მკერავი და შოკოლადები | პეპელა იაშვილი, 85 წლის
19.11.2023 | 5 წუთიანი საკითხავიერთი კარგი წიგნი იყო ამაზე და დაგვეკარგა. ბიჭვინთა გალუბოე. ილუსტრირებული წიგნი. ჩემი მეუღლე მუშაობდა პიშებლოკში, ბიჭვინთაში.
ჩვენ ოჯახის წევრები ვიყავით. ზოგჯერ რო იტყვიან, აი, ქართველებმა ასე, ქართველებმა ისე - ჩვენ საერთოდ ვართ აბდაუბდა. თორემ ხალხი არ არის დამნაშავე. ომი რომ დაიწყო ჯერ ხო საერთოდ არ ვიცოდით. არა ვართ დამნაშავე.
მეოთხე კლასში ვიყავი აფხაზეთში რო ჩამოგვასახლეს. იქედან უნდა დავიწყოთ. მანამდე ვცხოვრობდი სომიწოში, ონის რაიონში. ჩემი მამა გაიწვიეს ომში, უკანონოდ 1942 წლის ბოლოს. ავადმყოფი კაცი იყო და სხვის მაგივრად წაიყვანეს. ახლა უკრაინაშია საფლავი. დედაჩემს უთხრეს რო ჩაბარდა გერმანელებს. არ არსებობს, გერმანელებამდე ვერც მიაღწევდა. დედაჩემს მერე პენსიაც აღარ მისცეს ბავშვებისთვის, სამშობლოს მოღალატეა შენი ქმარიო. ოთხ ბავშვს გვზრდიდა.
ისე მახსოვს ესა, ომი რო დამთავრდა და ვიღაცა ჩამოვიდა, ჩამოიტანეს შოკოლადები და ბავშვებსაც მოგვცეს. გავიქეცით დედასთან, განაწილება უნდოდა ჩემ ძმას ამ შოკოლადების და დედამ არა, თქვენ ჭამეთო.
თანაც ასე, ტაშტში, აი ძალიან ღარიბები ვიყავით და ტაშტში ჰქონდა ფეხები ჩაყოფილი კოლმეურნეობაში ნამუშევარ ქალს. თანაც თბილისიდან იყო დედაჩემი. ხოდა რო არ გამოართვა დედამ შოკოლადი, აიღო და წყალში ჩაუგდო ჩემმა ძმამ. ისე მახსოვს ეს რო არ დამავიწყდება. მეოთხე კლასში ვიყავი. უფრო სწორედ, ვერ მუშაობდა კოლმეურნეობაში და უფრო კერავდა. ძალიან კარგად კერავდა დედა და ვიღაცას რო შეუკერავდა, ის წავიდოდა დედას მაგიერ და დღიურ სამუშაოს შეუსრულებდა კოლმეურნეობაში. ასე გაგვზარდა ოთხი შვილი. მერე ჩვენი სოფელი დაიმეწყრა. აი, ამ მეწყერმა იმხელა ტკივილი მომაყენა. დილით ბავშვებს რო გვინდა სკოლაში წასვლა, ჩვენი სკოლა კი სადღაც ქვემოთ არის. ესე, ძლივს რო უყურებ.
მერე გადმოგვასახლეს აფხაზეთში, მარა ეს არ იყო მიზეზი. აფხაზეთში გადმოსახლება უფრო პოლიტიკური მიზნით მოხდა. ბავშვობიდან ასე მახსოვს, რო აფხაზეთი არ იყო თავისუფალი და იმიტო გადმოგვასახლეს. ჩვენ დავაწყებინეთ აფხაზებს ცხოვრება, და მერე მართლა გვიღალატეს და არ ჩანდა მაგათი ღალატი იმიტომ, რომ ჭკვიანად იქცეოდნენ. ჩვენი კაი მეგობრები იყვნენ მაგრამ თან ფულს აგროვენდნენ ომისთვის. არაფერი ვიცოდით. აი, ომი სანამ დაიწყო, დიდი ქორწილი გააკეთა ჩვენი ბიჭის მეგობარმა. ცოლი მოიყვანა და წარმოგიდგენია, ორ კვირაში დაიწყო ომი. აი, კარგი მეგობრობა გვქონდა. აფხაზებს არ დაუწია ომი ეხლა რო ამბობენ, ესე არ არი. ჩვენ არ გვყავდა მტერი. ვმუშაობდით ერთად. რო დაიწყო ისეთი სიმწარით დაიწყო, ჩემი ბიჭის მეგობარს ქვედა ჩლენი სულ გამოაჭრეს. იმ ღამეს ცოლი გამოიყვანა სამშობიაროდან. რუსები არ იყვნენ, შერეული აი, ცოტა ბანდიტა, ხულიგანი ბიჭები და ჩაიყვანეს ეს ჩვენი ბიჭი პადვალში და გამოაჭრეს ქვედა მთელი ნაწილი, რატო ქართველი შობეო. ისიც ვერ გაიზრდება და ვერც შენ გაზრდიო და მოკლეს. ეს იყო პირველი ამბავი. ომი რო დაიწყო, მესამე თუ მეოთხე დღეს.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი