გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თანაფა ზურა ჯიშკარიანი

სიკვდილითა სიკვდილისა | ესმა ბერიკიშვილი

I would rather be a cyborg than a goddess.

Donna Haraway[1]

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ანთროპონცენში, რომელიც ადამიანის მიერ გამოწვეული გარემო ცვლილებით ხასიათდება და თავისი არსით უფრო მეტია ვიდრე ადამიანი (more-than-human). სწორედ ამ უფრო-მეტი-ვიდრე-ადამიანის სამყაროს მოხელთებას ცდილობს ზურა ჯიშკარიანი „თანაფაში“ და ახერხებს ის მოუშინაურებელი ეფექტები მოათვინიეროს, რომელსაც ადამიანის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურები აწარმოებენ ადამიანური კონტროლის მიღმა.

ამ ტექსტში ზურა ჯიშკარიანი ნამდვილი კიბორგ ანთროპოლოგი ხდება. დონა ჰარავეის მსგავსად ზურა ქალღმერთობას კიბორგობას ამჯობინებს და მის ტექსტში ნარატივს არა-ადამიანური ობიექტები აწარმოებენ, აქ ავტორი აპლიკაციები და მდგომარეობები არიან და მათი პირით მოთხრობილ არ-ამბებს ვისმენთ. კიბორგ ანთროპოლოგიას ადამიანების და მის გარშემო არსებული არა-ადამიანური ობიექტების ერთმანეთთან კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი კულტურული ცვლილება აინტერესებს და სწორედ ამ ცვლილებებს იხელთებს ზურას ტექსტი, რომელიც თავის მხრივ ენობრივი ექსპერიმენტია და სალიტერატურო ქართული ენის და პროგრამირების ენის მიჯნაზე ცხოვრობს. ყველანი აქ ვართ:, წერს ზურა: „ტირანოზავრნი და ტერმინო-ჟამნი, სამყაროს ქსოვილში უეცარი, უცნაური ფლუქტუაციების შედეგად აღმოცენებული ცნობიერებებიც და დასაქოქი, მექანიკური დელფინები.“ მოსიარულე თევზები და ამით ადამიანური და არა-ადამიანური ობიექტების თანასწორობას უსვამს ხაზს.

„თანაფა“ აფექტია. აფექტი ინტენსიურობის სივრცე/სამყაროა. ეს არის ინტენსიურობა იმდენად, რამდენადაც არის არაცნობიერი ავტონომიური გამოცდილება.

ინტენსიურობა გამოხატულია სხეულის ზედაპირზე, სადაც ის ინტერაქციაში შედის სხვა საგნებთან. ეს არის სრულიად ავტონომიური რეაქციების დონე[2]. აფექტის მკვლევრები  გამოცდილებების, არალინგვისტური ან პრე-ლინგვისტური რეგისტრების სწავლობენ[3], სწორედ ასეთი გამოცდილებების კვლევაა ჩემთვის „თანაფა“, რომელიც კეტლინ სტუარტისულ „ყოველდღიურ აფექტებს“[4] კვლევის ობიექტად წარმოისახავს: “რიჟრაჟის რიგითი ნომერი ბანკის მოსაცდელში, ჰორიზონტის ზოლის კორპორატიული მეხსიერება, ბინის ქირის ქვითარი, როგორც რომელიმე ბიუროკრატიული სახელმწიფოს პატარა დროშა - ყოველდღიურობის ნაცნობი ადგილები” - და ყოველდღიურობას ელეგანტური კოდით წერს, „პოეტურად და მათემატიკური სიზუსტით“. აფექტები გაშუალებულია სუბიექტურობის, ენის და დისკურსის გზით და ეს გაშუალება აძლევს აფექტს იმის საშუალებას, რომ მოხდეს მისი კომუნიკაცია და შეიძინოს სოციალური მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ვცდილობთ ვისწავლოთ აფექტი ადგილებში და სივრცეებში, ადამიანური სუბიექტის, მისი სუბიექტურობის და ფსიქიკის მიღმა[5]. ამ სუბიექტურობის მიღმა გადის ზურაც, ის ობიექტზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს  და ამ პერსპექტივებიდან იკვლევს ადამიანურ გამოცდილებებს.

ეს ტექსტი სიღრმისეულად სწვდება იმ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ის საუბრობს ფემიციდზე, ქალაქში, რომელიც ქალებმა დატოვეს და დამარხეს მზე, სადაც „მზე მოკვდა“ და ჩვენ უკვე შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი.

სადაც, ჯართის ჩამბარებლების ტრაექტორიას თუ მიყვები შეგიძლია აღმოაჩინო საყოფაცხოვრებო ნარჩენებში დამალული ღმერთი. სადაც, „ველური ბავშვები მარადიული რომის გარეუბნებიდან“ თავის ქალებით თამაშობენ.

ზურა ჯიშკარიანის „თანაფა“ ისეთი აღდგომაა, სადაც ავტორი გახსნილი და ჯვარცმულია ყოველდღიურობაზე.

______________________________

[1] Haraway, Donna. 2006. “A Cyborg Manifesto: Science, Technology, and Socialist-Feminism in the Late 20th Century.” In The International Handbook of Virtual Learning Environments, edited by Joel Weiss, Jason Nolan, Jeremy Hunsinger, and Peter Trifonas, 117–58. Dordrecht: Springer Netherlands. https://doi.org/10.1007/978-1-4020-3803-7_4.

[2] Massumi, Brian. (1995). The autonomy of affect. Cultural Critique, 31, 83–109.

[3] Thrift, N. (2008). Non-Representational Theory: Space, Politics, Affect. Routledge.

[4] Stewart, Kathleen. (2007). Ordinary Affects. Durham: Duke University Press.

[5] Navaro-Yashin, Yael. 2012. The Make-Believe Space: Affective Geography in a Postwar Polity. Durham, NC: Duke University Press

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა