გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოქროზე დასახლებულნი (მესამე ნაწილი) | თამარ ბაბუაძე

ადამიანები, ვისაც ჭიათურაში შევხვდით, სპეციალურად არ გვიძებნია. ყველა, ვინც გავიცანით, შემთხვევით შეგვხვდა და ზოგჯერ ერთმა მეორე გვაპოვნინა. 

იმ დღესაც საბაგირო  “პერევისა-ქალაქზე”, რომელსაც “25-საც" ეძახიან, წესით, მხოლოდ ღია კარიერის გადასაღებად ავედით, მაგრამ ზევით, ბაგირ-გზების მთავარი ინჟინრის - გიორგი ფანცულაიას სახელობის ქუჩაზე, მიკროავტობუსის გაჩერებაზე შევხვდით ახალგაზრდა კაცს სოფელ პერევისიდან, რომელსაც მადნის მოპოვების გამო სახლისკენ მიმავალი სამანქანო გზა დაუნგრიეს. 

ამბობს, რომ მის სახლთან სოფლის მთავარი გზა ისედაც არ მიდიოდა - ბაბუას გაყვანილი გზით სარგებლობდნენ იმ დროიდან მოყოლებული, რაც მისი ოჯახი პერევისას ქვედა მხარეს, ტყეში დასახლდა. ახლა კი გადათხრილ, ღია კარიერად ქცეულ მიდამოში მათი გზის ნასახიც აღარ არის - კლდიდან ჩამოცვენილი ლოდებითაა ჩახერგილი მთელი ფერდი. კაცი სახლში მისვლას ამ დიდ ლოდებზე ძრომიალით ახერხებს, დამწიფებული ხილის, ყურძნის გაჭირვებით გამოსატანად კი ადის ხოლმე, მაგრამ იქ ვეღარ ცხოვრობს - იძულებულია, ბინა იქირაოს - იქვე, “მაღაროელების კორპუსებში”, “პერევისა-ქალაქის” ზედა სადგურის სიახლოვეს. 

“წლები გავიდა და ამ საბაგიროებს ვერ უხერხებენ ვერაფერს, კაცი არაა მაგათი პატრონი-მომხედავი და იმ გზას აღადგენენ, რომელიც მარტო ერთი კინკილა კაცს ჭირდება? მაინც ჩაიწერეთ ჩემი ნომერი, იქნებ გააგებინოთ რამე”, - გვემშვიდობება. 

ამ საბაგირო სადგურთან 1970-იან წლებში აგებულ კორპუსებში ზოგიერთი ბინის ფანჯრები ფიცრებითაა აჭედილი, ზოგან პირიქით - შუშების ჩასმაზე არც უზრუნიათ. აქაურობა ნახევრად დაცლილ და დანგრეულ თავშესაფარს უფრო ჰგავს და აღარაფერი აკავშირებს თავდაპირველ დიად მიზანთან - “მაღაროელთა კორპუსებს” ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეექმნა მაშინდელი სტალინის სახელობის მაღაროს მუშებისთვის. ამ ოჯახებს კორპუსების წინ ყველაზე მოსახერხებელი და უცნაური ტრანსპორტიც ელოდათ - საბაგირო გზა - არა მხოლოდ მათი ქალაქისთვის პირველი, არამედ - პირველი მთელ საბჭოთა კავშირში. ის 1953 წელს ამუშავდა და შემდეგ უკვე ბაგირ-გზებით მთელი ქალაქის დაქსელვას დაუდო სათავე. 

სწორედ 1950-იანი წლებიდან დაიწყო ჭიათურის ცის ათვისების პროექტი - მდინარე ყვირილას ხეობაში გაშლილ ცენტრს პლატოებზე შეფენილი გარეუბნები და სოფლები საჰაერო გზებით დაუკავშირეს და უკვე 1980-იანებში ქალაქს ჰქონდა 17 ასეთი გზა. ზეგნებზე დასახლებულ ოჯახებსა და მაღაროს პერსონალსაც ამით უნიკალური საშუალება მისცეს - ავტობუსებით კი არ დასდგომოდნენ ქალაქისკენ ჩამავალ ხრეშიან გზებს, არამედ საბაგირო გზებით ეფრინათ და სულ რაღაც 3-5 წუთში ჩასრიალებულიყვნენ ხასხასა ყვითელი ვაგონებით ცენტრში, თავიანთ ქალაქურ საქმეებზე (მაშინ როცა “პერევისა-ქალაქის” აშენების მომენტში იმავე მონაკვეთზე მანქანით გადაადგილებას ათჯერ მეტი დრო სჭირდებოდა). 

“ჭიათურა იშვიათი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალაქგეგმარებითი ამოცანა იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც თან ეკოლოგიურად ყველაზე გამართულიც იყო. საბაგიროებიანი ჭიათურა იმთავითვე იქცა ქალაქის მოწყობის ძალიან საინტერესო შემთხვევად, ხოლო სადგურები - გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშებად”, - ამბობს ურბანისტი და არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი, რომელიც ნანო ზაზანაშვილთან ერთად თანაავტორია გამოცემისა “საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობა”. 

“აქ არქიტექტურული სტილის რამდენიმე ეტაპი იკითხება. ძველ საავადმყოფოსთან ამავალი საბაგირო გზის სადგური ძალიან პლასტიკური შენობაა. ბაზართან მდგარი შენობა კი ბრუტალისტური არქიტექტურის გამორჩეული სახეა - უხეში ბეტონით დამუშავებული, მონოლითური ფორმებით. შევადაროთ იაპონური მეტაბოლისტური არქიტექტურის ნებისმიერ ნიმუშს, არაფრით ჩამოუვარდება. ჭიათურა ის ქალაქია, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კონტექსტი და მათ შორის ბმა არქიტექტურაში თვალსაჩინოდ ჩანს”, - მიამბობს ლევან კალანდარიშვილი და ყურადღებას “პერევისა-ქალაქის” სადგურების კაპიტელებით მორთულ სვეტებიან გალერეებზე, ომის შემდგომი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მონუმენტურობაზე, შთამბეჭდავ თაღედებზე ამახვილებს. “მისი საინჟინრო გადაწყვეტა უნიკალურია”, - დასძენს.

sabagiro

ქალაქის შესასვლელშივე, ნინოშვილის ქუჩაზე მდგარ ამ სოცრეალიზმის (ე.წ. სტალინური ამპირის) სტილში შესრულებულ ნიმუშს სასტუმროს ნომრიდან - მოპირდაპირედ მდგარი შენობიდან ვაკვირდები ხოლმე, მაგრამ აღქმა ჭირს - საბაგირო მეხუთე წელია, დაკეტილია; ალაგ-ალაგ აფცქვნილი, ჩამორღვეული კედლები ხავსითაა დაფარული, იატაკიდან ბალახი და მცენარეებია ამოზრდილი. მახსენდება, რომ ამ ბოქლომდადებული კარის მიღმა 2015 წელს მთელ კედელზე მაღაროელის გრაფიტი დახატა მხატვარმა ბაჩა ხოფერიამ. “ჭიათურა - დროის მანქანა” ქალაქის რამდენიმე წერტილში მაშინ ამ სათაურით მიმდინარეობდა რამდენიმედღიანი ხელოვნების ფესტივალი თბილისელი არტისტების ორგანიზებით და მონაწილეობით. 

“საბაგიროების გამო დაგვაინტერესა ამ ქალაქმა. არც ვიყავი ნამყოფი, ფოტოებიდან ვიცოდი და მომინდა, ამ საბაგიროებში მხატვრულ ინტერვენციებზე გვეფიქრა”, - ჰყვება ფესტივალის იდეის ავტორი, მარიამ ნატროშვილი. 

“საბაგიროს კაბინა ოქროსფრად შევღებეთ - იმაზე ხაზგასასმელად, რომ ქალაქი, რომელიც ამბობს, რომ შავი ოქრო აქვს და ყველაზე მდიდარი უნდა იყოს, ყველაზე ღარიბია. ზემოთ, გადმოსახედზე, სადაც ლითონის ჯვარია აღმართული, გვინდოდა, კაზი ჯაზს ემღერა “ქალაქს სძინავს”, მაგრამ უფლება არ მოგვცეს - აქ ჯვარიაო და არც კულტურის სახლთან დაგვიშვეს - ისევ რელიგიური მოტივით - იქ ეკლესია შენდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ ჭიათურაში ჩასვლამდე ვერ ვხვდებოდი და მხოლოდ მერე გავიაზრე, რომ ხელოვნების ენით აქაურ პრობლემებზე ლაპარაკი არ იყო ადვილი”. 

chiatura

იმ რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი თბილისელ არტისტებსა და ადგილობრივებს შორის, ცხადია, მაინც დამყარდა, მაგრამ საბოლოოდ დედაქალაქიდან დაძრული ეს სახელოვნებო ინიციატივა იმავე მომენტში ჩარჩა - ჭიათურაში შემდეგ მომხდარმა სხვადასხვა და ერთმანეთზე მწვავე მოვლენებმა გადაფარა. ფესტივალიდან ერთ წელიწადში დაიწყეს, მაგალითად, ქალაქში დარჩენილი 15 მოქმედი საბაგირო გზის ეტაპობრივად დაკეტვის პროცესი - ამორტიზების, მწყობრიდან გამოსვლის, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო და ბაჩა ხოფერიას ნამუშევარიც “პერევისა-ქალაქის” აჭედილი კარს იქით დარჩა. 

ბოლო მონაცემებით, დაკეტვამდე, საჰაერო გზებს ჭიათურაში ყოველთვიურად ხუთი ათასამდე მგზავრი გადაჰყავდა. შემდეგ კი ჭიათურაში “მარშუტკები” მომრავლდა - 1990-იანებიდან მოყოლებული, პოსტსაბჭოთა ქალაქების, ალბათ, ყველაზე საცნობი ნიშანი. 

“პერევისა-ქალაქი” 2016 წლის აგვისტოდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით სარგებლობს. 2017 წელს დასრულდა ორეტაპიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებდა COMUS-ი (თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში) და რომელიც “პერევისა-ქალაქის” რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტის გაწერას ითვალისწინებდა. დადგინდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიახლოებითი ღირებულება, რასაც 13-29 თვე უნდა დასჭირვებოდა, იქნებოდა 1,992,000 ლარი. თუმცა, სადგურის არც ზედა და არც ქვედა ნაწილების დამუშავება აქამდე არ დაწყებულა. ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის თქმით, ეს პროცესი დაიწყება წელს. გამოდის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსმა “პერევისა-ქალაქის” სადგურები ამ ხნის განმავლობაში უდავოდ დაიცვა მიზანმიმართული დემონტაჟისგან, მაგრამ ვერ დაიცვა წლების განმავლობაში გამოკეტვისგან და თანმდევი გაპარტახებისგან. 

ეს ასეა არა მარტო მის, არამედ ჭიათურის სხვა საბაგირო სადგურების და საერთოდ სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე ინდუსტრიული მემკვიდრეობის შემთხვევაშიც. “რაც ჩვენი ისტორიაა, გინდ კომუნისტური იყოს და გინდ - არა და ყველაფერი, რაც იმსახურებს, უნდა დავიცვათ, უნდა შევუწყოთ ხელი”, - ეუბნება ინდიგოს გივი მოდებაძე, ჭიათურის მერი. თუმცა, ჭიათურის შესახებ მომზადებულ სხვადასხვა კვლევით ნაშრომებში ხშირადაა აღნიშნული ის, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიის რევიზია. ჭიათურა უნდა აღვიქვათ, როგორც ერთიანი კულტურული ქსოვილი, რომლის თითოეული ნაწილიც უნდა შეფასდეს.

დაწვრილებით

უძრავი ძეგლის სტატუსით ახლა სარგებლობს ჭიათურის თეატრი, ყოფილი პიონერთა სასახლე, ხსენებული საბაგირო სადგური - “პერევისა-ქალაქი”, თუმცა, მაგალითად, ეს სტატუსი არ ჰქონია ჭიათურის ცენტრალურ სადგურს - როგორც ლევან კალანდარიშვილი გვეუბნება - გარდამავალი სტალინური არქიტექტურის კარგ ნიმუშს - საიდანაც სამი მიმართულებით გადიოდა საჰაერო გზები - ცენტრი-ნაგუთი, ცენტრი-რუსთაველი და ცენტრი-სანატორიუმი. ამიტომაც შეუქცევადი ამორტიზებისა და აღდგენის არარენტაბელურობის გამო ტენდერი გამოცხადდა დემონტაჟზე. შესაბამისად, გამარჯვებულმა კომპანიამ სადგური და მთელი თანმხლები ინფრასტრუქტურა 2017 წელს სრულად აიღო. მუნიციპალური განვითარების ფონდის იმავე პერიოდში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანიამ კი ოთხი თანამედროვე, რივერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზის გაყვანა დაიწყო. პროექტი 40 მილიონ ლარად შეფასდა. და გაიწერა ზუსტი ვადაც: “მუშაობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება და მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს”. 

ეს 2017 წლის 18 იანვრის ახალი ამბავია. მას შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდის სიახლეების სექციაში ჭიათურის გონდოლებიანი საბაგირო სისტემატურად ხვდება. ნიუსების სათაურები თითქმის იდენტურია: 

  • ვადაგადიცლებიდან შვიდი თვის შემდეგ, 2018 წლის მაისში: “ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს”.
  • 11 თვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში: “ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს”. 
  • 2019 წლის ოქტომბერში: “ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება”. 
  • 2020 წლის ივლისში: “ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩამოვიდნენ”. 
  • 2020 წლის ოქტომბერში: “ჭიათურაში საბაგირო გზების მონტაჟი და ტესტირება ნაწილობრივ დასრულდა”. - ეს ფონდის საიტზე ბოლო სიახლეა. 

ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის ივნისში ჯერ კიდევ გაუხსნელ მუქად შემინულ და ულტრათანამედროვე საბაგირო სადგურს ჭიათურის ცენტრში, ტრესტის ძველი, კოშკურებიანი შენობის გვერდით, საკუთარი თვალით უკვე მეც ვათვალიერებ. შუშისა და რკინის უშველებელი კონსტრუქცია სათხილამურო კურორტზე უფრო მაგრძნობინებს თავს და კოგნიტური დისონანსის მსგავს მდგომარეობას იწვევს. ჩემს თანხმლებ ჭიათურელს იქვე ნაცნობი ხვდება ქალაქის მუნიციპალიტეტიდან. “აი, დღე-დღეზე გაიხსნება, უკვე ბოლო დეტალებს ვაგვარებთ”, - ასე პასუხობს კითხვაზე. 

“უკვე ყველანაირად მზად ვართ, პრემიერ-მინისტრი უნდა ჩამობრძანდეს და გავხსნით”, - მეუბნება ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სატელეფონო საუბარისას 2021 წლის 4 აგვისტოს და აზუსტებს, რომ საბაგიროს მშენებლობას ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი ჰქონდა შეფერხებების გასამართლებლად, თუმცა,  გახსნის პროცესი მეტად აღარ გადაიდება - ქალაქის მერს ეს პირადი პასუხისმგებლობის რანგში აჰყავს. “კი, ძველის დემონტაჟი მოხდა, მაგრამ ახალი რაც ავაგეთ, გახლავთ ორჯერ, სამჯერაც კი დიდი ძველზე”, - დასძენს ის. 

“ძველი, ინდუსტრიული მემკვიდრეობა როცა უქმდება, მაინც შეგიძლია სიცოცხლე შეუნარჩუნო, ტურისტული ფუნქციით დატვირთო - თუკი მოინდომებ, ეს შეგიძლია. და ეს აუცილებლად გამოვიდოდა ჭიათურაშიც”, - ამბობს ლევან კალანდარიშვილი. 

როცა ქალაქის მერთან საუბარს ქალაქის სხვა კულტურულ ძეგლებზე ვაგრძელებთ, დეტალურად განვიხილავთ რამდენიმეს. მათ შორის ვსაუბრობთ ბაზართან მდებარე საბაგიროს სადგურზე, რომელიც ცენტრს აკავშირებდა მაღლა, მთის წვერზე აგებულ სამკერვალო ფაბრიკასთან - თავის მხრივაც გამორჩეულ ინდუსტრიულ მემკვიდრეობასთან, რომელსაც დღეს კერძო მფლობელი ჰყავს, თუმცა, მისი განახლება წლებია არ მიმდინარეობს - ამიტომ ძალაუნებურად ემსგავსება საბჭოთა ყოფის დაკეტილ მუზეუმს. 

ქალაქის მერი ამბობს, რომ ბაზართან მდებარე საბაგიროს შენობა იმდენადაა დაზიანებული, იმდენადაა სახიფათო, რომ შესაძლოა მისი დემონტაჟიც საჭირო გახდეს. მით უმეტეს, რომ არატენტაბელურიცაა - სადაც ადიოდა, ის ფაბრიკა აღარ ფუნქციონირებს. მახსენდება, რომ საბაგიროს ეს სადგური ლევან კალანდარიშვილისა და ნანო ზაზანაშვილის წიგნშიც მოხვდა როგორც ბრუტალისტური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში. და მეც, სწორედ მის დასათვალიერებლად წავედი ჭიათურაში ჩასვლის მეორე დილასვე. მისგან ოდნავ ზემოთაა ჩემი ბავშვობის სახლი. მინდა, რომ შორიდან შევავლო თვალი ორივეს - სახლსაც, სადაც ახლა სხვები ცხოვრობენ და საბაგიროსაც, საიდანაც გაშვებული ვაგონები ჩვენი აივნის თავზე დასრიალებდნენ.

პირველად სწორედ ამ ხავსმოკიდებულ გიგანტთან ვჩერდები - გაუკაცრიელებულ საბაგიროსთან - იქ, სადაც ტროტუარზევე ქალებს გასაყიდი მწვანილები მუშამბებზე დაუფენიათ, სადგურის კიბეებზე კი კიდევ ვიღაც ნაჭრის ჩანთებიდან ამოღებულ ჭყინტ ყველს ჰყიდის. 

  •  იმდენი ჩამოდის თქვენსავით, მოგონებების საძებნელად, - მეუბნება ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველის რიგიდან გამოდის ჩემთან გამოსალაპარაკებლად. 

საუბარში ვარკვევ, რომ ექიმია. აქვე, ბაზრის გვერდით აქვს სტომატოლოგიური კაბინეტი. საბაგიროს შენობის ბეტონის მონოლითური, გაფარჩხული ფეხების ქვეშ ვდგავართ. ფანჯრები ჩამსხვრეულია და შიდა მხარეები პლასტმასის ბოთლებით, სხვა ნაგვითაა გამოტენილი. კიბეებზე გაუვალი ბალახია ამოსული, ალაგ-ალაგ ბეტონის ფენა ჩავარდნილია. 

ვუამბობ, რომ ჩვენ, ბავშვებს რამდენიმე თამაში ამ საბაგიროების გადაფრენაზე გვქონდა აწყობილი. ხან ხელს ვუქნევდით, ისინიც გვიქნევდნენ და თამაშში ასე ვრთავდით, ხანაც ვემალებოდით. კაცი მიყვება, რომ ამ საბაგიროს ზემოთ ჭიათურის სამკერვალო ფაბრიკის მკერავები და მუშები აჰყავდა. რომ იქ დიდრონი ფანჯრებით სავსე დარბაზში დღესაც ისევ ხელუხლებლად დგას საკერავი მანქანები და სხვა დანადგარები.

გივი მოდებაძე, რომელიც ქალაქის მერია 2019 წლის მაისიდან, მეუბნება, რომ მისი მმართველობის წლებში ჭიათურაში აღარაფერი გაყიდულა, და რომ ძალიან დიდი გამოწვევა და რთულად შესასრულებელი პასუხისმგებლობაა ქალაქის ამ წარსულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. 

ჭიათურაში კერძო მფლობელი რამდენიმე არქიტექტურულად და კულტურულად მნიშვნელოვან ძველ შენობას მაინც ჰყავს. ზემოთ ხსენებული ტანსაცმლის ფაბრიკის გარდა, ასეთია კინოც (სადაც ახლა ტოტალიზატორი და კაფეა), რედაქციაც (სადაც სასტუმროა) და რამდენიმე სხვა. თუმცა, იქ, ბევრგან ჯერ არაფერი ხდება. შენობების ნაწილი დაკეტილია და კიდევ უფრო ძველდება. ჩვენი თხოვნით, ერთ-ერთ მათგანს - პოლიკლინიკის ინტერიერს, რომელიც ასევე ხვდება ხოლმე პროფესიულ არქიტექტურულ აღწერებში, ნუგზარ აბრამიშვილი იღებს.

poliklinika

განადგურებული სიცოცხლის ნარჩენები - ავადმყოფობის ისტორიები, წამლების რეცეპტები, პაციენტთა დავთრები - დაშლილ ქვა-ღორღში, ჩამოფშვნილ კაფელში ირევა. გივი მოდებაძის თქმით, ეს შენობა კულტურის სამინისტრომაც შეაფასა, თავადაც გული წყდება, რომ ის სავალალო მდგომარეობაშია ისევე, როგორც საავადმყოფოს შენობა, რომელიც, მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გააუქმეს. მისი მმართველობის დროს კი საავადმყოფო ნაგვისგან გაიწმინდა და დაბრუნდა ქალაქის ბალანსზე. “ახლა ვაპირებთ, როგორმე დავიცვათ და გადავარჩინოთ ის”. 

“თუმცა, ეს ყველაფერი მილიონიანი პროექტებია. ამაზე რომ ვკონცენტრირდეთ, მაშინ სხვა დანარჩენზე უარი უნდა თქვას ქალაქმა - გზის მშენებლობაზე, სოციალურ შემწეობებზე, ახალგაზრდულ პროექტებზე. მთავარია, პროექტები შევადგინოთ ჩვენ, შევაფასოთ, გამოყენება მოვუძებნოთ და მერე ან ინვესტორი გვინდა, ან კეთილი საქმის მკეთებელი ჯგუფი ცენტრიდან”, - ამბობს ის. 

ცხადია, ასეთი ჯგუფი, პირველ რიგში, უნდა იყოს კომპანია, რომელიც ამ ქალაქის სიმდიდრეს მოიხმარს - ჭიათურის მიწისქვეშეთიდან გატანილი ძვირფასი მადანი ქალაქს სხვაგვარი სარგებლის სახით უნდა უბრუნდებოდეს. გივი მოდებაძის თქმით, წლების განმავლობაში, ძალიან რთულად იყო ადგილობრივ ხელისუფლებასა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის ურთიერთობა, “გაციებულიც კი იყო ერთ ეტაპზე, მაგრამ ახლა წამოსულია, დალაგებულია ეს ურთიერთობა და ნელ-ნელა დაეტყობა ყველაფერს. მარში მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს “ჯიემთან” და ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია, ძუძუანას მღვიმის მოწყობა, წლების განმავლობაში მიტოვებული გადათხრილი ტერიტორიების და ქვაბულების რეკულტივაცია - ეტაპობრივად ყველაფერს განვახორციელებთ, ორ კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ვნახულობთ, როგორ სრულდება მემორანდუმი”. 

ერთ-ერთ ცენტრალურ პროექტად, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიგეგმა - ჭიათურის სამხრეთ-დასავლეთ ზეგანზე 1960 წელს აშენებული, პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობაა.

chiatura

ამის შესახებ ნიუსი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საიტზე 21 ივნისს გამოქვეყნდა. მილიონნახევარი ლარი იხარჯება ტერიტორიაზე, სადაც “დღეს დილიდან შესაბამისი ტექნიკის საშუალებით შემოიტანეს სპეციალური დანადგარები, რისი მეშვეობითაც ე.წ ,,Merry-go-round” კარუსელის მოწყობა მოხდება. პარალელურ რეჟიმში მუნიციპალური სამსახურები ტერიტორიის გასუფთავებასა და მის კეთილმოწყობას დაიწყებენ. სამუშაოების დაწყებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო... ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული პროექტების დაფინანსებას შპს „ჯორჯიან მანგანეზი" უზრუნველყოფს… პიონერთა სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და  ამიტომ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენობის რეაბილიტაციის პროექტირება გათვალისწინებული ვერ იქნება”.

“ეს ძეგლთა დაცვასთან ერთად უნდა გაკეთდეს. პიონერთა სასახლის ნანგრევების კონსერვაცია უნდა მოხდეს. იქაურობა მიმზიდველ ტურისტულ სანახაობად უნდა იქცეს, სადაც ჩვენი ახლად გაყვანილი გონდოლებიანი საბაგირო ავა და პირდაპირ პარკში შეიყვანს მნახველს”, - გეგმავს მერი, გივი მოდებაძე.

მანამდე ჭიათურის ძველი და საღებავაქერცლილი შენობები თავისებური მიზიდულობა ხდება ცენტრში და გარეუბნებში ტურისტული ხეტიალის დროს. ნინოშვილის ქუჩაზე დაბერებული, მაგრამ მაინც სანდომიანი სახით დგას ტრესტის კოშკურებიანი შენობა, ზედ დამაგრებული ქალაქის მთავარი საათით. 

იქვეა, გაგრძელებაზე - სტომატოლოგიური კაბინეტი, ბანკის ფილიალი, სამთო მრეწველობის მუზეუმი, ექოსკოპიის კაბინეტი, ქსელური სასურსათო, შერეული მაღაზიები, სადაც სპორტული ფეხსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ჭაღები და ნაყინი - ერთად იყიდება. ამ სადარბაზოებიდან რომელიღაცას ჩემს ბავშვობაში ბაბუს სამსახურში შევყავდი, მგონი, აქ იყო მაშინდელი სოც. უზრუნველყოფის სამსახური, ასე ეძახდნენ. მახსოვს მძიმე, ხის მაგიდებზე შემოდგმული სტალინის ბიუსტი და კარზე აკრული ტყავის საფარის სუნი. ეს სუნი ახლა, აქ ჩავლისას ისე მძაფრად გამახსენდა, რომ თითოეულ შესასვლელს ვათვალიერებ - იმ კარის პოვნას ვცდილობ. ერთ-ერთში ტროტუარის პირზე - კაფე-საკონდიტროა გახსნილი. კარი ღიაა, ზედ თხელი ფარდა ფრიალებს. ფარდას ხელით ვწევ და პატარა ოთახში შევდივარ, შესასვლელშივე მდგარ მაგიდასთან ორი კაცი ლუდს სვამს. ძველი და უხარისხო რემონტი ვერ ფარავს  კვალს, რომ აქაურობა ადრე რომელიღაც დაწესებულებაში შესასვლელი ვესტიბიულის ნაწილი ან რაღაც სხვა ფუნქციის მქონე ოთახი იყო. 

ქალაქის მთავარ ქუჩაზე, თითქმის ყოველ მეორე სადარბაზოს შესასვლელთან მემორიალური დაფაა მიკრული. ასეთი რამ არც ერთ პროვინციულ ქალაქში არ შემიმჩნევია - ვითვლი ხუთ, ათ, ოც ასეთ დაფას მტვრიან კედლებზე.

ეს წარსულიდან გამოხმობილი და კედლებზე გაკრული მინიშნებები ძველ ბიოგრაფიებსა და ცხოვრების წესზე, ჭიათურის აწმყოს და განწყობას განსაზღვრავს. თითქოს, ამ ქალაქს აწმყოზე მეტად საკუთარი თავის შესახებ მოგონებების ყურება ერჩივნოს. მე კი მაინტერესებს - მათ, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას, ანდა სტუდენტია, მემორიალური დაფების გმირებთან, ნათესაური კავშირის გარდა, რა აკავშირებთ? რა არის მათთვის ეს ქალაქი და მისი სიცოცხლის მთავარი წყარო - მოგონებები და მანგანუმი, რომელსაც პრობლემების გარდა წლების განმავლობაში ბევრი არაფერი მოუტანია? რას უკავშირებენ ისინი ჭიათურის მომავალს? 

chiatura

“5 თუ 6 წლის ვიყავი, ბოლოს კინოში რომ წამიყვანეს, მას მერე კინო აღარ ჰქონია ქალაქს, არ ვიცი, სად უნდა წახვიდე ჭიათურაში გასართობად. არადა, გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან მაგარი იყო აქაურობა. მე თვითონ ეგეთს არ მოვსწრებივარ. 21 წლის ვარ”, - ამბობს მარიამ მეცხოვრიშვილი, რომელიც ახლა თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ერთ-ერთ კლინიკაში გადის პრაქტიკას. მიხსნის, რომ რადგან ექიმია, ამიტომ ფიქრობს, რომ ყველაზე საშინელი რამ, რაც ჭიათურას დაემართა, ძველი საავადმყოფოს გარეშე დარჩენაა. 

“საავადმყოფო მუხაძეზე, ძველი, ცხრასართულიანი შენობა, გამოკეტილი დგას. ნაგუთში გახსნეს ახალი, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკა, მაგრამ რეანიმაციის განყოფილება არ აქვს, 25 საწოლზეა სულ და რამე რომ გართულდეს, ხალხი საჩხერეში დადის. რატომ? ხომ გვქონდა?” სხვა ძალიან ძვირფასი რამ მარიამისთვის ბაბუის - წლების განმავლობაში “ჭიათურის მაღაროელის” რედაქტორის, ალექსანდრე მეცხოვრიშვილის წიგნები და წერილებია. “აღარავინ ეგ არ იცის ოღონდ. მარტო ბაბუაჩემის ხნის ხალხს ახსოვს და ეგეც კი საამაყოა. ამიტომაა, რომ არ მაღიზიანებს ეს მემორიალური დაფები, რაც შენ თვალში მოგხვდა. ერთ-ერთი ბაბუაჩემისაა”. 

მარიამ მეცხოვრიშვილი მოსწავლეთა საკრებულოს წევრი იყო. ეს ერთობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭიათურელთა კავშირის” ხელმძღვანელმა შოთა გაფრინდაშვილმა 15 წლის წინ გახსნა. მარიამი ამბობს, რომ “მოსწავლეები ქალაქის პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს და პრობლემები მართლა უამრავია. მთელ ქალაქში ერთი ზებრა გადასასვლელი არაა”. 

მერიის შენობის წინ ძველი შადრევანია, დამშრალი, ქვებჩატეხილი. ამის აღდგენას იწყებენ ახლა, - მეუბნება ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც პანდემიამდე ჭიათურის ინდუსტრიულ ნანგრევებზე უცხოელი სტუმრებისთვის ატარებდა ინგლისურენოვან ტურებს. ურბანული ტურების დაგეგმვის იდეა პრიპიატის ისტორიით დაინტერესების შემდეგ გაუჩნდა. ატომური კატასტროფის შემდეგ გაუკაცრიელებულმა ქალაქმა, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის და ცხოვრების მუზეუმად იქცა, ნუგზარს ჭიათურის საბჭოთა ინდუსტრიული სიძველეები გაახსენა და მერე ქალაქში სამოძრაო ტრაექტორია მარტივად შეკრა. მერიც მიდასტურებს, რომ აქ მალე სკეიტ-პარკი მოეწყობა, ეს შადრევანიც განახლდება და საერთოდ, დახვეწილი, ვრცელი პარკი ექნებათ ჭიათურელებს.

მე და ნუგზარი ახლა ძველი, დაკეტილი, ჟანგმოკიდებული უნივერმაღისკენ მივდივართ. იქ გაშლილ მინდორზე უნდა ვნახოთ დანგრეული აუზის ნაშთები. ძველმა ჭიათურელმა სპორტსმენმა მოგვასწავლა. ვალერი ცხადაძე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის წარმომადგენელია, ბავშვებს მიზანში სროლაში და ცურვაში ავარჯიშებს. გვიყვება, რომ ამ მინდორზე 1960-იან წლებში მოწყობილი ყოფილა დიდი, ელიფსისებური ფორმის აუზი. 

აუზი

“ღრმა არ იყო, უფრო საჭყუმპალაო ეთქმოდა, მაგრამ კი ემსახურებოდა მთელ მოსახლეობას, კაი გართობის და დასვენების ადგილი იყო, მანდვე იყო ტენისის კორტები. კალათბურთის ღია მოედანი, მოსახლეობა იკრიბებოდა და ქომაგობდა ხან ქალთა, ხან კაცთა შეხვედრებს”, - იხსენებს ვალერი და ამ სავსე, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ასე ხსნის: 

“ჭიათურა 1950-იანი წლებიდან საინჟინრო ინტელიგენციით გაივსო. მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ სამუშაოდ, აქ იმისთანა პროცესები მიდიოდა, აწყდებოდნენ ჩვენს ქალაქს. დედაჩემი რუსია, მაგრამ რუსების გარდა, ჭიათურაში ესპანელებიც ცხოვრობდნენ და ბერძნებიც. ამ ინტერნაციონალურმა საზოგადოებამ მოითხოვა აუზის აშენება. სპორტი ძალიან პოპულარული გახდა. უნივერმაღის ტერიტორია ძალიან კარგი ადგილია, პირდაპირ ქალაქის ცენტრში, დღესაც რომ აღადგინონ სპორტული შეჯიბრებების მოსაწყობად”. 

მერი ამბობს, რომ მისი ორწლიანი მმართველობის დროს პანდემიამ ბევრი პროექტი უკან დახია, მათ შორის, ახალგაზრდული პროექტებიც იყო და “ამ სიტუაციის გააქტიურებას” ახლა აპირებს. “ჩამოვიყვანო მინდა აქედან წასული ჭიათურელი ახალგაზრდები - დავასაქმო, უკან უნდა დაბრუნდნენ. თუმცა, ჩვენს სსიპ-ებში და აიპ-ებში  უკვე არის 150 28 წლამდე ახალგაზრდა დასაქმებული. მალე უნდა შევხვდე სხვებსაც. რა ხდება, როგორ არის, როგორ მოსწონთ - მაინტერესებს. მანამდე, წარჩინებულ სტუდენტებს ახლაც ვაძლევთ თანხებს, სპორტსმენებსაც, კულტურულ ღონისძიებებს ვაფინანსებთ. ძალიან გავააქტიურეთ ფეხბურთის მიმართულებაც. ჩვენი მიზანი იყო, გუნდში ადგილობრივ ახალგაზრდებს ეთამაშათ, ამას მივაღწიეთ და შედეგიც გვაქვს - ამიტომ ვართ გადასული მესამე ლიგაში”. 

საფეხბურთო მოედანი, სადაც “ჭიათურის მაღაროელი” ვარჯიშობს და მართავს ხოლმე შეკრებებს, მძიმე მდგომარეობაშია. ჭიათურის მერიამ წინასაარჩევნო თვეებში გამოაცხადა ტენდერი სრული რეაბილიტაციის პროექტის გამოსავლენად. გიგანტური და ჩამორღვეული, ბალახებამოზრდილი ტრიბუნები სტადიონს განამარხებული არქეოლოგიური ექსპონატივით დაჰყურებს. ერთ მხარეს მას თაღოვანი, დიდრონი, ბათქაშაცვენილი ფლიგელი მიუყვება და ძველბერძნული ტაძრის კოლონადებს გაგონებს. ამ მიყრუებული ადგილების გავლა ცურვაზე და ფეხბურთზე მოსულ ბავშვებს ყოველდღე უწევთ. მხოლოდ თავიდან აფრთხობს, ისიც - უცხოს, თორემ ამ ბავშვების თვალი შეჩვეულია ნანგრევებს. 

ახლაც გამოიარეს უდარდელად თაღებქვეშ - ბურთის კენწვლა-კენწვლით მოდიან და იქვე, უბნის სტადიონზე მთელი აზარტით თამაშს იწყებენ. 9-14 წლის ბიჭების სახელდახელოდ შეკრული გუნდია. 

- აკაკიი, აკაკიი, გამეხსენი, ბიჭო! 
- ე, ბიჭო, აკაკი, შემოგახტა ბაყაყი, გაინძერი, რას ჩამომიდექი წინ! - გიჟებივით უყვირიან აკაკის და ერთი-მეორეს. 

chiatura


მეორე მხარეს დიდი, შეისრული ფორმის ფანჯრებით, საცურაო აუზის შენობაა. საცურაო აუზიც ძველია და 1980-იანი წლების ბოლოს გაკეთებული ორი დიდი მოზაიკით გამოირჩევა. ამ ნამუშევრების ავტორი ჭიათურელი მხატვარი, დავით ტყემალაძეა. წყლის სიცისფრისა და გარედან შემოსული შუქის ფონზე მოზაიკიანი კედელი ნახატივით ლივლივებს. ოღონდ, ზემოთ თუ დგახარ და აუზს ზედა ტრიბუნებიდან დაჰყურებ, დიდრონ ფანჯრებში ტრიპტიხივით მოჩანს იქვე, 10 მეტრში მდებარე მადნის გასარეცხი ქარხნის შავი კონტურები. ეს კონტრასტი უცებ გაბრუნებს სინამდვილეში - ულამაზესი ცისფერი აუზი, სადაც თერაპიულად ლივლივებს წყალი და უცებ ფანჯრებიდან შემოჭრილი ინდუსტრიული ხედი. ამ ქალაქს აქვს რეალობა, რომელსაც საცურაო აუზშიც კი მძიმე მრეწველობა განსაზღვრავს - საბჭოთა წლებში აუზი, თურმე, სწორედ ამ ქარხნიდან შემოყვანილი გაზით თბებოდა. 


ძველი სანატორიუმების საგზურები, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა, სოფლის კლუბებში გამართული სპექტაკლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები - ხედვა, რომ   მადნის გატანისგან თავისებურ სარგებელს რიგითი ჭიათურელები ამ ფორმით იღებენ, თაობიდან თაობას მოჰყვებოდა. ეს დასახლება 1917 წლიდან - ანუ იმ დროიდან, როცა ქალაქად ოფიციალურად გამოაცხადეს, მიეჩვია ასე დაწინაურებულ ცხოვრებას. ჯერ კიდევ 1917 წლამდე, როცა ჭიათურა შორაპნის მაზრას ეკუთვნოდა, აქ საქალაქო სასწავლებლის შენობა, აბანო, საავადმყოფო, საკვირაო სკოლა, თეატრი, ცენტრალური ელექტროსადგური ააშენეს; გაიყვანეს წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროგანათებისა და ტელეფონის ქსელი. “ჭიათურას გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავს. ჭიათურაში კულტურა ყვავის” - ესაა წინა თაობებისგან მიღებული და დღეს გაუფასურებული ცოდნა, რომელიც ქალაქის სარეაბილიტაციო, ფუნქციაშეცვლილი, ანდა ალაგ-ალაგ ფანჯრებჩაცვენილი ფასადებიდან გვიყურებს.

“როგორი ჭიათურაც ჩემს მეხსიერებაშია, ზოგჯერ მგონია, რომ არც არსებობდა, მირაჟი იყო და მეჩვენებოდა”, - ამბობს ფოტოგრაფი ირინა აბჟანდაძე, რომელიც თავის ქალაქში თითქმის ყოველ მეორე თვეს დადის თბილისიდან. “საღამოს ბებოსთან დარეკავდნენ ხოლმე ზედა მეზობლები - აბაშიძეები, ამობრძანდით, გენაცვალე, ჩაი დავლიოთ ერთად. ანთებდნენ ბუხარს და იყო გამთენიამდე ჩაის სმა და საუბრები. ბავშვი ვიყავი და ეტყობა კიდევ უფრო მოწიწებით ამიტომაც ჩამრჩა. ასეთი ჭიათურა, როგორიც მე მახსოვს, მგონია, რომ ახლა მხოლოდ ჩემს იქაურ სახლშია - აი, ერთი ბინის ფართობამდე დაპატარავდა. ვერ ველევი ამიტომ ჩემების ბინას”. 

დაწვრილებით

ირინა სადაც ცხოვრობს, ის ორი კორპუსი მანგანუმის ამერიკელ მომპოვებელს ავერელ ჰარიმანს აუშენებია ჭიათურაში საქმიანობისას (ირინას ბავშვობაში ამ ქუჩას სტალინის სახელი ერქვა, ახლა - აღმაშენებელია). ერთში ჰარიმანის კანტორები იყო გახსნილი, მეორეში თავად ცხოვრობდა. როცა 1920-იანი წლების ბოლოს კონცესიები ჩამოართვეს, მისი შენობები ტრესტს გადასცეს. ტრესტმა კი თითო ან ორ-ორი ოთახი გადასცა ხალხს, მათ შორის იყო ირინას ბაბუა, ჭიათურის თეატრის მხატვარი, მიხეილ აბჟანდაძე. 

“ბაბუა ხშირად სახლიდან მუშაობდა ხოლმე, ახალ სპექტაკლებს რომ დგამდნენ რეჟისორები, ჩვენთან მოდიოდნენ. მახსოვს, სახლში როგორ აკეთებდა მაკეტებს. პრემიერებისთვის თეატრში წამსვლელი ქალები ახალ კაბებს რომ იკერავდნენ. განსაკუთრებით მახსოვს კინოში მსვლელობები მამასთან და მის მეგობრებთან ერთად. კინოს მერე აუცილებლად რომელიმეს ოჯახში იკრიბებოდნენ. უამრავი რაღაცის გაცოცხლება შეიძლება მაინც - ეს ხალხი დღეს იქ აღარ არის, მაგრამ არქიტექტურის ნარჩენები ხომ გვაქვს”, - ამბობს ირინა. ის მალე გამოსცემს 500-გვერდიან ფოტოალბომს, რომელიც ჭიათურის ისტორიას ასახავს, ფიქრობს ჭიათურაში ფოტომუზეუმის და ფოტოსტუდიის გახსნაზე და ფოტოფესტივალის მოწყობას.

იმ ცხელ, ქარიან და მტვრიან შუადღეს ქალაქის მთავარ ქუჩაზე, ბიბლიოთეკის სიგრილეში ვატარებ, 1960-იანი წლების “ჭიათურის მაღაროელს” ვფურცლავ და მარგანეცის მოპოვებაზე საბჭოთა წიგნებს ფოტოებს ვუღებ, თან ბიბლიოთეკარი ქალისგან მოწოდებულ ხაჭაპურს მივირთმევ - უცხო სტუმარს ლამის მოწიწებით მმასპინძლობს. ეს ძველი წიგნებით და გაზეთებით სავსე სამკითხველოს ოთახი ჩემს ოაზისად გარდაიქმნება ჭიათურაში ყოფნისას. იქ ვახერხებ იმის მოხელთებას, რაც ბებოს მახსენებს  - მის წიგნებსა და სახელმძღვანელოებს, საფოსტო ყუთიდან ამოღებულ გაზეთებს, ლიტერატურულ ჟურნალებს და კითხვისას სახლში დასადგურებულ სიჩუმეს. სასადილო ოთახში, ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან ზის სათვალიანი ბებო. მზე ისე უნათებს თეთრ თმას, ჰოლოგრამას ამსგავსებს. როცა წიგნში იძირები, მადნის გადამზიდავი სატვირთოების გრუხუნი შიგნით აღარ აღწევს.

“ცხელი, ქარიანი და მტვრიანი შუადღე” - ესეც საგულისხმო დაკვირვებაა, როცა ჭიათურის ჰაერს აღწერ. ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით (ასეთი ბევრი არაა), ატმოსფერულ ჰაერში მომატებული CO2  და მანგანუმის ორჟანგი, ქარების დროს ჭიათურის დასახლებულ პუნქტებში სისტემატურად გაიფრქვევა. ქალაქის ჰაერზე წლებია მოქმედებს სატვირთო მანქანებიც, რომლებიც არასწორად შეფუთულ მადანს დაატარებენ ქუჩებში. სატვირთოებიდან მადნის ნაწილაკები მტვერთან ერთად ქალაქში იფანტება და ქარიან, მზიან ამინდში განსაკუთრებით იგრძნობა ჰაერის ჩასუნთქვისას. 

წინათ მადნის გადასაზიდადაც ჭიათურაში საბაგირო გზებს იყენებდნენ. ჭიათურის თავზე ახლაცაა მომცრო, შავი ფერის ვაგონეტებისთვის განკუთვნილი ბაგირ-გზები ქვეშ, მთელ სიგრძეზე გაყოლებული რუხი ფერის გამჭვირვალე ბადეებით. უმოქმედობისგან და ცვეთისგან ბადეები ალაგ-ალაგ ჩაწყვეტილია, ბაგირებზე კი, სადღაც შუა ცაში, ქალაქის თავზე, ყველგან წააწყდები შავ ლაქად შერჩენილ მარგანეცის საზიდ ვაგონს. “ჯორჯიან მანგანეზის” ქალაქში შემოსვლის შემდეგ კი სატვირთო გადამზიდავი მანქანების ქალაქზე სიარულის საკითხი გამუდმებული დავის საგნად რჩება - ჭიათურის საკრებულოს სხვადასხვა დადგენილებით, “ჯორჯიან მანგანეზის” მანქანებს ხან ეკრძალებათ, ხან ეზღუდებათ, ხან სრული თავისუფლება ეძლევათ ქალაქში სიარულზე. ბოლო წესი ასეთია - გადამზიდავი მანქანები კვირაში რამდენიმე დღეს უნდა მოძრაობდნენ ქალაქში, თანაც სპეციალურად შეფუთულები, ხოლო თუ მაინც აბინძურებენ გარემოს, უნდა ასუფთავებდნენ და რეცხავდნენ კიდეც ქუჩებს.

chiatura

ქალაქის მერის თქმით, ეს მაინც თვალნათლივ ჩანს ქალაქში, თუ როგორ ასუფთავებს და რეცხავს “ჯორჯიან მანგანეზისგან” გადმოცემული ოთხი მანქანა ჭიათურის ქუჩებს. მისივე თქმით, კომპანია ზრუნვას ყვირილის გაწმენდაზეც დაიწყებს - მანგანუმის ნარეცხი შლამის დასასაწყობებლად სპეციალურ ადგილს შეარჩევს. 

თუმცა, ეს პროცესი ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიგეგმა, როცა “ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფო მმართველი დანიშნეს. ჭიათურის ეკოკლუბის წევრები ამბობენ, რომ ახლა, ჯერჯერობით, სანამ ქალაქს შლამსაცავი არ აქვს, ყველა ღონისძიება წყალში იყრება, რადგან ნარჩენები ბოლოს მაინც ყვირილაში აღწევს. ამიტომ ჭიათურელები შეჩვეულები არიან იმასაც, რომ მათი მთავარი მდინარე - ყვირილა შავია. შავ შეფერილობას წყალს მასში ჩამდინარე მანგანუმის ნარეცხი ნარჩენები აძლევს და მთელ ჰიდროქსელს აზიანებს. ჭიათურის ეკოკლუბის წევრებმა რუკაც მოამზადეს და ნახაზზე ყველა იმ კუსტარული საწარმოს ადგილმდებარეობა მონიშნეს, რომლებიც მდინარის გასწვრივ საქმიანობენ და წყალს აბინძურებენ.

ruka

არადა, ყვირილის ორივე სანაპირო ტირიფის ხეივნებით ისე დაიგეგმა საბჭოთა წლებშივე, რომ მშვენიერ სასეირნო ადგილად იქნებოდა ჩაფიქრებული. ოღონდ, სავარაუდოდ, თავიდან ამ მდინარეს ინტენსიური წიაღისეული სამუშაოებისგან მიყენებული ზიანი არ დაეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ბინძურდებოდა. მერე და მერე კი, ადგილობრივების ლექსიკონში ასეთი შედარებაც გაჩნდა - “ყვირილასავით შავიაო” - ასე ამბობენ  მუქ ნივთზე, ანდა შავგვრემან პირისახეზე.  

ბაბუაჩემმა მოახერხა და ეს მძიმე სამრეწველო და საერთოდ ეს სპეციფიკური მსოფლმხედველობრივი ფონი, რაც ამ ქალაქს მარგანეცის გამო მუდამ თან სდევდა, ჩემამდე არ მოუშვა. როგორც ნათია ცხოვრობს ნახევრად გადათხრილ სოფელ მღვიმევში, თავის ციხე-სიმაგრედ ქცეულ ეზოში დაცულად, ისე ბაბუმ ჩვენც, თავისი შვილიშვილებიც, ხეხილით დაბურულ ეზოში, შუაგულ ჭიათურაში, მაინც მაღაროსგან უსაფრთხო ედემის ბაღში გაგვზარდა. როცა დაიწყო პოსტსაბჭოთა რღვევა, როცა მაღარო გაჩერდა და ჭიათურას თითქოს ფეხქვეშ გამოეცალა მადანი - საზრისი, რომელზეც იდგა და აფრენას აპირებდა, მე იქ აღარ ვიყავი. ამიტომ დარჩა ჩემთვის ჭიათურა “კულტურის ქალაქად” და ამიტომ განვიცდი გამძაფრებით, როცა აქ შენობების დაობებას, ფასადებზე ხავსის ზრდასა და ჟანგის მოკიდებას პროცესში ხედავ. 

აქ ადრე სანაყინე იყო? -  უცებ მეხსნება გონება, როცა მორიგ ჩავლაზე, ყვირილის პირას მრგვალ, ჟანგიან, შემინულ და ახლა დაკეტილ შენობას შევხედავ.

- აქ ადრე სანაყინე იყო? - ახლა უკვე ხმამაღლა ვეკითხები თაღში, პირდაპირ ბეტონზე დაფენილი ტანსაცმლით მოვაჭრე ქალს. მიაქვს აქაურობა მეორადი ტანსაცმლის გარე სავაჭრო წერტილებს, ძირს დაფენილ მუშამბებზე ჩამოლაგებულ პროდუქციას. დაბნეული, დაღლილი სახით გახედავს შენობას გზის მეორე მხარეს, მერე შუბლი ეხსნება, - იყო, იყო, როგორ არ იყო, - ძლივს იგონებს და უცებ ეღიმება, - უჰ, რა კარგი რამე იყო. 

ახლა მეორე ქალს ვაჩერებ, ხანშიშესულს, ჩითის კაბით. იბნევა, უცხოს, ჩამოსულს ვგავარ და ეჭვით მიყურებს. ბოლოს ისიც იხსენებს, ნამდვილად იყოო, იღიმება და ჩუმდება, ერთხანს მრგვალ შენობას აშტერდება. 

სანაყინე

მერე მამაკაცთან მივდივარ, არა, აქ აფთიაქი იყოო და ჩემთან ერთად უვლის გარშემო შენობას  - ბუტბუტებს, აფთიაქიო და სანაყინეს ვერ იხსენებს. როგორ თუ აფთიაქი, ბაბუს დავყავდი აქ, ორი თეთრი ბურთულის შესაჭმელად-მეთქი და ვერცხლისფერ, რკინის სანაყინეებს აღვუწერ. მერე ან მართლა იხსენებს, ან ჩემს მოგონებაზე გული ულბება: არა, მართალი ხარ, მგონი აფთიაქის მერე სანაყინე გახსნესო, ან პირიქით, ჯერ სანაყინე იყო, მერე აფთიაქიო. როგორც იყო, მოკლედ, შვილო, ახლა ხომ ხედავ, დაკეტილიაო, - სევდიანდება. 

უცებ ვხვდები, რომ ქალაქში ჩამოსულ შაპიტოს ვგავარ. ეს კითხვა - აქ ადრე სანაყინე იყო თუ არა - ფუფალას კაბის სიჭრელეს ემსგავსება და ქალაქში ჩაგუბებულ მტვერს ფანტავს. ამ კითხვას ცხელ ზაფხულში გაგრილების შეგრძნება, ძველ დროში დარჩენილი უდარდელობა და მოულოდნელი, წამიერი გახარება მოაქვს ყველასთვის, ვისაც კითხვას ვუსვამ. 

ჭიათურაში მოგზაურობის ბოლო საღამოს ისევ სოფელ შუქრუთში ვატარებ. მზის ჩასვლას გვისწრებს. სოფლის ქვედა უბნის სულ ბოლოს ვდგავართ, ეკლესიის წინ, იქ სადაც ყველაზე კარგად ჩანს, მართლაც როგორი კლდეზე გრძივად გაშენებული სოფელი ყოფილა შუქრუთი - ბეტონის გზა, რომლის ორივე მხარეს სახლებია ჩამწკრივებული, აქ, ბოლოში იშლება, სახლები მთავრდება და იქაურობა თვითმფრინავის ასაფრენ გრძელ ბილიკს ემსგავსება. აქეთ-იქით ახლა მხოლოდ თვალუწვდენელი გადასახედებია. წინ კი, ზედ კლდის პირზე გზა ეკლესიის ალაყაფთან წყდება - იმ ეკლესიის, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით აღადგინეს და რომლის გუმბათიც ისევ მაღაროს ამუშავების შემდეგ დაზიანდა, როგორც ადგილობრივები მეუბნებიან. უცებ ქარი ამოვარდება და კლდის პირზე მძლავრად და გამჭოლად უბერავს - აქეთ-იქით ახლა ჭიათურის მწვანე და ალაგ-ალაგ მოტიტვლებული მთები ჩანს, მარცხნივ და შორს კი კავკასიონის ქედია გადაშლილი. 

- რაც არ უნდა სიცხე იყოს, აქ სულ ორპირი ქარი ქრის, გასაგრილებლად აქ გამოვდივართ, - მეუბნება შუქრუთის მკვიდრი უცნობი მამაკაცი, რომელიც კლდის პირზე გაშლილ მდელოზე 5-6 ბავშვის მხიარულ სიცილს,  სირბილსა და ტელეფონით ფოტოების გადაღებას უყურებს.

ბავშვები უცებ ერთმანეთის მიყოლებით სადღაც ჩადიან. კლდის პირთან ახლოს მივდივარ. თურმე, ქვეშ კლდის ერთი ფრთა ტერასასავითაა გამოწეული და იქ ფეხბურთის მოედანი მოუწყვიათ. ბუნებრივად გაშლილი მინდორია, უბრალოდ, ორივე ბოლოში ხის ტოტებით სახელდახელოდ მოწყობილი ორი კარი დაუდგამთ. ახლა იქ, იმ საოცარ სიგრილეში, იმ იდუმალ სიმწვანეში, ასე უსაფრთხოდ შეყუჟულ მოედანზე ბავშვები ბურთის თამაშს იწყებენ. ორმხრივად გამავალ სიოს მათი შეძახილები ზოგჯერ შორიდან, ზოგჯერ ძალიან გარკვევით მოაქვს. 

chiatura
chiatura


სანამ მათ ლაღ სამყაროში მაღაროს გუგუნი დისონანსს შეიტანს (ახლაც ისმის, უბრალოდ, ჯერ არ ედარდებათ), შორია. მე ის მაინტერესებს, რამდენიმე წელიწადში, ამ საოცარ ბუნებაში გატარებული მოზარდობის დასასრულს, რას იზამენ. შეცვლიან მემკვიდრეობით მიღებულ სააზროვნო ყალიბს, რომელშიც ეკონომიკური წინსვლის იმედით ბუნებისა და სოფლების თხრა იმთავითვე დაშვებული მოცემულობაა? ანდა სულაც რად იქცევა ქალაქი ჭიათურა, შუქრუთი და მიმდებარე სოფლები 5-10 წელიწადში, როცა მადანს აქაურობიდან ბოლო გრამამდე გაიტანენ - როგორც შუქრუთელი თამუნა კუპატაძე მეუბნება. და თითქოს წყალობად თანდაყოლილი და სინამდვილეში ტვირთად ქცეული ძვირფასი ნივთიერება საფუძვლიდან გამოეცლებათ? 

“გეოლოგიური კვლევების მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ამ დრომდე ჭიათურაში მოპოვებულია „260 მილიონ ტონამდე ნედლი მადანი და რეალიზებულია 130 მლნ. ტონამდე სასაქონლო პროდუქცია“ (თამარ ჯებაშვილი, 2016) – ანუ სრული მარაგების დაახლოებით 60%. უკვე მოპოვებული მადნის უდიდესი ნაწილი 1989 წლამდე გადამუშავდა – 2006 წლიდან დღემდე გადამუშავებული მადანი 5 მილიონ ტონას არ აღემატება”. 

ჯერ ჭიათურა და მანგანუმი ორი განუყოფელი ცნებაა. სხვა ხედვა, ძალიან რადიკალური და შეშლილი, მკაფიოდ არ ჩანს და შესაძლოა, სადღაც, ყრუდ ახლა მაინც ფეთქავდეს.

დასასრული

ფოტო: გიორგი ყოლბაია, ნუგზარ აბრამიშვილი

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა