
თბილისის წიგნის ბაზრობის გზამკვლევი
ახალი წიგნები თავისუფალი გამომცემლობებისგან
„წიგნები თავისუფლებისთვის” ასეთია სლოგანი თბილისის წიგნის ბაზრობისთვის, რომელიც 10 აპრილს დაიწყო და 13 აპრილის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. თბილისის წიგნის ბაზრობის დაარსებას წინ უძღვის „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” გადაწყვეტილება, ასოციაციის წევრების შეუთანხმებლად დარეგისტირებულიყო უცხოური გავლენის აგენტად, ასოციაციის გადაწყვეტილებას არაერთი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია განუდგა და ერთობლივი ძალებით დააორგანიზეს ახალი ფესტივალი, რომლეშიც 50-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია იქნება წარმოდგენილი.
თვალი გადაავლეთ ახალ გამოცემებს, რომელიც თბილისის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა:
სულაკაურის გამომცემლობა
ერთ-ერთი პირველი გამომცემლობა საქართველოში, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი გამოსცემს თარგმნილ, დოკუმენტურ, ქართულ და საბავშვო ლიტერატურას.
ქართველი ავტორი: ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლე თინათინ ნოღაიდელის სადებიუტო რომანი „ულვაშებია”, რომელიც ფემინისტური ლიტერატურის გულშემატკივრებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. რომანში მოქმედება ქართული ლიტერატურისთვის ჯერ კიდევ აუთვისებელ ტერიტორიებზე, აჭარის სოფელში იწყება და მთავარი გმირის მოგზაურობაზე და მარადიულ შინ დაბრუნების თემაზე გვიამბობს, ბრწყინვალე იუმორით და აჭარული დიალექტის უბადლო ცოდნით დაწერილი რომანი ფესტივალის მთავარი საგანძურია
ნობელიანტი ავტორი: ავტოფიქციის ჟანრის პიონერი და პირველი ფრანგი ნობელიანტი ქალი ავტორი კიდევ ერთი წიგნით წარდგება ქართველი მკითხველის წინაშე. „კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ” ანი ერნოს 1997 წელს გამოცემული რომანია, სადაც ავტორის დედის, ბლანშის უკანასკნელი წლებია აღწერილი, განსაკუთრებული სიფაქიზით და სიზუსტით დაწერილი მცირე მოცულობის რომანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს დედისა და შვილის ურთიერთობის თავისებურებებზე.
ინტელექტი
გამომცემლობა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ქართულ საგამომცემლო სივრცეში და ამჯერადაც არაერთი სიახლით წარდგება მკითხველის წინაშე
დისტოპიური რომანი: „21-ე საუკუნეში პრემირებული წიგნები” ასეთია ახალი სერიის სახელწოდება, რომელიც ახალ ათასწლეულში სხვადასხვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვებულ წიგნებს გააერთიანებს. პირველი წიგნი 2023 წელს ბუკერის პრემიის ლაურეატი დისტოპიური ჟანრის რომანი “მისნის სიმღერაა”, რომანში მოქმედება მომავლის ირლანდიაში ვითარდება და აღწერს უბრალო ადამიანის, ეილიშის ისტორიას, რომელსაც ტირანულ რეჟიმთან უწევს დაპირისპირება.
მაცდური დემონი ქალები: ოლგა ტოკარჩუკის შემოქმედებას მკითხველი უკვე კარგად იცნობს კატია ვოლტერსის ბრწყინვალე თარგმანებით („წიგნები იაკობისა”, „დაუდგომელნი”). ამჯერად გამომცემლობა ინტელექტი ნობელიანტი ავტორის 2022 წელს გამოცემულ რომანს „ემპუსების ნადიმს” სთავაზობს მკითხველს. მემარცხენე ფემინისტი ავტორის რომანის ფაბულა თომას მანის მონუმენტურ ნაწარმოებს „ჯადოსნურ მთას” ეფუძნება და გვიამბობს პირველ მსოფლიო ომის ზღვარზე მყოფ პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, მამაკაცთა პანსიონატში დატრიალებულ შემზარავ მკვლელობათა სერიაზე, რომლის სათავეში ახალგაზრდა, ჭლექით დაავადებული ინჟინერი, მეჩისლავ ვოინიჩი აღმოჩნდება.
ქარჩხაძის გამომცემლობა
კიდევ ერთი ქართული გამომცემლობა, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის წიგნებთან ერთად არაერთ საინტერესო გამოცემას სთავაზობს ქართველ მკითხველს
ოზის სამყარო: 1900 წელს გამოცემული „ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი” საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება. ფენტეზის სამყარო, რომელიც ოცამდე წიგნს აერთიანებს არაერთი ეკრანიზაციის წყარო და სხვადასხვა თაობის შთაგონების წყარო გამხდარა. „ქარჩხაძის გამომცემლობამ” უკვე გამოსცა სერიის პირველი ხუთი წიგნი და უახლოეს მომავალში ფრენკ ბაუმის ჯადოსნური სამყაროს სრულ თარგმანსაც პირდება მკითხველს.
მეტაფიქცია: გამომცემლობის კიდევ ერთი სიახლე ერნან დიასის 2022 წელს გამომცემული და პულიცერის პრემიით დაჯილდოვებული რომანი „ნდობაა”, რომელიც ფინანსისტების სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს. რომანი, რომელიც მეტაფიქციის ჟანრს განეკუთვნება ოთხი ნაწილისგან - რომანისგან, ავტობიოგრაფიისგან, მემუარისგან და დღიურებისგან შედგება, ოთხივე ნაწილის ცენტრალური ფიგურა კი ამერიკელი ფინანსისტი, ბენჟამინ რასკია. წიგნი მკაფიო ზღვარს ავლებს რეალობასა და ფიქციას შორის და ერთ კაცის ისტორიას ოთხი სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებს, ფინანსური ელიტის ხლართებში, ურთიერთგამომრიცხავ ისტორიებში და სხვადასხვა პერსპექტივებში სიმართლის დადგენა მხოლოდ მკითხველს შეუძლია.
პოლინომიალი
გამომცემლობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ქართულ საგამომცემლო სცენაზე და მიზნად დაისახა ნაკლებად მეინსტრიმული, თუმცა თემატურად მრავალფეროვანი და გამორჩეული ავტორების თარგმნა
წიგნი სიცოცხლეზე და სიკვდილზე: ნობელიანტი ავტორის, ჯონ ფოსეს 2000 წელს გამოცემული მცირე მოცულობის რომანი „დილა და საღამო” აგრძელებს ლევ ტოლსტოის, ერნესტ ჰემინგუეის, უილიამ ფოლკნერის და სხვა კლასიკოსი ავტორების ლიტერატურულ ტრადიციას და გვიამბობს მეთევზის ცხოვრების ისტორიას. ნაწარმოების პირველი ნაწილი მთავარი გმირის მამის პერსპექტივიდან არის მოთხრობილი და აღწერს იუჰანესის დაბადების სცენას, ხოლო რომანის მეორე ნაწილში ვხვდებით მეთევზის გარდაცვალების ისტორიას.
წიგნი ტოქსიურ მასკულინობაზე: ბელ ჰუკსი, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნედ არის მიჩნეული, 30-ზე მეტ წიგნის ავტორია სიყვარულზე, რასაზე, გენდერზე, ხელოვნებაზე, ფემინიზმზე და სექსუალობაზე. სწორედ მისმა შემოქმედებამ დაუდო სათავე 2020-2023 წლების ცნობილ ამერიკულ მოძრაობას Black Lives Matter, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით დაიწყო. თავის წიგნში „შეცვლის ნება: კაცები, მასკულინობა და სიყვარული” ბელ ჰუქსი კაცებს პატრიარქალური ლაბირინთებიდან ერთგვარ გამოსავალს სთავაზობს და აქამდე უცნობი პერსპექტივებით და გამბედაობით აღწერს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე მამრობითი სქესი წარმომადგენლები დგანან დღეს.
წიგნები ბათუმში
სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და ფანტასტიკის ჟანრის დიდი ქომაგი გამომცემლობა წელსაც არ ღალატობს ტრადიციას და ახალი თარგმანებით, რეპრინტებით და განსაკუთრებული ფასდაკლებებით შეხვდება მკითხველს
აგენტების ლიტერატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების საჯაროდ დაგმობის შემდეგ მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკებიდან ლიუდმილა ულიცკაიას, თანამედროვე რუსი ავტორის წიგნები გაქრა, თავად ავტორმა 2022 წელს რუსეთი დატოვა და ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. უცხოურ აგენტად მოხსენიებული ავტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდ თანამედროვე რუს მწერლად მიიჩნევა, რომელიც პუტინის რეჟიმს წლებია უპირისპირდება. „დანიელ შტაინი, მთარგმნელი” მისი რიგით მერვე რომანია, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება და წერილების, ოფიციალური დოკუმენტების და დღიურების სახით გვიამბობს ებრაელი კათოლიკე მღვდლის ისტორიას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას უბადლო გერმანულის ცოდნით თავი გერმანელად გაასაღა და უამრავი ებრაელის სიცოცხლე იხსნა.
ინდიგო
კიდევ ერთი პატარა გამომცემლობაა, რომლის მთავარი პრიორიტეტი დოკუმენტური პროზის, ესეისტიკის, ფოტოალბომების და ქართველი ავტორების გამოცემაა.
უჩინარი არტისტი: საბჭოთა პერიოდში თბილისში უამრავი კინოთეატრი არსებობდა, კინოთეატრების შესანახად საჭირო იყო ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მაყურებელს კინოთეატრისკენ მოიზიდავდა. სწორედ ამიტომ კინოში უჩვენებდნენ დაბალბიუჯეტურ ეროტიკულ ფილმებს, ფილმების პოსტერების შექმნა კი არსენ ბერიაშვილს ებარა, რომელიც წლების განმავლობაში, ხშირად ფილმების ნახვის გარეშე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. „აფიშების მხატვარი” იშვიათ ფოტომასალას ინახავს და გვიყვება უსახელო არტისტის ისტორიას, რომელიც საბჭოთა თბილისის ნაცრისფერ ქუჩებს აფერადებდა.
პალიტრა L
ქართულ საგამომცემლო სცენაზე 20 წელზე მეტი არსებობს და ქართველ მკითხველს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ავტორების წიგნებს სთავაზობს. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქართველი ავტორების ხელშეწყობაა.
კულტურების შეჯახება: ებრაული წარმოშობის პოლონელი ავტორი, ისააკ ბაშევის ზინგერი მოთხრობების ჟანრის დიდოსტადად მიიჩნევა, მის მცირე ზომის ტექსტებს ხშირად ჩეხოვის და გი დე მოპასანის შემოქმედებასაც კი უტოლებენ. ამერიკაში გადასახლებული ავტორის შემოქმედება მრავალ რომანს, მოთხრობების კრებულს, დოკუმენტურ პროზას და ბავშვებისთვის შექმნილ ლიტერატურას აერთიანებს. იდიშიდან ქართულ ენაზე კატია ვოლტერსის მიერ თარგმნილი „მონა” ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული სიახლეა, სადაც ებრაელი კაცის, ჯეიკობის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.
მედუზა
ახალბედა გამომცემლობაა, რომლის ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი და მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურაა
ჯადოქრობა სამზარეულოში: 14 წლის მონა ჯადოქრების შთამომავალია, თუმცა მისი სუპერ შესაძლებლობები მხოლოდ სამზარეულოში ვრცელდება, მონას თავისი ძალების გამოყენებით შეუძლია ცომის ამოყვანა, ჯადოსნური თაფლაცუნების აცეკვება და დიდად არაფერსაც არ უჩივის, მანამ სანამ დეიდას საცხობში გარდაცვლილ სხეულს არ აღმოაჩენს და მთელი ჯადოსნური სამყაროს დაცვა მას დაევალება. 2020 წელს გამოცემული წიგნი „ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში” შესანიშნავი საჩუქარია ქართველი მოზარდებისთვის.
გირჩევთ

აინე მერმეს არავისი ეშინია | ზურა ჯიშკარიანი
03.10.2023
„ლეთე“ | გიორგი მაისურაძის პიესების კრებული
10.07.2023
ისე წერა, რაფერც გინდა | თემუკა ზოიძე
24.03.2025