გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქალების პორტრეტები 90-იანი წლების საქართველოდან

ქალების პორტრეტები 90-იანი წლების საქართველოდან | ლიკა გლურჯიძე

ძალიან ჩქარა მიდის დრო, არადა, ძალიან მინდოდა,კიდევ ერთი ფილმი
გადამეღო ქალებზე, მათ ცხოვრებაზე ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში.
“   
ვაჟა ზუბაშვილის ფილმიდან „ქალები“ (1990წ.)

მინდოდა, ამ დაუფასებელი მოქმედებებისთვის
სიცოცხლე მიმენიჭებინა კინოში.

შანტალ აკერმანი

„და ასე ვცხოვრობ –
თავი, მაგიდაზე დამხობილი,
რომელშიც ტკივილი გუბდება
და ორ თვალს იკეთებს
ესეც შენი შინაგანი ხედვა.“
ლია სტურუა „ავტოპორტრეტი“

90-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოს კვლევა ერთგვარ არქეოლოგიას ან საგამოძიებო პროცესს ჰგავს – მივიწყებული, დაკარგული, გაუჩინარებული ფილმების, ავტორებისა და სახეების არქივიდან გამოხმობითა და გაცოცხლებით, ეკრანზე დაბრუნებით.

როგორია ამ პერიოდთან დაკავშირებული ჩვენი მეხსიერება? ფრაგმენტული, დანაწევრებული, ცალკეული სახე-ხატებით, ნაცნობი კადრებით, საარქივო მასალით, მითებად ქცეული ამბებითა და რთული, გარდამტეხი პროცესებით დაღდასმული.

ეროვნული მოძრაობის იმპულსებით, აქციებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით, ომით, შიმშილითა და ნანგრევებით (მათ შორის დაკეტილი კინოთეატრებითა და ჩამქრალი ეკრანებით), გამოწვევებითა და თვითგამორკვევის რთული პროცესით გაჯერებული დრო. ამ პერიოდის დოკუმენტური კინოს კვლევისას ცალკეული შტრიხები, მოტივები, ტენდენციები და საინტერესო თემები იკვეთებოდა. მაგალითად, ზოგიერთი ავტორის სურვილი, მოეხელთებინა მთელი ქვეყნის პორტრეტი – წარსულიდან აწმყომდე, შეექმნა და „დაეწერა“ საქართველოს „ვიზუალური ისტორია“, მიმდინარე პროცესებზე რეფლექსიითა და შემდეგის ახსნის მცდელობით: ვინ ვართ, სად ვიმყოფებით, რისთვის ვიბრძვით? განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ სამი მრავალსაათიანი, მონუმენტური ნამუშევარი: თემურ ფალავანდიშვილის „სამანი“ (1990) –აქციების ერთგვარი ქრონიკა, ცოცხალი პროცესის პორტრეტის შექმნა უამრავსაათიანი მასალიდან; მიხო ბორაშვილის და მიხეილ ბასინოვის „საქართველოს ქრონიკები“ (1991), რომელშიც აქციების გარდა ამ პერიოდის სხვადასხვა თემატიკის მასალებიცაა გამოყენებული, რეფრენად კი მუდმივად ჟღერს ხალხისთვის დასმული კითხვა – „თქვენ გჯერათ გარდაქმნის?“ (შეიძლება გაგვახსენოს ანთროპოლოგის/რეჟისორის ჟან რუშისა და სოციოლოგ ედგარ მორინის  ფილმში „ზაფხულის ქრონიკა“ (Chonicle of Summer), 1961 დასმული კითხვა – „ბედნიერი ხართ?“ ორივე შემთხვევაში კითხვა თითქოს არსებულ რეალობაში გზამკვლევი ხდება), ოთარ იოსელიანის „საქართველო“ (1994) – სატელევიზიო ფილმი, ერთგვარი ესეი და გაცნობითი ვიზუალური მეხსიერება საქართველოზე, რომელშიც ავტორი ცდილობს, ერთად მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ასოცირდება საქართველოსთან (დაწყებული ღვინით, მითებად ქცეული ამბებით, დამთავრებული კულტურული და ისტორიული პროცესებით, ხელოვნების ნიმუშებით), იყენებს ფრაგმენტებს ქართული კინოდან (მაგალითად „ხაბაზები“, „ელისო“ და სხვა), როგორც გარკვეული მოვლენების ვიზუალურ ციტატებს და მტკიცებულებებს.

არის ფილმები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუნდაც ფეხბურთის გავლით.

მაგალითად, ალექსანდრე ჟღენტის „გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის პირველობა ფეხბურთში?“ (1991) პოლემიკა, რომელსაც ავტორი თავად დაიწყებს ამავე სახელწოდების სტატიის გამოქვეყნებით (6 ივნისი, 1989 წელი, გაზეთი „ლელო“) და პროცესი, რომელიც რეალური მატჩით დასრულდება (ეროვნული ჩემპიონატი 1990 წლის 30 მარტი) და რომელზეც სიტყვით გამოდიან პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და ჩანს ფეხბურთის მნიშვნელობაც ქვეყნისთვის, როგორც ძლიერი გამაერთიანებელი იმპულსისა და სიხარულის წყაროსი. გვაქვს სხვადასხვა სტილის, ვიზუალური ენის, კონცეფციის პორტრეტებიც, ცნობილი და უცნობი ადამიანების სახეებით – რეალისტური და შედარებით ექსპერიმენტული ნამუშევრები, ინტერვიუები და ჩანახატები. მაგალითად, ნიკოლოზ დროზდოვის ციკლიდან ერთ-ერთი – „გზა შინისაკენ: ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის თვალსაზრისი“ (1990), რომელიც მამარდაშვილის სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრეა გადაღებული და ამ შემთხვევაში ის ცდილობს, სიღრმისეულად, კრიტიკულად გაიაზროს მიმდინარე პროცესები. ბევრ ფილმში სრულიად უცნობი ადამიანების პერსონალური პორტრეტები, ყოფა და ტერიტორიაც იკვეთება. ასევე უნდა აღინიშნოს ფილმები, რომლებიც მკაფიოდ ან ფონად არსებული რელიგიური მოტივების ვიზუალიზაციას გვთავაზობს. ამ პროცესის კრიტიკულად გააზრებაც საინტერესოა, მაგრამ, მაგალითად, ფილმში „პარასკევი, შაბათი, კვირა“ საქართველოში სამი რელიგიის: ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის თანაარსებობა ჩანს, რითაც ტოლერანტულობაა ხაზგასმული. კინოში მოხვდა და აღიბეჭდა ამ პერიოდის მუსიკალური პროცესებიც, ალტერნატიული მუსიკალური სცენის იმპულსები – „ოთხი ნოველა კომენტარებით“ (1993 წ. რეჟ. გიორგი ებრალიძე), რომელიც ერთად უყრის თავს მუსიკალურ კლიპებს და მუსიკოსების კომენტარებს (Wooden Monkey – ირაკლი ჩარკვიანი და ჯგუფი „საბავშვო მედიცინა“, „ქრისტიანი“ – ქიშო გლუნჩაძე და ჯგუფი „ქიშო და ინტელიგენცია“, „თოვს“ – სერგი გვარჯალაძე და „გენეტიკური კოდი“, „შედიხარ ტყეში“ – „საბავშვო მედიცინა, დადა დადიანი, ირაკლი ჩარკვიანი, კახა გუგაშვილი). ასევე ფილმი  „ფრაგმენტები პირველი რადიოს ცხოვრებიდან“ (რეჟ. მ. მრევლიშვილი, 1998), რომელიც ეძღვნება რადიო 106-ის დაბადების პროცესს, მუსიკით, შეკრებებით, კონცერტებით და კვლავ, პარალელურად, თბილისის ომის კადრების ჩვენებით.

ამდენად, გვაქვს ფილმები, რომლებიც საჯარო, პოლიტიკური და პირადი სივრცეების კვლევას ეძღვნება (ეს ორი ხაზი განსაკუთრებით თვალშისაცემია – მთელი ქვეყნის, მიმდინარე პროცესებისა და ცალკეული ადამიანების სახის, პორტრეტის ჩვენების სურვილი) – მასშტაბური და მინიმალისტური ფორმებით, სხვადასხვა სტილისტური გადაწყვეტით. შუალედურ რგოლად და იდენტობის ძიების იმპულსების მქონე ნამუშევრად შეგვიძლია დავასახელოთ კიდევ ერთი ფილმი - 1999 წლის „ნოსტალგია“ (ტატო კოტეტიშვილი, ინეკე სმიტსი). ეს არის ფილმი, რომელიც ორივე ტერიტორიას მოიცავს, საჯაროსა და პერსონალურს, პირად გზას და მისი გავლით ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზე დაკვირვების სურვილს. სამშობლოში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნებული ავტორი-გმირი თითქოს კამერით ცდილობს აღიქვას, იგრძნოს და გაიაზროს რა ხდება ირგვლივ, როგორ აისახა ქვეყანაში არსებული მძიმე, გარდამტეხი მოვლენები, თუნდაც მისი ახლობელი ადამიანების მდგომარეობასა და ყოფაზე, როგორ უმკლავდებიან ტკივილს, ტრავმებს (მაგალითად განსაკუთრებით მძაფრი და სიმბოლური ოჯახური სახლის დაწვის ამბავი) და ხელახლა აღმოაჩენენ სიხარულს. ავტორ-გმირების თვითგამორკვევის პროცესი, ქვეყნის თვითგამორკვევის პროცესთან საინტერესო დიალოგშია.

საბოლოოდ, კვლევის პროცესში ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის გამოდგა მოულოდნელად აღმოჩენილი ქალების მრავალფეროვანი სახეები 90-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოდან. როგორც დასაწყისში ითქვა, 90-იანი წლების მეხსიერება დატვირთულია ერთგვარი სახე-ხატებით, სიმბოლური ვიზუალური ფოტოებით, ემბლემებით, თუნდაც, აქციებიდან და ძალიან ხშირად ეს რომელიღაც ქალის სახეა, დროშით ხელში, კამერით ხელში – უცნობი ქალები; ქალები, რომელთა სახეები მკაფიოდ გვახსოვს, მაგრამ არაფერი ვიცით მათ ყოფაზე, შრომაზე, ყოველდღიურ ბრძოლებსა და გამოწვევებზე.

როგორია დოკუმენტურ კინოში დაფიქსირებული ქალთა პორტრეტები 90-იანი წლების საქართველოდან?

განსხვავებული ქალები, განსხვავებული პორტრეტები, რუტინული, ამაღელვებელი, მშვიდი, პოეტური, პოლიტიკური – გადარჩენისთვის, ადგილისთვის, განათლებისთვის, შემოქმედებისთვის ბრძოლის აჩრდილით 90-იანი წლების საქართველოს არქივიდან. რაზე ფიქრობენ? რას გრძნობენ, რას და როგორ უმკლავდებიან 90-იანი წლების საქართველოში. საუკუნეების მიჯნაზე მოხელთებული მათი სახეები ამაღელვებელიცაა და საინტერესოც, ბევრის მთქმელი იმ გარემოზეც, სადაც არიან.     

ფრაგმენტები ყოფიდან, შრომა, სოლიდარობა, შემოქმედება, ისტორიები – სოციალური აქცენტებითა და რეალობაზე რეფლექსიით. სამეგრელოს სოფელში მცხოვრები ქალების შრომის პოეტური ვიზუალიზაცია, პატარა გოგონა რაჭიდან, რომელიც სკოლაში მარტო დადის, მის სამყაროზე დაკვირვება. მხატვარი ქალი, რომელიც თავის ნახატებს, სტუდიას გვათვალიერებინებს და აზრებს გვიზიარებს, გამოკითხვა ქუჩაში, რომელიც მრავალშვილიანი დედების არსებულ და არარსებულ პრივილეგიებს, სტატუსს და ცხოვრებას იკვლევს. განსხვავებული ქალები, განსხვავებული ბიოგრაფიები და რეჟისორების სხვადასხვა პერსპექტივა ამ ყველაფრის საჩვენებლად.

შეგვიძლია დავიწყოთ ფილმით, რომლის სახელშივე გვხვდება სიტყვა  „ქალები“ (1990, ვაჟა ზუბაშვილი). ეს არის თემით, ფორმითა და სათქმელის თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესო ნამუშევარი. რეჟისორი ფილმს თავისი სურვილის გამხელით იწყებს: რომ სურდა, კიდევ ერთი ფილმი გადაეღო ქალების ცხოვრებაზე ამ ქვეყანაში. ასე ვეცნობით ფეფოს, შურასა და თინას (ორი და), ცუცას, ჯულიეტას – ჯაზის მომღერალ ესთერას. ფილმში ჩანს ავტორის მგრძნობელობა, ემპათია ამ ქალების, მათი შრომისა და გამოწვევების მიმართ. ჩანს სოციალური ასპექტებიც, განსხვავებული ქალების ყოფა, მათი ყოველდღიურობის სირთულე. ფეფოს შემთხვევაში – ღობის კიდიდან დანახული ქალის ცხოვრება შორიდან დაკვირვებით შემოიფარგლება, ასახვით, აღბეჭდვით (უპირველესად, აქცენტით იმაზე, თუ რამდენს შრომობს). ფეფოს შრომის პროცესში ჩნდებიან სხვა ქალებიც, ერთად მუშაობენ, ისვენებენ, ჭამენ. საქმიანობის დასრულების შემდეგ ერთმანეთსაც შემოუძახებენ, „წავიდეთ ქალებო!“ (მნიშვნელოვანია ასევე ტელევიზორიდან და ქუჩიდან შემოჭრილი ხმები, ამბები, კონტექსტი და ყოფითი დეტალები). შემდეგი გმირები, ფეფოსგან განსხვავებით, თავად გვესაუბრებიან იმაზე, რას ფიქრობენ და გრძნობენ. შურა და თინა თავიანთ ცხოვრებაზე საუბარს ბავშვობით იწყებენ. ქალაქში წამოსვლა მეტი შესაძლებლობის ძიებისთვის, ბინის არქონა, კარდაკარ სიარული (თავადვე აღნიშნავენ – საკუთარ რაიონში რომ დარჩენილიყვნენ, ამდენ გაჭირვებას არ გამოივლიდნენ), განცდა, რომ მათი ადგილი აღარც მშობლიურ სოფელშია, სადაც დედა და მამა აღარ არიან და არც ქალაქში მოიძებნა. შემდეგი გმირი ცუცა მხატვრულად საუბრობს ოჯახისა და გართობის მისეულ იდეალურ მოდელებზე, გაზაფხულზე, ბედნიერებაზე. სრულიად განსხვავდება ჯულიეტა, რომელიც მეურნეობის დირექტორია, სამსახურშიც და სახლშიც ძალიან ბევრს შრომობს, ბოლოს კი თავის განცდებზეც ჰყვება, მის ირგვლივ არსებულ რეალობაზე. ჩვენ თვალწინაა მისი ერთი დღის რუტინა და შესასრულებელი გეგმები – დილიდან ღამემდე, რაც უამრავ რამეს მოიცავს (ოჯახი და სამეურნეო საქმიანობა დიდი ტვირთია, ის მონურ შრომასაც ახსენებს). მას სჯერა, რასაც აკეთებს და რისთვისაც შრომობს, იმის მიუხედავად, რომ გარშემო სამყარო იცვლება. დაბოლოს, მომღერალი ქალი – ბარბრა სტრეიზანდის მოყვარული, რომელიც მისგან იღებს ინსპირაციას და, ამავდროულად, ვიგებთ, რომ ეროვნულ მოძრაობაშიც აქტიურადაა ჩართული. ბევრი გამოწვევის მიუხედავად (ამბობს, რომ არ იცის, რომელ პრობლემაზე მოჰყვეს და კონცენტრირდეს), მაინც ინარჩუნებს განწყობას, სხვადასხვა სამოსის არტისტულად და საზეიმოდ მორგებას, კამერასთან ჩვენებასაც არ ერიდება.

ფილმი ერთი შეხედვით ძალიან სადად გვიჩვენებს ამ ქალების პორტრეტებსა და ფრაგმენტებს მათი სამყაროდან, მაგრამ სწორედ ეს სისადავე, აკუსტიკურად შემოჭრილი ფონით, საინტერესო ფორმას იძენს და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფილმში ვიზუალური ენითაც და თემითაც – ცოცხალი იმპულსები, მოულოდნელი ფეთქვა, ამოსუნთქვა იგრძნობა, თითქოს სრულიად უცხო, აღმოჩენებით სავსე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. მსგავსი მგრძნობელობითა და სოციალური აქცენტებით სავსე ფემინისტური დოკუმენტური ფილმის არსებობა 90-იანი წლების არქივში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენაა, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ დოკუმენტური კინო ფანჯარაა წარსულშიც, სადაც უამრავი ადამიანის ამბავი, სახე და ისტორია, თუნდაც ერთ დროს გვერდით გაწეული, ელის აღმოჩენასა და ეკრანზე დაბრუნებას (ფილმები, ავტორები და მათი გმირები).

შეგვიძლია განვაგრძოთ სხვა ფილმებითა და ქალების პორტრეტებით 90-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოდან, ამჯერად სრულიად განსხვავებული კონტექსტისა და სტილის ნამუშევრებით. მიხო ბორაშვილის მონუმენტურ პოლიტიკურ ფილმზე უკვე ვისაუბრეთ (კინოქრონიკა „სამანი“), მაგრამ მას ასევე გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი  მე ვარ და ჩემი ნაბადი(1990) და ნინიკო(1990), ორივეგან სხვადასხვა ფორმითაა ნაჩვენები გოგონების სამყარო, შრომა, რუტინა და ყოველდღიურობაა რეგიონებში. „ნინიკო“ – პატარა გოგონას ამბავი რაჭის სოფლიდან, რომელიც ერთადერთი მოსწავლეა კლასში და ყველა მასწავლებელი მხოლოდ მას უტარებს გაკვეთილებს (პატარა გოგონას ერთგვარი ბრძოლა განათლების მისაღებად). მისი ყოფა, სამყარო, ოთახი, გზა, რომელსაც გადის, მისი თანამგზავრი ძაღლი. მინიმალისტური პორტრეტი და ჩანახატი ყოფიდან, რომელიც კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში, ბავშვის სამყაროს გვაჩვენებს. „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ – ამ ფილმში სამეგრელოს სოფელში სახლის ეზოში შეკრებილი ქალები მატყლს ამუშავებენ. ჩანს ქალების შრომა და ყოველდღიური ყოფა, მოძრაობების ქორეოგრაფია, საუბრები, ფრაგმენტები მათი ცხოვრებიდან. კამერა ხან შორიდან, ხანაც ახლოდან მშვიდად აკვირდება მათი მოძრაობების, ფუსფუსის და ერთობლივი შრომის მაგიას (თავად ფილმსაც განსაკუთრებული მაგია და განწყობა დაჰყვება, ქალების ერთობლივი საქმიანობის, ყოფის ასახვის პოეტურობით). ორივე ფილმში განსაკუთრებით თვალშისაცემია ატმოსფერო, სამყარო და ის ტერიტორია, რომელშიც გმირები არსებობენ, მოქმედებენ; მათი ყოფის, მიზნებისა თუ შრომის ვიზუალიზაცია.

სრულიად სხვა სტილისა და ხედვის ფილმია „სარკმელი“ (1990) რეჟ. ბორის მარგველაშვილი, მხატვარი ქალის, ქეთევან ფორაქიშვილის პორტრეტი, მისი ნამუშევრები, სამუშაო გარემო, საუბარი, ექსპრესიული პორტრეტი და რეჟისორის ერთგვარი ექსპერიმენტები ვიზუალური ენითა და აკუსტიკური ფონით. ნაკლებად ცნობილი ხელოვანი ქალის სამყაროს თავისებური მოხელთების მცდელობა, რომელშიც მისი ყოფაც იკვეთება. ასევე საინტერესოა ფილმი, რომელიც სათაურშივე უსვამს ხაზს ქალების ყოფასა და ზოგჯერ წინააღმდეგობრივ მოცემულობებს „პრივილეგია პრივილეგიის გარეშე“ (1990), რეჟ. ნიკოლოზ კუზანოვი –  მრავალშვილიანი ოჯახების ყოფა საქართველოში, გამოკითხვა ქუჩაში და ფრაგმენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ ფილმთან მიმართებაში საინტერესოა მსგავს თემაზე 5 წლით ადრე გადაღებული ფილმის ხსენებაც „მანდილოსნები“ (1985 - მარინა გეგენავა). ამ მცირე დროში კრიტიკულობის იმპულსების გამძაფრებისა და არსებული პრობლემების მკვეთრად გამოტანის თვალსაზრისითაც. იმაზე სამსჯელოდაც როგორ რჩება ქალების ყოფა რთული მიმდინარე გარდატეხების ფონზე.

მნიშვნელოვანია მაგალითები, როცა ქალი ავტორი თავად იღებს კამერას ხელში და იწყებს დაფიქსირებას, აღბეჭდვას, ვიზუალური მეხსიერების შექმნას, სადაც ქალები, უმცირესობები, მარგინალი ხმები პოულობენ თავშესაფარს.

ასეთი ავტორია 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომ 2000-იან წლებში ლია (ლიანა) ჯაყელი, სადაც სხვადასხვა ქალების, ზოგადად უჩინარი ადამიანების ხმები თავისებური ვიზუალური და აკუსტიკური ფორმით ჟღერდება, ექსპერიმენტებით თუ სადა დაკვირვებით. აქ ვნახავთ მოტაცებულ ქალებს, ქვრივ ქალებს, სხვადასხვა უმცირესობებს, დევნილებს, მისი კამერა შეინახავს მათ ისტორიებს, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის შედარებით უცნობ ქალ კომპოზიტორთან, ვარინკა წერეთელთანაც კი მიგვიყვანს „სადა ხარ, ჩემო სულიკო“  (2006). სრულიად უცნობი ქალების ამბები, მათი კავშირები, ურთიერთობა, ტკივილი, სტერეოტიპები, გამოწვევები და ერთგვარი ბრძოლა საუკუნეების მიჯნაზე ხელშესახები ხდება. 

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც მთლიანად არ ეძღვნება ქალებს, მაგრამ იწყება სწორედ ქალების საინტერესო პორტრეტებით და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავად ქალის გადაღებულია – „ვის ტკივა გული?“ (1989, რეჟ. მაია ქავთარაძე). თუმცა ფილმის დასაწყისში ნაჩვენები ქალების გამოწვევები შემდგომ გარკვეულწილად თითქოს უკან იწევს ეროვნული და რელიგიური კონტექსტის მკვეთრად, უტრირებული ფორმით შემოტანით. კასპის რაიონი, ახალქალაქი – აბიტურიენტი გოგონა ქეთინო მამასახლისი, რომელსაც თავისი რაიონისთვის უკეთესი რეალობა სურს. მარინე სულუაშვილს – უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, პიესებისა და მოთხრობების მთარგმნელს, რომელიც გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობს, შორს უწევს სიარული. იმდენად უყვარს თავის სპეციალობა, რომ, ტრანსპორტის არარსებობის მიუხედავად, 40-45 წუთი ფეხით დადის. ჩნდებიან სხვა მშრომელი ქალები და კაცებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კაპიკებზე უწევთ მუშაობა. ფილმი სრულდება ეროვნული მოძრაობის იმპულსებით, შემოდის ეროვნული და რელიგიური მოტივები, მათ შორის გადაჭარბებული, გაზვიადებული ფორმით. მაგრამ აქაც ჩანს ორივე ტერიტორია, გმირების პერსონალური ყოფა, სატკივარი და შემდგომ ავტორის სურვილი, რომ ყოფისა თუ გამოწვევების უფრო მასშტაბური სურათი გვაჩვენოს. 

ამ პერიოდის ქართულ დოკუმენტურ ფილმებში სხვა ქალების, განსაკუთრებით ხელოვანების პორტრეტებიც გვხვდება, მაგალითად, პოეტი ანა კალანდაძის („ანა კალანდაძე“ 1995, ა. ნინუა). მოცეკვავე იამზე დოლაბერიძის (ქალის პორტრეტი (1987) - ოთარ გურგენიძე), ასევე – დოკუმენტური ფილმი მოჭადრაკე ქალებზე („ქართული გამბიტი“ 1992, ნიკოლოზ წულაძე), პარალელურად, გვაქვს უცნობი, დევნილი ქალების პორტრეტი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან („ბზარი“ 1996, მიხეილ (უმც.) ჭიაურელი) და სხვა სახეები – თუნდაც მეორეხარისხოვანი, უკანა პლანზე მყოფი გმირების, ფრაგმენტული.

ამ სრულიად განსხვავებულ ფილმებში (ვიზუალური ენით, სტილით, ხედვით თუ პოლიტიკით) ჩანს სხვადასხვა ამბავი, ისტორია განსხვავებულ ქალებზე, რომლებზეც, როგორც თავიდანვე ითქვა, ზოგჯერ მხოლოდ მითებად ქცეული კადრები და ამოგლეჯილი მომენტები თუ გვახსენდება.

მაგრამ ამ დოკუმენტურ ფილმებში მათი ყოფის დანახვის, მათი პრობლემების მოსმენის, ბედნიერების თუ ტკივილის გაზიარების შესაძლებლობაც გვეძლევა, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია. დაკარგული, დავიწყებული ისტორიების, ამბების, სახეებისა და ყოფის გამოხმობა არქივებიდან, ხელახლა დაბრუნება ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პროცესია, რაც, საერთოდ, კინოში თუ ხელოვნებაში ქალების პერსპექტივის, ნარატივის მკვეთრად გამოხატვასაც გულისხმობს. ხმები და ექოები, რომელიც სხვადასხვა დროში მცხოვრებ ქალებს აერთიანებს, ერთმანეთთან გადაძახილია თუნდაც გამოწვევებითა და ტკივილით, ბედნიერი მომენტებით, სოლიდარობით და აღმოჩენებით. 21-ე საუკუნეში ქართულ დოკუმენტურ კინოში გმირების გარდა უამრავი დოკუმენტალისტი ავტორი ქალიც  ჩნდება, რომლებიც ადამიანების, ადგილების, სივრცეების, ქალაქების პორტრეტების ჩვენებას და განსხვავებული თემების კამერით კვლევას, აღბეჭდვას ცდილობენ (სალომე ჯაში, კეკო ჭელიძე, მარიამ ჭაჭია და მრავალი სხვა), ჩნდება ავტოპორტრეტებიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარი ბიოგრაფიის ქვეყნის ბიოგრაფიასთან კავშირში კვლევით, პირადი და საჯარო არქივების გამოყენებით (ანნა ძიაპშიპა). იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო ქალი გმირებიც გაჩნდებიან ეკრანულ რეალობაში, დოკუმენტურ კინოში – მკვეთრი და მკაფიო ხმებით (სხვადასხვა ვიზუალური ენის, ფორმის მოსინჯვითა და გამოყენებით), რომლებიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათ ყოფაზე, ტკივილსა და სიხარულზე მოგვითხრობენ. თვალსაჩინოდ აქცევენ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ, რაც ყველაზე უკეთ შეუძლია დოკუმენტურ კინოს. დოკუმენტურ კინოში აღბეჭდილი ქალები 90-იანი წლების საქართველოდან კი იპოვიან მაყურებელს, თანამოაზრეებსა და თანამზრახველებს – მათი განცდების, იმპროვიზაციების, სამუშაო რუტინის, ყოფის მაგიურობისა და სხვა აღმოჩენების გასაზიარებლად.

სტატია ნაწილია DOCA - დოკუმენტური კინოს ასოციაციის დაკვეთით მომზადებული კვლევისა “1990-იანი და 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო”. კვლევის შედეგად თავმოყრილი ფილმების პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ნოემბერსა და დეკემბერში დოკას კინოკლუბში, კინოთეატრ ამირანში, ყოველ სამშაბათს, 7 საათზე.

კვლევისა და კინოპროგრამის მხარდამჭერია ევროპის ფონდი.

ვიზუალური არქივი: 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა