მარი ბექაურის „ორ ზღვას შუა“ | მარიამ ნოზაძის რეცენზია
ეპიფანია რიგითი ქართველის თავს
რამდენიმე კვირის წინ წიგნის მაღაზიაში მარი ბექაურის “ორ ზღვას შუას” ყდა მომხვდა თვალში. წიგნს ავტობუსი ახატია, რომელსაც უკრაინის დროშის ფერები აქვს, რაც ჩვენი ყოვლად პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ყურადღების მიმქცევი გამოსახულებაა.
როგორც იტყვიან, წიგნმა დამიძახა და, როგორც ტექსტის შეფასების უნივერსალური წესია, უფრო სწორად, იმის გარკვევის წესი, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის შენს ლიტერატურულ გემოვნებას, - გადავშალე ნებისმიერ გვერდზე, შემთხვევითობის უზენაესი პრინციპით რომ უნდა აირჩეს. ეს გვერდი აღმოჩნდა 111-ე გვერდი და მოთხრობა „ბუზი“ დაიწყო:
„საბურთალოზე, ერთ-ერთი ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში, რომლის კარზეც, სხვათა შორის, მოჯმის ამკრძალველი ნიშანია გამოკრული, ცხოვრობს პროფესორი კაცი, სახელად ნოშრევან ზიბზიბაძე.
ნორშრევანმა რა აღარ გამოიარა ცხოვრებაში: ჯერ იყო და მაინცდამაინც სოფლელი ქალი შეუყვარდა.“
და აქ შევწყვიტე კითხვა, რადგან ეს დასაწყისი სრულიად საკმარისი იყო, რომ წიგნი დაუფიქრებლად მეყიდა. რამდენიმე წინადადებით უკვე ცხადიც გახდა, როგორ წიგნს წავიკითხავდი - უზუსტესი და ცხადი ექსპრესიის წიგნს, იუმორისტულს და, რაც მთავარია, ჩვენზე, საქართველოს რიგით მცხოვრებლებზე დაწერილს.
ასეც აღმოჩნდა: „ორ ზღვას შუა“, ერთი შეხედვით, ყოფით ისტორიებს აღწერს: ნუგოს ყოველ დილით შავი კატა გადაურბენს მანქანის წინ და ამაზე ანერვიულებული ყოველ დღე სამსახურში აღრენილი მიდის; გივის ჰგონია, რომ თავისი ილუზიონისტობის ნიჭის განხორციელების და აყვავების სრული შესაძლებლობა მისცა თბილისმა, რადგან ყოველი აფთიაქის წინ, როცა ამბობს „აბრაკადაბრას“, აფთიაქის კარი თავისით იღება. ბედის ირონიით კი ისე მოხდება, რომ აფთიაქში თავმოყრილ ადამიანებს პრობლემებისგან, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, სწორედ გივის ილუზიონისტობის ნიჭის „გამოვლინება“ იხსნის - ნაკო ორსულობის ტესტს აღარ იყიდის და აფთიაქში აღმოჩენილი ვარლამ მჭედლიძეც უჩვეულო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მოკლედ, წიგნში ქართველების ცხოვრება კლასიკურად მშვენიერი და სევდიანი ქაოსისგან შედგება. თოთხმეტ მოთხრობაში განვითარებული სიუჟეტების პანორამულ მთლიანობას ისიც განსაზღვრავს, რომ წიგნის ზოგიერთი პერსონაჟი რამდენიმე მოთხრობაში ჩნდება. მაგალითად, მოთხრობაში „ადამიანი, რომელმაც წელებზე ფეხი დაიდგა“ პერსონაჟი, უსაქმური ქმარი, ამირან მჭედლიძე, ამავე დროს „ავტობუსის გამტაცებლის“ მთავარი გმირის ძმაკაცია, ხოლო ნაკო, რომელიც „აბრაკადაბრაში“ აფთიაქში ორსულობის ტესტს ყიდულობდა, - „სთორის“ მთავარი პერსონაჟი. კავშირები, სამეზობლოს ისტორიები და შემთხვევითი გადაკვეთს წერტილები ამ პერსონაჟებით დასახლებული ქალაქის მთლიან სურათს გვაჩვენებს, რაც გვიბიძგებს კიდეც იმისკენ, რომ ამჟამიდელ (წიგნის ქრონომეტრაჟი ტექსტშივე აწმყო დროით განისაზღვრება) საქართველოში მცხოვრებთა შესახებ შევიქმნათ წარმოდგენა - რა აწუხებთ, რას მიეჩვივნენ, რას ვერ ბედავენ და რის შეცვლას აპირებენ.
ცვლილების, ადამიანის ცხოვრების გარდამტეხი მომენტების ჩვენება წიგნის მხატვრულობის მთავარი კომპონენტია, მეტიც, მთლიანად კრებულის გასაღებს წარმოადგენს.
რიგითი ქართველი მოქმედებას ბედავს, - ეპიფანია
„ეპიფანია“ როგორც ლიტერატურული მოვლენა „გამომჟღავნებას“, „გაცხადებას“ ნიშნავს. მაგალითად, ჯეიმს ჯოისი „დუბლინელებში“ (1914) იყენებს ამ ხერხს („დუბლინელების“ ბოლო მოთხრობის „The Dead”-ის ფინალი მთავარი გმირის ეპიფანიას ეძღვნება). ეპიფანიის ეპიზოდის ჩართვა უშუალოდ მოთხრობის ჟანრისთვის მოქნილი და თვისობრივი ნაწილი ხშირად შეიძლება გახდეს, თუკი სიუჟეტის კულმინაცია სხარტი თხრობით ან კონტრასტული კომიკურობით აღწერილ თვითგამორკვევას და გაცნობიერებას ეძღვნება.
მარი ბექაურის პერსონაჟების თავგადასავლებიც ამგვარი ეპიფანიითაა გაჯერებული: მთავარი გმირი რუტინული, სტერეოტიპული წესებით ცხოვრობს, საზოგადოებრივ ნორმებს მიჰყვება, ბედს შეგუებულია და ცაზე მეხის გავარდნაზე უარესია რეალობის შეცვლა, ტრაგედიის[1] ტოლფასი.
„უკვე ოცი წელი სრულდებოდა, რაც მარინა ბეგთაბეგიშვილის ყოველი დღე ერთნაირი იყო.
ზუსტად ერთნაირი.
აბსოლუტურად ერთნაირი.
მარინა ბეგთაბეგიშვილის დილის შვიდ საათზე დგებოდა. თურქულ ყავას სვამდა. და ოჯახისთვის საუზმეს ამზადებდა და ხან მაგიდაზე, ხან კი გაზქურაზე ტოვებდა“... და მერე ბაზრობაზე ჯინსის შარვლების გასაყიდად მიდიოდა.
მაგრამ ეს მხოლოდ მანამ, სანამ გარდაუვალი აუცილებლობით, ერთ ჩვეულებრივ დღეს ყველაფერი სხვაგვარად არ მოხდება: ერთ დღეს მარინა ბეგთაბეგიშვილი სამზარეულოს ქურასთან თვალებს ავისმომასწავებლად მოჭუტავს, გააცნობიერებს, რომ უბედურია და არ მოხარშავს ქმარ-შვილისთვის წიწიბურას, დასვრილ იატაკს არ მოწმენდს, არ წავა ჯინსის შარვლების გასაყიდად.
მარინა ბეგთაბეგიშვილი ოჯახს გამოუცხადებს, რომ „მოსტყვნიათ პატრონი“ და შემდეგ ცხოვრებაში პირველად:
„სალონში შეიღებავს თმას.
სალონში გაიკეთებს პედიკურს.
იყიდის ძვირიან ტანსაცმელს არა ბაზრობაზე - არამედ ბრენდულ მაღაზიებში“...
მოკლედ, მარინა ბეგთაბეგიშვილს გადაეკეტება. მჭედლიძეებს კი დაერხევათ, რადგან ხდება ზუსტად ის, რაც თქვა მარინამ, როცა ამირან მჭედლიძემ მას წიწიბურას ამბავი უსაყვედურა (ანუ: ეტყვნებათ პატრონი).“
მარი ბექაური ამგვარ გარდამტეხ მოვლენებს, ილუზიებიდან გამორკვევას და „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის მიხვედრას“ უწოდებს. და ეს კრებულში რამდენჯერმე ხდება: „სთორის“ მთავარი გმირის, ნაკოს ეპიფანია მას შემდეგ დგება, რაც საკუთარი შეხედულების უსაფუძვლობას, პარადოქსულობას და სიყალბეს აღმოაჩენს და შეყვარებულს სიმართლეს ეტყვის - შენთან დაშორებას იმიტომ ვაპირებდი, რომ ჩემსავე სთორიზე დადებულ ფოტოში მე უფრო დიდი თავი მიჩანდაო. რისი გამჟღავნებაც ნაკოსთვის, როგორც ელიტური „ძერსკი გოგოსთვის“ დინების საწინაღმდეგოდ ცურვას, მიღებული სტანდარტების ნგრევას და რაც ადრე ადარდებდა, იმის ფეხებზე დაკიდებას უდრის.
საყოველთაო სითამამის დემონსტრირება „ორ ზღვას შუას“ ყველა მოთხრობაშია აღწერილი და, ფაქტობრივად, კრებულს აზარტულ საკითხავად აქცევს. შემდეგი რა იქნება მას მერე, რაც თბილისის ერთ-ერთ სადარბაზოში „გაუგონარი კატასტროფა“ მოხდა და ვიღაცამ ავტოსადგომზე მოჯვა?
მართლა გაბედავს ნევროზიანი ქალი, ბულბული ფუჩულია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის ჩანიშვნას? თუ სინამდვილეში კვეთებულის ლოცვებზე დასწრება იხსნის? და რაც მთავარია, სარისკო ქმედებათა სიმრავლეში, რა შეიძლება მოიმოქმედოს უკიდურეს პახმელიაზე მყოფმა მახომ, რომელმაც წინა ღამით თავისი მეზობლის, ნუგოს არყის აურაცხელი რაოდენობა სვა?
სტერეოტიპული ქცევების კომიკურობა და აბსურდულობა, „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ და ამ ყველაფრის სხარტ ქართულ ენასთან ნაზავი არის ის, რაც მარი ბექაურის კრებულს აბსოლუტურად ცოცხალ ტექსტად აქცევს. ზოგიერთი რეპლიკა და ფრაზეოლოგიზმი იმდენად რეალისტურია, შეუძლებელია, არ გაგეცინოს და საკუთარი გამოცდილების ანალოგიური ეპიზოდები არ გაგახსენდეს. მეორე მხრივ, რადგან უკვე შევთანხმდით, რომ „ორ ზღვას შუას“ მოთხრობებს ერთ მთლიანობად აღვიქვამთ, ტექსტში ფონურად გაბნეული პოლიტიკური პრობლემებიც საერთო მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მარი ბექაურის კრებულის პერსონაჟ რიგით ქართველს ყოფით ტრაგედიებთან გამკლავება აქვს გამიზნული, იგი ფეისბუკზე ან მეზობლების საერთო ჩატში ისეთი შემართებით იბრძვის, „თითქოს რუსის ჯარს ამარცხებდეს“ ან პანდემიაზე გაემარჯვოს.
საშუალო სტატისტიკური ქართველის მიერ უაღრესად სტატიკური ან სტერეოტიპული ცხოვრების გაიდეალების მიუხედავად, სინამდვილეში, ცხადი ხდება, რომ რიგითი ქართველი თავისი ყოფითი რეალობის დაძლევასა და გარდატეხას მიესწრაფვის, საზოგადო და დიდ პრობლემებში ჩართვასაც ცდილობს და ავად თუ კარგად, ახერხებს კიდეც, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზეა დამარხული მიზეზი, რომელმაც „ეგზისტენციური გამოღვიძებისკენ“, „ეპიფანიური გაცხადებისკენ“ უნდა უბიძგოს.
______________________________
[1] უშუალოდ სიტყვა „ტრაგედიით“ იწყება კრებულის ორი მოთხრობა: „სთორი“ – „ნამდვილი ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა ნაკომ აღმოაჩინა, რომ სთორიში თავის შეყვარებულზე დიდი თავი უჩანდა.“ (გვ. 98) და „ნევროზიანი ბულბული“ – „ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა ერთ მშვენიერი დღეს ბულბული ხურთქის ასულ ფუჩუნიას სამსახურში გული შეუწუხდა...“(გვ 83).