
სიკვდილი გამოძახებით | ბუკოვსკი და სარამაგუ
მე საერთოდ არ მჯერა, რომ სიკვდილი არსებობს, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს ვერაფრით ვარწმუნებ. მართალია, გარდაცვალების სტატისტიკა მათ მხარესაა, მაგრამ ეგეც რაღაც ტრიუკი მგონია.
მხატვრულ ტექსტში, კი ბატონო – ეფექტური მეტაფორაა სიკვდილი. ფილოსოფიაშიც მოხერხებულად ჯდება, მით უმეტეს, თუ დიალექტიკური თამაშის ნაწილია. მაგალითად, ბოდრიარი ჩამთრევ თამაშს იწყებს კითხვით: ვინ არის ის, ვინც უფრო მეტი ადამიანი დახოცა, ვიდრე სტალინმა და ჰიტლერმა ერთდროულად? ფილოსოფოსი ამ პარადოქსს პროცენტული მაჩვენებლებით განმარტავს და ასკვნის, რომ ეს არის კაენი: მან ძმის მოკვლით კაცობრიობის მეოთხედი ამოხოცა. ბოდრიარი ჩვეული ირონიით განაგრძობს, რომ კაენს კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის უნდა მოეთხოვოს და ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ჰააგის ტრიბუნალიც უკან მორჩება.
რასაკვირველია, ამით ფილოსოფოსი ზუსტი ლოგიკის უძლურებას გვიჩვენებს და იმასაც, რომ სტატისტიკა მეტისმეტად „მანიპულირებადია“.
მაგრამ უდავო მკვლელის სახელი სტატისტიკის მიღმაც ცნობილია, მას ჩვენ განზოგადებული სახელით ვიცნობთ – სიკვდილი!<