გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ზურაბი | ზოია, 55 წლის, ცხინვალი

ქართულ-ოსური კონფლიქტი, 1991-1992

ზურაბზე 10 წლით ვარ უფროსი. მახსოვს ის დღე, რომ დაიბადა. დილით სკოლაში გამიშვეს, მე კი დედაზე ვნერვიულობდი. ძლივს მორჩა გაკვეთილები. სახლში ვბრუნდებოდი, ბიძაჩემი რომ შემხვდა, სიცილით მითხრა: „დედას გვერდით საწოლთან კვახი დაუდეს, წადი ნახეო.“ სახლში მივედი და იქ უკვე ბავშვი დამხვდა. 

საფენებს მე ვურეცხავდი, ტანსაცმელს. დედასავით ვიყავი მისთვის, გული გამეხლიჩა, რომ დაიკარგა, ვერ მოვდიოდი გონს. 

მიწისძვრის მერე, ჩვენი სოფელი კარძმანი, თავისი მოსახლეებით მიწამ ჩაიყოლა. ჩემი მშობლებიც იქ დარჩნენ.

ჩემი ძმა ნათესავებთან იყო სხვა სოფელში, ასე გადაურჩა მიწისძვრას. მაშინვე ცხინვალში ჩამოვიყვანე, ჩემთან. ომონში დაიწყო მუშაობა. საქართველოსთან უკვე დაძაბული იყო. ვაფრთხილებდი ყოველთვის, ქართულ მხარეს არ გადახვიდე-მეთქი. იცინოდა. 

ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ წითელ ეკლესიასთან. იქ წავიდა. ისინი ამბობენ, ვიყავით, მერე წავიდაო. იმის მაგივრად ქალაქის ცენტრში წასულიყო, ზემოთ აუყვა, ქართული სოფლებისკენ. 

ვინც ნახა, იმან მითხრა, ვეუბნებოდი, არ წახვიდე, მაგრამ ნათლიასთან მივდივარო, ასე მითხრაო. მე ვთვლი, რომ ის ნათლიაა დამნაშავე. კუსიანია მათი გვარი. თამარაშენში ცხოვრობდნენ. დედამისი ჩემი ნათლია იყო, ჩვენი სოფლიდან. 

სამი დღე არ მიძებნია. ალბათ ტერეგუანშია-თქო ვფიქრობდით, ბიძასთან. მერე ავწრიალდით. ცხინვალის და თამარაშენის საზღვარს გადავიდაო. გამოკითხვა დავიწყეთ. მეტრეველი და თეგაშვილი გამოვიდნენ ჩვენთან ხაზზე. ძალიან კარგად მახსოვს, რა დამავიწყებს მაგათ.. გვითხრეს, ჩვენთან არისო. „მარა მერე ბიჭებმა წაგვართვეს და სადღაც ყავთო, გამოსასყიდი რო მიიღონო.“ სიტყვა-სიტყვით ეს გვითხრეს. ვუთხარით ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ მოგვეცით-მეთქი.

მთელი თვე იმ ტეკზე ვიარეთ, მაგრამ გასაგებ პასუხს ვერ ვიღებდით. ერთხელ გვითხრეს, სასწრაფო წამოიყვანეთ, მისი ცხედარი რო მოგცეთო. მარა არც ეგ მოგვცეს. ერთი დღით ადრე აქ შევარდნაძე იყო, იმას უთქვამს, ვინც ნაწამებია, არ მისცეთო. 

14 მარტს დაიკარგა. 1992 წელი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ჩემი მშობლები მთის ქვეშ დაიმარხნენ. 

ეხლაც ვინახავ მის წერილს, ჯარიდან. ქართულად მწერდა. ჩვენ ქართულ სკოლაში დავდიოდით.  

ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა