. უმეტესობა საზღვარგარეთ მუშაობს.
ავტორი: ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო