გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გურამ წიბახაშვილი გრაფიტი პროტესტი თბილისი საქართველო

კედელ-კედელ გურამ წიბახაშვილთან ერთად | თამარ ბაბუაძე

შესავალი

ისე მოხდა, რომ მიმდინარე პროტესტი, პირადად ჩემთვის, გურამ წიბახაშვილის ორი გამოფენით შემოისაზღვრა. 

ერთი – „გადაწერა” – 2024 წლის 30 ნოემბერს დავათვალიერე – გამოფენისთვის ბოლო და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ აფეთქებული მორიგი მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღეს – ზედ რუსთაველის გამზირზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – საპროტესტო არეალის, თითქოს, პერიფერიულ, მაგრამ პროტესტის იმ პირველი დღეებისთვის მაინც უკიდურესად დაჭიმულ და მღელვარე ზონაში. 

მეორე გამოფენა – „ასვლა” – ცოტა ხნის წინ, 2025-ის დეკემბერში ვნახე. იმ ნოემბერ-დეკემბრის პროტესტის არეალისგან კიდევ უფრო მოშორებით – ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე. თუმცა ისევ ამ უკვე გავლილმა და პროტესტების ისტორიაში, ალბათ, შეუდარებლად უცნაურმა ერთმა წელიწადმა გამახსენა ის, რაც ისედაც ვიცოდი: თბილისის გულში – მთელ ამ ადგილებში – უფრო რუსთაველისკენ, თუ უფრო – ფილარმონიისკენ – არ აქვს მნიშვნელობა – პროტესტის ენერგია მარადიულად თვლემს; რადგან აქაურობა სენსორული რუკის თვისებებს იძენს: ერთი მწყობრი ჩავლა, ერთი მონდომებული დასტვენა, ერთი დახუვლება საკმარისია – ტორტმანი დაიწყება – ახლა, ჩვენს გვერდით, აღელვებული ადამიანები ტანით მიუერთდებიან ამავე ქალაქის ფოსოებში გამჯდარ ძველ მღელვარებათა ხმებს. ქალაქის პროტესტის სხეული ამით თანამედროვე პროტესტანის სხეულსაც გაიერთიანებს – საკუთარ აგურის უჯრედებში მორიგ საშენ მასალად ჩასვამს მისი ტანის ვიბრაციებს – მის გაშინაგნებულ სათქმელს. 

ამიტომ მოვლენა „მთრთოლვარე სხეული” თბილისთან მიმართებაში მხოლოდ მშვენიერ შედარებად არ რჩება, ის ქალაქის მღელვარე მთლიანობას გამოხატავს – კედლიდან – ადამიანამდე; ფიზიკურიდან – მეტაფიზიკურამდე. 

დაახლოებით, ეს ვიგრძენი „გადაწერაზეც” – როცა მივხვდი, რომ საპროტესტო წარწერებით სავსე გურამის კედლები გარდაუვალი ბუნებრიობით უერთდებოდა გამოფენის გარეთ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს და ხელახლა აჭრელებულ ფასადებს. და ეს ვიგრძენი „ასვლაზეც”. 

„ასვლა”, თითქოს, გვეუბნება, რომ ეს ადამიანი, რომელიც „ისტორიის მოცემულ ფრაგმენტში” ბრძოლასა და შრომაშია ჩართული, მუდამ აღმართზე ადის. ადის, ადის, ადის… ფოტოს, რომელიც ამ სიმბოლური მდგომარეობის განსავრცობად საჭირო შთაგონებად იქცა, დამთვალიერებელი უმალ იცნობს – დარბაზის ცენტრში პირველ რიგში ჩანს. თუმცა, უხილავი ენერგია დამთვალიერებელს ასევე ბუნებრივად უბიძგებს მარცხნივ, სამ ნაწილად დაყოფილი კედლისკენ, სადაც იატაკიდან ჭერამდე, ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმულ ფოტოპროექციებში შებიჯებას შეძლებს. 

ფოტოპროექცია იცვლება, გამოსახულება სხვადასხვა შემთხვევას და მომენტს აღწერს, მაგრამ ყველა ეს ამბავი რაღაცით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შესაძლოა, ჰგავს ფოტოგრაფის სპეციფიკური მზერის გამო; მაგრამ შესაძლოა ჰგავს იმიტომაც, რომ თითოეული მათგანი ერთსა და იმავეს – მეტაფორულ ასვლას – გარდამტეხ მოძრაობაში ყოფნას განასახიერებს. განასახიერებს იმას, რაც უახლეს ისტორიაშიცაა – პრესის არქივში, ვიდეოებსა და ფოტოებში, პროტესტების მონაწილეთა პირად მოგონებებში; და იმასაც, რაც დღესაც, გარეთ, ამ ქუჩებში, ტორტმანებს; და გაკვირვებს – რა არ აჩერებს და რა არ ღლის ამ ადამიანებს? 

უნებლიედ ვიწყებ პროექციებისთვის ფოტოების გადაღებას და ვამჩნევ, რომ ჩაბნელებულ დარბაზში მარტო მდგარი ზღვარს ვკარგავ ჩემსა და ფოტოს წიაღს შორის. თითქოს, შევდივარ და იმ მოვლენებში ვდგები განაპირას – იმ ძველი გამოსვლების, ძველი შეკრებების, ძველი მსვლელობების, განფენების, დარბევების, სიხარულებისა და სასოწარკვეთების, გარინდებებისა და გახევებების. 

ტელეფონის ეკრანზე დავყურებ გადასაღებ გამოსახულებას – და ვხვდები, რამხელა სასწაული ხდება ჩემს თავს – კამერა ჩამუქებულ სილუეტად მაფიქსირებს ყველა იმ ძველ მოვლენაში, რომელიც გურამ წიბახაშვილმა გადაიღო და მე ახლა, წლების მერე, შევყურებ. თითქოს, ყველგან ვიყავი, სადაც არ ვყოფილვარ, მაგრამ თან დარწმუნებით შემიძლია ვამტკიცო, რომ მახსოვს.

გურამის ფოტოში ჩემი სილუეტის უნებლიე ჩამონტაჟება მხოლოდ დადასტურებაა იმის, რასაც ტანით გრძნობს ყველა, ვისაც ისტორიული გარდატეხები წლების განმავლობაში ფეხდაფეხ მოსდევს; ვინც ამ გარდატეხებს თავისი „ასვლით” თავად აკოწიწებს.  

„გადაწერამ” დამანახა, როგორ ხდება გამოფენის ნაწილი გარეთ მიმდინარე მქუხარე პროტესტი; ანდა, პირიქით, გარეთ ახლა წარმოქმნილი საპროტესტო ხმაური როგორ იტვირთება იმ კედლების ფოტოებში, რომლებიც სწორედ ძველ პროტესტთა გამო გადაიღო გურამმა. 

„ასვლა” კი მეუბნება, რომ ასვლა მეტაფორაა და თან არც. თბილისის რელიეფი უსწორ-მასწოროა – ასვლა-ჩასვლას მართლაც საჭიროებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისტორიის ამ ფრაგმენტში მოქცეული ადამიანები კვლავ მოძრაობენ. 

...

საუბარი გურამ წიბახაშვილთან ჩაწერილია 2024 წლის 31 დეკემბერს. რადგანაც ეს ინტერვიუ არის საპროტესტო გრაფიტისა და ქალაქის ავტოეთნოგრაფიული კვლევის ნაწილი, ძირითადად, ეხება სწორედ კედლის წარწერებსა და პროტესტს. 

შეკუმშულია ინტერვიუერის კითხვები. დატოვებულია გურამის მონათხრობი:


ვარ ფოტოგრაფი, მაგრამ სულ მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი.
ფოტოგრაფიაც ამ სურვილიდან მოვიდა.

იმის გამო, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ვარ, არასდროს მიყიდია მხატვრის ატრიბუტიკა. კამერები სულ მქონდა, ფურცლები - არასდროს.

თან არც ფული მქონდა და ვიყენებდი ნებისმიერ ქაღალდს - ვთქვათ, ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებს, რომლებიც შედარებით თავისუფალი, ანუ ცარიელი იყო, ან ნაბეჭდ მუყაოს და ვხატავდი მეორე მხარეს.

მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიანაც მეხმარება კომპოზიციის აგებაში ის, რომ ფურცელზე უკვე რაღაცაა დაბეჭდილი, რაც უნდა წავშალო და იმ წაშლილზე ახალი დავაფუძნო.

1987-88-ში ორი უზარმაზარი შეკვრა გადაყრილი პლაკატები ვიპოვე. ძალიან ხარისხიან ქაღალდზე ნაბეჭდი, თავიანთ გაუხსნელ ყუთებში. იყო საბჭოთა კინოს პლაკატები, იდეოლოგიური ფილმების, ძალიან კარგი მხატვრების ავტორობით.

მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როცა ყელში გაქვს ამოსული ყველაფერი, რაც საბჭოთაა. ვეღარ ითმენ, როდის დაინგრევა. და დავიწყე ამ პლაკატებზე გადახატვა-გადაწერა.

და დღეს უკვე, კედლებიდან გამომდინარეც, ვიცი, რომ, რეალურად, სულ გიწევს ისტორიის გადაწერა; რომ ყველა ისტორია გადაწერადია. როგორც კი ის მმართველი კლასი მოშორდება, ვინც ისტორიის დაწერას იჩემებდა, მოვა სხვა და იტყვის: ლენინი კერპი ვერ იქნება.

ამიტომ მაინტერესებს იმ წიგნების წაკითხვა, რომლებიც იდეოლოგიის ქვეშ დაიწერა - მათში გადასარევად იკითხება სინამდვილე, რომელიც დაიფარა.

დღესაც ეგრე ვხატავ - ვიღებ ფურცელს, რომელზეც რაღაცა ხატია ან წერია და უკვე შეგნებულად, გაცნობიერებულად ვიწყებ გადაწერას.

ფოტოგრაფია იდეაში არის ყურადღების მიქცევა. თითს მაშინ აჭერ ღილაკს, როცა რაღაცას ყურადღება მიაქციე და ჩათვალე, რომ ეს ან პირადად შენთვის არის საინტერესო, ან შეიძლება სხვას გინდა უთხრა.

და სიახლე ყოველთვის თვალშისაცემია. ამიტომ კედელზე ნებისმიერი რამის დაწერა ან წაშლა ფოტოგრაფს აინტერესებს. მარტო კედელზე არა, ნებისმიერი რამ, როცა იწყება, ვთქვათ, მშენებლობა, საინტერესოა.

მაგალითად, აქ, ახლა რომ საავადმყოფო შენდება, ადრე ლეჩკომბინატი იყო. ერთხელაც, ფანჯრიდან გახედვისას, დავინახე, რომ ლეჩკომბინატს ანგრევენ და მას მერე ყოველ დილას მოვდიოდი, ვიღებდი თითო ფოტოს, როგორ ინგრევა ერთი და მეორე შენდება. არქიტექტორმა დანგრევაც უნდა დააფიქსიროს და შენებაც. იმიტომ, რომ ამით ბევრი რამ იკვეთება. არქიტექტურა ცვლის მარტო იმ ადგილს კი არა, არამედ მთელ გარემოს და ამის დაფიქსირება - რა იყო და რად იქცა - მნიშვნელოვანია.

კარგი, შენ, გატყობ, ბევრი დრო გაქვს და კიდევ გიამბობ: ერთიც რა მახსოვს, იცი? ორი ბერლინი რომ შეერთდა, მეორე თუ მესამე წელს მეც ჩავედი. ეს ის დროა, გაერთიანებული ბერლინის ცენტრი რომ უნდა მოეწყოთ გახლეჩილი ქალაქის ორი ნაწილის შეერთებით, ანუ ერთმანეთს ხვდებოდა ორი ცალკე ქალაქის პერიფერია. გამოაცხადეს ისეთ შენობებზე კონკურსი, ცენტრს რომ შეეფერებოდა. ჟიურიმ აარჩია პროექტები და როცა ჩავედი, შევესწარი მეტროსადგურებთან ჩადგმულ ყუთებს და იქვე გამოკრულ ფოტოებს – ბერლინელებს აცნობდნენ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს და სთხოვდნენ აზრის გამოხატვას. იდო ფურცელი და შეგეძლო, სრულიად ანონიმურად მოგენიშნა, რომელი პროექტი მოგწონდა. ეს ხალხს პროცესში რთავდა და მთავრობასაც აძლევდა ლეგიტიმაციას, ეთქვა – რაც ავაშენე, ამდენმა ადამიანმა მოიწონა. მას მერე დგას იქ „სონის” შენობაც და „დოიჩე ბანისაც”.

აქ ხალხს კი არა, არქიტექტორსაც არაფერს ეკითხებიან. ფულს გადაიხდი, მიწას მოგყიდიან, ააშენებ, უმეტესად, იდიოტობას, დიდ მოგებას ნახავთ შენც და მერიაც.

და მერე ყველაფერს ეჩვევი. უკვე რომ აშენდება და ჩემი შვილის შვილიშვილი დაიბადება, ამ მაღალ შენობას შეხედავს და იფიქრებს: თბილისი ესაა. სინამდვილეში, მაგ თაობისთვის შეიძლებოდა, თბილისი სხვანაირიც დაგვეხვედრებინა. და ამის დამახსოვრება ფოტოგრაფიულად შეგიძლია.

ფოტო აფიქსირებს ცვლილებებს.
აფიქსირებს გარდასახვებსაც.

კედელიც აფიქსირებს ამას. წინა დღეს რომ გაივლი და სუფთაა, ან ახლად შეთეთრებულ-გარემონტებული და მეორე დღეს გხვდება წარწერა, ხვდები, რომ ეს არის პროტესტი. რადგან წავიდა ვიღაც, იყიდა საღებავი, მოიტანა და დააწერა, – შენი დედა ვატირე. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა ცვლილება.

გამოსახულება და წარწერა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2000-იანების დასაწყისში ქუთაისის ძველ ციხეში შევედით რამდენიმე ფოტოგრაფი და ცარიელი საკნები გადავიღეთ – პატიმრები უკვე გადაყვანილი ჰყავდათ. მათი ოთახების კედლები დავათვალიერეთ – სავსე წარწერებით, ნახატებით, პლაკატებით.

ადამიანი, რომელიც ათ წელს და მეტს ატარებს ერთსა და იმავე ოთახში, კედელზე რაიმეს დაწერ-მიხატვით ნიშანს ტოვებს, რომ ცოცხალია.

ციხე ხომ ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სიცოცხლე დაგიტოვოს; რომ სწორედ სიცოცხლე შეგიზღუდოს და წაგართვას. ამიტომ ვიღებდი სიცოცხლის ნიშნებს კედლებზე, რაც პატიმრებისგან დარჩა.

„გადაწერის” გამოფენისთვის ფოტოები ორი ნიშნით შევარჩიეთ.
ჯერ ერთი, უნდა ყოფილიყო გადაწერა – გინდ ფურცელზე, გინდ კედელზე და ამ მხრივ გამოფენის მთავარი სურათი იყო, წითლად დაწერილი:

იბრძოლე თავისუფლებისთვის

და მეორე – ვიზუალურად ფერწერული უნდა ყოფილიყო გამოსახულება.

თუმცა, მე პირადად ისიც არანაკლებ მაინტერესებს, რა წერია ან რისი წაშლა უნდოდათ, ამიტომაც გადაშლილი კედლების ფოტოები ჩემს არქივში მილიონია. თითქმის ყოველთვის ჩანს ქვედა ფენა, რადგან ბოლომდე არ იშლება. მეც ვცდილობ, გავარჩიო, პირველმა რა დაწერა, მეორემ – რა შეუსწორა, მესამემ რა გადაფარა და მეოთხემ კიდევ რა გადააწერა.

სათქმელის შრეებია ყველგან.
თბილისი სავსეა.

ოპერის გვერდით ჩასახვევში, პატარა, ლამაზ ქუჩაზე, კედელზე ეწერა ფაქ რაშა, მოვიდა ვიღაც და ფაქ ნატო დააწერა, მერე სხვამ ფაქ რაშა დააბრუნა, მერე კიდევ ვიღაც მოვიდა და ორივე გადაშალა.
გუშინწინ გადავიღე, კიდევ ახალი წარწერა იყო, უკვე ამ პროტესტებიდან.

მიშა სააკაშვილის დროს მაქვს გადაღებული ერთი კედელი მიწისქვეშა გადასასვლელის: ჩვენ ზანგები არ ვართ – ის ფრაზა, რაც მიშამ თქვა და მაშინ დიდი ამბავი მოჰყვა.

ალბათ, 25 წლის წინ დავიწყე სერია „კერძო მუზეუმი”. ეფუძნება იდეას, რომ მუზეუმი ინახავს და გამოფენს ქვეყნის განძს, თამარ მეფის ჯვარს და ხახულის ხატს.

მაგრამ თან ყველას ცალკე გვაქვს პირადი მუზეუმი – ვაგროვებთ და გამოვფენთ ნივთებს ჩვენს სახლებში და კაბინეტებში, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. მეც დავიწყე იმის გადაღება, როგორ აფორმებენ ადამიანები თავიანთ გარემოს, სახლებს, სამსახურებს.

მაგრამ მერე მივხვდი, რომ კედლებიც მუზეუმია. და დავიწყე ამ სერიაში ქუჩების გაერთიანებაც. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ „კერძო მუზეუმში” ქუჩა ბევრია იმიტომ, რომ ყოველწუთიერად ვიღაც წერს, შლის, ასწორებს, ფარავს.

90-იანების დასაწყისიდან დავიწყე ეროტიკული წარწერების და გამოსახულებების შეგროვება.

ვიღებდი ყველგან, სადაც მხვდებოდა.

ვიღაცისთვის პროტესტის გამოხატვაა, ვიღაცისთვის ასო „ყ”-ს გამოჩენაც კედელზე პროტესტია.

მაგრამ რაღაც ასაკში ეს მოსულა და მერე უკვე პოულობ სხვა თემებს და ფორმებს და, ვთქვათ, უპირისპირდები უსამართლობას.

ამისთვისაც საჯარო კედელი არის მისწრება.

დღეს, მით უმეტეს, როცა რეალურად ყველაფერს გიკრძალავენ, აქ არ გააპროტესტო, იქ არ გამოაქვეყნო, არ გაიარო, არ დადგე, ხოლო კედელზე მაინც მოახერხებ დაწერო:

თავისუფლება.
დიდება უკრაინას.
ფაქ რაშა.

უბრალოდ, ეგაა, რომ საჯარო სივრცე ამ ბრძოლების გამოხატვის და გამომზეურების არენად ჩვენთან გვიან იქცა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, კედლებზე წერა კი არა, ქუჩაში სამი კაცის ერთად დგომაც აკრძალული იყო. პოლიცია მოდიოდა და გეუბნებოდა, სამ-სამი ნუ გაჩერდებით.

გეცნობა?

საბჭოთა თბილისის ფასადები, თეთრი და სუფთაა. ერთი წარწერა მახსენდება მხოლოდ, რომელიც ზუსტად იმიტომ გადავიღე, რომ კედელზე შემხვდა – არ შეიძლება” – წერია. მეტი არაფერი. რა არ შეიძლებოდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ეწერა და ძალიან დამაინტერესა. კონტექსტის ნიშნად აღვიქვი – ქალაქში, სადაც ყველაფერი აკრძალულია და არაფერიც არ შეიძლება, დავინახე ის, რაც, ასევე, არ შეიძლებოდა – ფასადზე წარწერა.

ყველაფერი და მათ შორის კედლებიც, ნელ-ნელა, 88 წლიდან აბობოქრდა. ეს მოხდა ნოემბერში, როცა თქვეს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და საქართველოს კავშირიდან გასვლის უფლება არ ექნება. ყველაფერი უკვე ისე იყო, რაღაცას იმ მომენტში უნდა აეფეთქებინა პროტესტი და ააფეთქა ამან.

მყისიერად პლაკატური წარწერები გაჩნდა, რომლებსაც დაატარებდნენ აქეთ-იქით, რადგან მოძრავი იყო ყველა ეს დემონსტრაცია.
და მერე, ერთ დღეს, ეს ხალხი პარლამენტის წინ ჩამოჯდა.
და ეს იყო პარლამენტის წინ პირველი საპროტესტო დაჯდომა.

ჯერ წარწერებს კედლებზე არავინ აკეთებდა. ტრანსპარანტები ჭარბობდა – დავწერე სახლში, დავიჭირე და მივდივარ დემონსტრაციაზე – ამან უფრო იმუშავა.

89-ის აპრილის დასაწყისში ხალხი ისევ გამოვიდა.
აი, მაშინ კი მთავრობის სახლის თაღებზე საპროტესტო წარწერები მიკრული უკვე წებოთი აქვთ.

მგონია, რომ მაშინ ბევრს ისიც კი ვერ წარმოედგინა, რომ კედელზე დაწერა შეიძლება.

საპროტესტო გრაფიტი და სტენსილი, რაც ტექსტიცაა და ფორმაც და ქუჩაში გამოსული ხელოვნებაა, ბევრს ნანახი არც ჰქონდა. ან სად უნდა გვენახა. მე რომ პატარა ვიყავი, საზღვარგარეთ წასვლა ნიშნავდა სამოთხეში ცოტა ხნით ექსკურსიაზე წასვლას.

ეგეთ იდიოტობაში გვაცხოვრებდნენ. მაგრამ ზუსტად მაგ ცხოვრებიდან ვიცი, რომ აბსურდულ აკრძალვებს პროტესტის სხვა გზების ძიება მოჰყვება. ამ გზებს ადამიანები სულ იპოვნიან. რამდენჯერაც შეგზღუდავენ, იმდენჯერ მონახავ სხვა გზას. ასე გაგრძელდება, სანამ არ დაინგრევიან. ეგრე იყო საბჭოთა კავშირი. გინდა, კედელზე წერა აკრძალე, გინდა თქვი, რომ სამ-სამი ნუ გაჩერდებით, სულ ერთია.

გურამ წიბახაშვილის ფოტოარქივი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა