გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოეზია შოთა პაპავა ლექსი ლექსები

პოეზია უკანასკნელ ყოვლისა | შოთა პაპავა

***

ჯერ არასდროს არ შობილა ბრაზი ასე წყნარი!
ამ ერთობით შემოსილი შეღამების ქნარი,
სქროლვით იწვევს წინაპრის ხმას და ხეებში აქსოვს...
ასე სწორი, ასე ნაზი ბრაზი მე არ მახსოვს!

დროშა თითქოს ზამბახია ვარსკვლავების მძივით
და მის შუქში გახვეული ცხადი სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მდინარე მოელვარე ხალხის,
არ შობილა არაფერი, რაც მდინარეს დაღლის!

***

ქუჩაში, წყალში გამოდგა ბავშვი
სიმართლის აღმის სწორი დოზებით,
და მის ცეკვაზე ჭავლის გრიგალში
მოვარდნენ სუსის ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და ჩვენი რწმენა!
აიგდეს მაშინ ბავსვი აბუჩად
მაგრამ ისმოდა ხალხის სიმღერა.

***

ფული გვქონდეს უსპეტაკეს მოლისა!
ძმაბიჭებო, ხელფასამდის მექნება
ბევრნაირი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უმეორეს ყოვლისა!

ფასდაკლებულ მოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მნათებს შუქი სვეტსკი ხროვისა:
პოეზია - უმესამეს ყოვლისა!

ვერსაჩივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის მერსედესით მოვლისა,
ალაგ ალაგ ვერცხლით შემობურვილი:
პოეზია - უმეოთხეს ყოვლისა!

თუ შპს მაინც არ მომეფეროს,
მე დავხარჯავ - როგორც შოპერს შეჰფერის,
სეილები ლალისა და ბროლისა,
პოეზია - უკანასკნელ ყოვლისა!

***

წუხელი ღამით გლოვო დაჰქროდა,
და დიდ ხანს, დიდ ხანს არ დამეძინა.
მე მქონდა ბინა თავშესაფარი
მაგრამ მიმტანს ხომ არ ჰქონდა ბინა.
ტარიელივით ატირდებოდა
საცხოვრებელში სარკმელის წინა,
მე კი ვიშლიდი თვალწინ მენიუს
და მომიტანდა შაურმას შინა.
მისებრ რაინდი ვიყავ უცნობი,
საჭმლით ვახშობდი სევდიან ღამეს,
რამდენ ჩაზმანვას მოეღო ბოლო
რამდენ სიგამხდრეს, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით გლოვო დაჰქროდა,
და როცა დილით გამომეღვიძა
სისხლიან გზებზე დამსხვრეულ ხელ-ფეხს
მიმოეფარა ქალაქის მიწა.
სამზარეულოს მივდექი, იქაც
მტვერი ღუმელზე იყო ფენილი,
და დიდ ხანს, დიდ ხანს უძლური ვიდექ
ჭამის სიზმრებში გადაფერენილი.


***

ორმოცი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა თავის ფიქრები ავი,
რომელ მარკეტში იყიდი ტყვიას?
ნეტავი დროზე მოგეკლა თავი.
გაივლის კიდევ ორმოცი წელი
ვერ მოესწრები გზას ოთხმოცისას
გაგებერება კიდევ მუცელი
და ატირდება მუხლი მოფსმისას.
ო, როგორ მიდის ახალგაზრდობა
დაუნდობელი სურვილი ღომის!
და რა რთულია არ გაბრაზება
როცა იმედი არ გაქვს აღდგომის.


ილუსტრაცია: ანა ნუცუბიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა