გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დედა ენა
თეგები: #ენა

ენის დღისთვის დაწერილი ტექსტი | ანა ჭაბაშვილი

14 აპრილია, ქართული ენის დღე. მოაგონდებათ ეს ამბავი დღეს საქართველოში ყველანაირ მედიას, სოციალურ ქსელებს (ან, პირიქით, სოციალურ ქსელებს და მედიას  მგონი, ახლა ესენი ასწრებენ), რაც, თავისთავად, კარგია. ყველა ვთანხმდებით, რომ ეროვნული თვითმყოფადობის (ვიცი, აქ უნდა დამეწერა სიტყვები „ეთნიკური“, „იდენტობა“და სხვ., მაგრამ სხვა სკოლა მაქვს გავლილი) შესანარჩუნებლად ენას უნდა გავუფრთხილდეთ, სწორად, გამართულად ვწეროთ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ბევრი ვიკითხოთ (ქართულად, რა თქმა უნდა), თორემ გამართულად ვერ დავწერთ, რამდენი გრამატიკული წესიც გინდა გვასწავლონ სკოლაში. გაცვეთილი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ეგდოს ყოველი შემთხვევისთვის.

***

მე და ჩემს დას მშობლების სახით სახლში „ენის პოლიცია“ გვყავდა და მათი სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ ხომ მარწუხები გვქონდა მოჭერილი, მაგრამ მამა მარტო ჩვენ კი არა, ყოველ მძღოლს (70-იან წლებამდე მხოლოდ სიტყვა „შოფერი“ გამეგონა) და ყოველ ხელოსანს „რულს“ და „ატვიორტკას“ უსწორებდა მოუღალავად და მერე მკაცრად ეტყოდა ხოლმე, აბა, გაიმეორეო. ზოგი მორჩილად იმეორებდა, ზოგი – კბილების ღრჭიალით. მეუხერხულებოდა, მაგრამ მეგონა, რომ ასეა წესი. ახლა კი, რაც ასაკში შევედი, მე გავხდი „ენის პოლიცია“ და ხშირად მეც ასე ვიქცევი  არ კი ვიცი, სწორია თუ არა უცხო ხალხისთვის შენიშვნების მიცემა.

***

მაგრამ ჩემი დღევანდელი პროფესია სწორედ ეს არის  შენიშვნების მიცემა ენობრივი უზუსტობებისთვის, ოღონდ პროფესიონალების  ქართველი მწერლებისა და მთარგმნელებისთვის. უმეტესობა ამ შენიშვნებს იღებს, ნაწილთან დისკუსიების გამართვა მიხდება  ხან მე ვერევი, ხან ისინი, მაგრამ ისეთებიც არიან, რომ ძვრას ვერ ვუშვრები, განსაკუთრებით მომიჯნავე შემოქმედებითი დარგების, მაგალითად, კინოს წარმომადგენლებს (ესენი მისაბუთებენ, წერტილ-მძიმეებით შინაგან რიტმს მირღვევო. ვაჰ, კაცო, მოვედი და კინო გადავიღე?). ამა თუ იმ სიტყვის დაწერილობის სასარგებლოდ ქართველი მწერლების მთავარი არგუმენტი არის „ასე უფრო ლამაზია“. აქ მომყავს ხოლმე მამისგან ანდერძად დაგდებული: „კეთილხმოვნება ვერ იქნება გადამწყვეტი, რადგან, ის, რაც ლამაზად ეჩვენება ერთს, ვერ იქნება ლამაზი მეორისთვის. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი“. ამის მერე ვიწყებ ქართული ენის ნორმების მოხმობას. მისაბუთებენ, ეგ მოძველდაო. მეც ხშირად ვეთანხმები, მაგრამ ვეუბნები, ჯერ ახალი ნორმები არავის დაუდგენია და, სანამ ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისია (რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს) არ მეტყვის, ისევ ძველით უნდა ვიხელმძღვანელო-მეთქი (აქვე ყურში გეტყვით, რომ ხანდახან მე თვითონ ვარღვევ, როცა ტექსტი ძალიან „მთხოვს“).

***

ყველას გვისწავლია, რომ სალიტერატურო ენას მწერლები ამდიდრებენ. დღეს გვყავს მწერლები, რომლებმაც საკუთარი ენაც კი შექმნეს. ასეთია, მაგალითად, აკა მორჩილაძე  „თბილისური“ ენის შემქმნელი. რამდენად არის ეს ენის გამდიდრება, არ ვიცი, მაგრამ ეპოქას კი ასახავს. განა ასეთი არ იყო გრიშაშვილის ენა?

თამთა მელაშვილმაც შექმნა თავისი „გათვლისთვის“ განსაკუთრებული ენა. არ ვიცი, შეგნებულად თუ ასე გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში, რაც არის, კარგია.

სალიტერატურო ენას ჟურნალისტებიც უნდა ამდიდრებდნენ. ოღონდ დღეს მათგან ზოგმა ეს არ იცის. იწყებენ წერას, ზოგი პროზას წერს, ზოგი პოეზიას და არცთუ ურიგოდ, მაგრამ დღევანდელი ჟურნალისტურ-ენჯეოური ენა, რომელიც ძირითადად კალკებისა და სრულიად ზედმეტი უცხო სიტყვებისგან შედგება, ისე აქვთ გათავისებული, მერე ვეღარ „ხედავენ“ და შიგადაშიგ წავაწყდები ხოლმე ასეთს: „გილოცავ ოჯახის გაფართოებას“ (შვილი შეეძინა ვიღაცას). „ჩართულობა“, „გადაადგილდებოდა იმ მიმართულებით“, „შეხვედრა ჩანიშნულია“ და ათასი სხვა ოხრობა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ვუსწორებ, უკვირთ, რა არ მოგწონსო.

***

რაც შეეხება მთარგმნელებს.

ქართველი მთარგმნელნი იყოფიან სამად: ძალიან კარგებად (ასეთები თითზე ჩამოსათვლელად გვყავს), საშუალოებად (ამათ „კეთილსინდისიერ“ მთარგმნელებს ვეძახი ჩემთვის და უმეტესობა ასე თარგმნის პატიოსნად), ცუდებად და უცუდესებად (შემჩნეულია, რომ  სწორედ ეს უკანასკნელნი ისე მოჰკიდებენ ხელს ნებისმიერი დიდი მწერლის თარგმნას, წარბს არ შეიხრიან).

წიგნის ბაზარზე სწორედ თარგმანების ხვედრითი წილია ყველაზე დიდი.  ყველაზე რთულად თარგმანების ენაში გვაქვს საქმე. ამ ცოტა ხნის წინ „ლიტერატურულ გაზეთს“ ინტერვიუ მივეცი ამავე თემაზე, სადაც ვთქვი, მთარგმნელმა ქართულიც უნდა იცოდეს და ნაწარმოების ორიგინალის ენაც, მაგრამ მთავარი მათი ერთმანეთისთვის მორგებაა, რაც დიდ ოსტატობას მოითხოვს-მეთქი. ინტერვიუს გაზეთის რედაქტორმა ასეთი პროვოკაციული სათაური წაუმძღვარა: „მთარგმნელმა ქართულიც უნდა იცოდეს...“. წამომესია საქმეში ჩაუხედავი მთელი ფეისბუკ საზოგადოება და ჩემი „თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა“ (ვაზვიადებ, რა თქმა უნდა). იძულებული გავხდი, მემტკიცებინა, რომ „აქლემი არა ვარ“.

***

მინდა, რომ  რომელიმე ჟურნალისტმა მითხრას ის ყბადაღებული „რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით თქვენი პრაქტიკიდან“ (რა თქმა უნდა, არავითარი ჟურნალისტი არ მეუბნება), იმისათვის, რომ შარშანდელ ამბავს მოვყვე. რა თქმა უნდა, არც იმ დიდ მწერალს დავასახელებ, არც იმას, თუ რომელი ენიდან იყო (უნდა ყოფილიყო) მოთხრობები თარგმნილი და არც მთარგმნელს, მაგრამ მაგალითებს კი მოვიყვან. რედაქტირების დროს შემხვდა ასეთი რამ: „ჩემს კონოპატიას კატის ყნოსვა აქვს“. საგონებელში ჩამაგდო ამ „კონოპატიამ“. ასეთ დროს, როცა რომელიმე პასაჟი რედაქტორისთვის გაუგებარია, თავისთვის ხელმისაწვდომ ენაზე თარგმნილ ამავე ტექსტს ადარებს ხოლმე. ჰოდა მეც ჩავიხედე რუსულ თარგმანში და დამხვდა ეს: У моей конопатой (конопатый/конопатая  ჭორფლიანი) нюх как у кошки. მოკლედ, ეშმაკობდა მთარგმნელი  ორიგინალის ენიდან რომ გაუჭირდა თარგმნა, იფიქრა, რუსულით ვისარგებლებო და ეს გამოუვიდა. იმავე კრებულის სხვა მოთხრობიდან მახსოვს კიდევ ერთი ასეთი „მარგალიტი“: „[ის] ტროპიკებისკენ დაეშვა“. არავითარი ტროპიკები იქ არ იყო. შევადარე რუსულს და გაირკვა, რომ спустился по тропинке (тропинка  ბილიკი). და კიდევ ბევრი ასეთი.

ეს  ისე...

***

ქართული ენა ყოფაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში  ეს ცალკე თემაა, ამოუწურავი.

ამაზე როგორმე სხვა დროს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა