ტოტალიტარული გონება და პროპაგანდა | კურტ ვონეგუტის „დედა ღამე“
„ამ სამყაროში რთულია, ვინმე გააცინო, იმდენ ადამიანს არ სურს, გაიცინოს, უნარი არ აქვს,
იაზროვნოს, იმდენად მონდომებულია, სჯეროდეს, იღრინებოდეს და სძულდეს“.
კურტ ვონეგუტი „დედა ღამე“
„ერთმა ჰოლოკოსტს გადარჩენილმა მითხრა: თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი გადაიღეთ.
მან უნდა შეახსენოს ადამიანებს, რომ ბოროტება ყოველთვის აშკარა მონსტრებისგან არ მოდის.
ის ყველა ჩვენგანში ცხოვრობს.“
რობერტ ბ. უაიდი
„ეს ჩემი ერთადერთი ამბავია, რომლის მორალიც ვიცი“ - წერს კურტ ვონეგუტი თავისი მესამე რომანის შესავალში და თავისი იდენტობადაკარგული, უპრინციპო პროტაგონისტის მაგალითზე, პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ახსენებს მკითხველს, ისევე როგორც, პროპაგანდისა და უსაზღვრო სიძულვილის საფრთხეს. რომანი თავის დროზე გაფრთხილებასავით დაიწერა და დღეს უფრო აქტუალურია. ქართულად ის ჯერ თარგმნილი არ არის.
მთავარი გმირი და მთხრობელი, ჰოვარდ ჯ. კემპბელი თავისივე განმარტებით - „წარმოშობით ამერიკელი, რეპუტაციით ნაცისტი და მოწოდებით უსამშობლო კაცი“ - გერმანიაში მცხოვრები დრამატურგია, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს, თავს აპოლიტიკურად მიიჩნევს და გერმანელი ნაცისტების წრეშიც მშვენივრად გრძნობს თავს. ჰყავს გერმანელი ცოლი, რომელთანაც ძალიან ბედნიერია და მიიჩნევს, რომ ომი მათ არ ეხება. ეს მისი პირველი შეცდომაა - ომი ყველას ცხოვრებას ცვლის. ომის დაწყების წინ კემპბელს ამერიკის ჯაშუშად აქცევენ, ის ნაცისტური პროპაგანდით შენიღბულ, კოდირებულ ინფორმაციას რადიოგადაცემების საშუალებით აწვდის მოკავშირეებს.
მის გამოსვლებს, როგორც ირკვევა, მილიონობით გერმანელი სერიოზულად აღიქვავს. მისი სიმამრი, ბერლინის პოლიციის შეფი, ომის დასასრულს კემპბელს ეუბნება, რომ ის ვერასდროს მოემსახურებოდა ამერიკას ისე, როგორც გერმანიას, რადგან „იდეები, რომლებისაც ახლაც მჯერა და რომელთა გამოც არ მრცხვენია იმისა, რასაც ვგრძობდი და ვაკეთებდი, როგორც ნაცისტი, ეს იდეები არ არის ჰიტლერის, გებელსის ან ჰიმლერის, ისინი, პირველ რიგში, შენგან მოდიოდა. შენ ერთადერთი იყავი, ვინც მარწმუნებდა, რომ გერმანია ჭკუიდან არ შეშლილა.“
თავად კემპბელი კი ფიქრობდა, რომ საკუთარი პროპაგანდისტული გამოსვლები იმდენად აბსურდული იყო, მათ სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ის აქაც ცდებოდა - მისი გამოსვლები ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. ომის შემდეგ ამერიკა მას საიდუმლო აგენტად არ აღიარებს, საბჭოთა კავშირი თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, ისრაელი კი ომისდროინდელი დანაშაულებისათვის ასამართლებს. სწორედ ამ მომენტში ვხვდებით ჩვენ, მკითხველნი, მას ციხეში, სადაც ის ცდილობს, გაიაზროს მომხდარი და ყველაფერი გულახდილად დაწეროს, რათა მისი ამბავი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების კვლევის დროს გამოიყენონ.
კემპბელი თავის აღსარებაში ცდილობს, მიხვდეს, რატომ აღიქვამდა ამდენი ადამიანი მის პროპაგანდისტულ გამოსვლებს ასე სერიოზულად. მისი აზრით, ეს რადიოგადაცემები იმდენად აბსურდული იყო, რომ მხოლოდ სიცილი უნდა გამოეწვია. აქ ვონეგუტი მილიონობით ადამიანის სიკვდილში დამნაშავე ადამიანების, როგორც თვითონ უწოდებს, ტოტალიტარული გონების, მისეულ განმარტებას გვთავაზობს – ტოტალიტარული გონების ადამიანები განგებ ივიწყებენ გარკვეულ ფაქტებს: „მე არ მინახავს უფრო გრანდიოზული დემონსტრირება ტოტალიტარული აზროვნებისა, რომელიც (საათის) კბილანას მექანიზმს შეიძლება შევადაროთ, კბილები რომ ალაგ-ალაგ მოცვეთილი აქვს... ეს ნაკლული კბილები კი ის სიმართლეა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ივიწყებენ და მათ გარეშე აგრძელებენ არსებობას“.
როგორც ვონეგუტი ამბობს, ეს ერთადერთი ახსნაა, რომელსაც მან მიაგნო მისი თანამედროვე „მთვარეულების“ საქციელის ასახსნელად. ეს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ აბსურდსაც ეხება: რომანში რუს მწერალს, რომელმაც კემპბელის ნაწერები მიითვისა, პლაგიატობის გამო კი არა, არამედ ორიგინალური ხელწერის გამო ასამართლებენ
„მე რომ გერმანიაში დავბადებულიყავი, - ამბობს ვონეგუტი რომანის წინასიტყვაობაში, - ალბათ იმასვე გავაკეთებდი, რასაც ნაცისტები აკეთებდნენ და თავს ფარული შინაგანი ღირსებით დავიმშვიდებდი.“ კემპბელს, ცხადია, არ სურდა მილიონობით ებრაელის მკველობაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იმ მცირერიცხოვან ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რას აკეთებდნენ, კეპბელი თვლის, რომ თვითონ უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე, მაგალითად, ადოლფ აიხმანი, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რასაც აკეთებდა და რომლის ადგილიც, კემპბელის აზრით, საგიჟეთია და არა - ციხე. მან კი კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა მის საქციელს, მას შეეძლო სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, ამიტომ მისი დანაშაული განუზომლად დიდია. იგი გადაწყვეტს, წარდგეს სასამართლოს წინაშე და ამას იმ ადამიანების საშუალებით აკეთებს, რომლებმაც აუშვიცი გამოიარეს. აღსარების დაწერის შემდეგ ბოლომდე იაზრებს დანაშაულსაც და დარჩენილი ცხოვრების უმიზნობასაც. შედეგად, საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვს კაცობრიობისა და საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი არაჰუმანური საქციელის გამო.
რომანის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი, ზუსტად რომ გამოხატავს ეპოქის განწყობილებას, კემპბელის მონოლოგია - საყვარელი ქალისა და ერთადერთი მეგობრის ტყუილით იმედგაცრუებული კემპბელი ნიუ-იორკის ქუჩებში უმისამართოდ მოძრაობს. ბოლოს კი საერთოდ ჩერდება, რადგანარანაირი მიზეზი არა აქვს, რაიმე მიმართულებით იმოძრაოს. უმიზნობისა და უგზოობის ეს შეგრძნება განსაკუთრებით ახასიათებთ ომგამოვლილ ადამიანებს, რომლებმაც სასაკლაო ნახეს და უზენაესი წესრიგის (რაიმე სახით არსებობის) ყოველგვარი რწმენა დაკარგეს ისევე, როგორც რწმენა კულტურის მიერ შეთავაზებული ღირებულებებისა, როგორიც იყო, მაგალითად, საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის მოტივით ახალგაზრდების სასაკლაოზე გაგზავნა.
ადამიანების გარეშე ქვეყანა მხოლოდ საზღვრებია, რაც კემპბელისათვის არაფერს ნიშნავს. პასუხისმგებლობის საკითხი აქტუალურია ვონეგუტისთვის, რადგან ის თვლის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია დედამიწის გადარჩენა, ოღონდ ამისთვის მან, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. რომანის ბოლოს ერთ-ერთი პერსონაჟი - ამერიკელი პატრიოტი, რომელიც საკუთარი ცხოვრების აზრს კემპბელის განადგურებაში ხედავს, მას „წმინდა სისხლის ბოროტებას“ უწოდებს. კემპბელი საპასუხოდ შეახსენებს, რომ სიძულვილს გამართლება არ აქვს: „ჩხუბისათვის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომ ვინმე თავშეუკავებლად გძულდეს და გეგონოს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთიც კი ამ სიძულვილში შენ გვერდითაა. სად არის ბოროტება? ის ყველა ადამიანის ნაწილია, რომელსაც სურს, უსაზღვრო სიძულვილით სძულდეს, სძულდეს და ამ სიძულვილში ღმერთიც გვერდით ჰყავდეს. ეს ადამიანის ის ნაწილია, რომელსაც სიმახინჯე იზიდავს.“
იმ უგუნურობების ფონზე, რომლებიც მეოცე საუკუნეში ჩაიდინა ადამიანმა, ამერიკელი მწერალი მომავალს საკმაოდ პესიმისტურად უყურებს. მისთვის ცხოვრება უაზროა, მაგრამ მაინც ჰგონია, რომ ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე, მათ შორის ომისა თუ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც კი. კემპბელი არის ადამიანი, რომელიც სიკეთეს „ფარულად, ბოროტებას კი ღიად ემსახურებოდა“, რაც, ავტორის აზრით, დანაშაულია. „ისევე, როგორც მის გარშემო მთელმა სამყარომ, მანაც მისცა თავს უფლება საკუთარი იდენტობა კომფორტული შიზოფრენიის მსხვეპლად ექცია, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ და თან თავი დაიმშვიდონ, რომ შინაგანად კარგები არიან“.
გაკვეთილი, რომელსაც კემპბელი ცხოვრებისგან სწავლობს, ამგვარია:
ჩვენ სწორედ ისეთები ვართ, როგორადაც აღგვიქვამენ და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც თავს ვიკატუნებთ.
ავტორი: ლიკა ჯამბურია