სწრაფი, ღამისიერი | სწრაფი რეცენზია
ბოლო პერიოდში ქვეყანას ერთგვარი „რენესანსის“ პერიოდი აქვს: სპორტში, მუსიკაში, ლიტერატურაში, სამოქალაქო თვითშეგნებაშიც კი. ამ ბოლო პერიოდში დაიწერა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი წიგნი „ვარდის სურნელი“ და ამ ყველაფერს დაემატა ზურა ჯიშკარიანის ახალი წიგნი „სწრაფი ღამისიერი“ – წიგნი, რომლის გამოსვლას იმაზე მეტი ადამიანი ელოდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
წიგნის პრეზენტაცია ლამის როკკონცერტად იქცა; ზურა ისევ როკვარსკვლავია; პრეზენტაციის ადგილი სავსე იყო თაყვანისმცემლებით; შენობაში შესვლაც კი ვერ მოვახერხე.
ზურა ჯიშკარიანი პოეტია, რომანისტის ნიღაბს ამოფარებული.
ერთგან ამბობს, რომ მას სურს, გააკეთოს რომანში ის, რაც გალაქტიონმა გააკეთა პოეზიაში – გამოიგონოს ახალი ენა, გახდეს შემოქმედი ახალი სიტყვათა კომბინაციების, რომელიც სამყაროში უკვე არსებობს. ოღონდ ქაოტურად.
ვუსმენ ზურას მუსიკას; ვკითხულობს სხვადასხვა სტატიას; ვეცნობი ინტერვიუებს, მწერალი ღიად საუბრობს საკუთარ წარსულზე, აწმყოზე, ომსა და მშვიდობაზე; შემიძლია თვალი ვადევნო მის ახალ წამოწყებებს და მიღწევებს ტექნოლოგიურ სფეროში – ამ ყველაფერს ვეცნობი და მაქვს განცდა, რომ რაღაც ნამდვილთან მაქვს საქმე, რაღაც ძალიან გულწრფელ შრომასთან.
„მუსიკით შეგიძლია მოატყუო ადამიანი, მაგრამ იმავეს ლიტერატურით ვერ გააკეთებ.“
– ზურას მუსიკა და ლიტერატურა განუყოფელია. ტექსტები ავტორის ხმით იკითხება, იმავე ტემპითა და ინტონაციით, იმავე „ფლოუთი“. გულწრფელია, როცა მღერის, როცა ციფრულ მომავალზე გვესაუბრება და როცა მოსალოდნელ აპოკალიფსზე წერს. გულწრფელია, როგორც მუსიკოსი და როგორც მწერალი. ან ორივეგან გვატყუებს.
ვკითხულობთ ტექსტს: “ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი, შავი ჭირი ბნელში მოარული, სენი-შუადღის მძარცველი. დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ შენ კი არ მოგეკარება“ – მომენტალურად ნაწყვეტი ტრეკიდან UUteslesia – „ნუ შეგაშინებს საშინელება ღამეების, ატომური ბომბი დღისით გაფრენილი...“ და ეს შეგრძნება, მსგავსების დაჭერა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ტექსტი იმავე ბიტზე ზის, იმავე ხასიათში.
რომანში მუდმივი მზადებაა აპოკალიფსისთვის – შეგრძნება იმის, რომ ირგვლივ რაცაა, ერთ დრეს განადგურდება. რუსეთი მორიგ ომს დაიწყებს. ატომურ იარაღს გამოიყენებს და სამყაროს გაანადგურებს. მომავალი ომის შიში მწერალს სულ დაყვება.
წიგნის ფურცლები მალე გაილევა და წიგნის დასასრულს ჩნდება გრძნობა, თითქოს რაღაც გამოგრჩა. რომანი თავიდანაა წასაკითი. პერსონაჟები სწრაფად კვდებიან. ყველაფერი მალე იცვლება, რამდენიმე წუთში, რამდენიმე გვერდში, როგორც სიზმარში.
სად წავიდეთ, როცა ასეთი მეზობელი გვყავს?
გავიქცეთ ქვეყნიდან და დავტოვოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები?
ის დროულად რეპლექსირებს რეალობას. ახალ აზრებს ეძებს, ახალ ტერიტორიებს, გამოხატვის გზებს. რეფლექსირებს თანამედროვე სოციალურ პოლიტიკურ პრობლემებზე, რაც ნაწერს უფრო ხელშესახებს ხდის.
მიუხედავად არც თუ ბედნიერი დასასრულისა, დასასრული არ არსებობს.
ეს პოეტის წიგნია. პოეტური დასასრულით. მშვენიერება, რომელიც საბრალოა და განწირული. შეიძლება სამყარო უბრალოდ ჩაქრეს. ან რომელიმე აზიურ ღმერთს გამოეღვიძოს და კაცობრიობის ისტორია, როგორც დიდი სიზმარი, წყალს მოუყვეს.
ავტორი: აჩიკო ბეჟანიძე