
ისე წერა, რაფერც გინდა | თემუკა ზოიძე
სულ ცოტა ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობამ თინათინ ნოღაიდელის სადებიუტო რომანი - „ულვაშები“ გამოსცა, რომლის წაკითხვა მაშინვე გადავწყვიტე, როგორც კი გავიგე, სიუჟეტი აჭარაში ვითარდებაო. თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ძირითადად, მხოლოდ ურბანულ ისტორიებს გვიყვება და იქაც ქალაქი მხოლოდ თბილისია და ეგეთ შემთხვევაშიც ვერა-ვაკის ფარგლებს თუ გასცდა ავტორი, სასწაულია. დეცენტრალიზაცია / დეურბანიზაცია ისევე სჭირდება ქართულ ლიტერატურას, როგორც თვითონ ქვეყანას. მეორეც, სანთლით საძებარია ხოლმე ავთენტური ენა. აკა მორჩილაძე კარგი მწერალია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთზე უფრო საინტერესო ამბებს თხზავს, არამედ იმიტომაც, რომ წერის სტილთან მუდმივად ცდის საკუთარ შესაძლებლობებს და ერთგან თუ თბილისური ჟარგონით ალაპარაკებს პერსონაჟებს, სხვაგან დიალოგებში დღევანდელობისთვის დრომოჭმულ, თუმცა მე-19 საუკუნის საქართველოსთვის შესაფერ ენას ვაწყდებით, ხან კი იმერიზმებით შევდივართ ამბის ეშხში.
თინათინ ნოღაიდელის პერსონაჟებიც იმ ზომიერი ბათუმური კილოთი კი არ მეტყველებენ, ორბის კორპუსების თბილისელ დამსვენებლებს მაინც რომ ჰგვრის იქედნურ ღიმილს, არამედ იმფერ აჭარულს უხრიგინებენ, კოფისმია ქალაქელებს რომ გულზე შემეეყრებათ.
„ულვაშები“ ბევრ მნიშვნელოვან თემას ეხება: ოჯახში გენდერული როლების გადანაწილება, ქალთა ემანსიპაცია, სექსუალური თვითგამორკვევა, მენტალური ჯანმრთელობა, ძალადობა, სოლიდარობა თუ სხვ., თუმცა, პირველ რიგში, ის პოლიტიკურია იმ ენის გამო, რომლითაც დაიწერა. ამ კუთხის ავთენტური ხმა ამ დოზით ქართულ ლიტერატურაში აქამდე არც გამიგია.
ის, ვინც დაიჯერა თავისი სამეტყველო ენის ერთადერთი მართებულობა სიტყვებით „ვიცმევ“, „ვსვავ“ თუ „ჩაქვრა“, სოციალური, კულტურული და კლასობრივი აღმატებულობის შეგრძნებით ებრძვის ქართულად მეტყველების ყველა სხვა ფორმას. არადა დიალექტი ენის სიმდიდრეა და არა - სირცხვილი. თინათინ ნოღაიდელი აჭარული დიალექტის მოქნილობისა და სისხარტის საშუალებით ახერხებს, ბევრისთვის კარგად ნაცნობი თემები სრულიად ახალი სიღრმეებით მოჰყვეს, მათ შორის ტრაგიკულ ეპიზოდებში კომიკური განწყობა შემოიტანოს. ოღონდ ამას არ აკეთებს იმ სნობიზმით, რომელსაც ხშირად მიმართავენ ქართულ პოპ კულტურაში და კუთხურად მოლაპარაკე ადამიანებს კარიკატურებად აქცევენ. თინათინ ნოღაიდელი არ დასცინის, ცხვირს არ უბზუებს თავის პერსონაჟებს, რადგან მას კარგად ესმის მათი, თუნდაც სძულდეს ისინი.
რომანი ერთგვარად აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ტრადიციის გაგრძელებაა ქართულ ლიტერატურაში. ჟანრულ მსგავსებასთან ერთად - ავტობიოგრაფია - ერთნაირად იწყება ამ ნაწარმოებების გმირების გზა: „ულვაშების“ მთავარი პერსონაჟიც ბაღნობაში მშობლებისგან ცალკე, სოფელში იზრდება. ოღონდ აკაკი თუ ძიძას მიაბარეს შეძლებულმა მშობლებმა, თინიზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბებია-ბაბუა-მამიდა ზრუნავს სკოლის ასაკამდე.
თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში დიდი ადგილი უჭირავს უახლესი ისტორიის ტრავმებს: რა გავლენა იქონია ომმა, სიღარიბემ თუ საყოველთაო უსამართლობამ ყველაზე, მაგრამ ამას მხოლოდ უფროსების გამოცდილებიდან ვაფასებთ ხოლმე. ხშირად გვავიწყდება ბავშვები, რომლებიც ასეთ ექსტრემალურად მძიმე გარემოებებში ყველაზე მეტად ზიანდებიან.
ბოლო პერიოდის კიდევ ერთი დებიუტი ქართულ ლიტერატურაში - ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ იმიტომაც იყო თავის დროზე ჩემთვის საინტერესო, რომ ყბადაღებული 90-იანების ყველა განსაცდელი ბავშვების გარემოში იყო აღწერილი. თინათინ ნოღაიდელი კი ბავშვების თვალით გვიჩვენებს, რაც მაშინდელი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ოჯახებში, სკოლებში, ქუჩებში, სარდაფებში, კარადებში ხდებოდა და რამაც გვაქცია ეს თაობა ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ: ხმაურიანი აქტივისტები, ხმამაღალი ფემინისტები, თავხედი ქვიარები, რეივერები, ემიგრანტები.
„ულვაშების“ სიუჟეტი, ძირითადად, ორ ხაზად ვითარდება - პროტაგონისტის ბავშვობასა და ზრდასრულობაში. ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი შვედეთში გადახვეწილი მთხრობელი მოგონებებში, სიზმრებსა და ხანდახან ჰალუცინაციებშიც უბრუნდება ქობულეთში გატარებულ ბავშვობას და იქ ეძებს იმ შფოთვის, დაკარგულობისა და უსიყვარულობის მიზეზებს, რომლითაც ახლა იტანჯება.
ცალკე აღებული ეს აწმყო დროის ამბები ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფინალისკენ ორი ქალის სექსის სცენა, რომელიც არა მხოლოდ ქვიარ სექსუალობის ზეიმია ქართულ ხელოვნებაში, არამედ, ზოგადად, ძნელი იქნება სხვა ისეთი მაგალითის გახსენება მშობლიური ლიტერატურიდან, როცა რამდენიმე გვერდი ეთმობა სექსუალური აქტის მშვენიერების აღწერას. თუმცა ეს ორი დროითი და სივრცითი განზომილება (90-იანების საქართველო და 2020-იანების ევროპა) იმდენად კონტრასტულია, რომ პერიოდულად სრულიად სხვადასხვა ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელთა ბუნებრივად გახლეჩილი ორი ლიტერატურული ქსოვილი ერთმანეთს ორგანულად არ ეკვრის.
ამავდროულად, ბავშვობაში დაბრუნების მოტივის ასე პირდაპირ ახსნა ამბავს ავტონომიურობას აცლის და თერაპიულ სავარჯიშოს ამსგავსებს, სადაც უკვე რთული გასარჩევია, მართლა ბავშვი გრძნობს და ჰყვება იმ ყველაფერს, თუ ზრდასრული ახდენს ამის პროექციას. ცხადია, თავისთავად ეს შეიძლება იყოს მწერლის მიზანი, როცა წერას იწყებს, მაგრამ მჯერა, რომ მხატვრული ტექსტი უფრო მეტია, ვიდრე ავტორის ნებისმიერი სუბიექტური განზრახვა.
არაერთი ავტორი და ნაწარმოები ვახსენე, მაგრამ თინათინ ნოღაიდელი თავისი „ულვაშებით“ თუ ვინმეს მართლა ენათესავება, ეს ნიდერლანდელი მარიკე ლუკას რეინეველდია - ასევე სადებიუტო რომანით „მძიმეა დღის ბოლო“ (მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი).
აქეთ თუ ქობულეთის სოფელში მცხოვრები მუსლიმი ოჯახის ფარდაგებში ვეხვევით, იქ ნიდერლანდების ფერმაში, ფანატიკოსი ქრისტიანი ოჯახის ზღურბლზე ვაბიჯებთ.
რაც მთავარია, ორივე ნაწარმოების ცენტრში ბავშვია, ოღონდ ეს ბავშვი მაინცდამაინც არც ლაღია და არც მთლიანად ხმაწართმეული. ის უფროსების სასტიკ სამყაროში გზის გაგნებას ცდილობს ისე, რომ ხანდახან თვითონაც განზრახ თუ დაუფიქრებლად საშინელებებს სჩადის, რადგან იმ გარემოში, სადაც მუდმივად რაღაცას გეკითხებიან, მაგრამ არასდროს გისმენენ, სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელია.
რეინეველდის მსგავსად, თინათინ ნოღაიდელის მხატვრული გამოხატვა ტრანსგრესიულია: ერთიც და მეორეც არღვევს მოლოდინებს, თუ ვინ უნდა მოჰყვეს ამბავს და როგორ უნდა მოჰყვეს საერთოდ. ქართულ ლიტერატურას კი თუ რამე აკლია ყველაზე მეტად, სწორედ ეს გამბედაობაა.
გირჩევთ

თანაფა | ალექს ჩიღვინაძის რეცენზია
21.06.2024
თქვენ ვის გადაურჩენიხართ? | ანი ცქიტიშვილი
24.01.2024