ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საუბარი საქართველოში მშრომელთა ორგანიზების საუკუნოვან ისტორიაზე | ინტერვიუ სტივენ ჯონსთან

"1918-21 წლებში მნიშვნელოვანი გახლდათ ეკონომიკური პროდუქტიულობის საკითხი, რაც უკავშირდებოდა უწყვეტი წარმოების ციკლის უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას, მისი საზღვარგარეთის ბაზრებზე რეალიზებას და ქვეყანაში დოვლათის დაგროვებას. ამ მოცემულობაში საქართველოს მთავრობას არ აწყობდა გაფიცვები. მშრომელთა და პროფკავშირების დამოუკიდებელი მოქმედება მათთვის ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქმებოდა. ამიტომ საჭირო იყო, მჭიდროდ "ეთანამშრომლათ" პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და თვალთახედვის არიდან არ გაეშვათ ისინი. 

გამოდის, თუ ერთი მხრივ ცხადი იყო ლიბერალური მიდგომები პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების, გამოხატვის და პროტესტების ორგანიზების მიმართ, მეორე მხრივ, კონტროლდებოდა გაფიცვების თუ მშრომელთა დაუმორჩილებლობის ქვემოდან წამოსული ინიციატივები - პროფკავშირული გაერთიანება პირველი რესპუბლიკის დროს მოქცეული იყო მთავრობის კონტროლის ქვეშ. 

თუმცა, აქა-იქ, ზოგიერთი პროფკავშირები მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და მათ შორის, ძირითადად, ბოლშევიკები აქტიურობდნენ. 1920 წლის დასასრულს, ჰიპერინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის პირობებში, მათ წრეებში კიდევ უფრო დიდი მუშაობა გაჩაღდა კომუნისტების მხარდაჭერისთვის. 

საბოლოოდ, საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, 1918-1921 წლებში ჩასახული დამოუკიდებელი პროფკავშირული ძალის არსებობის პოტენციალი სრულებით ამოიწურა".

სტივენ ჯონსი, ფრაგმენტი თამუნა ქებურიას ინტერვიუდან.

2013 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა (CSS) გამოსცა სტივენ ჯონსის წიგნი „საქართველო – პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ და ის საქართველოს უახლესი პოლიტიკური და სოციალური ისტორიის კრიტიკული გააზრებისთვის დღემდე უმნიშვნელოვანეს ნაშრომად რჩება. სტივენ ჯონსი ამ წიგნზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. მასში თავმოყრილი ინფორმაცია და ანალიზი საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის რეკონსტრუქციის შედეგია. სტივენ ჯონსის აკადემიურ ნაშრომებში ასევე გამოირჩევა 2005 წელს გამოცემული წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: სოციალ-დემოკრატიის ევროპული გზა (1883-1917)“. სტივენ ჯონსი 1989 წლიდან მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორია. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური საზოგადოებების მკვლევარია. 

2020 წლიდან სტივენ ჯონსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო კურსის მოწვეული ლექტორია. 

თ.ქ. თქვენი წიგნი „საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ უმნიშვნელოვანესი წყაროა ისტორიის კრიტიკულად გასააზრებლად. იგი გვთავაზობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ანალიზს საქართველოს უახლესი პერიოდის სოციო-ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დეფიციტია ქართულ სააზროვნო და აკადემიურ ველში. როგორი იყო გამოხმაურებები ამ წიგნთან დაკავშირებით? 

ს.ჯ. მართალი გითხრათ, ამ წიგნის შესახებ დაწერილი რეცენზიების დიდი ნაწილი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ წიგნში გადმოცემული მოსაზრებები ზედმეტად მემარცხენედ ეჩვენებოდათ. ჩემთვის კი ამოცანა მხოლოდ ის იყო, რომ ოდნავ განსხვავებული პერსპექტივით წარმომეჩინა საქართველოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ. დავკვირვებოდი იმას, რაც მეტწილად იგნორირებული იყო დასავლურ წყაროებში. დასავლური ლიტერატურა საქართველოს შესახებ მსჯელობისას ძირითად ყურადღებას გეოპოლიტიკაზე, კონფლიქტებზე, ეთნიკურ საკითხებზე ამახვილებდა; და სრულად ივიწყებდა სოციალურ, ეკონომიკურ, სიღარიბესა და საზოგადოების დაბალი სოციალური ფენების დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

თ.ქ. რაც შეეხება მეორე წიგნს – „სოციალიზმი ქართულ ფერებში“ – მასში თქვენ პირველი რესპუბლიკის პერიოდის დინამიკას უღრმავდებით, და ასევე ეხებით საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის ტრადიციის ჩამოყალიბებას. როგორ იცვლებოდა პროფკავშირული ორგანიზაციების როლი და ფუნქცია სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა მმართველობაზე გადასვლის, შემდეგ კი სამოცდაათწლიანი საბჭოთა მმართველობიდან პოსტსაბჭოთა ლიბერალურ დემოკრატიაზე ტრანზიციის პირობებში?

ს.ჯ. ცხადია, ძალიან საინტერესოა, როდესაც ამ პროცესს მთელი საუკუნის განმავლობაში აკვირდები – ვგულისხმობ მე-20 საუკუნის საქართველოს პროფკავშირების ისტორიას. მთელმა ამ გამოცდილებამ საგრძნობლად დააზიანა პროფკავშირული ერთობის იდეა. საბჭოთა მმართველობის დასრულების შემდეგაც, წარმოდგენები პროფკავშირების როლის შესახებ, უმეტესად საბჭოთა გამოცდილებას დაეფუძნა. აქვე აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების ფუნქციის დაკარგვას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ გლობალურადაც, რადგან 90-იანებში მასიურად ხდებოდა დიდი ინდუსტრიული წარმოებების დაქსაქსვა და მათი სამხრეთის ქვეყნებში გადასროლა. საქართველოს შემთხვევაში კი, პოსტსაბჭოთა გარდამავალმა პერიოდმა დამატებით მოიტანა მწვავე ეკონომიკური კრიზისი და სამუშაო სივრცეების გაქრობა. ამ პირობებში კი, პირველი, რასაც მშრომელები აკეთებდნენ, იყო პროფკავშირების დატოვება და საწევროების არგადახდა.

თ.ქ. თქვენი წიგნის „საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, მე-5 თავში წერთ დემოკრატიაზე ქვემოდან, სადაც მიმოიხილავთ პროფკავშირების როლსაც. ამ თავში საუბრობთ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის დროს პროფკავშირული ორგანიზაციების დასუსტებაზე. მე მაინტერესებს, რამდენად უკავშირდება ეს პროცესები აუცილებლად პოსტსაბჭოთა ტრანზიციას? უფრო ზუსტი ხომ არ იქნება, თუკი პროფკავშირების ლეგიტიმაციის და რეპუტაციის ვარდნას გვიანი სოციალიზმის, ე.წ. ზასტოის პერიოდს დავუკავშირებთ?

ს.ჯ. სწორი დაკვირვებაა, რომ პროფკავშირებს თავინთი ლეგიტიმაცია და რეპუტაცია უკვე კარგა ხნის დაკარგული ჰქონდა საბჭოთა მმართველობის უკანასკნელ წლებში. პროფკავშირი აღარ წარმოადგენდა ეფექტიან, მშრომელებისთვის სარგებლის მომტან ერთობას. მას დაკარგული ჰქონდა კავშირი რიგით მშრომელებთან. ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნგრევას თან ახლდა ნაციონალიზმის აღზევება და ყოველგვარი სოციალისტური თუ სოციალ-დემოკრატიული იდეის უარყოფა. კერძოდ, ყველაფერი, რაც ირეკლავდა იდეოლოგიას მშრომელთა კლასის ინტერესების შესახებ, განიდევნა საჯარო დღის წესრიგიდან. და რაც დარჩა, იყო ძლიერი რეაქცია სოციალიზმის და სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ყველა იდეის წინააღმდეგ.

მოვლენების ამგვარ განვითარებას ხელს უწყობდა დასავლეთში მიმდინარე პროცესებიც, როდესაც დასავლურ სახელმწიფოებში ძალაუფლებას ხელში იგდებდნენ რესპუბლიკელი პარტიის ლიდერები და მათი პარტიელები. ისინი უმეტესად ნეოლიბერალურ რეფორმებს უჭერდნენ მხარს არა მხოლოდ თავიანთ, არამედ, პირველ რიგში, მათი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში.

ეს პროცესი შეუქცევადი გახდა იმდენად, რამდენადაც კაპიტალისტური ქვეყნები ხელს უწყობდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძველი ეკონომიკის გადმონაშთების ნგრევას და საბჭოთა მემკვიდრეობად მიღებული საწარმოო ინფრასტრუქტურის მოშლას.

ამის უკან მთავარი მოტივაცია იყო, საბოლოოდ მოეშალათ ცენტრალიზებულ და ნაციონალიზებულ ეკონომიკურ ფორმაციასთან დაკავშირებული სისტემები და პოსტსაბჭოთა ქვეყნები საქმეთა წარმოებისას ბოლომდე დამოკიდებული გამხდარიყვნენ კერძო მეწარმეების შესაძლებლობებზე.

ფაქტია, რომ დასავლეთს საერთოდ არ ესმოდა საქართველოს კონტექსტი. მათ არ იცოდნენ, რამდენად განსხვავებულად მუშაობდა სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკური სისტემები ამ ქვეყანაში. როდესაც ამაზე ფიქრობ, გებადება აზრი, რომ ამ პროცესის შესაკავებლად შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო ძლიერი პროფკავშირული გაერთიანება, რომელიც მშრომელთა სახელით წინ აღუდგებოდა ამგვარ უხეშ ჩარევებს და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით, შეძლებდა ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვას. ამის ნაცვლად კი დაიწყო დემოკრატიის ცალმხრივი მშენებლობა – მიდგომა, რომელიც ვერ იმუშავებდა, რადგან არ ითვალისწინებდა მშრომელი ადამიანების, რიგითი მოქალაქეების საჭიროებებს. შედეგად, ზიანი მიადგა ქვეყნის რეალური დემოკრატიზაციის პროცესს. ამ ყველაფერს თან ახლდა პატრიოტული ნაციონალიზმის აღზევება და გამსახურდიას მიერ ხელდასმული ეთნო-ნაციონალისტური იდეოლოგიის გავრცელება, რამაც საბოლოოდ მოახდინა რეალობის ფალსიფიცირება. ამ იდეოლოგიამ ყველა სივრცე დაიკავა, რიგითი ადამიანების დონეზე ჩაჟონა.

თ.ქ. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მსგავსი ეთნო-ნაციონალისტური „შემობრუნება“ მაშინ, როდესაც ქვეყანა ღრმა სოციო-ეკონომიკურ კრიზისში შედიოდა?

ს.ჯ. საბჭოთა კავშირის მმართველობის ბოლო წლებში გამძაფრდა ქვეყნების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, რა დროსაც ხშირად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ საბჭოთა მმართველობამ ქართული კულტურა ან სახელმწიფოებრიობა გაანადგურა. თითქმის არ ამახვილებდნენ ყურადღებას გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობაზე ან იმაზე, რომ სოციალური თანასწორობის პრინციპები გადაგვარდა. გამსახურდიას გამოჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა „მხსნელის ძიების კომპლექსი“. ამ ფონზე ამოხეთქილი პოპულისტური რეაქციონერიზმი სინამდვილეში კულტურულ-ლიბერალური გამოთავისუფლების სურვილს უკავშირდებოდა. ამიტომ სოციალური სარჩული ამ პროცესს სრულიად გამოეცალა. 

ეს ამოხეთქვა მხოლოდ ქართული ფენომენი არ ყოფილა. „ნაციონალისტური აღზევება“ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაიწყო.

მეტიც, ეს იყო გლობალურად მიმდინარე ერთიანი პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ 1980-90-იანი წლები ზოგადად ცნობილია, როგორც „ნაციონალური შემობრუნების“ პერიოდი. ამის მაგალითები არა მხოლოდ საჯარო ან სამოქალაქო სივრცეებში, არამედ თავად საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებშიც გვაქვს. აკადემიური კვლევის, ანალიზისა და სწავლების საკითხები მთლიანად მოიცვა ეთნიკურობის, ნაციონალობის, იდენტობის თემებმა. ამიტომაც, იდენტობის პოლიტიკისკენ „შემობრუნება“ გლობალურ ფენომენად უნდა გავიგოთ, და არა ვიწრო ქართულ მოვლენად.

თ.ქ. კვლავ თქვენს 2013 წელს გამოქვეყნებულ წიგნს რომ მივუბრუნდეთ, მასში ღიად წერთ „სააკაშვილის მთავრობის“ მიერ წარმოებულ ანტიპროფკავშირულ პოლიტიკაზე, როდესაც ხდებოდა პროფკავშირების ლიდერების თუ წევრების რეპრესირება, მათი ქონების კონფისკაცია თუ პოლიტიკური გაშავება. თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს ამ პერიოდში წარმოებულ ანტიპროფკავშირულ აგიტაციას დღევანდელობაზე?

ს.ჯ. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ პროფკავშირები დღეს სრულიად არარელევანტურ ინსტიტუციად აღიქმება. მათი წარსული კორუფციულია, და არა მარტო საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, პროფკავშირები კორუფციულ გარიგებებთან ასოცირდება. პროფკავშირების მიმართ უნდობლობა გლობალური მოვლენაა და საქართველო აქაც არ არის გამონაკლისი. გლობალური მოვლენაა ასევე ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, როდესაც მცირდება რეალური წარმოებისა და მრეწველობის წილი ეკონომიკაში, ადამიანები ტოვებენ ფორმალურ დასაქმებას და ინაცვლებენ მომსახურების სფეროში, სადაც მინიმუმამდეა დასული ორგანიზების შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების შესაძლებლობები სწორედ ამ გლობალურ ფონზე იყოს დანახული და გააზრებული. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს შემთხვევაში პროფკავშირებს ასევე აქვთ სპეციფიკური ისტორიაც, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭოთა მემკვიდრეობას, სოციალური და შრომითი უფლებების სისტემურ უგულებელყოფასა და ნეოლიბერალურ პოლიტიკას უკავშირდება. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ მოცემულობის კომპლექსური შეფასება. პროფკავშირების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ორგანიზებას არატრადიციული დასაქმების ადგილებზე, უნდა მოხდეს ეკონომიკის ახალ სფეროებში პროფკავშირების მუშაობის ინიცირება. ცხადია, რომ ეს უზარმაზარი გამოწვევაა და დღევანდელობაში დიდი სიმამაცეა ამისთვის საჭირო, რათა ბოლომდე დარჩე პროფკავშირების თავგადადებულ აქტივისტად და ორგანიზატორად.

თ.ქ. თქვენ უკვე ახსენეთ შრომის და დასაქმების ფორმების ცვლილებები, რაც გლობალური მასშტაბით ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება. ამის მაგალითია ე.წ. უბერიზაცია, შრომის გაციფრულება, პრეკარიალური დასაქმების მასშტაბის ზრდა, შრომითი კონტრაქტების ვადების შეკვეცა. ამ მოცემულობაში კიდევ უფრო რთულდება კოლექტიური ორგანიზების შესაძლებლობები. როგორი მაგალითები არსებობს ამ მხრივ?

ს.ჯ. მე შემიძლია ვისაუბრო აკადემიის და საუნივერსიტეტო განათლების მაგალითზე. დაახლოებით 25 წლის წინ, უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა 50 პროცენტი ტენუირებული იყო, რაც გულისხმობდა მათი სამუშაოს დაცულობას ცხოვრების ბოლომდე. მათ შეეძლოთ ეთქვათ ის, რასაც ფიქრობდნენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ემუშავათ იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. დღეს აკადემიური პერსონალის მხოლოდ 20 პროცენტია ტენუირებული, და უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი მოთხოვნაზე დამოკიდებულ მშრომელებს (gig workers) წარმოადგენენ. ასევე მრავლად არიან ნახევარგანაკვეთიანი მშრომელები – მათი სამუშაო კონტრაქტები კაბალურია და უგულებელყოფს სამუშაო უფლებებს, თუნდაც მათთვის საპენსიო დანაზოგის შეგროვებას. დღეს ვხედავთ, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის პირობებში როგორ იცვლება შრომითი ეკონომიკის და დასაქმების ფორმების სტრუქტურა. ამ ცვლილებებს კი, განსაკუთრებული ზიანი სწორედ საქართველოს მსგავსი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მოაქვს. დასაწყისში, ყველანი ვფიქრობდით, რომ გლობალიზაცია პატარა ეკონომიკის ქვეყნებს ხელს შეუწყობდა და გააძლიერებდა – რომ მცირე ქვეყნების ეკონომიკა ღირებულების გაცვლის გლობალური ჯაჭვების ნაწილი გახდებოდა და ამით ისინი სარგებელს ნახავდნენ. თუმცა, დღეს ვხედავთ, თუ როგორ ქმნის გლობალიზაცია კიდევ უფრო დიდ უთანასწორობას მდიდარ და დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის, როგორ იქცნენ მცირე ეკონომიკის ქვეყნები ღირებულების ექსტრაქციის ახალ სივრცეებად.

ყველა პროგრესულად მოაზროვნე ჯგუფისთვის ამ მოცემულობის დაძლევაზე ფიქრი უნდა იყოს მთავარი ამოცანა. ამის ნაცვლად კი, ქართულ საზოგადოებას უწევს მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში ცხოვრება, რაც ზრდის უნდობლობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და ადამიანებს ნიჰილიზმისკენ მიმართავს. ცხადია, მოქალაქეები მონაწილეობენ არჩევნებში, აძლევენ ხმას, თუმცა არჩევნები არ არის საკმარისი პოლიტიკური სისტემების გასამართად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არჩევნებს შორის მიმდინარეობდეს ისეთი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაზრდიდა ადამიანთა ჩართულობას დემოკრატიის, გადაწყვეტილებების მიღების, ეკონომიკის დაგეგმვის პროცესში.

თ.ქ. ამ მოცემულობაში რა უნდა იყოს პროფკავშირების მთავარი ფუნქცია და როგორ უნდა იმოქმედონ მათ?

ს.ჯ. დღეს პროფკავშირები დიდი სიმპათიით ვერ სარგებლობენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ გლობალურ საზოგადოებაში, და, როგორც უკვე ვთქვით, ამას აქვს თავისი ისტორიული და სტრუქტურული მიზეზები. ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლექტიური ორგანიზება. თუმცა, მეორე მხრივ, თავად პროფკავშირებიც არ აახლებენ თავიანთ მიდგომებს, ორგანიზების ფორმებსა და მუშაობის სტრატეგიებს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სხვა, არატრადიციული ფორმით დასაქმებული მშრომელების (არაფორმალურად დასაქმებულები, თვითდასაქმებულები) ორგანიზებაზე მუშაობა, ან უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ორგანიზებაზე ზრუნვა.

მნიშვნელოვანია, ქართული პროფკავშირები აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში. დღეს საქართველოს არ გააჩნია არანაირი ეკონომიკური სტრატეგია – როგორ უნდა შეიქმნას ეკონომიკური დოვლათი, როგორ მოხდეს მისი თანასწორი გადანაწილება. ამ თემებზე საერთოდ არ მიმდინარეობს საჯარო მსჯელობები, მხოლოდ ვიწრო ბიზნესინტერესებამდე დადის. ამის საპირწონედ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მსჯელობის ველში გადავიდეს იმ მიდგომების განხილვა, რაც ეკონომიკური ხედვების და განვითარების შესახებ არსებობს. ეს კი, უპირველესად, პროფკავშირების ამოცანად უნდა აღვიქვათ. 



ფოტო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი