გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მე ვთამაშობ ლუდომანია მარიამ ნატროშვილი
თეგები: #თამაში

მე ვთამაშობ | მარიამ ნატროშვილი

„აფრინდი ყველაზე მაღლა“
ონლაინ კაზინოს რეკლამა

თამაში საქართველოში ყველგან არის. ყველა მეათე ადამიანი თამაშობს. ყველა თამაშობს, - მითხრა არა ერთმა და ორმა ადამიანმა, არამედ, იმდენმა, რამდენსაც ვკითხე.

თბილისის აეროპორტში ქალაქი პირველივე შეხვედრისას სათამაშოდ გიწვევს. აეროპორტში სხვადასხვა კაზინოს ოცზე მეტი რეკლამაა, ბარგის ასაღები ლენტი კი ე.წ. რულეტკის ბარაბანია. აეროპორტი ქალაქის ერთ-ერთი კარია. ქალაქის კართან, ქალაქის ზღურბლზე სათამაშო ბიზნესი გეგებება. 

საქართველოში თამაშობენ ტოტალიზატორში ან სლოტებში, ხელზე ან კაზინოში. თამაშობენ და აქვთ იმედი რომ შეუძლებელ ან დაკარგულ კეთილდღეობას დაიბრუნებენ. დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა შემდეგ ფსონზე, მაზზე, ჩემპიონატზე გაუმართლებთ და ამოიღებენ არა მარტო უკვე წაგებულ, არამედ ჯერ არ წაგებულ ფულსაც. მოიგებენ უზრუნველ ცხოვრებას, ათი წლის ხელფასს, ერთი თვის სარჩოს ან ერთი ღამის გასართობ ფულს.

ერთი შეხედვით იოლი ფული ვალებით მთავრდება. ვალები დაცარიელებულ სახლებად, დანგრეულ ოჯახებად, დაკარგულ მეგობრებად იქცევა. თუ ადრე მოთამაშეები სათამაშოდ კაზინოში, ტოტალიზატორში ან სლოტებში უნდა წასულიყვნენ, დღეს კაზინო ჯიბეშია - ყველგან, სადაც ინტერნეტია. მოთამაშეების დიდი ნაწილი ტელეფონში, ონლაინ თამაშობს. რულეტკა, სლოტები, პოკერი, ნარდი და ბურა - ტელეფონში ყველაფერია. სხვისი თუ საკუთარი ექაუნთებით, სოფლებსა თუ ქალაქებში, ცენტრსა თუ გარეუბანში, ტელეფონის ეკრანებს მიჩერებული ახალგაზრდა კაცები აგებენ ყველაფერს რაც აქვთ - ფულს და დროს. 

„მე ვთამაშობ“ აზარტულ თამაშებზე, გემბლინგზეა. ამიტომ, ყოველთვის როდესაც ვახსენებთ თამაშს, ვგულისხმობთ ფულზე თამაშს, ანუ გემბლინგს.  

გემბლინგი შედგება სამი ელემენტისგან: ფსონი, შემთხვევითობა, მოგება. თუ თამაშს ამ სამი ელემენტიდან რომელიმე აკლია, თამაში არ არის გემბლინგი. 

საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ გემბლინგს ასე განსაზღვრავს: აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. 

კანონი განმარტავს მოთამაშის ვინაობასაც: მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით.

კანონი ანსხვავებს მოთამაშეს და თამაშზე დამოკიდებულ პირს: თამაშზე დამოკიდებული პირი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან და მომგებიან თამაშობებზე. 

როდის ხდება მოთამაშე თამასზე დამოკიდებული პირი, ამაზე კანონი არ ლაპარაკობს. 

საქართველოში თამაშზე დამოკიდებულ პირთა რიცხვი პროფესიონალ მოთამაშეთა რიცხვზე ათასჯერ, ათი ათასჯერ მეტია. 

პროფესიონალი მოთამაშე არის ადამიანი, ვისთვისაც თამაში პროფესიაა. თავს თამაშით ირჩენს, თამაშობს რაციონალურად და აქვს თამაშის წესები. პროფესიონალი მოთამაშეები არიან, მაგალითად, პოკერის მოთამაშეები. გემბლერი, თამაშზე დამოკიდებული ადამიანი კი ის არის, ვინც თამაშობს ხშირად და სხვადასხვა თამაშს, აგებს ყველაფერს და აუცილებლად უბრუნდება თამაშს, რომ ისიც წააგოს რაც დარჩა. 

თამაშში, რა თქმა უნდა, არის მოგებაც. 

თუ სათამაშო ბიზნესი არ გასცემს ჯილდოს, თუ მოთამაშე ვერ მოიგებს, ის არ დაბრუნდება. ასეა დაპროგრამებული სათამაშო აპარატებიც, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გასცემს მოგებას, ეს კანონითაც განსაზღვრულია. ხშირად მოთამაშე იმ აპარატზე ჯდება ან იმ ექაუნთით თამაშობს, სადაც ბევრი ფულია წაგებული, ბევრი აქვს ნაჭამი. 

მოგება დღესასწაულია. მაგრამ, დრო რომ გადის, დღესასწაული ცვდება, მოგება კარგავს მნიშვნელობას და სიხარულს. თუ პირველი მოგება დაუვიწყარია, მეათე მოგება მხოლოდ თამაშის გაგრძელების შესაძლებლობად იქცევა. 

მოგება ყოველთვის, ყველაზე იღბლიანი მოთამაშის შემთხვევაშიც კი, წაგებაზე ნაკლებია. იმედი და რწმენა, წინათგრძნობა რომ მოგება განმეორდება აბრუნებს მოთამაშეს სათამაშოდ. 

მოგების წინათგრძნობა და ფულის მოგების შესაძლებლობა თამაშის დაუძლეველი სურვილად იქცევა. 

ამ გრძნობას ჟარგონზე ზამასკა ქვია. 

ზამასკას მეორე სახეც აქვს, თავის თავზე უფრო საზარელი გრძნობა  - როდესაც თამაშობ და იცი რომ წააგებ, მაგრამ მაინც არ ჩერდები. იცი, რომ წააგებ ყველაფერს რაც გაქვს ან მომავალში გექნება და თანახმა ხარ. მთავარია ითამაშო, მთავარია თამაში არ შეწყვიტო. 

ზამასკა არის უკონტროლო ვარდნა, რომელიც ყველა მოთამაშეს გამოუცდია. ამ ვარდნაში არის მოგების რწმენა. მოგების შეუძლებლობის წინათგრძნობა, უიმედობის და უმომავლობის განცდა და შეჩერების შეუძლებლობა კი ვარდნის ბოლო წერტილია, თამაშის ფსკერი. 

ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კანონში განიმარტება როგორც აზარტული თამაშის გაგრძელების დაუძლეველი სურვილი, მიუხედავად შესაძლო ნეგატიური და დამღუპველი შედეგისა. თანამედროვე ფსიქიატრიაში ლუდომანია დაავადებად ითვლება და შეცდომაა მისი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაყვანა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით ლუდომანია კლასიფიცირდება როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა. 

ლუდომანია ლათინური სიტყვაა. ludo - ლათინურად ნიშნავს „მე ვთამაშობ“. 

***

თამაშით ყოველთვის თამაშობდნენ. თამაშობდნენ საბჭოთა კავშირშიც, სადაც აზარტული თამაშები კანონით იყო აკრძალული, დაშვებული იყო მხოლოდ ლატარეა და დოღი. კარტს, განსაკუთრებით ბრიჯს და პრეფერანსს თამაშობდნენ სახლებში, სასტუმროს ნომრებში, აგარაკებზე, ადგილებში, სადაც საბჭოთა მილიციის თვალი და ყური ან ვერ წვდებოდა, ან სადაც მილიცია თვალს ხუჭავდა. თამაშობდნენ გასართობადაც და თამაშობდნენ ფულის მოსაგებადაც. თამაშობდნენ შულერებიც და თამაშობდნენ სტუდენტებიც. 

თამაში კრიმინალური კულტურის ნაწილი იყო. თამაშობდნენ ციხეებში, ლაგერებში, გადასახლებებში. ხშირად, კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გულუბრყვილო და გამოუცდელი პატიმარი კარგი ლუკმა იყო. ციხეში თამაში ჩაგვრის ინსტრუმენტი გახლდათ - პატიმრები აგებდნენ ღირსებას. იყო პირიქითაც, ციხეში თამაში თვითდამკვიდრების გზაც შეიძლება ყოფილიყო. კარგ მოთამაშეს ყველგან პატივს სცემდნენ. თამაშს ციხეში და ქუჩაში, კრიმინალურ კულტურაში დავის გადასაწყვეტადაც მიმართავდნენ. ჩხუბის ნაცვლადაც უთამაშიათ, თამაშში მოგებული დავაში იმარჯვებდა. 

თამაშს დამოუკიდებელი საქართველოს ოცდაათწლიან ისტორიაში სხვადასხვა ადგილი აქვს - კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ კლუბები და ინტერნეტი. ამ ჩამონათვალს ემატება ქუჩა - არალეგალური თამაშები, მაგალითად, ხელზე თამაში.

თამაშის მნიშვნელობა და მიზეზი დროის და ადგილის მიხედვით განსხვავებულია. განსხვავებულია მოთამაშეების რაოდენობაც და კლასიც. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  თამაში ბიზნესად იქცა.  გაიხსნა კაზინოები. 90-იანი წლებში, დაშლილ ქვეყანაში, ჩაბნელებულ ქალაქში კაზინოს აბრები ანათებდა და ციმციმებდა. კაზინოში იყო შუქიც, წყალიც, სითბოც, საჭმელიც და სასმელიც. ბნელი ქუჩების ქიმერები, კაზინოები შორეული და საოცნებო ცხოვრების, ჯერ არ დამდგარი კაპიტალიზმის აჩრდილი იყო, ოცნების ნატეხი.

დამოუკიდებელი საქართველოს გულუბრყვილო და გამოუცდელმა  მოქალაქეებმა დაიჯერეს, რომ კაზინო იყო ადგილი, სადაც შეიძლება უეცრად გამდიდრდე. იმ წლებში ზოგმა საბჭოთა კავშირში ოჯახის ნაგროვები ქონება წააგო, ზოგმა უკანასკნელი სახლი. ახლად გახსნილ კაზინოებში შეძლებული, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები დადიოდნენ. მაშინ კაზინოს მაგიდებზე კრუპიესთან ათი, ოცი ან თუნდაც ასი ლარი ერთ ფსონსაც არ ეყოფოდა. 

სათამაშო ბიზნესი წლებთან ერთად მრავალფეროვნდებოდა. კაზინოებს დაემატა ტოტალიზატორები, ტოტალიზატორებს სლოტ-კლუბები.

ტოტალიზატორში და სლოტ კლუბებში პატარა ფსონის გაკეთების შესაძლებლობა იყო, ამიტომ იქ თამაშობდა დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანიც. ტოტალიზატორები თავშეყრის ადგილიც იყო. კაცები ტოტალიზატორში უყურებდნენ ფეხბურთს, ხვდებოდნენ ერთმანეთს, ლაპარაკობდნენ და ელოდებოდნენ მოგებას

თამაში არც ქუჩაში შეწყვეტილა. ვერის ბაღში და მუშტაიდში თამაში და გამაზვა ყველაფერზე იყო შესაძლებელი. რა ფერი კარტი ამოვა? რამდენად ახლოს დაეცემა მონეტა კედელთან? მაღალი დაჯდება კამათელზე თუ დაბალი? არიოლი თუ რეშკა? კარტი, ბილიარდი, სეკა, ბურა, ნარდი, დომინო, ყველაფერში შეიძლებოდა მოგება და წაგება. მაგრამ, ამ თამაშებს არ ყავდა იმდენი მოყვარული, რამდენიც ყავდა ფეხბურთს. ფეხბურთს აღარავინ უყურებდა ისე, ტოტალიზატორში საყვარელ გუნდზე ერთი ლარი მაინც რომ არ დაედო. 

ტოტალიზატორის გარდა თამაშობდნენ ხელზე. ხელზე გამაზვა შეიძლებოდა ყველგან და იოლად. ხელზე მაზავდა ყველა - სკოლის მოსწავლეც, ღარიბი სტუდენტიც და მდიდარი ფეხბურთელიც, ძველი ბიჭიც და ბიზნესმენიც. 

როდესაც თამაში ტოვებს ოფიციალური სათამაშო დაწესებულების კედლებს და ქუჩაში ინაცვლებს, ფსონზე თანხის გარდა, დევს ღირსება. ქუჩის თამაშებს ქუჩის წესები და კანონები არეგულირებს.  

რას ნიშნავს ხელზე მაზი? თუ ტოტალიზატორში შენს შერჩეულ თამაშზე წინასწარ დებ ფსონს - თანხას, ხელზე იგივე პოსლეზე თამაშისას წინასწარ თანხის დადება საჭირო არ იყო. უნდა გეპოვნა ე.წ. მაზავშიკი, გეთქვა რა თამაშზე დებდი, რამდენზე თამაშობდით და რა დროში უნდა ჩაბარებულიყო თანხა, ანუ თავანი. ხელის ჩარტყმით ფსონი მიღებული იყო.  მოიგებდი - შენ გაბარებდნენ, წააგებდი - შენ აბარებდი. ხელზე თამაშისას ფული არ გქონდა. ხელზე თამაშისას ფული იყო სიტყვა. ანუ სიტყვა იყო თავანი. თავანი დათქმულ დღეს ღამის 12 საათამდე ბარდებოდა. თავანი იყო წმინდა. წაგებული მოთამაშე დათქმული დღის 12 საათამდე ნებისმიერი გზით ცდილობდა ფულის მოგროვებას და თავანის ჩაბარებას. თავანს ვინც ვერ აბარებდა ანუ ვინც თავანს გააკატავებდა, ფუფლოვდებოდა ანუ იყო ფუფლო. 

გაფუფლოება სოციალურ სიკვდილს უდრიდა. შენს სიტყვას ფასი აღარ ჰქონდა, აღარც გეთქმოდა სიტყვა და ნებისმიერს, ნებისმიერ დროს და ადგილას შეეძლო შენთვის ეთქვა, ეკადრებინა ან გაეკეთებინა რაც მოესურვებოდა. ქუჩაში ვეღარ გახვიდოდი, არარაობა იყავი, არავინ, ნოლი, მაგას სიკვდილი ჯობდა - მითხრა ერთმა. გაფუფლოებას ჯობდა სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთის გატანა, ოქროს გაყიდვა და დალომბარდება, ვალების აღება, სახლის გაყიდვა. თავანის ჩაბარება იყო ღირსების საკითხი. 

ვარდების რევოლუციიდან მალევე, რამდენიმე წელიწადში ხელზე თამაში აიკრძალა და ბევრი ხელზე მოთამაშე, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელებიც დაიჭირეს. ქურდული წესები და კანონები უკანონოდ გამოცხადდა და ხელისუფლებამ ე.წ. ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა დაიწყო. ქუჩური გაგების გაქრობასთან ერთად გაქრა მასობრივად ხელზე თამაშიც, რადგან თავანის ჩაბარება - არ ჩაბარებას არაფერი აღარ არეგულირებდა და ხელზე თამაშის მთავარი გმირებიც ციხეში ისხდნენ. 

ლეგალური სათამაშო ბიზნესი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 

გამრავლდა სლოტ-კლუბები. კაზინოებში დაიდგა ელექტრონული აპარატები - ელექტრო რულეტკა, სადაც ლარიანი ან სულაც ოც თეთრიანი ფსონის გაკეთება იყო შესაძლებელი. კაზინოები და სლოტ-კლუბები გადაივსო. ამ დროიდან თამაში უფრო მეტი ადამიანისთვის  გახდა ხელმისაწვდომი. ამ დროიდან თამაშობს ბიზნესმენიც და ტაქსის მძღოლიც. ბიზნესმენის ფსონი, ერთი დადება ან ერთი დარტყმა თუ ასი დოლარია, ტაქსის მძღოლი სლოტებზე თუ რულეტკაზე ერთ ლარიან ფსონებს უშვებს.

ამ დროიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი თამაშობდა და ზოგჯერ იგებდა, უფრო ხშირად კი აგებდა ზოგი ხელფასს, ზოგი სახლს. 

არავინ ამოწმებდა ტოტალიზატორში თუ სლოტ კლუბშ შესული ადამიანის ასაკს. მაშინ თამაშს იწყებდნენ ბავშვობიდან. სკოლის მოსწავლეები შატალოებზე სლოტ კლუბებში დადიოდნენ და სკოლის ბუფეტისთვის სახლში მშობლების მიცემულ  ფულს აპარატებზე აგებდნენ. 

სლოტები გაიხსნა უნივერსიტეტებთან, მეტროებთან. სლოტები იდგა მაღაზიებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში. ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსამდე მისვლისას სტუდენტეს ათობით სლოტ-კლუბის დერეფანი უნდა გაევლო. 

თამაშმა ქალაქში საკუთარი ინფრასტრუქტურა შექმნა. ხალხმრავალ ადგილებში, მეტროებთან თუ უნივერსიტეტებთან გახსნილ კაზინოებს და სლოტ კლუბებს გარშემო ლომბარდები შემოერტყა. ერთი სლოტ - კლუბს ან კაზინოს გარშემო ათობით ლომბარდი აქვს შემოვლებული. 

2011 წელს კანონში ცვლილებები შევიდა, მოიმატა ლიცენზიის გადასახადმა და  ყველა მცირე ზომის სლოტ-კლუბი გაქრა. სათამაშო სცენაზე დარჩნენ მხოლოდ დიდი კლუბები და კაზინოები. 

მოთამაშეების რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა.  

ათიანი წლების დასაწყისიდან, ინტერნეტი უფრო მეტ სახლში ჩაირთო.  ინტერნეტს სახლებში თამაში შეყვა. გაჩნდა ქართული ონლაინ კაზინოები. ქსელში პოკერის, ნარდის, რულეტკის თამაში ეკრანზე, საკუთარი ოთახიდან გახდა შესაძლებელი. სმარტფონებთან ერთად კი კაზინომ ოთახიდან ჯიბეში გადაინაცვლა. თუ ტელეფონში თამაში შეგიძლია - თამაში შეგიძლია ყველგან. საძინებელში, ტრანსპორტში, ბირჟაზე, ქუჩაში, სოფელში. ყველგან, სადაც ინტერნეტია. 

სახლიდან სათამაშოდ გასვლა ზედმეტი ხარჯია. კაზინოში და სლოტ კლუბებში, ძირითადად, ტურისტები დადიან, ან ისინი, ვისაც ტელეფონი და კომპიუტერი ლომბარდში აქვს დატოვებული და ონლაინ ვერ თამაშობს. 

ამ დროს პოკერი ყველაზე პოპულარული თამაში იყო. პოკერის მოთამაშეების ვიწრო წრეს ბევრი მოთამაშე შეემატა. ზოგი დღემდე პროფესიონალი მოთამაშეა და პოკერის თამაშით ირჩენს თავს. გაჩნდა ე.წ. ქართული პოკერიც. მოთამაშეები ბევრ ექაუნთს არეგისტრირებდნენ და ტურნირებზე მოგების შანსის გასაზრდელად ათი, ოცი, ორმოცდაათი და ზოგჯერ მეტი ექაუნთით თამაშობდნდენ. კაზინოებისგან განსხვავებით, ასაკზე შეზღუდვა ონლაინ კაზინოებს არ ჰქონდათ. დარეგისტრირება მხოლოდ მეილით იყო შესაძლებელი. 

კაზინოებმა ამ დროიდან რეკლამა გააასმაგეს. ბილბორდებზე, კინოში, ინტერნეტში, ესემესებში, კაზინოს რეკლამა არსად არ გამოგრჩებოდა. კინოში საბავშვო ფილმებზე მისულ ბავშვებს პოპ-კორნს კაზინოს ბრენდირებულ ყუთებში უყრიდნენ. ინტერნეტში მულტფილმების ყურებისას რეკლამა ბავშვებს პირდებოდა, რომ თუ ითამაშებდნენ, აუცილებლად მოიგებდნენ.  

სლოტებს, თავიდან პოკერებს და მარწყვებს, ნელ-ნელა ათობით სხვადასხვა სახეობა დაემატა.  სლოტებმა ყველა და ყველაფერი გადაყლაპა. დიზაინი - მკვეთრი ფერები, ხმა - რომელიც არაფერში აგერევა, პროცესის სისწრაფე და ერთ წამში დიდი ჯეკ - პოტის მოგების შესაძლებლობა გახდა სლოტების ყველა სხვა თამაშზე გამარჯვების მიზეზი. სლოტების დიზაინი მართლაც ისეა შექმნილი, ძნელია რომ ერთხელ ითამაშო, მოიგო და მასთან დაბრუნება არ მოგინდეს. 

სლოტები სწრაფი და მარტივია. პოკერის ან ბლექ-ჯექის თამაში გრძელი პროცესია, რულეტკის ბარაბანი დაახლოებით სამი წუთი ტრიალებს, სლოტებში კი ყოველ წამს რაღაც ხდება, ყოველ წამს ტრიალებს წიგნები, ხილი თუ ღმერთები და ყოველ წამს, ყოველ დარტყმაზე გარწმუნებს, რომ აი ახლა თუ არა, აი, შემდეგ დარტყმაზე დაიჭერ მოგებას. სლოტები მარტოობის თამაშია. არც კრუპიეა, არც სხვა მოთამაშე, მარტო თამაშობ და აპარატთან ერთი-ერთზე ელოდები ზღაპრულ მოგებას, რომელიც ოქროსფერი მონეტების ვულკანად იფეთქებს ეკრანზე. 

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილის გავალიანების ერთ-ერთი მიზეზი აზარტული თამაშებია. 

ვალი და თამაში და-ძმა არიან. იშვიათია მოთამაშე, ვისაც ვალი არ აქვს ან თუ არ აქვს, არ ექნება. ვალს იღებს არა მარტო მოთამაშე, ვალს იღებენ მისი ოჯახის წევრებიც. 

თუ ნარკოდამოკიდებულებას აქვს საზღვარი, უბრალოდ შეუძლებელია გარკვეულ ოდენობაზე მეტი ნივთიერების მიღება, რადგან შეიძლება უბრალოდ მოკვდე, თამაშდამოკიდებულებას ეს ზღვარი არ აქვს. ითამაშებ ყველაფერს, რაც გქონდა, გაქვს, გექნება ან შეგიძლია გქონდეს. ისესხებ ყველა მეგობრისგან, ნათესავისგან ან მეზობლისგან. ყველასგან, ვინც გენდობა და გასესხებს. დაალომბარდებ ყველა ბეჭედს, აიღებ ყველა კრედიტს. არსაიდან გააჩენ ფულს - თამაშის შესაძლებლობას. 

ხშირად თამაშის საბაბი ვალის გასტუმრების სურვილიცაა, თამაშის ან სხვა მიზეზის გამო აღებულ კრედიტთან გამკლავების ფუჭი იმედი. 

ათიანი წლების მეორე ნახევარში, ინტერნეტ კაზინოების პოპულარობასთან ერთად გამოჩნდნენ ონლაინ სესხები. კრედიტის აღება ძალიან მარტივი იყო, კრედიტის პროცენტი კი ძალიან დიდი. აქციეთ ეს დღე დღესასწაულად - სთავაზობდნენ მოთამაშეებს ონლაინ კრედიტის საიტები და ასაკის ან გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე აძლევდნენ ერთი ფსონის კრედიტს - ოც, ორმოცდაათ, ას ლარს. გაცემულ კრედიტს უკან ათმაგად იბრუნებდნენ. ონლაინ სესხები პირდაპირ მორგებული იყო ონლაინ გემბლინგს, ამაში ერთ-ერთი ასეთი საიტის სახელი ბეთკრედიტიც დაგვემოწმება. ათიანი წლების ბოლოს მსგავსი ტიპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აიკრძალა. 

აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება 2022 წელს დაიწყო. აიკრძალა გარე და სატელევიზიო რეკლამები. გამკაცრდა რეგისტრაციის წესები, თამაში აეკრძალათ 25 წლამდე ასაკის პირებს, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ საქართველოს მოქალაქეებს. მოთამაშეს საკუთარი სურვილით შეუძლია თავის გაშავება, აკრძალულ პირთა სიაში მოხვედრა შემოსავლების სამსახურში მისვლითა და განცხადების დაწერით. თუმცა, რეგულაციების თავიდან არიდება ინტერნეტში თამაშისას ძალიან ადვილია. ბავშვები თუ საჯარო მოხელეები, ღარიბები ვისაც სახელმწიფო ეხმარება თუ მდიდრები, ვისაც არ უნდა რომ მისი თამაშის შესახებ ვინმემ იცოდეს, სხვების ექაუნთებით თამაშობენ. სხვისი ექაუნთით თამაშის გარდა საქართველოს ინტერნეტში გაჩნდა უცხოური ონლაინ კაზინოები და კრიპტოკაზინოები. ისინი არ არიან რეგისტრირებული საქართველოში, შესაბამისად მათ არ ეხებათ ქართული კანონი და რეგულაციები და არც გადასახადებს იხდიან. უცხოურ ოპერატორებს მოგების მარჟაც მაღალი აქვთ, რადგან ხშირად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებს, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებთან შედარებით მინიმალური დანახარჯი აქვთ. 

„მაინც ვიბრძოლებთ” - აპროტესტებდნენ ახალ რეგულაციებს სათამაშო სექტორის წარმომადგენლები. რეგულაციებს არც საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია ერთმნიშვნელოვნად დადებითი გამოხმაურება. მედიებმა რეკლამებზე რეგულაციები ოპოზიციური ტელევიზიების შევიწროვებად მონათლეს, რადგან მათი შემოსავლის დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშების რეკლამირებაზე მოდიოდა. გემბლინგის კანონპროექტი გააპროტესტეს სპორტსმენებაც, ვისაც სათამაშო ბიზნესი აფინანსებდა და განაცხადეს რომ შეზღუდვები „ქართული სპორტისთვის განაჩენის გამოტანაა”. 

სატელევიზიო რეკლამის ნაცვლად სათამაშო ბიზნესმა სხვა სივრცეები დაიკავა და რეკლამირების სხვანაირები ფორმები მოძებნა - პირდაპირი რეკლამა პორნო და სხვადასხვა პირატულ საიტზე გადავიდა. ონლაინ კაზინოებმა შექმნეს ზუსტად იგივე ბრენდირებით და ოდნავ განსხვავებული სახელებით სპორტული პორტალები და სხვადასხვა ღონისძიებების, ბლოგერების თუ სტრიმერების სპონსორები გახდნენ. სახელები დაარქვეს სტადიონებს და საფეხბურთო ლიგებს, მაგალითად, ბათუმის სტადიონს აჭარაბეთ არენა ჰქვია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა კი საქართველოს ეროვნული ლიგის სახელია. 

გემბლინგის მარკეტინგი, როგორც თვითონ გემბლინგის ბიზნესი და მისი დამხმარე დარგები, კარგად იცნობს მოთამაშე ადამიანის ფსიქოლოგიას. ციფრულ ბიზნესში გაცილებით იოლია შეისწავლო და აკონტროლო მომხმარებლის ქცევა. აქციებით, გათამაშებებით, ფრისპინებით, ბონუსებით, ვიქტორინებით და თამაშში კიდევ უფრო მეტი თამაშის ელემენტის დამატებით ონლაინ კაზინოები იპყრობენ ახალი მოთამაშეების ყურადღებას და ინარჩუნებენ ძველ მოთამაშეებს. ეს ორი თანაბრად მნიშვნელოვანი მიზანია - მოიყვანო ახალი და შეინარჩუნო ძველი. ხშირად, თუ მოთამაშე დიდი ხნის მანძილზე სათამაშოდ არ შედის, მას საჩუქრად ასე ვთქვათ, უფასო ფული ერიცხება. თანხის რაოდენობა მოთამაშის ბრუნვაზეა დამოკიდებული. საჩუქრები მოთამაშეს უკან აბრუნებს, უფასოდ თამაშის შესაძლებლობას აძლევს, რაზეც დამოკიდებული ადამიანისთვის უარის თქმა რთულია. ხშირად საჩუქარსაც აგებს და დამატებით იმასაც, რაც ანგარიშზე აქვს. 

სად არიან ქალები? იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქალი თამაშობს, პროცენტულად კაცების რაოდენობა აჭარბებს, გემბლინგის სქესი მამრობითია. ქალებს თამაშში თავიანთი როლი აქვთ. დედები, ცოლები, დები, ზოგჯერ შვილები, თვითონ სულაც არ თამაშობენ, მაგრამ თანადამოკიდებულები არიან. ქალებს მხრებზე მძიმე ტვირთად აწვებათ ქმრების, შვილების ან ძმების თამაში. ხშირად კაცების ვალებს ქალები ისტუმრებენ. ქალები იბრძვიან კაცების თამაშიდან გამოსაყვანად.

„ყველა ჩართულია” - ერთ-ერთი ონლაინ კაზინოს სარეკლამო სლოგანი იყო. ეს მართლაც ასეა. სტატისტიკა ბუნდოვანია, რადგან რეგულაციების შემოღების შემდეგ, რთულია დადგინდეს მოთამაშეების ზუსტი რიცხვი. არაზუსტი სტატისტიკით საქართველოში 300 000 ადამიანი თამაშობს. რეალურად, ეს რიცხვი ორჯერ მეტია. საქართველოში რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს აქვს შემთხვევითობის იმედი. 

სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია.  

2022 წელს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვამ 52.647 მილიარდი ლარი შე­ად­გი­ნა. 2021 წელს ბრუნვის მოცულობა  47.938 მილიარდი ლარი, 2020 წელს კი 32.091 მილიარდი ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იგივე პერიოდს 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით აღემატება.  

გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 29% იყო. 

სათამაშო ბიზნესი ყიდის არა მხოლოდ მოგების შანსს, არამედ ფანტასტიკური ბედნიერების, ეიფორიის, უმაღლესი სიამოვნების, მაღალი ძაბვის, მილიონების, ასრულებული სურვილების დაპირებას - „აფრინდი ყველაზე მაღლა”.  

კაზინოს რეკლამები გარწმუნებენ, რომ შენ რჩეული ხარ, ვინც მოიგებს რომელიღაც მანქანის ახალთახალ მოდელს, ჯეკ-პოტს, სახლს -  ჩვენი დროის მატერიალური ოცნებების საუკეთესო პაკეტს, კაპიტალიზმის მთავარ დაპირებებს. მაგრამ კაზინო, ისევე როგორც კაპიტალიზმი, დანაპირებს არ ასრულებს. 

ვარდნის ბოლოს, თამაშის ფსკერზე დამარცხების განცდასთან ერთად ცხოვრობენ სხვა გრძნობებიც: სირცხვილი, ტკივილი. უღალატე და მოატყუე ყველას, ვინც გენდობოდა, ვისაც შენი სჯეროდა. წააგე ხელფასი, აიღე ვალები, მოიპარე ფული, მოატყუე მშობლებს, გაყიდე სახლი. დაკარგე ყველა და ყველაფერი. არავის აღარ უნდა რომ მოგისმინოს. არავის აღარ სჯერა, რომ ეს ბოლოა და აღარ ითამაშებ. მარტო დარჩი. 

ფულის მოგების სურვილი, სწრაფად გამდიდრების ილუზია, ეკონომიკური განზომილება ყოველთვის ახლდა თამაშს და თამაშის დაწყების და გაგრძელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. 

თუმცა, დამოუკიდებლობის პირველ ნახევარში, თამაში ქუჩაში საკუთარი თავის დამკვიდრების, სტატუსის და პატივისცემის მოპოვების გზა იყო. კაზინოების და ტოტალიზატორების გარეთ, ქუჩის თამაში, განსაკუთრებით კი თავნის ჩაბარება სცდებოდა ფულის მოგების ვნებას და კოლექტიური, უბნის, სამეგობროს საქმიანობა იყო - ძმობის, მეგობრობის და საკუთარი კაცობის ერთგვარი გამოცდა, ტესტი, სიმბოლური კაპიტალის დაგროვების გზა. 

ტოტალიზატორში სიარულიც განსხვავდებოდა კაზინოში თამაშისგან. რადგან ფეხბურთი ხანგრძლივი თამაშია, ყოველ შემთხვევაში, რულეტკის 3 წუთიან სპინზე უფრო ხანგრძლივი, მოთამაშეები იქ დიდ დროს ატარებდნენ. ერთმანეთს იცნობდნენ, მსჯელობდნენ თუ ვინ მოიგებდა, ბილეთებს წერდნენ და ერთად გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდებს. ტოტალიზატორი სოციალიზაციის, დამეგობრების სივრცეც იყო. 

საქართველოს ქალაქებში კაზინოები და სლოტ კლუბები პრივატიზებული კულტურის სახლების ან კინოს შენობებშია გახსნილი. გაკერძოებული თავშეყრის და დასვენების სივრცეები თამაშმა დაიკავა. ხელმისაწვდომი სპორტის და კულტურის ადგილი გემბლინგმა შეავსო. 

რა არის თამაშის მიზეზი დამოუკიდებლობის მეორე ნახევარში? რა არის თამაში დღეს? რატომ თამაშობს ათასობით ადამიანი? 

მოთამაშეებისგან ზეპირ ისტორიებს 1 წლის მანძილზე ვაგროვებდი. ჩავწერე ორმოცზე მეტი ადამიანი. რამდენიმე ამბავი ხელიდან გამისხლტა, მაგალითად, როგორ გაყიდა ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებმა ერთმა ბიჭმა თირკმელი. ამ ამბის მოსმენის დროს დავრმწუნდი, რომ ამ თემაზე უდნა მემუშავა. ეს ბიჭი ვერ ვიპოვე, საქართველოში აღარ ცხოვრობს. 

მხოლოდ ადამიანებზე არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი ნივთებზეც. რას ყიდიან მოთამაშეები, იმისთვის რომ ითამაშონ? ქორწინების ბეჭედი, მანქანა, სახლი, ლარნაკი, ქურთუკი, ნათლობის ჯვარი, თირკმელი, ტელეფონი - მოთამაშისთვის ყველაფერი, ყველა ნივთი თუ ორგანო, თამაშის შესაძლებლობად იქცევა. 

ამერიკელი ანთროპოლოგი, კლიფორდ გირცი წერდა, რომ თამაშზე დაკვირვება და თამაშის შესწავლა საზოგადოების ისტორიის, სტრუქტურის და კულტურის შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას. ასეც არის. ამ ამბებში ჩვენი ქვეყნის ისტორია იკითხება. 

კაზინოებში თუ ტელეფონის ეკრანებთან იკვრება ჯადოსნური წრე. წრეში ყოველდღიურობის უიღბლობისგან და მობეზრებისგან გადაღლილი მოთამაშეები ივიწყებენ ყველაფერს, რაც წრის გარეთაა. ივიწყებენ ხელფასს, რომელიც არ ყოფნით,  ვალებს, გაძვირებულ წამლებს და შეუძლებელ კეთილდღეობას. თამაში ხდება თავშესაფარი, სინამდვილის დავიწყების შესაძლებლობა. 

სათამაშო ბიზნესი ზღაპრულ კუნძულებს ქმნის. თამაში ყოველდღიურობაში დამარცხებული ადამიანებისთვის აწარმოებს ილუზიას, რომ ის აქ გაიმარჯვებს. 

ხშირად მოთამაშე დაკარგული ადამიანი, საზოგადოების დაკარგული წევრია. მოთამაშე მარტო არ თამაშობს, მასთან ერთად თამაშში უნებლიედ ჩართული არიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები - ყველა, ვინც მოთამაშის ვალებს ისტუმრებს ან ვერ ისტუმრებს. 

ეს ამბები ყველა ჩვენგანის ამბავია, ჩვენი ძმების, ქმრების, მამების, დების, შვილების და დედების ამბავი. 

თამაშს, წაგებას ხშირად თან ახლავს სირცხვილის განცდა, რომელიც ხელს უშლის მოთამაშეებს და მათ ოჯახის წევრებს საკუთარ გასაჭირზე ხმამაღლა ლაპარაკში. ამ ფურცლებზე არ არის განსჯის ადგილი. ეს ამბები, ამ ადამიანების ცხოვრების ისტორია ამ ქვეყანამ დაწერა. არეულმა და მოშლილმა ქვეყანამ, სადაც სახელმწიფო იცავს ბიზნესს და არა მოქალაქეს. ამ ამბების ავტორი 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში მოშლილი განათლების სისტემა, ეკონომიკა და სოციალური გარანტიები, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობაა. 

ისტორიები თამაშზე აღწერს საქართველოს უხილავ ყოველდღიურობას, თამაშში დაკარგული და წაგებული მოქალაქეების ბედ-იღბალს. 

ეს თამაშის ამბავია. აქ თამაში მთავარი გმირია, მთავარი პერსონაჟი და ამ პერსონაჟის როლს საქართველოში არაოფიციალური სტატისტიკით სამასი ათასზე მეტი ადამიანი თამაშობს. აქ თავმოყრილი ისტორიები ერთი და იგივე ამბავია, სხვადასხვა დეტალით, სხვადასხვა დეკორაციით თუ მეორეხარისხოვანი გმირებით. დაუთვლელი სტატისტიკით სამასი ათასი ადამიანის ერთი ამბავი. 

მადლობა: დეთუ ჯინჭარაძეს, ვახტანგ ნაცვლიშვილს, თამარ ჯაფარიძეს, ნინო ლოლაძეს,
გუგა ბესელიას და ყველა მოთამაშეს, ვინც თავისი ამბავი გამიზიარა.

______________________________

ზეპირი ისტორიები თბილისში 2023 წელს ჩავწერე. 
სახელები შეცვლილია.

დათუნა, 40 წლის;   

ლევანი, 46 წლის;   

კოტე, 30 წლის;

პრინსტონა, 41 წლის;   

ზაზა, 33 წლის;   

ოქტაი, 34 წლის;

ბუა, 40 წლის;   

სანდრო, 39 წლის;   

მაკო, 51 წლის;

ლაშა, 42 წლის;   

ნანა, 63 წლის;   

ესკო, 41 წლის;

ლუკა, 30 წლის;   

ჩაკ ნორისი, 26 წლის;   

გივი, 34 წლის.

______________________________

ამ ვიდეო ნამუშევრის შექმნისას ვფიქრობდით, რომ გვეჩვენებინა თამაშის ჯადოსნური წრე - მდგომარეობა, რომელშიც მოთამაშე თამაშის დროს იმყოფება. უფრო ზუსტად, მდგომარეობა, რომელშიც მოთამაშე მუდმივადაა, რადგან თამაში არ იწყება რეალურ თუ ინტერნეტ კაზინოში შესვლის დროს. თამაში გრძელდება მაშინაც, როდესაც მოთამაშე ჩალიჩობს ფულს, აგებს ან იგებს, აბარებს თავანს ან სესხულობს თანხას. თამაში ყოვლისმომცველი და მუდმივი მდგომარეობაა. სწორედ ამ მდგომარეობის, მუდმივი თავბრუსხვევის ჩვენება გვინდოდა ამ ვიდეოში.

ვიდეოს ავტორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა